მე - გენიოსთა გენიოსი?!


ნინო დარბაისელი

მე - გენიოსთა-გენიოსი?!
( დილაუზმოს ფიქრებიდან)

      გამოგიტყდებით, ხანდახან თავი გენიოსთა გენიოსი მგონია, კერძოდ, ასეთ შემთხვევებში.  ჩემთვის  - ერთ-ერთი რიგითი, სხვისთვის კი  - ალბათ არცთუ ნაჩვევი ლიტერატურული პოლემიკის დროს,  ჩემი ფენომენით  უკიდეგანოდ  გამწარებული ოპონენტი ამ შუა გაგანია “ხელოვნური ინტელექტის” ბუმის დროს,  იმ ინტელექტისა, თუ გახსოვთ,  მე რომ  ამას წინათ, 1919 წელს დაბადებულ და ორმოცდაათი წლის წინ გარდაცვლილ (1974)  სახელოვან ქართველ პოეტად გამომაცხადა,  იმ პოეტად, წარუშლელი კვალი რომ დაატყო ქართულ მწერლობას;  სწორედ იმ ხელოვნური ინტელექტის ზეობის ხანაში,  მსოფლიოს საუკეთესო ტვინების ახალ-ახალ მიღწევებს  ყველა სასოებით  რომ შესჩერებია; ხანაში, როცა  სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი ყოველწამიერი ნახტომებით ადამიანური ყოფისა და ყოფიერების, მთელი კაცობრიობის  ყოველ კუნჭულს დაეპატრონა… თურმე ნუ იტყვით და,  ჩემი სახით  არსებულა  პოეტი, რომელიც მთელი ორი-სამი წლით (!!!) არის ყველაფერ ამას გასწრებული.
    არა, რა, დღეიდან ძილის წინ  სულ  ოთახის ტემპერატურამდე შემთბარი ფინჯანი  რძე უნდა ვსვა პატარა ყლუპებად,  რაციონალურად ვიკვებო, ყოველდღიურად ვივარჯიშო  სუფთა ჰაერზე და თავს გავუფრთხილდე, რაც ძალი და  ღონე მაქვს.  გულსა და ნერვებს არაფერი მივაკარო და ისა, მაიკლ ჯექსონივით ჟანგბადის  სპეციალურად შექმნილ კამერაში ხომ არ დავიძინო?
ნეტა რა ჯდება?
ახლა, ერმაც ამიგროვოს იქნებ  ცოტა ფული, ბანკში ანგარიშის ნომერს გავხსნი და ვისაც რა შეუძლია, ჩამირიცხოს….

  ეს სიტყვები კი იმ კამერის  კარზე  უნდა წავაწერინო… არა! ამოვატვიფრინო ოქროს ასოებით, მანამდე  - დავიზეპირო და სხვებსაც დავაზეპირებინო.
    რაღაც, ორი-სამი წელი მინდა  სულ ასე  სასათბურედ გაძლება, რომ  ჩემი ოქროს, იაგუნდის, ზურმუხტის თვალით დავინახო,  დამეწევა  თუ არა ეს,  რაღაც კომპიუტერული ტექნოლოგიები!

“მერე მოვკვდები ისე ლამაზად, ვით დაიბადა ეს ყველაფერი!”

    აი ციტატაც!

      ავტორს შეგნებულად არ ვუთითებ, ჩემდაუნებურად  მისი რეკლამა რომ არ გამომივიდეს.  მხოლოდ ინიციალები იყოს, საავტორო უფლება რომ არ დავუკარგო.
  ბოროტი ადამიანი ვარ მე, დაფნა და დიდება სულ ჩემთვის მინდა,  გვირგვინიდან შემთხვევით ჩამოვარდნილი ერთი ფოთოლიც კი, არ მინდა, ვინმეს  ოდნავ მაინც გავუზიარო:

“2-3 წელიწადში, ChatGPT თქვენზე ბევრად უკეთეს ლექსებს დაწერს,  რადგან ისიც, მრავალი წყაროდან შეგროვებულ ინფორმაციას და ცოდნას იყენებს.“ ( ა. ჯ.)

    რა ვიცი, ნათქვამია, ეშმაკს არ სძინავსო. ვინმეს ჩემი მოგონილი არ ეგონოს ეს  ჩემი უკიდეგანო აღიარება,  მაინც წყაროა თუ ჩანჩქერი, ლინკს აქვე ვუთითებ:

http://urakparaki.com/?m=4&ID=114808#comments

      ო, რომ იცოდეთ, როგორ მინდა,  ვინმე,  ძალიან ცნობად  სახეს წარმოადგენდეს  ამ სიტყვების მთქმელი! - რათა ფართო საზოგადოებამ, პროგრესულმა კაცობრიობამ მეტად მიაპყროს ყურადღება!
    და ისა, მთელი ძალები ხომ არ მივმართო საამისოდ?  :)))))

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი