კინგ კონგი
კინგ კონგი ამას წინათ ერთმა მეგობარმა მომწერა, ,,დღე და ღამე ფეისზე ხარო” და ცოტა არ იყოს, მეწყინა. რატომ? რეალობას იყო აცდენილი მისი სიტყვები და იმიტომ! რეალურად, ფეისზე დღეში რამდენჯერმე თუ შემოვიხედავ, მართლა “დღე და ღამე” კი ფორუმ. ჯი-ში ვზივარ. განსაკუთრებით პოლიტიკის განყოფილება მიზიდავს იქ. ამბავი მომხდარი არაა, რომ იქ უკვე გაშუქებულია, თავის პროფესიონალებიანად და ტროლ- ბოტებიანად. ეს წუხელ ერთმა იქაურმა მომწერა: “ქალბატონ ნინოს სალამი რა უნდა გთხოვოთ, გვერდზე განყ-ში ბიჭები კინგ კონგს ვაკეთებთ და ერთი ლექსით ხომ ვერ დაგვეხმარებით? ორიოდ სიტყვით კინგ კონგზეც გიამობოთ, კინგ კონგი არის საძირკველი ყოველივე წესიერებისა და მორალური სისპეტაკისა, ის შუამავალია გონებისა და გრძნობათა სამყაროს შორის. ძალიან გაგვიხარდება თუ კინგ კონგის მიერ მისი მტრების ძლევის მოტივებზე სატირულ-იუმორისტული ხასიათის ლექსს შემოგვთავაზებთ, ოკ?” მე ბავშვობაში ერთხელ მაქვს ნანახი ეგ ფილმი, ბევრი არაფერი მახსოვს, გარდა იმისა, რომ დიდი ცხოველი ყველას ერეოდა და საშიში იყო და ვთხოვე, იმ თემის ლინკი გადმომიგდეთ, რომ გავერკვე მაინც-მეთქი. არაო, ეგრე გვირჩევნიაო. მეც სხვა რა დამრჩენოდა! რაც მომაწოდეს ინფორმაცია, ანუ ზემოთა ტექსტი გამოვიყენე და აგერაა, რაც გამოვიდა! ნდს კინგ კონგი (იუმორესკა) გამოვიხმეთ კინგ კონგი, თვით უკვდავი კინგ კონგი! იმის ლანდთან თამაში ნუ გგონიათ პინგ პონგი! სადაც რამე კარგია, ყველას საძირკველია, ერთიანად მოაშთო თუკი სადმე გველია, თან როგორი ქველია?! სიძუნწის სარქველია! გონების და გრძნობათა არის შუამავალი, მისი მომლოდინეა მრავალი და მრავალი, ჩაცმული თუ გახდილი - ქვეყანაზე მავალი. ვისი ადევს რა ვალი?! სთრეითია ნამდვილი, არა მამათმავალთა ვინმე მამამთავარი. იცის ყველა ჩიხიდან კარგი გამოსავალი, ძლიერია, მისია, თუა რამ მოსავალი. ორიოდე სიტყვითო?! მასზე ვინ რას იტყვითო? სადმე რიგი ერევა, სადმე წესი ერევა?! -ძლიერია, ერქმევა მაინც წესიერება. უნდა დაეპატრონოს ყველანაირ სამყაროს, მერე იმ სამყაროში სხვა წესრიგი ამყაროს, მე - მის ლექსით მაქებარს - იარაღი ამყაროს. ვისაც სად დაეტაკა, ყველა გაასპეტაკა. არ გეგონოთ ბრიყვია, არ გეგონოთ შტერია, დაამარცხა ყოველი, სადაც სადმე მტერია, ყველა ძალა ამქვეყნად - იმის ფეხის მტვერია. ასეთია მარადი კინგ კონგის მისტერია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი