ოჯახური სატრფიალო


ნინო დარბაისელი
ოჯახური სატრფიალო

- გოგო იზო,
გოგო იზო,
გინდა ისევ მეკაპრიზო?
“თავი მტკივა,  მტკივა წელი”-
გისმინე და გაგიძელი, 
დღემდე გიძლებ, შე აზიზო!

- ტრისტო, ტრისტო, აფერისტო,
მე მეგონე მართლა გმირი,
გამოდექი  რა  თახსირი,
ნაღდი სირი!
შემეშალა, 
რომ შეგასვი
“სიყვარულის ელექსირი”.
 თან რა კაცი მთხოულობდა,
 მიწუნებდა რამით არ კი!
ოქრო ჰქონდა  - მთელი მთები, 
განა  ცალი ანდა პარკი,
ყველას ედო მისი ხარკი,
კაცი იყო - ნაღდი შარკი
ბიძაშენი,
 მეფე მარკი.

- გოგო იზო, გოგო იზო,
გინდა, თავზე დამადღლიზო,
რაც რაინდმა მოგიტანე?
ჩემზე სხვებს რად ეტატანე?
რაღაც, გაინამეტანე!
სხვასთანაც ხომ მოგატანე?!

- კარგი, გეყოს ეგ ამბები,
სისულელეს ნუღარ ჰყვები,
ვის ადარდებს ჩვენ ორს შორის რა იყო და რა იქნება, 
არ გახარებს სიბერეში ჩემი ფხანის ხომ გაქვს ნება?
 ჯოხით მომწვდი, ცოტა მაღლა! 
მაგ წერტილში მეფხანება.

აი, ბოლო სიყვარულის, 
თუ სიკვდილი აგცილდება,
 სიბერეში - აგცივდება,
 რა სჯობია, თავდადება, 
თუ საფლავში კენტად დება?
ასე არის, ასე ხდება, 
სიყვარული თუ გეწვია, არ ეგების გადადება.
მოკვდავია -  სიყვარული, 
რჩება, თუკი ამბავდება,
შეიჩვევ და ყოველ ჯერზე ხელში ბარტყად  ჩაგაკვდება,
არ მოუწევს დაბუდება…
რა ძნელია სიყვარულის გაზრდა,  როცა გებედება!
რა მოელის შეყვარებულს,
ჭაღარად რომ დაბერდება?! 

ცრემლი იყოს - ამოშრება, მთაც რომ იყოს, დაბარდება,
მაინც,
 ყველას გადასწონის სიყვარულის დაბადება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი