ვირი და ქრისიპოსი
#ლექსები ნინო დარბაისელი ვირი და კრისიპოსი რა გაცინებსო, ვიცი, რომ წყნარად მეტყვი. ვირმა შეჭამა მთელი კალათა ლეღვი. მთელი კალათა ლეღვი შეჭამა ვირმა. ან იქნებ ჯორმა, ოჩნობით გასაკვირმა. ლეღვი შეჭამა ვირმა კალათა მთელი, არ მკითხოთ - ღვინა, მწვანე თუ ფერწითელი. კალათა მთელი ლეღვი შეჭამა ვირმა, მოსცხო პატრონმა ბრაზისგან ანაყვირმა. მთელი კალათა ვირმა შეჭამა ლეღვი… მართალს მოგითხრობ, არ არის დანაბრეხვი. ათენში თურმე ცხოვრობდა ერთი ბრძენი, კრისიპოსს, თურმე, არც ასულნი და ძენი არა ჰყოლია, ფილოსოფოსი იყო, რასაც გიამბობთ, არ არის უთარიღო. პირმოსაკითხად მიჰქონდათ ლეღვი ესე. სიცხეში რაა გრილ ლეღვზე უკეთესი, ის - აივანზე ელოდებოდა ნობათს, გამოხატავსო სიბრძნესთან ძმობის გრძნობას, გაიფიქრა და ლეღვს მოელოდა რადგან, უცქერდა სტუმარს - სავსე კალათა დადგა ვირის წინ როგორ, რომ მოეკითხა იგი. კალათის მომტანს წაუხდა თადარიგი. მშიერი იმ ლეღვს მშვიდად შეექცა ვირი, სულ ამოჭამა ის საჩუქარი ძვირი და ნაამებმა ყროყინი მორთო როცა, ბრძენმა სიცილის ცრემლები მოიხოცა: - გულზე დადგომა იცის ამდენმა ტკბილმა, ეგეც არ იყოს, არ შეგაწუხოს კბილმა! ღვინოც მიგერთვა, გამოგიტანო, გინდა? ზედ მიაყოლე, სასმელი არის წმინდა!”- და ამ სიცილში, თურმე, გაუსკდა გული, ადგილზე მოკვდა სიცილით გათანგული. შეხედეთ ნინოს, ენა ვერ დაიმოკლა: “ვირს შეუძლია, ფილოსოფოსიც მოკლას!” მორალი: 1. ბრძენიც იყო, ზოგჯერ მოგკლავს სიცილი და გახარება მეტისმეტი, განა მხოლოდ ტირილი და მწუხარება. 2. ვირს შეუძლია, გატაროს შენც და ნობათიც მძიმე, მაგრამ იმ ტვირთსაც შეგიჭამს, თუ ცოტა წაუძინე. 3. ბრძენიც იყო, ვიღას ახსოვს შენი სიბრძნე გასაკვირი, ყველა იმით გაგიხსენებს, რა თქვი, როცა ნახე ვირი. 4. ხან ჯიუტო და ხან - შრომით გასაკვირო, თუ ჭამ, იყუჩე, რა გაყროყინებს, ვირო! (დანარჩენი თქვენ განაგრძეთ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი