პოლიტიკური ლიმერიკები


#ჩემი_მხიარული_რითმებიდან
ნინო დარბაისელი
 პოლიტიკური ლიმერიკები

 ლიმერიკი -  ძველი, მყარი იუმორისტული ფორმაა, ძირითადად  საბავშვო, სახუმარო, პარადოქსული შინაარსის ლექსისა.  გარითმვის სქემა -   AABBA, სადაც  BB - მოკლესაზომიანია. რიტმიკის გადმოტანა  - მახვილთა კონფიგურაცია - ძნელია და აღარცაა დაცული თანამედროვე სახეობებში.  მე - ერთგან მაინც ვცადე (5) 
 პოლიტიკური ლიმერიკები, რომლის  ქართულ ნიმუშებსაც გთავაზობთ,  საკმაოდ გავრცელებულია ინგლისურენოვან პოეზიაში.   მეტის  გაგება  ამ მყარი სალექსო ფორმის შესახებ , თუ ინგლისურად კითხულობთ, შეგიძლიათ ამ ლინკზე:

https://www.limerickpoemsandpoets.com/poems/political_limerick_poems
 

1. 

ამერიკას ვეღარ მოსთხოვთ  პოლიტიკურ თავშესაფარს,
ვეღარც ფეხით გადმოლახავთ მექსიკიდან შემოსაპარს, 
დაგიძველდათ მეთოდები, 
რა ძალიან მეცოდებით, 
 ვის შებღავით  საცოდავად, როგორც ცხვარი- - თავის საპარსს?

2.

სკამისთვის იბრძვის ნიადაგ - გმირი? !-  უმამაცესი?!
წაგებულ თამაშს თამაშობს, თავი ჰგონია მესი.
ფულის წყარო ეკეტება,
ჭკუაც   მაშინ   ეკეტება, 
შუა თამაშში ეცვლება როცა თამაშის წესი.

3.

უთხრეს, გახდა საქართველო ძნელი სამართავიო,
დაგვეხმარეთ, აღვადგინოთ მასში სამართალიო…
რუსეთს უნდა? მისი იყოს, 
არც მომცეს და არც გამიყოს, 
მაგის დარდი სულ არა მაქვს, დამანებეთ თავიო!

4.
 
 რანაირი ყოფილა ფულის ღმერთი “მამონა”!
 სიყვარულმა იმისმა ბევრი -  უცხოს ამონა.
ღმერთს არ მოეწონება
ორი უფლის მონება,
 მონამ მონას უძახოს: - ე, მონა და ა, მონა!

5.

ხალხი ვის რად ენაღვლება, მათხოვართა ვხედავ რიგებს,
 ვინ უშველის მათ გასაჭირს, მათთან ვინ რას გაარიგებს?
მაგრამ ხალხად არც კი თვლიან,
რაც ეთლება - აათლიან.
 როცა თანხა თანხას ებრძვის, ვინც მეტს  ხარჯავს, ის მოიგებს!

(დანარჩენში თქვენ ივარჯიშეთ, სქემა აგერ ზემოთ გაქვთ!)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი