ბრწყინვალეა!
ნინო დარბაისელი ბრწყინვალეა! მიქელანჯელოს ,,დავითზე “ უამრავი ლეგენდაა, არც ანეკდოტების და ისე, ხუმრობების ნაკლებობა იგრძნობა აგერ, ხუთ საუკუნეზე მეტია. ერთი ასეთიცაა. 1504 წელს, როდესაც 23 წლის ასაკში დაწყებული სამუშაო დაასრულა მიქელანჯელომ და “ძლიერნი იმა ფლორენციისანი” თავისი უზარმაზარი, ოთხმეტრიანი მარმარილოს ქანდაკების წარდგინებაზე მიიწვია… მანამდე, გახსოვთ, ვთქვით, რომ ეს არ იყო საუკეთესო მარმარილოს ქვა, ტაძარს იაფად ჰქონდა შეძენილი, შესასვლელში დასადგმელად უნდოდა, “მიგდებული” იყო, უკვე წარუმატებლად ნაჩორკნი - წინა მოქანდაკეების მიერ და მას მოუხდა უკვე არსებული კვალის “მორგება” საკუთარი ჩანაფიქრისთვის, რაც ეტყობა კიდეც ბეჭზე… პიერ სოდერინი - ერთ ერთი ფლორენციელი მდიდარი და გავლენიანი, ხელოვნების მეცენატი, რომლის სიტყვასაც გადამწყვეტი ფასი ედო, ვერ დარჩა ნანახით დიდად კმაყოფილი…. საუკუნეთა მანძილზე არტ კრიტიკოსებს როგორ არ გაურჩევიათ ეს ქანდაკება, რისი დისპროპორციულობა არ დაუდგენიათ და მერე საპირისპირო არ დაუმტკიცებიათ, ვის სად რა კუნთის ამობურცულობა მიუჩნ ნევია არასაკმარისად. თვით გენიტალიების ყოველი მილიმეტრიც გულდაგულაა შესწავლილი წინხედიდან, უკანხედიდან, ქვეშხედიდან … ამას ნიშნავს შედევრობა! მაგრამ “დიადმა ხელოვნებათმცოდნემ” პიერ სოდერინიმ საჯაროდ …ცხვირი დაუწუნა, ძალიან დიდიაო. საერთოდ, მიქელანჯელო არ იყო ხასიათით დიდად რბილი და საყვარელი არსება, შეიძლებოდა, მაგალითად, გამბრაზებელი კარდინალი ტიტველი და ვირის დიდი ყურებით გამოესახა ფრესკაზე, დაბლა კუთხეში და გახსნამდე არავისთვის არაფერი ეთქვა, გახსნაზე კი ფაქტის წინაშე დაეყენებინა იგი, ან აეღო თავისი ჩიზლი (მოქანდაკის მაშინდელი ჩაქუჩი) და სულ დაემტვრია ქანდაკება გაბრაზებულ გულზე. უქნია ასეც. ახლა, თან ტაძრისგან ხომ დაპირებული ფული ჰქონდა მისაღები, ფული, რომელიც როგორც ოჯახის უფროს ვაჟს თავისი პასუხისმგებლობის შესასრულებლად, ოჯახის შესანახად ჰაერივით სჭირდებოდა, სოდერინის აზრს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა… ….მაგრამ მისთვის… ვთქვათ ესეც, ხომ არც ტყუილით ბრიყვის გაცურება იყო უცხო. ამჯერადაც ეს გზა ირჩია. დილაადრიან დამხმარეების ჯგუფი იხმო, ხარაჩომოხსნილ ქანდაკებას მიადგეს უზარმაზარი კიბე, დაუჭირეს, ზედ ავიდა, ჩიზლით აქა-იქ ტყუილად მიუკაკუნა, ჯიბეებით ატანილი მარმარილოს წვრილი ნამსხვრევები და მტვერი ნელ-ნელა დაბლა ჩამოყარა, ვითომ დავამუშავეო და ერთ საათში დაბლა ჩამოვიდა. მოენეები არც მაშინ აკლდა ქვეყანას. სასწრაფოდ ამბავი გაურბენინეს სოდერინის, მიქელანჯელომ, თქვენი შენიშვნის თანახმას, ცხვირი დაუპატარავა დავითსო. კმაყოფილმა სოდერინიმ გუშინდელი ადამიანები ახლიდან შეკრიბა, შეხედა ქანდაკებას, დააკვირდა ცხვირს და ახლა კი ნამდვილად “ბრწყინვალეაო”, საჯაროდ განაცხადა. ასე რომ, როცა ამ ქანდაკების ხილვის ბედნიერება გექნებათ და თქვენს ბაგეს მოსწყდება სიტყვა ,, ბრწყინვალეა!” გაიხსენეთ პიერ სოდერინიც - კაცი, ვინც ნახევარ ათასწლეულზე მეტის წინ პირველმა წარმოსთქვა ეს სიტყვა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი