ადრესი ჟურნალ “ცისკრის”165 წლის იუბილესთვის (გამოქვ. ,,ცისკარში”)
ჩემო ,,ცისკრელებო“! მოგესალმებით ოკეანის გადაღმიდან. არის ჩემს ემიგრანტულ ცხოვრებაში მძაფრი მომენტები, როცა ზუსტად ვიცი, საქართველოს რომელ წერტილში გავჩნდებოდი, ნატვრისთვალი რომ მქონოდა. დღეს მანდ 14 იანვარია და მე თქვენთან ერთად მინდა ყოფნა, ჩვენი უპირველესი ჟურნალის, ,,ცისკრის“ იუბილეზე. არა მხოლოდ მე, არამედ ყველა ჩვენგანმა ხომ ჯერ, როგორც მკითხველმა, ქართული ლიტერატურული ცის კარი სწორედ ამ ჟურნალის ყდის გადაფურცვლით შეაღო, ვიდრე დიდ თუ მცირე მნათობად შეემატებოდა. ახლა ჩემთან შუაღამეა. მახსენდება ჩემი პირველი პუბლიკაცია ,,ცისკარში’, თითქოს ახლად დაჭრილი ატლასის ქაღალდის და სტამბის საღებავის ის ოდნავ მომჟაო სუნიც ვიგრძენი, ის ბიძგიც გულში, ის სუნთქვის აჩქარებაც, საკუთარ გვარ-სახელს რომ დავხედე სარჩევში ...დარწმუნებული ვიყავი, იჯდა იმწუთას მთელი საქართველო, ყველა საქმე გვერდზე გადაედო და გულდასმით კითხულობდა ჩემს ლექსებს, მე კი, ო, მე - რიგითი მოკვდავივით მივუყვებოდი რუსთაველს, გულში ჟურნალჩახუტებული ... მას შემდეგ 30 წელზე მეტი გასულა. მადლიერი ვარ ,,ცისკრის’’ ყველა იმ სარედაქციო შემადგენლობისადმი, რომელიც მე, ჩემს თაობელებსა და ყველა თაობის ,,ცისკრელებს“ გულისყურით და სიყვარულით გვეპყრობოდა, სათანამშრომლოდ განგვაწყობდა. და მაინც, ჩემი განსაკუთრებული მადლიერება ეკუთვნის ბატონ ამირან გომართელსა და მის გუნდს, ადამიანებს, რომელნიც მიადვილებენ შორ უცხოეთშიც ქართველ ავტორად, მეტიც, ქართველად დარჩენას. მჯერა, ვიდრე იარსებებს ქართული ცნობიერება და მას ჩვენი ლიტერატურა დასჭირდება განვითარებისა და გაძლიერებისათვის, იარსებებს ,, ცისკარი“ - მისი მიწყივ ერთგული მსახური, რომელსაც მრავალი სიძნელე გამოუვლია, მაგრამ მოწოდებისთვის დღემდე არასოდეს უღალატია. თქვენი ,,გამოუსწორებელი“ ცისკრელი“ ნინო დარბაისელი სტრონი 2018 იანვარი 13 ნეშვილი ტენესი აშშ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი