შეიძლება ლექსი დაძველდეს?(ფრაგმენტი ინტერნეტ-ინტერვიუდან)


''შეიძლება ლექსი დაძველდეს?'' 

ამ ორიოდე დღის წინ ერთმა ახალგაზრდა პოეტმა მთხოვა,ინტერვიუსთვის მეპასუხა კითხვაზე:''შეიძლება ლექსი დაძველდეს? ან ლექსის ფორმა იყოს მოძველებული,ან მელოდია?''
      ვფიქრობ და ჯერ ვერ მივაგენი გზას,როგორ ავხსნა ძალიან მოკლედ და ნათლად,რომ  ლექსი,ვიწრო გაგებით, პოეზიის  - სიტყვიერი ხელოვნების ფორმობრივი მხარეა და არათუ მხოლოდ იგი,თვით პოეზიის  მთელი ენაც  განუწყვეტლივ  ცოცხლობს,ახლდება და ძველდება კიდეც.
      ასე რომ არ იყოს, პირველპოეტთა  შემდგომ ,ათასწლეულების მანძილზე ადამიანებს აღარ დასჭირდებოდათ რაიმე ახლის შექმნა ამ სფეროში.
      იცვლება ეპოქები,ესთეტიკა,ადამიანური პრობლემატიკა და ყოველივე ეს ''აძველებს'' იმას,რაც უწინ სიახლის ჰაერით სუნთქავდა.უეჭველია,  ეს  ''დაძველება''  არაერთ რჩეულ ლექსს ისევე რგებს,როგორც რჩეულ ღვინოს. ჩვეულებრივ ეს ის ლექსებია,რომელიც მარადიულ თემებს,პრობლემებს ეძღვნება და  მათი ავტორი მარადისობას თავისი ეპოქის სამზერიდან უსწორებს თვალს .
      ახლა კონკრეტული მაგალითი ავიღოთ.ქართულ პოეზიაში რუსთველური შაირი სრულყოფილების  ერთ-ერთი მწვერვალია.დღეს რომ ამ შაირით დაიწეროს ლექსი,უკეთეს შემთხვევაში პაროდია გამოვა.
      გასული საუკუნის სამოც-სამოცდაათიან წლებში ,როცა გალაკტიონის პირველი სალექსო რეფორმა დიდი ხნის განხორციელებული იყო და  მაშინდელი  ქართული ლექსის რიტმსა და მელოდიკას  მონოტონიის აშკარა ნიშნები დაეტყო, ინტონაციური პლანის გამომსახველობამ იწყო გაძლიერება -გამრავალფეროვნება/ამაზეც  თავიდან გვიანდელმა გალაკტიონმა დაიწყო ზრუნვა და  შემდგომ მიმდევრებმა განაგრძეს/.
        ქართული ვერლიბრი,რომელსაც მანამდე უკვე დაახლოებით სამოცწლიანი ისტორია ჰქონდა,მაშინ დიდ  ,მაგრამ მწვავე სიახლედ აღიქმებოდა.
        დღეს ვერლიბრს  უკვე საუკუნოვანი ტრადიცია აქვს,მაგრამ ფორმა,რომლითაც იმ დროს ,/სამოც-სამოცდაათიან წლებში /მკვიდრდებოდა იგი,გაცვდა,მხატვრულად ვეღარ მუშაობს,,იგრძნობა საჭიროება მისი ერთფეროვნების დაძლევისა,ახალგაზრდა პოეტთა ერთი ,გამორჩეული ნაწილის მზერა ერთი მხრით ხალხური პოეზიის შელოცვების, ,მაგიური ტექსტების, ნატირლების,ძველი ეპოსის  და ა.შ რიტმებში ეძიებს გამოსავალს,მეორე მხრით ინტენსიურად ითვისებს უცხოურ გამოცდილებას.
      არსებობს ასეთი მოვლენაც: რაღაც პერიოდის მანძილზე გაცვეთილი ფორმა კარგა ხნით  '''ისვენებს'',''თვალთახედვას მიეფარება, ამ დროს  კი პოეტურ ენაში განვითარება თავისი გზით მიდის და აი,ერთ დღეს ეს ''ნასვენი'' ფორმა  რომელიმე ნიჭიერი პოეტის ხელში მოდერნიზაციას განიცდის და ახალი ელვარებით წარმოგვიდგება.
    მოკლე პასუხი მაინც არ გამომივიდა,მაგრამ რა გაეწყობა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი