ინტერვიუ -პოეზია ჩემი პატიოსნების სფეროა
მადლობა💖 ჯგუფი "პარნასი" ვერ იქნებოდა ისეთი კარგი - როგორიცაა, რომ არა ერთი ძალიან კეთილი, თბილი და ყველასგან დაფასებული ქალბატონი. მისი თაოსნობითა და დაუზარელი, უანგარო შრომის შედეგად, ჯგუფში გვქონდა ბევრი წარმატებული პროექტი. კიდევ ბევრი იქნება, - სწორედ ამ ქალბატონის დამსახურებითა და კეთილი ნების წყალობით. ჩემი აზრით, უკვე დროა "პარნასის" მკითხველმა ახლოს გაიცნოს ჩვენი ჯგუფის სიამაყე, ქალბატონი ნინო დარბაისელი სტრონი. *** ნინო დარბაისელი სტრონი (1961 8 მარტი) - ფილოლოგიის დოქტორი, ქართველი პოეტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი. პოეზიაში ლოკალური და საერთაშორისო, მათ შორის სილვია პლატისა და ენ სექსტონის (2019) კონკურსების გამარჯვებული. ამერიკის მოქალაქე. ამერიკის პოეტთა აკადემიის წევრი. ცხოვრობს ნეშვილ ტენესიში (ფრანკლინი) მეუღლე - დოქტორ პოლ სტრონი. შვილი - თეონა ჩეფმენი (ჭინჭარაული) ორი შვილიშვილი - ადრიანა და ემილია... ისე, საყვარელი სიძე რა გამოსატოვებელია - კერკ ჩეფმენი! *** ქალბატონო ნინო, ძალიან საინტერესო იქნება თუ თქვენი ბავშვობით დავიწყებთ საუბარს. როგორი ბავშვი იყავით? ნ.დ: -მშვიდი და წყნარი, სულ პირმცინარი, კარგი მადიანი და ძილის მოყვარული, ფერხორციანი, (დღემდე ასეთად მოვედი)... საშინლად მოწესრიგებული ( ეს - ადრეული აღზრდისმიერი რამ მგონია, ჩანერგილი მკაცრი ბებიის მიერ) მუდამ მზად - უფროსების და ირგვლივ ყველას დასახმარებლად, დაუზარელი ...აი, ისეთი, დიდებს სულ სიკარგის მაგალითად რომ მოჰყავთ და ამის გამო თანატოლებს, თვით საკუთარ დასაც საშინლად აღიზიანებს თავისი არსებობით და ცდილობენ, სულ აწვალონ, რამეში გამოიწვიონ, გაბრაზებული ნახონ. სპორტულ თამაშებში არჩევან-არადანის დროს ტაცება რომ არ არის მასზე და ბოლოს რომ აურჩეველი რჩებათ, ვისაც შეხვდება,- შეხვდება. ხშირად იყო ასეც, არჩევანი რომ დაიძახებდა ჩემს დაზე პირველივედ, ანა - მეო, არადანი მიუყოლებდა - მაშინ ნინოც შენი იყოსო. საერთოდაც, მგონია, ადამიანის ხასიათი დიდად არ იცვლება ცხოვრებაში. როგორი ბავშვიც ხარ, გაზრდილიც - შინაგანად იგივე რჩები, უბრალოდ, აღზრდის, გამოცდილების, კულტურის წყალობით, რაღაცეების ვუალირებას სწავლობ, აბალანსებ შენს ხასიათს... მაგრამ საკმარისია, უცებ ბალანსი დაგერღვეს, სტრესის მდგომარეობაში ჩავარდე, შენი არსება ვეღარ მართო ისე, როგორც დაეჩვიე და შენი პატარა ‘მე’ იმწამს ხელიდან გაგისხლტება და ამდენი ხნის ნამალი ყველას თვალნათლივ დაენახვება. ნებისმიერი აწყობილი სისტემის მუშაობის მექანიზმს რომ კარგად ჩაავლო ხელი, ჯერ ხომ სისტემა რეჟიმიდან გამოსული უნდა ნახო. მე რას ვაკეთებ სტრესის დროს?! - სადმე უნდა შევიყუჟო მარტო და ჩემს გემოზე, ბოლომდე ამოვიტირო ხმამაღლა, გულის ქარი ამოვიღო, მერე კარგად ვჭამო და დავიძინო. გაღვიძებულზე - ისევ ის კარგი ნინო ვარ. პატარა ასაკში განცდილი ძლიერი ემოციები, დიდობაშიც გვახსოვს, ხშირად. რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი ბავშვობის ისტორია? ნ.დ: - მოხდა ისე, რომ მე მართლა ისტორიებით, ზოგჯერ დაუჯერებელი თავგადასავლებით სავსე ბავშვობა მქონდა. საქართველოში, შინაურულ თავყრილობებზე ახლობლებს უყვარდათ ჩემი ავტობიოგრაფიული, ზეპირი მოთხრობების მოსმენა. იმდენჯერ მაქვს მოყოლილი ზოგი ამბავი, რომ, ნამდვილად მიჭირს გავარკვიო, რა მოხდა მართლა და რა არის ჩემი ფანტაზიის შედეგი. ჩემს ლექსებსა თუ მოთხრობებშიც რაღაც ნაწილი მაქვს გადმოცემული ჩემი ადრეული ცხოვრებისა, ცხადია, ზუსტად კი არა, ტრანსფორმირებულად, სიტყვიერი ხელოვნების კანონთა თუ უკანონობათა შესაბამისად. რაკი მაინც რამე კონკრეტული უნდა გავიხსენო, ერთს მაინც ვიტყვი. შიგ სახალისო ნამდვილად არაფერია, მაგრამ მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებაა ჩემთვის.: თქვენ წარმოგიდგენიათ, ცეცხლმოკიდებულ უზარმაზარ მთაზე ორ თანატოლთან - ბიძაშვილთან და დასთან ერთად გასაქცევს ეძებდე, გარბოდე და ცეცხლი მოგდევდეს? ეცემოდე, დგებოდე, ისევ გარბოდე და კიდევ მოგდევდეს? სიზმარში არა, ცხადში! ეს ჩემი კოშმარია, ჩემი ფობია და ისტორია კი ასეთი იყო. საბურთალოზე, ნუცუბიძეზე ვცხოვრობდი, ლისის ტბაზე გავიზარდე, ახლა რომ რაღაც მიკრორაიონებია, იქ ადრე ცარიელი მთები იყო და ხალხს ძველი რკინის საწოლის ბადეებით, დამტვრეული ,,ლეჟანკებით’, გადაბმული ეკლიანი მავთულებით, მოკლედ, ათასგვარი ხარახურით თვითნებურად ჰქონდა ბოსტნებად შემოღობილი. ზოგჯერ დღეში ორჯერაც გადავსულვართ ამხანაგები ფეხით, გვიცურავია, გვითევზავია და უკან დავბრუნებულვართ. საბაგირო - გვიან გაკეთდა. ახლა ვინ რაღა პასუხს გვაგებინებს, ორმოცდაათი წლის წინანდელი ამბავია და არც ჩემი ბიძაშვილი კოკაა ცოცხალი. მაშინ კი ერთმანეთს შევფიცეთ გაუთქმელობა და დღემდე ეს ამბავი არც არავისთან მოგვიყოლია, ერთმანეთსაც არ ვახსენებდით. მოკლედ, რვა-ცხრა წლისანი ვიქნებით, ადრეული სექტემბერია, აი, ბალახეულობა რომ კარგა გაყვითლებულ-გადამხმარია და კოკასთან ერთად ლისზე გადავდივართ. მას სკოლის ახალი ფორმა აცვია. გავცდით ადამიანთა თვალს, ერთი მთა გადავიარეთ (იქამდე - სულ ორი იყო), კოკამ შარვლის ტოტი აიწია, სიგარეტი ამოიძრო წინდიდან და რაღაცნაირად ასანთის ღერი შარვალზე აკვრით აანთო. მე და ჩემი და პირდაღებულები ვუყურებთ. დაარტყა ზედიზედ რამდენიმე ღრმა ნაფაზი, ლამის ბოლომდე ჩაიყვანა,, ამ ცხოვრების დედაცო’, კაცურად შეიგინა, ძირს დაგდებულ ნამწვს ზედ დააწიტა კიდეც, ფეხით კარგად მოსრისა და გზა განვაგრძეთ. მე გული ბაგაბუგით მიცემს, როგორც რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი საიდუმლოს მომსწრეს. ორი ნაბიჯი არ გვქონდა გადადგმული, რომ დავინახეთ, ჩვენს უკან ცეცხლი დაიწყო. კოკა ჯერ ფეხით ჩაქრობას ცდილობდა, მერე სკოლის ფორმის ზედა გაიხადა... უეცრად, ერთ წამში აეკიდა ირგვლივ ყველაფერს, ვერც წინ მივდივართ, ვერც უკან, ცეცხლი გვირტყამს, მთა მთლიანად ცეცხლში ეხვევა, კოკამ უცებ დაიძახა მომყევითო და სადღაც გაარღვია ცეცხლის ალყა. მივყევით, არ ვიცი, რამ გადაგვარჩინა, ტანსაცმელს ვინღა დაეძებდა. ერთი აურზაური ატყდა, ძლივს ჩააქრეს ცეცხლი. მერე მთელი მთა გაშავდა. მოკლედ, მას შემდეგაა, რომ ყველაზე ძალიან ცეცხლისა მეშინია დღემდე. ძალიან ვერაგია. კითხვა რაზე იყო? - აა, საყვარელი ისტორიაო, არა?! მე კი რა ჰიჩკოკიზმი მოვყევი! კითხვის თემას მაინც რომ დავუახლოვდე, ,’, მოკლედ ვიტყვი, საყვარელი ისტორიებიც უამრავი მაქვს და მათგან გამორჩეული ისაა, ჩვენი ეზოს ძაღლი - უჯიშო, ’დვარნიაშკა“ ლასი შემთხვევით ძაღლების შეჯიბრზე რომ მოხვდა, გაიმარჯვა და აღტაცებულმა პირველი ლექსი მას ვუძღვენი. ადრე სხვა ინტერვიუში მაქვს ეს ამბავი უკვე მოყოლილი, ინტერნეტშიც დევს და გამეორება - მოსაწყენი იქნება. იქნებ, თქვენი ოჯახი გაგვაცნოთ? ნ.დ:- ქართული თუ ამერიკული? ქართული ოჯახი - მუდამ დიდი, სპორტული, მხიარული და ძალიან სტუმართმოყვარე მქონდა და მაქვს. აი, ისეთი, დედაჩემი ახლაც რომ იტყვის, დღევანდელი დღე ჩაგვივარდა, ხუთ სტუმარზე მეტი არ გვყოლია და ისიც - სულ შინაურებიო. თაობებით ასე ვართ. მოყვრებიც ასეთი შეგვხვდა, საქართველოშიც, ამერიკაშიც. ამერიკულ ოჯახს რაც შეეხება, ორნი ვართ, მაგრამ „ერთ ოჯახად ვცხოვრობთო“ - ქართველები რომ იტყვიან, ისე ვართ მე და ჩემი შვილი. ჩვენს სახლებს მანქანით რვა წუთის სავალი აშორებს. ეს აქაური სტანდარტებით წარმოუდგენელი სიახლოვეა. ჩვენკენ - მე და ჩემი ქმარი ვართ, მათკენ - ჩემი ერთადერთი ქალიშვილი, სიძე და ორი შვილიშვილი გოგონა. რა დიდი გამოცნობა უნდა, რომ შვილიშვილებს დაპყრობილი აქვთ ჩვენი ტერიტორიაც და უფლება არა გვაქვს, მათი ნებართვის გარეშე მათ მოსვლამდე სათამაშო გადავაადგილოთ. ამხელა სახლში საცალფეხო ბილიკს ძლივს გვიტოვებენ. საინტერესოა, როგორია ქალბატონი, რომელსაც ნინო დარბაისელი დედას უწოდებს? ნ.დ:-ოთხმოცი წლისაა. ერთხელ რაღაც ასეთი დავწერე ფეისბუქზე, დედაჩემი მთელს მსოფლიოში, დედებს შორის სილამაზით - მეორე ადგილზეა, რადგან პირველზე - ამ სტრიქონების წამკითხველის დედაა-მეთქი. ჩემს მეგობრებს ხუმრობით ვეჩხუბებოდი, თუ ჩემი მეგობარი ხარ, სულ დედაჩემთან რა გინდა, ჩემი სახლის მისამართი ხომ არ გაგახსენო-მეთქი. აი, ასე, მეგობრების წართმევა უყვარდა. ძალიან გახსნილი ადამიანია. გულღია და უმწეოთა მიმართ საოცრად გულჩვილი... როგორც ყველა დიქტატორი... ცხადია ვხუმრობ და ისე, თუ დაკვირვებიხართ, არ არსებობს ბოლო დროის არცერთი დიქტატორი, სურათი რომ არ ჰქონდეს გადაღებული, ბავშვს ან მოხუცს ალერსით როგორ დაჰყურებს, იხუტებს, თავზე ხელს უსვამს ან ბავშვი ხელში როგორ აუტატებია, ვიდეოებიცაა ასეთი. ჰო, დედას მივუბრუნდეთ! პოეზია უყვარს ძალიან, ოღონდ ჩემი ლექსები - არა. ეგ რა არის, ერთხელ ჩემმა გოგონამ, პატარა რომ იყო, ასე მითხრა: დედიკო, რა კარგი ადამიანი ხარ და ასეთ ცუდ ლექსებს რატომ წერო. მოკლედ, რაც გინდა ქენი, როგორც გინდა წერე, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო. რა ასაკიდან დაინტერესდით ლიტერატურით? კითხვა ვისწავლე თუ არა, სხვას რას ვიზამდი. გარეთ მოთამაშე ბავშვი მე არ ვიყავ, ჩემი დისგან განსხვავებით. შინ - გაკვეთილებს რომ უცებ მოვამზადებდი, რაც შემეძლო, უფროსებს დავეხმარებოდი, მერე რაღა უნდა მექნა! სადმე, კუთხეში ვიჯექი ჩემთვის ჩუმად და ვკითხულობდი. ტელევიზორამდე მე ვინ მიმიშვებდა! ახლა ყველა ოთახში რომ თითო ტელევიზორია, ადრე ასე არ იყო, ერთი გვქონდა და უფროსები უყურებდნენ, სტუმრებიანად. ამასობაში ერთ რამეს დავეჩვიე და დღემდე ასე ვარ . ირგვლივ თუ ხმები არ მესმის ფონად, წაკითხულს ვერ ვატან გონებას. სრულ სიჩუმეში არ ვვარგივარ. როდის მიხვდით რომ პიეზია თქვენი პროფესიაა? ვერ ვიტყოდი, რომ პოეზია - ჩემი პროფესიაა. პროფესია არის საქმიანობა, რომელიც ადამიანის შემოსავლის წყაროა. მე კი არა, დღეს გეგულებათ კი ვინმე საქართველოში, თუნდაც ყველაზე დიდი სახელის მქონე პოეტი, რომელსაც პოეზია ინახავს? მე - არ მეგულება.სამუშაო ტერმინად - სხვებივით მეც ხშირად მიხმარია გამოთქმები - სამოყვარულო და პროფესიონალური პოეზია, ასეთ შემთხვევებში ერთი მხრით - გაუწაფავი ხელით დაწერილი, იქნებ სასიამოვნო ლექსი მიგულისხმია, მეორე მხრით კი - ცნობილი ოსტატის ქმნილება. ცხოვრების რომელ ეტაპზე გადაწყვიტეთ კრიტიკოსობა? ნ.დ:- გადაწყვეტაზე რომ მიმდგარიყო საქმე, ალბათ ვერასოდეს გადავწყვეტდი, შეიძლება ითქვას, კრიტიკოსობა თვითკრიტიკით დავიწყე 1990 წელს, წერილით ,, ჩემი სიყვარულის ბწკარედი’ , რომელიც 1991 წლის მარტში გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა. მას შემდეგ თვითკრიტიკული წერილების წერა არც შემიწყვეტია დღემდე, დევს მრავლად ინტერნეტში. მე ისეთი კრიტიკოსები დამხვდნენ ქართულ ლიტერატურეულ სივრცეში, თავს უფლებას ვერ მივცემდი, იმავე სახელით მომეხსენიებინა ჩემი თავი. გავიდა წლები და დამიგროვდა რაღაც რაოდენობა გამოქვეყნებული ტექსტებისა, რომელიც კრიტიკის გარდა, ლიტმცოდნეობის სხვა სფეროს ვერ ერგება, რაკი ამ ტექსტების ავტორი მე ვარ, ასე გამოდის, რომ კრიტიკოსი ვარ. რას ნიშნავს იყო კრიტიკოსი ქალბატონი ნინო დარბაისელისთვის? ნ.დ.:- მარტივად გიპასუხებთ - კრიტიკოსი - ეს არის მკითხველი, ოღონდ მკითხველთა შორის - უმკითხველესი; ადამიანი, რომელიც კი არ გადაიკითხავს, არამედ ძალიან ყურადღებით, დაკვირვებით კითხულობს ტექსტს, სხვადასხვა რაკურსიდან სინჯავს, თავისთვის, გონებაში დაშლის, ააწყობს, გადააწყობს, თან საამისოდ სპეციალური განათლებაც აქვს, კალამიც უჭრის და რაც მთავარია, იცის, რომ მისი აზრი არაა ერთადერთი და საბოლოო ვერდიქტი. მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი ლიტერატურული გემოვნების შესახებ... ნ.დ:- მე მიყვარს საუკეთესო პოეზია, დიდ პოეტების ქმნილებები, მაგრამ მუდმივად ერთ, მაღალ რეგისტრში დარჩენა - ძნელია... თუ პოეზიის გურმანი ხარ, სხვადასხვა , ახალ-ახალი, უცხო გემოებისკენაც მიგიწევს გული, ოღონდ მუდმივად და დიდხანს, ჩაუნაცვლებლად არც მდარე პოეზიის კითხვას ვურჩევდი ვინმე პოეტს - , „ფასტ ფუდივით’ ცუდად დაჩვევა იცის და მავნეა. გემოვნებასაც ხომ აქვეითებს და აქვეითებს, ‘’ხელსაც აფუჭებს“, ამისგან განსხვავებით, საუკეთესო პოეზია - უვნებელია, თუმცა საფრთხე აქაცაა - კრეაციულ იმპულსს ემუქრება, თვითრწმენას უქვეითებს შემოქმედ ადამიანს. . რას ფიქრობთ დღევანდელ ახალგაზრდა, თანამედროვე პოეტებზე და ვის გამოარჩევდით? ნ.დ.:- ვფიქრობ, ეს არის კითხვა, რომელზე პასუხისგანაც თავი უნდა შეიკავოს ადამიანმა. რატომ? აუცილებლად გამომრჩება ვინმე, თანაც ძალიან მნიშვნელოვანი და სამუდამო გულისტკენას მივაყენებ ამით. ისე კი, რაღაცნაირად მჯერა, ვისთანაც შეხება მქონია, იცის კიდეც, რა აზრისა ვარ მის შემოქმედებაზე. ტყუილი როგორ არ მითქვამს ცხოვრებაში, ამ მხრივ გამონაკლისი როგორ ვიქნები, მაგრამ პოეზია - ჩემთვის ისეთი სფეროა, აზრის გამოთქმისას ვერა და ვერ ვიტყუები, არ შემიძლია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან შეცდომაა გამორიცხული, ან აზრის შეცვლის ალბათობას გამოვრიცხავ. უბრალოდ, ეს - ჩემი პატიოსნების სფეროა. ნინო დარბაისელის ამერიკული ოცნება, ანუ რას ნიშნავს იყო ამერიკელი და არ ჩამორჩე ქართული ლიტერატურის სიახლეებს. ნ.დ.: ეს ყველაფერი ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა, ინტერნეტი რომ არ არსებობდეს. ამ მხრივ, ბედნიერ ეპოქაში მომიწია ცხოვრება. ვცდილობ, წაუკითხავი არაფერი დამრჩეს. მეგობრებს ხშირად ვაწვალებ, ხან რა ტექსტის გადმოგზავნას ვთხოვ, ხან რა ინფორმაციის მოძიებას, რაც ინტერნეტით არაა ხელმისაწვდომი. ბევრს ალბათ ჰგონია რომ ნინო დარბაისელი მკაცრი, ძალიან მკაცრი ან კიდევ უფრო მკაცრი ქალბატონია. მე ვიცი რომ ის ძალიან გულისხმიერი, მობილიზებული და სამართლიანია. თქვენი ნინო დარბაისელი როგორია? ნ.დ.: არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს აზრი ჩემი სიმკაცრის შესახებ. მე თავი ძალიან ლოიალური ადამიანი მგონია ყველა სფეროში. ახლა, თუ რაიმე თემაზე მსჯელობისას მოხმობილი ლოგიკა და ფაქტები ჯიუტი და შეუვალია, ეგ ხომ ფაქტისა და ლოგიკის ‘’ბრალია’ და არა - ჩემი. მე ხომ არ შემიქმნია ან ერთი, ან მეორე. უბრალოდ, ვიყენებ, როცა საჭიროა. თქვენს საკუთარ შემოქმედებაში, კრიტიკოსია დომინანტი თუ პოეტი? ნ.დ.:- შემოქმედებაში - ცხადია პოეტია დომინანტი. თუმცა კრიტიკაც ხომ შემოქმედებაა? უფრო ზუსტად, რაღაც შუალედური, შემოქმედებასა და ლიტერატურულ მეცნიერებას შორის, მით უმეტეს, „არაკლასიკური“, თანამედროვე კრიტიკა. და მაინც, დომინანტი რომელია? ვისურვებდი, კრიტიკა იყოს. ეს უფრო სჭირდება დღეს ქართულ პოეზიას და იმიტომ. აბა დაუკვირდით სად - ერთი თუნდაც კარგი პოეტით მეტი ან ნაკლები არსებობდეს და სად - ერთი კარგი კრიტიკოსით. მოკლედ, რა საქმეზეც დგახარ, უნდა ეცადო, რომ იმ საქმეში კარგი იყო. მოგვიყევით თქვენი ჰობის შესახებ. რა გიყვართ, რითი ერთობით და ა.შ. ნ.დ.: მთელი ცხოვრება მიყვარს ახალ-ახალი რაღაცეების ცდა და სწავლა. (ეს - სპორტს არასოდეს ეხება, მიუხედავად იმისა , რომ ძალიან სპორტულ ოჯახში ვარ გაზრდილი). შინ - შემიძლია, გარეთ გაუსვლელად კვირები და თვეც კი გავატარო. არასოდეს მწყინდება. მიყვარს სტუმრიანობა, ცხობა. საოჯახო საქმე, ხელოსნობა - ძალიან. კარგ სახელოსნო ინსტრუმენტებზე - გონება მეკეტება. რა აღარ მაქვს! კლასიკური მუსიკა - მუდმივად ჩართული მაქვს მთელი ცხოვრება და ამას ვერც ჰობად ვთვლი, უბრალოდ, ნაჩვევი ფონია. სულ ვამბობ, რომ მოგზაურობა არ მიყვარს, მაგრამ ცოტა გადამიცდება თუ არა, საშინლად მენატრება ხოლმე ჩემოდნების ბორბლების ხრიალა ხმა აეროპორტის ქვიან იატაკზე. ახლა ზუსტად ასე ვარ. მაინც, ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როცა რაიმე ქველმოქმედებით საქმიანობაში ვარ სხვებთან ერთად ჩართული. ახლა ბევრი სფერო ვერ მუშაობს ამ მხრივ, კორონას გამო, მაგრამ რაღაცეებს მაინც ვახერხებთ. თქვენი აზრით, რა არის ის ყველაზე მთავარი, რაც შემოქმედს ყველაზე მეტად სჭირდება? რა ძნელი კითხვაა! მაინც შევეცდები ვუპასუხო - განმარტოების საშუალება (სიმარტოვე- სხვა რამეა) სივრცე საამისოდ და შემოქმედების თავისი სფეროსთვის საჭირო მასალა-ინსტრუმენტები. თავისთავად იგულისხმება, რომ ღმერთისგან ნიჭი უკვე ნაბოძები აქვს. თქვენი საყვარელი ფერი რომელია? ხომ ვერ გვეტყოდით რატომ? ნ.დ.:- წარმოიდგინეთ, საყვარელი ფერი არა მაქვს. ან როგორ შეიძლება, ერთი ფერი მიყვარდეს ამ მრავალფეროვან სამყაროში? რამდენნაირი ფერთა შეხამებაა! საქართველოში ფერთა სიმბოლიკას ყოფაში ისეთი დიდ როლი არ ენიჭებ, როგორც აქ.. არის შავი (თუმცა ეს ხომ ფერიც არაა) და სხვა დანარჩენი. ამერიკაში, ასე ვთქვათ, კალენდარული ფერებიც კი გვაქვს. არ ვიცი, იქნებ უკვე საქართველოშიც შემოვიდა. ახლა უცებ ჩამოვთვლი, რაც გამახსენდება: მწვანე და წითელი - შობა, ვარდისფერი და იასამნისფერი - ვალენტინობა, მწვანე - წმინდა პატრიკის დღე, თეთრი და პასტელური ფერები - ბაჭია და კვერცხები - „ისტერი“ ანუ აღდგომა, ლურჯი, თეთრი და წითელი - დამოუკიდებლობის დღე, სტაფილოსფერი - ჰელოვინი და ასე შემდეგ. ყველა შტატს აქვს თავისი ფერი, ასევე, ყველა სკოლასა და უნივერსიტეტს, სადაბადებისდღეო, თუ რაიმე საგანგებთ ‘’ფართის’ ფერებიც წინასწარ ამოირჩევა ხოლმე. . რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში? ნამდვილად არაფერს. ერთი წამითაც კი არ მინდა, დრო უკან დაბრუნდეს. ყოველ დღეს და დროს თავისი ახალი ამოცანები მოაქვს და რად მინდა უკვე დაძლეულ ამოცანებთან მიბრუნება. წინ ყურება არ სჯობია? კი ბერდები ამასობაში ადამიანი და წინაც თითქოს უკეთესს აღარ უნდა მოელოდე, მაგრამ შთამომავლობა ხომ იზრდება და ახალ-ახალი სიხარულები მოაქვს, რამდენ რამეს გინდა რომ მოესწრო! . შეგიძლიათ პარნასელებს ერთი, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლო გაუმხილოთ? ნ.დ გამხელილი მაქვს არათუ ერთი, არამედ უამრავი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლო ჩემს ლექსებში. „პარნასზე „ პრინციპულად არ ვდებ, ასე გადავწყვიტე თავიდანვე, მაგრამ თუ ძალიან აინტერესებს ვინმეს, არც ინტერნეტში მოძებნაა ძნელი, ყველაზე სრულად კი ყველაფერი ლიტერატურულ საიტ urakparaki.com -ზე მიდევს. . რაზე გწყდებათ გული ყველაზე მეტად? ნ.დ:- ასეთი რამ კი ნამდვილად მაქვს. ამ თხუთმეტი წლის წინ მე ამერიკაში ვიყავი და მეზობელმა თბილისში წყალი ჩამომიშვა ჩაკეტილ ბინაში, თვეობით დიოდა, წლობით ნაგროვები უზარმაზარი, მართლა კარგი ბიბლიოთეკა და მთელი ოჯახის მოწყობილობა გადასაყრელი გამიხდა.. მერე ახალი შევქმენი და ისიც იქ დამრჩა. აბა, ამხელა გზაზე ხომ ვერ წამოვიღებდი... თუმცა ახლა ყველაფერი იდება თანდათან ინტერნეტში. . რას ეტყოდით პარნასის მკითხველს დამშვიდობებისას? ნ.დ.:- ვწუხვარ, რომ ამ ინტერვიუთი ბევრ თქვენგანს იმედი გავუცრუე. ალბათ ელოდით რაიმე არამიწიერამდე ამაღლებულს, ჩემი სახით კი ხელთ ერთი ჩვეულებრივი, მეტიც, მოსაწყენი ადამიანი შეგრჩათ. კითხვაზეც ამდენი დრო დაკარგეთ. საკუთრივ პოეტებს კი მოვუწოდებდი, არ შეწყვიტოთ წერა, თუ ეს სიამოვნებას განიჭებთ, ახლობლების ქება-დიდებითაც იამეთ და შეირგეთ, ოღონდ გახსოვდეთ, არ არის საჭირო, მაინცა და მაინც სადმე, ზემოთა იერარქიებში ეძიოთ ადგილი. გახსოვდეთ, რომ თქვენამდე იყვნენ, არიან და ღვთის შეწევნით, კიდევ იქნებიან სხვა დიდი ქართველი პოეტები! გახსოვდეთ, რომ არსებობს მსოფლიო პოეზია; არსებობს ქართული პოეზიის ბრწყინვალე თანავარსკვლავედი; არსებობს გალაკტიონი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი