პარადიგმების გარეშე (ინტერვიუს უძღვება ლანა ბიბილურიძე)


🎬რუბრიკა📣პარადიგმების გარეშე
🎬სტუმარი📣ნინო დარბაისელი-სტრონი

🎙️ცოტა რამ ჩემ შესახებ...
ცოტა რამ - არაფრით არ გამოვა, საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრებით ვიცხოვრე ნამდვილად, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია და გარედან როგორ ჩანს, არ ვიცი.
გიყურებიათ ტბაზე გედები ნარნარად რომ მიცურავენ? წყალში რომ ჩაიხედოთ, თვალებს არ დაუჯერებთ, ისე სწრაფად ამოძრავებენ ფალანგიან ფეხებს, წყალქვეშ ერთი დგაფადგუფია. ეგრეა სხვა ადამიანის ცხოვრებაც - თუ გარედან უყურებ - მშვიდია, შეხვალ მის არსებაში და გაოგნდები, შიგ რა მორევები ტრიალებს.
      კარგია, სიბერეში ბევრი მექნება მოსაგონებელი, თავშესაქცევი. წარმომიდგინეთ ბუხრის წინ, სარწეველაზე, ნახევრად მთვლემარე, პლედწახურული, თითქოს ამ ქვეყნისა ვარ და არცა ვარ, წარმოსახვაში კი, ძილ-ღვიძილში მღელვარე ამბების მთელი კორიანტელი მიტრიალებს.
          უი, რა გამახსენდა!
         ერთხელ ძალიან მდიდარი კაცი მეუბნება სუფრაზე, რას გიხდიან მაგ ლექსებში ისეთს, ტყუილად რომ ცდები ? მაგას არ გირჩევნია? -  ჩემი ცხოვრება მოგიყვე, ის დაწერო, ფულსაც გადაგიხდი შრომაში, მე თვითონ ვიკისრებ გამოცემის, მაგარი პრეზენტაციის ხარჯებსო.
      მე ხომ ეს უდროო დროს ენაკვიმატობა ვერა და ვერ მოვიშალე! ყველა უბედურება ამითი არა მჭირს?! გაჩუმდი, ილაპარაკოს! არაა! ვეუბნები, კარგი, თქვენ მომიყვებით, მე დავწერ, წიგნადაც გამოვცემთ, ძვირფას პრეზენტაციასაც ჩავატარებთ, თავისი გუნდითა და არქიელით და აი, ამის მერე რა ვქნათ, წამკითხველი სად ვიშოვოთ-მეთქი.
ასე და ამრიგად დამთავრდა ჩვენი კეთილნაცნობობა!

🎙️ცხოვრება არის ... ის, რაც ყოველ ჩვენგანს ჰგონია. ცხოვრებას თავისი თითო ნიღაბი არავისთვის ენანება, ნამდვილ სახეს კი არასოდეს არავის უჩვენებს. თვით ფილოსოფოსებსაც კი ატყუებს. ახლა ბრძენთა გასულელება როგორ უყვარს! მოწყენილობის გასაფანტად თამაშობს, რა!

🎙️გულით დავატარებ... ბევრ ქართულ ლექსს და მომენტებს ქართული ლიტმცოდნეობითი ტექსტებისა. რაკი ვიცოდი, რომ ჩემი ბოლო ამერიკაში იყო და წიგნი კი მძიმეა, მთელს ბიბლიოთეკას ვერაფრით გადმოვზიდავდი ამსიშორეს, საქართველოში მყოფი სულ ვცდილობდი, რასაც შევძლებდი, ყველაფრის წაკითხვა და დამახსოვრება მომესწრო, ისე მაინც, რომ ვინმე, მანდ მყოფი მეგობრისთვის რომ მეთხოვა, ესა და ეს წიგნი მჭირდება, შიგ აქა და აქ ეს წერია-მეთქი, ძალიან არ გამეწვალებინა ძებნაში.

🎙️ჩემი თილისმა ... ეგეთი რაღაცეები არასოდეს მქონია, ჯერ ათეისტი მასწავლებლების ოჯახში გავიზარდე და ცუდიაო და მერე - ჩემი ქრისტიანული რწმენა არ შეიწყნარებს, როგორც წარმართობის, კერპთაყვანისმცემლობის ნიშანსო. ეგეც არ იყოს, ახლა კიდევ იმ რაღაცას უარე, არ დაგრჩეს სადმე, არ დაკარგო, სადმე არ ჩაგივარდეს და ასე შემდეგ.       საერთოდ ვცდილობ, ისეთი არაფერი მქონდეს, არც მყავდეს, გულითა და არსებით იმას რომ მივება და თავის ჭკუაზე მაკონტროლოს. ამისთვის შვილი და შვილიშვილებიც საკმარისია.

🎙️ვსწავლობ ... სულ რაღაცას და არასოდეს არ არის საკმარისი, ვეღარ მოვრჩი!
ისიც არ ვიცი, რად მინდა, რაში მჭირდება.
ვხუმრობ, რომ მოვკვდები, საიქიოში მიქელ-გაბრიელი რომ დამხვდება და გამესაუბრება, აღფრთოვანებული მეტყვის:
- გოგო, ,ნინო, შენ რა კარგი ყოფილხარ! რამდენი რამე გცოდნია, რამდენი ხანია, აქ ჯოჯოხეთში ერთი, პატარა სამკითხველოს მოწყობას ვფიქრობთ და დღემდე თავი ვერ მოვაბით, ძალიან გამოგვადგება შენი მოზაიკური განათლება, დააკვალიანებ შენი დაიჯესტებით კითხვისმოყვარულებს, ოღონდ მანამდე ადაპტაციისთვის, ცოტა, კუპრის ქვაბის ვანები უნდა გაიაროო.

🎙️მენატრება .. კარგი ლეჩხუმური მჭადი, ყველი, ტყემლის საწებელი, ცოტა კიტრისა და პამიდვრის სალათა, ალყა-ალყა ხახვწაჭრილი, ჰო და კიდე, ცხელი ჩაი დიდი ჭიქით , შიგ - კარგი, შინდის მურაბით, პატარა სამზარეულოში..
მოკლედ, ჩემი ტკბილი მძახალი ცუცუნა მენატრება ძალიან, ჩემი რძლის დედა. ტოლები ვართ.

🎙️წიგნი, რომელიც მომწონს ... ეს ალბათ, რამე, უფრო საცნობარო ხასიათისა იქნება, ლექსიკონები მიყვარს ათასნაირი, თუ შემხვდა კარგი ლექსიკონი, ხელიდან არ გავუშვებ. კიდევ მიყვარს ქრესტომათიები, ანთოლოგიები, ენციკლოპედიური ცნობარები, მუზეუმების ფერადსურათებიან კატალოგებზე და მხატვართა ალბომებზე ხომ ვირევი, ცოტა არა მაქვს.

🎙️ბავშვობის წლები ... გავატარე საბურთალოზე, ზაფხულობით - კახეთში - დედულეთში - ველისციხეში ვიყავით ან ბიძაშვილებში, იმერეთში- ოკრიბაში, ორპირში.
ზამთრობით, როგორც ყველა, ისეც მე - ბაკურიანში მივდიოდით ნაახალწლევს. მაშინ გუდაური არ არსებობდა.
ახლა რომ წარმოვიდგენ, რა გვეჩვენებოდა კომფორტულ დასვენებად მაშინ… ჯამ-ჭურჭელ-თეთრეულობა - თან უნდა წაგვეღო, ათი დღის სამყოფი საჭმელ-სასმელის ძირითადი ნაწილიც, აბაზანა - საერთოდ არ გვქონდა, უკეთეს ძშემთხვევაში - სახლის პატრონს ჰქონდა და ყოველ ჯერზე ცალკე უნდა გადაგეხადა იმით სარგებლობის ფასი, საპირფარეშო?! კი იყო ერთი, სახლიდან მოშორებით, შეფიცრული ჩეჩმის ტიპისა.
ვცდილობდით, სითხე ბევრი არ მიგვეღო, მით უმეტეს შებინდებულზე, რომ იქ წასასვლელები არ გავმხდარიყავით სიცივე-სიბნელეში.
    რაღაც, ცენტრში ერთი პატარა კაფე იყო, კაკაო იყიდებოდა და ერთი საათი ვიდექით რიგში კაკაოდწოდებული იმ თბილი ტლაპოს დასალევად. ბულკიც თუ შეგვხვდებოდა, ამაზე დიდ ფუფუნებას როგორ წარმოვიდგენდით! ახლა ვინმემ ეს ყველაფერი ერთი დღით რომ მომისაჯოს, ხომ გადავირევი, მაშინ კი როგორი ბედნიერები ვიყავით! ეს მაფიქრებინებს, რომ ბავშვობა და ახალგაზრდობა ეს ისეთი პერიოდებია, ჯოჯოხეთშიც რომ გაატარო, სამოთხედ დაგახსომდება.

🎙️მადლიერი ვარ ... ცხოვრებისა, რომ ამდენ კარგ ადამიანთან შემახვედრა. ცუდი, პრაქტიკულად არც შემხვედრია ვინმე. უფრო სწორედ, შეიძლება იმ, მოცემულ მომენტში ჩემს ინტერესებს მისი დაუპირისპირდა და მისმა აჯობა, მაგრამ ასაკოვნების სიბრძნეც იმაშია, რომ ხვდები, მას იმ დროს სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო და ეს სიბრძნე-გამოცდილება რომ მქონოდა მეც…. ეჰ, მაინც ისევე მოვიქცეოდი, რა!

🎙️ერთი დღით ვიქნებოდი ...ძალიან მდიდარი, ისეთი მდიდარი, რომ მთელი სამყაროსთვის გამოთქმით მეთქვა: ‘’იცოდეთ, ბედნიერება ფულში არაა!’

🎙️მსოფლიოს ვეტყოდი ... - ნუ იქნება ოღონდ ომი, სხვა რაც გინდა, ის იყოს!’ - ვიყო ტრაფარეტული, რა უჭირს! მე - მთელი არსებით პაციფისტი ვიყავი, ვარ და ვიქნები. ჩემმა საწყალმა პირველმა დედამთილმა, ნინო ოგბაიძემ იცოდა ხოლმე ანდაზის თქმა ,, გვერდსისხლიანს გვერდტალახიანი გერჩიოსო’. ასე ვარ, გვერდტალახიანი მშვიდობა მირჩევნია გვერდსისხლიან ომს, ნგრევასა და უბედურებას.
დარწმუნებული ვარ, რომ რაც კაცობრიობა არსებობს, არცერთ ომს უმწეო ადამიანებისთვის - დედების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის კარგი არასდროს არაფერი მოუტანია, თორემ ვისთვისაც ომი მომგებიანი ბიზნესია, რატომაც არა! გააჩაღებს კიდეც და მისით კარგადაც იხეირებს, თავად სამშვიდობოს მყოფი.

🎙️ჩემი ოცნებაა ... ასეთი პირდაპირი რეისი არსებობდეს - ნეშვილი_ თბილისი.
დავჯდე აქ, ჩამოვფრინდე თბილისში, დავჯდე თბილისში - ჩამოვფრინდე აქ! ისე - სამ დღემდე მჭირდება ერთი გზაში, მინიმუმ, სამი თვითმფრინავი, ბილეთის სიძვირეს რომ თავი დავანებოთ. ხანდახან გაჩნდება ხოლმე ინფორმაცია, თბილისიდან კენედის აეროპორტში რეისი ინიშნებაო. მართლა ვერ ვხვდები, რას გადაეკიდნენ ამ ისედაც გადატვირთულ ადგილს, აგერ არაა ნეშვილის საერთაშორისო აეროპორტი?

🎙️პირველი სიყვარული... - შეყვარებული საბავშვო ბაღიდან დაწყებული, ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ არ ვიცი, რა არის მეორე სიყვარული, ჩემი ყველა სიყვარული - პირველია და განუმეორებელი და რომ ჩამოვყვე, კარგა დიდი სია გამომივა. ჭორიკნების მეტს არავის დააინტერესებს ამდენი უცხო სახელი. .. ან უკეთეს შემთხვევაში, კინოფილმებში როა, მარმარილოს დაფაზე ამოკვეთილ, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სიებში ყველა  თითის გაყოლება-ჩაყოლებით თავისიანის სახელს რომ ეძებს. ზოგან გვარი რომ ემთხვევა და ინიციალები და დაღუპვის თარიღი- აცდენილია.

🎙️ცდებით, თუ გგონიათ ... რომ მხოლოდ ნამცხვრეული ასუქებს. ისპანახიც კი სავსე ყოფილა ყველაფრით, აბა, ძროხა მხოლოდ ბალახს რომ ჭამს, რძეს, კარაქს და ყველა - ამდენ სიმსუყეს როგორ გვაძლევს?!

🎙️ოცდამეერთე საუკუნე ... ესეც ხომ ვნახე, არა? ერთხელ დავფიქრდი და დავასკვენი, რომ სრულიად განსაკუთრებულ თაობას ვეკუთვნი. შავ-თეთრი ტელევიზორის თავში ტყაპუნსაც მოვესწარი, გამოსახულების გასასწორებლად და აგერ, ჩემო ბატონო, უკანასკნელი მოდის მობილურიც ამწუთას ხელში მიჭირავს. მე არ ვიცი, ბოლომდე გამოყენება, თორემ ყველაფერი შიგაა.
დღევანდელ ეპოქაში ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ ... ძილი, მშვიდი რელაქსაცია, გულით ჩახუტება და წრფელი ალერსი. რაც უბედურება ხდება, ყველაფერი უძინართა და ასე ჩაუხუტებელთა, მოუალერსებელთა ბრალია.

🎙️ღმერთის ჩემეული აღქმა ... რა არის, რა, ღმერთო, მიღმიერ ცხოვრებაში ან სამოთხე გელის ან ჯოჯოხეთიო, რა უბედურებაა ეს -‘’ან-ან’ ! სამოთხე რომ კარგია, მაგდენს ყველა ხვდება, ყველასაც იქ უნდა, მაგრამ რომ მოვიწყინო, მერე? რაღაც, მესამე არ იყო საჭირო? - ჩემნაირი ხალხისთვის. რა კარგი იქნებოდა, არც მიღმიერი ცხოვრება არსებობდეს, არც ეს სამყარო შეგექმნა, არც ანგელოსთა დასი გყოლოდა და საერთოდაც, არ არსებულიყავი. ახლა კი რა ვქნა!

🎙️გახსოვდეთ...რომ დაივიწყოთ ყველაფერი წარსულიდან, რაც აწმყოსა და მომავალში გამოუსადეგარია. … მაგრამ, აბა, მიდი და გაიგე, წინასწარ, როდის რა რაში გამოგადგება. … მოკლედ, გახსოვდეთ, რომ რაკი რამე გადასაგდებად გენანებათ, საჭიროცაა, ბოლოს და ბოლოს, ‘რისაიკლინგისთვის’ მაინც გამოგადგებათ.

🎙️წარმატების გზაზე ... რამდენჯერაც დაეცემი, იმდენჯერ უნდა წამოდგე,
მუდამ გახსოვდეს, რომ საბოლოოდ, წამომდგარები აღწევენ მიზნამდე და არა დაცემულები. გალაკტიონის ეს სტრიქონებია ჩემი .. ახლა “დევიზს” აღარ ეძახიან, არა? ძველმოდურიაო. იყოს ჩემი მოტო - ,,მე მივდიოდი და ვეცემოდი, ისევ ვდგებოდი და მივდიოდი!’

🎙️ჰობი ... სხვადასხვა დროს სხვადასხვა მქონია. ამჯერად ,,თიი ფართით” - ჩაის საღამოების მოწყობით ვერთობი. ჯერ ლიტერატურა მოვაგროვე, რაც შემეძლო, ყველაფერი შევისწავლე, დაწყებული პრინცესა ანას ეპოქიდან. მერე ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ჩემი სტილი გამოვიმუშავე. თემატურ პროექტებს ვაწყობ, ანუ ვცდილობ, საინტერესო ხალხი დავპატიჟო, რომ სტუმრებმა თან რაღაც გონების საზრდოც გაიყოლონ, ესთეტიკური სიამოვნება განიცადონ, თორემ შენი ცხელი წყალი და ნაჭერი ნამცხვარი ვის უნდა და უკვირს, ან დრო რატომ უნდა დაკარგოს ვინმემ შენთან ‘’ თი ფართიზე” მოსვლით! კოვიდმა რომ დაგვაშორა და ადამიანები მომანატრა, ვიფიქრე, რა გავაკეთო ისეთი, რომ ახლოს მყავდნენ მეგობრები-მეთქი და ამ  მივიწყებული ტრადიციის გაცოცხლება გადავწყვიტე.
უყვართ ჩემს მეგობრებს ეს წვეულებები. ვხალისობთ. ახლა სექტემბრამდე არდადეგებივით გვაქვს. ზაფხული დგება და ყველა სადღაც მიეშურება დასასვენებლად. შემოდგომის რაღაც პროექტები უკვე მაქვს და ვხვეწ.

🎙️როცა ცუდ განწყობაზე ვარ... მტერს და ავს! უიშვიათესად ხდება, მაგრამ ურჩევნიათ თავი დამანებონ! შინ იციან და ასეც იქცევიან.

🎙️ოცი წლის წინ ...ოცი წლის მერე...
ოცი წლის წინ ბებიობისთვის ვემზადებოდი, თანაც ძალიან. ოცი წლის მერე თუ ცოცხალი ვიქნები, ვიქნები ახლა რა ხნისაც დედაჩემია, ანუ 84 წლისა და თუ მასსავით კარგი მეხსიერება შევინარჩუნე და სიცოცხლის ხალისი… ნუ, იმან სილამაზეც შეინარჩუნა… მე კი ამ მხრივ, ბედმა უსაშველოდ გამიღიმა, დრო ძალიანაც რომ ეცადოს, ვერაფერს დამაკლებს! - რა უნდა წამგვაროს, რაც თავიდანვე არ მქონია?! ტყუპისცალი და მყავს ძალიან ლამაზი. ერთხელ, ახალგაზრდობაში დედაჩემს სერიოზულად ვუსაყვედურე, ლამაზი - ანა კი არა, მე უნდა გაგეჩინე, ის ისეთია, პრანჭია - მაინც მიხედავდა გარეგნობას, მე კი სადა, ბუნებრივ სტილს მივაწვებოდი-მეთქი. სამაგიეროდ, შენ რომ ჭკვიანი გაგაჩინე, კარგიაო? მერე რად მინდოდა ჭკუა ქალს-მეთქი და მიპასუხა. აი, მაგას რომ მივხვდი, იმიტომ არ გაგაჩინე ძალიან ჭკვიანიო და ვარ ასე, ჩემო ბატონო! ახლა - ქალს ძალიანაც სჭირდება ჭკუა, მაშინ - ზედმეტი ბარგი იყო, “საოჯახედ’ გვზრდიდნე, . სახლ-კარის მოვლა, წმენდა- ხეხვა, ცხობა-კეთება, კერვა- ქარგვა, რეცხვა-უთოობა და მისთ უნდა გვცოდნოდა კარგად, ვიცი და ბევრჯერაც გამომდგომია ადრე. ეჰ, ახლა აღარ სჭირდებათ ეს ყველაფერი ჩემი ოჯახის წევრებს… სამაგიეროდ, საქველმოქმედო საქმიანობაში ხომ მადგება!

🎙️აუცილებელია, შვილებს ვასწავლოთ ...
რომ მშობელმა მათი გარე საარსებო პირობების მოგვარების გარდა, ზემოთ და ზემოთ, ბევრი არაფერი იცის. ავად თუ კარგად, თავის ცხოვრებას მოერია და იმისი გამოცდილება არაფერში გამოგადგება, ტვინი თვითონ უნდა გაანძრიო.

🎙️ერთგული ვარ ...
შვილის, შვილიშვილების და ყველაზე მეტად კი - საკუთარი თავისა. რაღაც, მომხიბლავად ვერ ჟღერს, არა?! სადღაც წავიკითხე, ღალატი მხოლოდ იქ არის შესაძლებელი, სადაც ერთგულებააო. ჰოდა, ასე, მაქსიმალურად შემოვზღუდე ერთგულების არე, რომ ვერავის ვერასდროს ვუღალატო და ვერც მიღალატონ. ამას ალბათ ვერ გადავიტან!

🎙️განვიცდი...
როცა ვხედავ, სუსტს ვიღაც ჩაგრავს, ან რაკი ვინმე იმწუთას თვითონ ძლიერია, მდგომარეობა მის მხარესაა, შეუძლია, იმ ქვეყნად წასულზე უკადრისი რამ თქვას, დარწმუნებულმა, რომ მკვდრები არ ლაპარაკობენ. მკვდრები დუმან და თავს ვერ დაიცავენ. მათი ქომაგები კი - ადვილად გასაჩუმებლები არიან.

🎙️მინდა მქონდეს ... ეს ძნელი კითხვაა. არ ვიცი, რა დამსახურებისთვის, მაგრამ ყველაფერი მართლა იმაზე გაცილებით მეტი მომცა ღმერთმა, ვიდრე ერთ ადამიანს ბედნიერებისთვის ეყოფოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, წონაც კი! არანაირი დიეტა არ მშველის და მართალი, რომ გითხრათ, არც მივდევ, თუ უნდა, თვითონ გამომეკიდოს. რატომღაც მგონია, რომ ძალდატანებით გამხდრები - ბედნიერები ვერ არიან.
ამას წინათ დედაჩემმა რომ დამიწყო ძველებურად, ფორმას მიხედე, ფორმას მიხედეო, ვუთხარი, კარგი, რა, დედი, რა გირჩევნია, ამ წონისა ვიყო და სულ ბაჯაღლო ოქრო თუ გამხდარი ბოღმის ბუკეტი-მეთქი.

🎙️მაოცებს ... ლამაზი ქალები რომ თან ლექსებსაც წერენ. რაღად უნდათ, ვერ ვხვდები! კაცებისა - საერთოდ მიკვირს, ლექსის წერა რად უნდათ! ჰა და ჰა, ქალებმა ლექსები წერონ და კაცებმა - იკითხონ და აკრიტიკონ!

🎙️მეშინია ... ავად გახდომისა. არიან ადამიანები, რომლებიც დაბადებულები არიან იმისთვის, რომ ავად იყვნენ, მოწყობილი აქვთ ფსიქიკა საამისოდ. მე - ვერ ვიტან ავადმყოფობას. ექიმის გამოწერილი წამალი დღემდე არ დამილევია. ჩემს ირგვლივ მთელი ცხოვრება ვის რა ასტკივდებოდა და ვის - რა. მიმხედავი ხომ უნდოდათ, არა ?! ერთხელ გავბრაზდი, რა ხალხი ხართ, რა, სულ თქვენ მასწრებთ ავად გახდომას, იქნებ ერთხელ მეც მინდა დავწვე და ვინმემ მომიაროს-მეთქი… და თითქოს განგებამ მისმინაო, იმ საღამოსვე კისერი გამიკავდა.. გამიკავდააა ,ვაი, დედა! ეს თუ დღემდე გამოცდილი არა გაქვთ, ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთ! ერთი სრული კვირა ვწიოდი და ვკიოდი ყოველ განძრევაზე. იმის მერე ეგეთ რამეს როგორ-ღა ვიტყვი.

🎙️მჯერა... ყოველ ადამიანს იმაზე გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე გაუკეთებია, უბრალოდ, არ იცის, ამის შესახებ… ისე, არ არის საცოდაობა?- ვკვდებით და იმდენი ჩვენში ჩადებული უნარი თუ ნიჭი გვრჩება გამოუყენებელი!
მე მაგალითად, კლასიკური მუსიკა კი ძალიან მიყვარს, მაგრამ ხმა - არასოდეს მქონდა. ვიწვალე, ვიწვალე, არ მოვეშვი, კლასებიც ავიღე ვოკალისა და ისეთი სოპრანო დავიყენე საგუნდედ, ერთხელ კონცერტზეც კი გამომიყვანეს გრძელი, შავი კაბით და კისერზე მარგალიტის მძივით. ახლა, კი მთხოვა კონცერტის დაწყების წინ ჩვენი გუნდის ხელმძღვანელმა, ეცადე, უფრო სხვებს მოუსმინო და ყბრალოდ, პირი ამოძრაო მათსავითო და ასეც მოვიქეცი, მაგრამ ხომ ვარ გუნდის სურათებში,. მეორე რიგში, შიგ შუა სოპრანოებში, ლამაზად ყელმოღერებული!

🎙️გამოვიგონებდი ... სულ მიყვარს რაღაცეების გამოგონება. ვიფიქრებ, ვიფიქრებ, მოვიფიქრებ რამეს და რად გინდა, რა! -აღმოვაჩენ, რომ უკვე გამოუგონიათ უჩემოდ და სერიულ წარმოებაშიც ჩაუშვიათ. არ გაგახარებენ ეს ამერიკელები, რა!

🎙️ოდესმე დავწერ ... სულ მინდოდა ლექსის თხზვის სახელმძღვანელი დამეწერა დამწყებთათვის. აქ ამერიკაში ტონობითაა და თუმცა საქართველოს მგოსანთა მხარეს ეძახიან და ამ მხრივ მართლა ძალიან განუვითარებლები ვართ. გ. დოჩანაშვილი როგორც იტყოდა, მოსალოცები გამოვდივართ. დასავლური პოეზია ისე განვითარდა, ღრმა კრიზისშია, ჩვენ კი, შეგვიძლია, ამ მხრივ, არხეინადაც ვიყოთ, იქამდე სულ ცოტა, საუკუნე მაინც გვაკლია. არა, ჩვენც კი გვაქვს ჩვენი კრიზისები, მაგრამ სხვაა განვითარების და სხვა- განუვითარებლობის კრიზისი.

🎙️ვაგროვებ ... ახლა რამე ახლის მოგროვებას დავიწყებ ალბათ, აქამდე ძველი ჩაის ფინჯნების კოლექტირებით ვიყავი დაკავებული, მაგრამ ძალიან გავივსე. აღარ მაინტერესებს.
ვეძებ ... ისეთ კალამს, აი, ფურცელს რომ დაადებ და თავისით წერს, შენი დაფიქრება საჭირო არაა. რა გახდა, რა, ყველაფერი მოიგონეს და ეს ერთი რაღაც ვეღარ უნდა გამოიგონონ?

🎙️ვღალატობ ... - არა ვარ ბუნებით მოღალატე ტიპი. თეორიულადაც რომ ვიცი, ვინმე ან რამე ნამდვილად ღალატის ღირსია ჩემი მხრიდან, უბრალოდ, ამით ვტკბები, როგორც ჩემი თავისუფლების თაფლოვანი ნაწილით, რომელსაც გამოვიყენებდი, რომ მდომებოდა და არც გამემტყუნებოდა… მაგრამ მეზარება.

🎙️ვანგრევ ...უფრო მშენებელი ტიპი ვარ, კონსერვაცია მირჩევნია დასანგრევისა. მენანება, მილიონ მიზეზს ვიპოვი, რომ რაღაც გადავარჩინო. გადავაკეთებ, გადმოვაკეთებ. ნამდვილი მეჯღანე ვარ, როგორც თემთაობელი მრავალი ადამიანი. გაჭირვების ნახვას მოაქვს ეს თვისება. ოთხმოცდაათიან წლებში ნაკუწს ნაკუწზე ვაკერებდით სიბნელ-სიცივეში. აქ, ამერიკაშიც არიან ჩემისთანა ‘ნაგვის მომგროვებლები’ , ოღონდ ჩემი ასაკისა არა, ბევრად ხანდაზმულები, ისინი, ვინც ოცდაათიანები - რეპრესიის წლები გადაიტანეს.

🎙️ჩემი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი... “ კალაბოკი’, რუსული ზღაპრიდან, მისი სიმღერა მიყვარს, გეხსომებათ. ჩემი საყვარელი ფილმის, “ფორესტ გამფის’ გამჭოლი ფილოსოფიაც ხომ ესაა, საფრთხე მოდის? რამე არ მოგწონს? ვერ ერევი?-გაიქეცი! ეს რაღაც იმის მაგვარია, შოთამ რომ თქვა, - “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგანო”

🎙️გამორჩეული სადღეგრძელო... - ,, ‘’ამ ბნელი ღამით ვიღაც დადის საქართველოში, ვიღაცა კვნესის’ - ბოლო სადღეგრძელო - მისიაო, გალაკტიონმა გვასწავლა. ვისაც ჩვენ ვახსოვართ და ვენატრებით, იმათ გაუმარჯოს!

🎙️ყველაზე ლამაზია ... ნამი, ბალახის წკიპზე დაკიდებული.

🎙️დანაშაულს სჩადიან, რადგან... ჰგონიათ, სასჯელი ამის გამო არ მოელით, ან მოელით, მაგრამ ძალიან გვიან და მსუბუქი. ჩემი სიტყვები არაა, მგონი არისტოტელეა.
ვიმოგზაურებდი ... ისე როგორ უნდა მოვკვდე, რომ მონმარტრზე არ გავიარო.
განა არ ვიცი, იქ ის მონმარტრი აღარ არსებობს, გასული საუკუნის დასაწყისისა; გულის ტკენის მეტი იქ არაფერი მელის და მაინც მგონია, მონმარტრს რომ ვნახავ, პაოლო იაშვილი რომ ცხოვრობდა ზედ ესტრაპადის - თავისებური სახრჩობელას ქუჩაზე, პანთეონთან ახლოს. დაახლოებით რომ ვიპოვი იმ ადგილს, რაკი ზუსტად არავინ იცის, დავდგები და წარმოუდგენელია, წარსულიდან რაღაც დენმა არ დამიაროს სხეულში და ინტუიტურად არ ვიცნო გამქრალი ნაკვალევი.

🎙️უფალს ვკითხავდი...- რატომ ხარ მაინცა და მაინც ჩემ მიმართ ასეთი მოწყალე, ხომ არაფრით განსაკუთრებულით არ დამიმსახურებია!

🎙️ბოროტებას დაამარცხებს ... კიდევ უფრო დიდი ბოროტება და საბოლოოდ, ეს იწვევს ბოროტი საწყისის გაძლიერებას, რადგან ფიზიკიდან ვიცით, რამე ძალამ რომ სხვა ძალას აჯობოს, მასზე ძლიერი უნდა იყოს. ძალიან არაქრისტიანულად გამომდის, მაგრამ რა ვქნა! ვერა ვარ, როგორც ჩანს, ისეთი ღრმა მორწმუნე, რომ მჯეროდეს “ბოროტსა სძლია კეთილმან’ - მეთქი. არ შემხვედრია ცხოვრებაში მაგალითი. ახლა კეთილს თუ დაუძახებ იმას, რაც შენთვის სასარგებლოა, მაშინ ხომ უამრავზე უამრავი მაგალითი გამოვა. 

🎙️მორალი ... ეს შეფარდებითი ცნებაა. ყველა ეპოქასა და გარემოს თავისი აქვს. ის ნათქვამი მომწონს, “რასაც ვერ სწვდება კანონი, იმას აწესრიგებს მორალიო”.

🎙️გუშინ, დღეს, ხვალ ... ამ მხრივ, მე ვიზიარებ აზრს, რომ არსებობს მხოლოდ წარსული, ისიც ანაბეჭდის, კვალის სახით, აწმყო მოუხელთებელია, მომავალი - საბოლოოდ, არაპროგნოზირებადი, ლოგიკურად კიდეც რომ გამოთვალო, ფატალურობას ვერაფერს მოუხერხებ, რაღაც ალბათობა მუდამ გამოუთვლელი დაგრჩება.

🎙️ოდესღაც აღმოაჩენთ ... რომ სინამდვილეში ძალიან უბედური ვყოფილვარ მაშინ, როცა თავი ბედნიერი მეგონა. მქონდა ერთი ასეთი შემთხვევა: ოთხმოცდაათიანებში ერთი ადამიანი საკუთარ მძიმე ცხოვრებაზე მიყვებოდა, მართლა ყოველმხრივ გამოუვალ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი და არ ვიცოდი, ნუგეში რით მეცა, ჩავიხედე ჩანთაში, არც ფული მაქვს, არც რამე კაპიკის საღირალი… და პატარა ცისფერი ბლოკნოტი დავინახე, ლექსებს და რაღაცეებს ვიწერდი შიგ, ამოვიღე, მივეცი და ვეუბნები, ეს ბლოკნოტი ბედნიერი ადამიანის ნაქონია, კარგი აურითაა სავსე, შენი იყოს, როცა გაგიჭირდეს, მომუჭე და გიშველის-მეთქი. არ დაიჯერებთ, მართლა უშველა! აზრზე არა ვარ, რანაირად! ყველაფერი მოუგვარდა თანდათან.

🎙️მინდა სიმბოლო გავხდე ... - ადამიანისა, რომელმაც სცადა ამ ცხოვრებისა რამე გაეგო, იკითხა, ისწავლა, იცხოვრა, განიცადა და საბოლოოდ, როგორი უმეცარიც მოვიდა წუთისოფლად, ისეთივე უმეცარი წავიდა მარადისობაში.

🎙️პროტესტი მაქვს ... ადრე ლამის ყველაფრის მიმართ მქონდა პროტესტი, ბერდები და ხვდები, რომ მექანიზმია ცხოვრებისა ისეთი, პროტესტად არ ღირს არაფერი, თუკი ჩასწვდები.

🎙️უდიდესი ცოდვა... არის ტყუილი, თანაც საკუთარ ნათქვამ ტყუილზე პასუხისმგებლობა სხვას რომ გინდა დააკისრო. შეიძლება რაღაც თქვა და ტყუილი გამოდგეს, ასეთ რაღაცას ვერ ასცდები, მაგრამ ამბობდე რაღაცას და უკვე იცოდე, რომ ტყუილია, მართლა დიდი ცოდვაა.
     თუ თქმა არ შეგიძლია სიმართლისა, გაჩუმდი ან თქვი, რომ არ/ვერ იტყვი და მორჩა. ამას წინათ ერთმა ამბავმა შემზარა. ერთი ახალგაზრდა კაცისადმი პოზიტიურად ვიყავი განწყობილი, ვეუბნები ვიღაცაზე, ფაქტი ხელში მიჭირავს, წარმოგიდგენია?! ერთ ადამიანზე ტყუილი თქვა, თავისივე ნათქვამი თვითონ გაავრცელა, რამდენადაც შეეძლო და მერე იმ ადამიანს თვითონვე დასდო ბრალი-მეთქი და ვა, რა მაგრად გაუკეთებიაო. ვიფიქრე, ალბათ ირონიულად თქვა, თორემ ხომ წარმოუდგენელია, სერიოზულად ასე ფიქრობდეს-მეთქი და სხვანაირად შევამოწმე, იგივე გაიმეორა…. მერე და მერე დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი მასში.

🎙️მე რომ დავიბადე ... ძალიან მშვიდად, როგორც დედაჩემი მეუბნება. იმის მერე მუდამ კარგი, მადიანი, მოძინარ-მოცინარი ბავშვი ვიყავი, არა შემაწუხებელი.

🎙️დღის შეგონება... დღე დღევანდელი - არც გუშინ იყო, არც ხვალ არ დადგება. იყავი აქ და ახლა!

🎙️ჩემი ბავშვობის ოცნება .... - ნაყინის გამყიდველობა მინდოდა ძალიან, მუშტაიდის ბაღში, ეშმაკის ბორბალის ქვეშ რომ სანაყინე იყო, იქ. მერე მზესუმზირა მინდოდა გამეყიდა, ან ბატიბუტი, კუკური კევებიც, მერე დიდი რომ გავიზარდე, ჭკუაში ძალიან ჩავვარდი და უკვე მინდოდა სკოლის ბუფეტის გამყიდველობა, ცერის სიგრძე სოსისი, ენა და კორჟიკი, ასევე ქილით ვაშლის პიურე რომ გამეყიდა.

🎙️სამშობლო ... - ძირითადად, ეთნიკური წამომავლობის ადგილი, კარგი იქნებოდა, რომ არ მაწუხებდეს და დავეხსნებოდე.

🎙️ისტორიული პერსონაჟი, რომელიც მომწონს... - დებორა- ბიბლიიდან -წინასწარმეტყველი, პოეტი და მეომარი ქალი.

🎙️ყოველდღე ვცდილობ ... დავიწყო გიტარაზე დაკვრა, ჯერ ვთქვი, ცაციასი მჭირდება- მეთქი, მერე მარჯვენა ხელისა მოვითხოვე… ისევ იქა ვარ და ასე გრძელდება, თითქმის 5 წელია. გიტარაზე დაკვრა რომ ვიცოდე, იცით რა კარგი ადამიანი ვიქნები? საერთოდ თავს დავანებებ წერა-კითხვას, ვიმღერებ და ვიმღერებ…

🎙️ქართველის ყველაზე დიდი კომპლექსი... - არც ვიცი, ეს რაიმე კომპლექსია, თუ თვითგადარჩენის კოდი დევს რამე, რომ გაჭირვების მიუხედავად, სხვამ არ უნდა შეგატყოს, როგორ გიჭირს. ეს ‘’შემოდგომისაზნაურული’ თვისება ძალიან უკან გვწევს ცხოვრებაში. რა ვიცი, ასე მგონია!

🎙️რომ შემეძლოს ... შეუძლებელს ვიზამდი. და მერე, რა! ‘’ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო!’

🎙️მოქანდაკე რომ ვიყო, შევქმნიდი აურაცხელ ქანდაკებას ... საქართველოში - ყველასი, რეალისტურს, ნატურალური ზომისა, ვისაც რაიმე, ცოტა მაინც სარგებელი მოუტანია ქვეყნისთვის, როგორც ამერიკაშია, ან ჩინეთში, შან ქსიში ტერაკოტის ჯარისკაცების მთელი უზარმაზარი, ქრომატული არმია. უქანდაკებოდ კუთხეს არ დავტოვებდი. 

🎙️სიყვარულს ახუნებს ... დრო, დრო და დრო. მე არ მჯერა გაუხუნარი გრძნობებისა, როგორ შეიძლება, დღეს ისევე მიყვარდეს ვინმე, როგორც მაშინ, როცა სიყვარულისთვის ვიყვარებდი და მასაც სიყვარულისთვის ვუყვარდი!  აბა, ამდენი რატომ გავიგე, განვიცადე, ისევ იმ ‘’ლეველზე” (დონეა, არა?) უნდა დავრჩენილიყავი? ისე, თუ გქონიათ წასული და თითქოს დავიწყებული სიყვარულის უეცარი შემოტევები? რა იწვევს, აზრზე არა ვარ. იქნებ სიზმარი, რომელიც დილის ნათელზე ვეღარ გამოგვაქვს?

🎙️ჩემი მავნე ჩვევა ... ადრე უფრო ბევრი მქონდა, ახლა მოვილიე, დავბერდი და ზურგი მტკივა ორივე მხარეს, გეგონება, შიგნიდან წვეტიანი დანა მაწვება. ეტყობა, ძალიან გავანგელოზდი და ფრთები ამომდის. ერთ დღესაც თავზე რომ გადავუშხუილო სანაცნობოს, არ დაიბნეთ!

🎙️სამოთხე და ჯოჯოხეთი ... არ აგვცდება ან ერთი ან მეორე, მაგრამ რაკი ცხოვრების ძირითადი ნაწილი საქართველოში მაქვს გატარებული, ჯოჯოხეთში რომ მოვხვდები, იქნებ ვერც კი გავიგო, სადა ვარ, შეიძლება გამიხარდეს, რა კარგი სამოთხეა-მეთქი.

🎙️დავაარსებდი სკოლას, სადაც ... ჭადრაკი იქნებოდა პირველივე კლასიდან სავალდებულო საგანი და კიდევ ცურვა, კლასის ბოლოში რამდენიმე შეზლონგივით რაღაცს დავდგამდი.
- გეძინება?
_აგერ, გენაცვალე, წამოწექი და ისე გვისმინე, თუ გინდა.

🎙️ძნელია დარჩე ... სახლში, როცა ყველას გარეთ მიუხარია. მქონია ეგეთი მომენტები. შვილი რომ პატარა მყავდა. იმ დრომ ძალიან ჩამომარჩინა ტოლ-ამხანაგებს. ოცი წლისა ვიყავი. ქართული სტანდარტებით - გასათხოვრად დარჩენილი და ამერიკულით - ჯერ ძალიან პატარა ოჯახის შესაქმნელად.

🎙️ვნანობ ... - რატომ ვერ ვხვდებოდი ბევრ რამეს, როცა ახალგაზრდა ვიყავი. სად მქონდა თვალები ან ყურები-მეთქი. იმ ანეკდოტისა არ იყოს, ან თვალები სად მქონდა, ან ყურები, ან ტვინი შენ რომ გამოგყევიო და ქმარი რომ პასუხობს - და ხედავ, ძვირფასო, ამდენი ნაკლის მიუხედავად, მაინც ცოლად შეგირთეო.

🎙️ვერავინ ამიკრძალავს ... - ვერაფერს და მაგით - რა! მოწყენილობა მეუფლება და მეტი არაფერი. გარეგნულად მუდამ ძალიან მორჩილის შთაბეჭდილებას ვტოვებდი შინაურებზე, მაგრამ რაც არ მინდა, ვერ გამაკეთებინებ, გაყურებინებ, როგორ ვცდილობ გაკეთებას, როგორ არ გამომდის, მოკლედ, თავისებური მინი-მანიპულიატორი ვარ. უბრალოდ, ჩემი ნების მოხვევა არ მიყვარს სხვისთვის, მეზარება.

🎙️თავისუფალია, ვინც ... თავის წილ პაუხისმგებლობას აცნობიერებს. სხვაფრივ თავისუფლება - ანარქიაა და მეტი არაფერი. თავისუფლებაზე ფიქრისას მუდამ გიხდება შეხება ისეთ კატეგორიებთან, როგორიცაა ნება, წარმოდგენა… მერე კანონი, მორალი და ასე შემდეგ. რთული საკითხია, ინტერვიუში ძნელად ჩასატევი.

🎙️თუ გსურთ, ცხოვრება შეგიმსუბუქდეთ ... შეხედეთ მსუბუქად, აქ სხვა გზა არ არსებობს.

🎙️ნუ დახარჯავ დროს ... - ის შენია! უკან არავინ არასდროს დაგიბრუნებს.

🎙️ცხოვრების დიდი საიდუმლო ... არავინ იცის და არცაა საჭირო, რომ იცოდეს, ვერსიები- უთვალავია.

🎙️სანამ ცოცხალი ხარ... ხარ და მერე- აღარა ხარ! მოასწარი სიცოცხლე და გახსოვდეს, სიცოცხლე- სასიკვდილოა!

🎙️ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ... უმჯობესია, თავიდანვე იცოდე, რომ სამართლიანობა ძნელი მოსაპოვებელია.

🎙️საყვარელი ფილმი ... ,, სადამდე ძმაო ჩემო’ - ამერიკული ფილმია და კიდევ ‘’ ჩემი ბიძაშვილი ვინი”

🎙️ლექსი, რომელიც შეესაბამება დღევანდელ ყოფას ... “ვინც ლაპარაკობს, ხომ ტყუის, ვინც დუმს, ის უფრო ტყუის” ( მუხრანი)

🎙️პოეზიაა... ჩემი არსებობის წესი. უმისოდ ვკვდები.

🎙️ჩემი სავიზიტო ბარათი... ნინო დარბაისელი- სტრონი - ქართველი პოეტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი.

🎙️ქალები ვგავართ ... - ევას და თითოეული - არავის!

🎙️უმისამართოდ ვარიგებ .... ფეისბუქურ გულებს.

🎙️იმედი მაქვს ... ვინმეს გავახსენდები, როცა აღარ ვიქნები.

🎙️ადამიანებო..."იყავით ფრთხილად!” ოღონდ, ამას მე არა, მოციქული ამბობს.

🎙️მარადიულია - წარმავალობა

🎙️წიგნს ჩემი ცხოვრების შესახებ დავარქმევდი …. ასე.‘ ათას ერთი დაუწერელი სტრიქონი’

🎙️დედა სიმბოლოა.. - მყუდრო სახლისა, საიდანაც კინწისკვრით გამოგვაგდეს.

🎙️ერთი კეთილი ამბავი... - მე ჩემები - სულ სევდიანები ვიცი, ალბათ ეგენი მამახსოვრდება.გუშინ გამოვაქვეყნე ფეისბუქსე ერთი, ‘’ფული, აკროსტიხი და თეთრი ლაქები’.

🎙️ვმალავ... - ვერაფერს. მაგას სხვა ნიჭი უნდა, ექსტრავერტი ვარ… და თუ რამეს ვმალავ, იმდენად ბრიყვი ვარ, რომ დავდგები და რომელიმე ინტერვიუში საქვეყნოდ გამოვაცხადებ?

🎙️ისტორიას დარჩება... - ისტორიას წერენ ანგაჟირებულნი. ინტერპრეტატორები. ქრონოლოგია უკეთესია.
ერთი და იგივე ამბავი შეიძლება მოყვე, როგორც ტრაგედია და როგორც კომედია, როგორც სიკეთე და როგორც ბოროტება, როგორც სილაჩრე და როგორც გმირობა, როგორც  საამაყო ანდა სამარცხვინო რამ … ხედვის კუთხეს გააჩნია. … რას ვგულისხმობ?
სხვაა მაგალითად, შაჰ-აბასი საქართველოს ისტორიაში და სხვა - ირანისაში.

🎙️ჩემი ერთი ლექსი…

ახალი ლექსი მუდამ ყველას მირჩევნია, ძველებს არც ვიმახსოვრებ, ალბათ ორიოდე ვიცი ზეპირად. ან იმდენი აბდაუბდა მეხსიერებით რატომ უნდა ვატარო!
ეს - სულ ცხელ-ცხელია:

ნინო დარბაისელი

ცუგცვანგი*

რა კარგი იქნებოდა ამ სვლის გამოტოვება,
მაგრამ ჩაკეტილი ვარ,
არაფერი მრჩება.

აღარც გამარტივება,
გულში უკვე ვტირივარ
სხვა რა გზა დამრჩენია, ხელი მეურჩება.

ლასკერ, იყო შენამდიც, ეს გზა ბევრმა იცოდა,
შენ უწოდე სახელი,
დაამკვიდრე ასე.

ვის მოვკითხო ის ცოდვა,
ვინ იკისრებს გამხელილს,
იტყვის მე მეკუთვნისო, ჩემი ცოდვით სავსე?

აი, ესეც ენდშპილი, რაღა დარჩა ბოლომდე,
დამთავრდება პარტია,
მტერს გავუწვდი ხელს.

ეს რაღა თამაშია სულ ფეხდაფეხ რომ მომდევ?
ამ ჭადრაკში კარტია?
შენ ვინ გაგიმხელს!

რა ყოფილა ცუგ ცვანგი, იძულებით მოძრაობ,
წაგებამდე მიდიხარ,
რა შავ დღეში ხარ.

დავიღალე ძალიან, ამ თამაშში “ჰოც”რაობს,
ვღელავ, შენ კი მშვიდი ხარ.
მოდი, ხელი ახალი ვითამაშოთ ხვალ!

______________________________________________

*ცუგცვანგი- (გერმ.) იძულებითი სვლა ჭადრაკსა და სხვა თამაშებში, ტერმინი დაამკვიდრა ლასკერმა

🎙️განსხვავება უცხო ქვეყანასა და ჩვენს ქვეყანას შორის... მაგალითად ამერიკა და საქართველო ისე განსხვავდება, როგორც დღე და ღამე. მე ამერიკაში ჩემი წრის მენტალობას უპრობლემოდ მოვერგე…. (ეს - ჩემმა სიძემ არ გაიგოს, მთელი ისტორიები აქვს მოგროვილი ჩემზე).

🎙️ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს... - ღირდა დაბადება? დედაჩემს რეზუს უარყოფითი ჰქონდა და ჩემზე ფეხმძიმეს ექიმმა უთხრა, ჯერ ვერ გადარჩება და თუ გადარჩა, ჭკუასუსტი იქნებაო. ეს რომ გავიგე, რამე რომ შემეშლებოდა ვეხუმრებოდი, ჩემი ბრალი არაა, ხომ გახსოვს, ექიმმა რა გითხრა-მეთქი?

🎙️ჩემი გზავნილი ემიგრანტებს... - თქვენ, ვინც ოჯახის სარჩენად ხართ საზღვარგარეთ, ხართ თანამედროვე, ყოფითი გმირები და მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ოჯახის, კერისათვის თვითშეწირვის წინაშე. თქვენ არა მხოლოდ თქვენი ახლობლები, არამედ საქართველო გადაარჩინეთ! ნუ გეწყინებათ, თუ უმადურობას წააწყდებით, ადამიანთა უმადურობას - პასუხად ღმრთისმიერი მადლიერება მოსდევს.

🎙️საზღვრებს მიღმა დავტოვე... სევდიანი მოგონებები.

🎙️უცხო მიწაზეც შეიძლება იყოს ადამიანი ბედნიერი , თუ... ოჯახი მთლიანად თან გყავს, ანუ როგორც მე ვარ!

ესაუბრა: ლანა ბიბილურიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი