წარმოსახულება და გამოსახულება


#დილაუზმოს_ფიქრებიდან

ნდს 

წარმოსახულება და გამოსახულება
 ანუ
წიგნი და ფილმი

“ჰარი პოტერს”  “ვუყურებ”  პატარა შვილიშვილთან ერთად და კარგად გამოვშუშდი ძილში. 
  დაიწყება თუ არა, ხუთ წუთში მზად ვარ. 
რასაკვირველია, წიგნი უკეთესია.
 “ბეჭდების მბრძანებელიც” ასე არაა?!… და სხვა ყველაფერი.
 წიგნის კინო-ენაზე ტრანსფორმირება უდანაკარგოდ - წარმოუდგენელია. საერთოდ, ხელოვნების ერთი დარგის ენიდან მეორეში გადასვლა უდანაკარგოდ რომ ხდებოდეს, ცალკე დარგები ალბათ არც იარსებებდა. 
სწორედ ამაში ვლინდება მათი საკუთრივი ენა.
   
მაინც რა მთავარი განსხვავებაა, მაგალითად, ,, ნატვრის ხის” წიგნსა და ეკრანიზაციას შორის, გარდა იმისა, რასაც კინო-ენაზე გადატანა გულისხმობს და რაზეც კინოს შემქმნელთა მთელი დიდი შემოქმედებით ტექნიკური ჯგუფი , თავისი … რეჟოსორი? პროდიუსერი? რა ჰქვია? მოკლედ ვინცაა, მისი ლიდერობით, უკვე გაისარჯა?
     ფილმი არსებობს, როგორც ფაქტი, იმის მიუხედავად, ნინო ნახავს თუ არა.
წიგნიც არსებობს, იმის მიუხედავად, ნინო წაიკითხავს თუ არა, მაგრამ არცერთი უჩემოდ, უფრო სწორედ ჩემი , როგორც მაყურებლისა და მკითხველის ინსტანციის გარეშე -  მაინც არ არსებობს.  მხოლოდ პოტენციაა,  წრედი  აუცილებლად უნდა შეიკრას!
     მარტივად, რა განსხვავებაა  აღმქმელის პერსპექტივიდან წიგნის კითხვასა და იმავე წიგნის ეკრანული ვერსიის ყურებას შორის?
ამ საკითხზე ტონობით გამოკვლევები იქნება. მე - ჩემთვის ვფიქრობ.
წიგნს რომ კითხულობ -  მარტო ხარ და წიგნიერების ტრიადაში ხარ ჩაბმული მესამე წევრად, ინსტანციად  - ავტორი, ტექსტი, მკითხველი. 
 ანუ წიგნის  ერთ ეგზემპლარს ერთდროულად - ბევრი ვერ წაიკითხავს. (აქ ტიპობრივ სიტუაციას ვგულისხმობ, თორემ 
  არატიპობრივად - დიდი გასაქანიც შეიძლება მოიძებნოს) ამისგან განსხვავებით -  ფილმის ერთ ეგზემპლარს შეიძლება, მაგალითად , ტელევიზიით, ერთდროულად მილიონი ადამიანი უყურებდეს.
(ამიტომ მიაჩნდათ ტოტალიტარიზმის იდეოლოგებს კინემატოგრაფი მასებზე ემოციური, ფსიქოლოგიური ზემოქმედების მძლავრ იარაღად და  მასში უზარმაზარ სახსრებს დებდნენ გაჭირვების წლებშიც კი. დღეს ამას ინტერნეტიც მიუმატეთ. თან წიგნის კითხვისას  მხოლოდ თვალია ჩართული და მისი არხია გახსნილი შენი გონებისაკენ, არსებისაკენ, ფილმის ყურებისას  კი ვიზუალურ- აკუსტიკური - თვალი და ყური - ორი არხი გაქვს “მოფარღალალავებული” … თუ გინდათ,  აქ ტაქტილური  - შეხებითი, 3D -  ფილმების ეფექტიც დაუმატეთ).
  წიგნი  “მარტო მოხელთებული” მკითხველისაგან  - ინტენსიურ მუშაობას მოითხოვს,
კინემატოგრაფის ცალკეული ჟანრები, მაგ. დეტექტივი, ასევე მოითხოვს გონების დაძაბვას, მაგრამ ეს ჟანრი  ყველასთვის, საყოველთაოდ მიღებულ-გავრცელებული ხომ არაა, თავისი მოყვარულთა წრე ჰყავს.
    “საპნის ოპერას” ასიათასჯერ მასზე დიდი აუდიტორია ჰყავს.  მის პოპულარულობას პრიმიტიულობა და სანახაობრიობა - ორი მთავარი, საყრდენი აქვს….  სერიალთა კომპოზიციის ერთ მთავარ ნიშანზე - ადრე ხომ უკვე გვედო ოპუსი!
  ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ფილმსა და წიგნს შორის ისევ ჩემი - აღმქმელის პერსპექტივიდან არის ეს:

განსხვავება გამოსახულებასა და წარმოსახულებას შორის. 

წიგნის კითხვისას ჩემი წარმოსახვა მუშაობს აქტიურად. 
ფილმის ყურებისას იგი ნეტარად მცონარეობს და მის ადგილს ფილმის შემქმნელთა გამოსახულებები, მათი მთელი კასკადი იკავებს და როგორც მაყურებელს,  ის-ღა დამრჩენია, მათი მომზადებული ნახევარფაბრიკატები ელვის უსწრაფესად ვყლაპო და ვყლაპო…
წავედი, უკვე მეძინება!….

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი