პოსტმოდერნი და ბაირამობა


ნინო დარბაისელი

პოსტმოდერნი და ბაირამობა

#დილაუზმოს_ფიქრებიდან

ამას წინათ ერთ უსაყვარლეს ადამიანს, დღევანდელ  საქართველოში ყველაზე პოპულარულ პოეტს ვესაუბრებოდი და შემომჩივლა, ხალხი რომ ჩემს ლექსებს ფურცლებზე ან ბლოკნოტებში იწერს, რომელიმე მათგანი თუ გარდაიცვალა და ოჯახმა მისი ლექსების წიგნად გამოცემა გადაწყვიტა, გადაწერილი რომ არის,  ვერ ხვდება და უკვე რამდენიმე წიგნში ჩემი ლექსები სხვისი სახელითაა შეტანილიო.
     ვინმეს შეიძლება რაიმე ილუზორული ამბიცია ათქმევინებდეს რაიმე ასეთს, მაგრამ  ამ შემთხვევაში მოწმე  მე ვარ, ეს ნამდვილად ასეა!
     ცოცხალი ავტორებიც ბევრს სცოდავენ,
ერთმანეთისა გააქვთ და გამოაქვთ…

არავითარი ირონია ან ნიშნისმოგება!
სრულიად გულწრფელი კითხვა მაქვს ფეისბუქ- პოეტთა  უზარმაზარი არმიის თითოეული წევრისადმი:

რა მუღამია იმაში, რომ მუდმივად სხვას ჰგავდე და ამას საჯაროდ  შენივე ხელით ჰფენდე?
 სულ არა გაქვთ სურვილი, რაიმე განსხვავებულობა აღმოაჩინოთ საკუთარ თავში, რაიმე განსხვავებული სცადოთ?
   მერე რა, თუ ხან გამოვა, ხან- არა.
 არ მოიწყენთ მაინც და არც სხვას მოსწყინდება თქვენი დანახვა.
ამქვეყნად მოსაწყენობაზე მოსაწყენი - სხვა რა არსებობს!

***
ის გახსოვთ? - მოლა ნასრედინთან ერთი დედაკაცი რომ მივიდა, მოლა, მითხარი, ბაირამობა  როდის არის, ჩემმა ქმარმა მითხრა, საბაირამობოდ წითელი წუღები უნდა გიყიდოო.
მოლამ უპასუხა:
- შენი ბაირამობა მაშინ იქნება, ქმარი რომ წითელ წუღებს გიყიდისო.
ეს რამ გამახსენა?
ეს პოსტმოდერნიზმი - ქურდებისთვის ანუ პლაგიატორებისთვის ნაღდი ბაირამობაა!
 გაუგიათ, ქურდობაში აღარ გვეთვლება სხვისი ნაწერის აწაპვნაო და მიდიიი!
საკუთარ  პრე-ისტორიულ ხელობას პოსტ-ისტორიული მოვლენით ხსნიან და ამართლებენ.
მიდი და ედავე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი