გალაკტიონის უკანასკნელი მატარებელი და ინტერნეტ-ფოლკლორი


გალაკტიონის უკანასკნელი მატარებელი და ინტერნეტ-ფოლკლორი ( გალაკტიონოლოგიური ოპუსებიდან) 

#გალაკტიონოლოგიური_ოპუსები

ნინო დარბაისელი

გალაკტიონის “უკანასკნელი მატარებელი” და ინტერნეტ-ფოლკლორი

“უკანასკნელი მატარებელი” გალაკტიონის იმ ლექსთა წყებას მიეკუთვნება, რაღაც, მზარდი, მე ვიტყოდი, უტრირებული მნიშვნელობა რომ  შეიძინეს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დამარცხების (?) მერე.
ამ ლექსზე უკვე იმდენი ითქვა და დაიწერა, ალბათ დამატებითი სათქმელი აღარც არაფერია და იქნებ  ის, რასაც მინდა მკითხველის ყურადღება მივაპყრო, არც  დიდად ახალია.
  თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ამ ჩვენს პრაგმატიზმით გაჯერებულ დროში, პოეზიაზე ლაპარაკი, თუნდაც ახალს ბევრს არაფერს ამბობდე, მის ველში დაბრუნება, შეხვედრა  ავტორისა და მკითხველისათვის - უკვე კარგია.
  ამ ლექსზე არსებობს საუკეთესო ესსე დათო წერედიანისა და რაკი  ინტერნეტით პირველი სტროფის წაკითხვა-ამოკითხვათა არაერთი ვარიანტია გავრცელებული, მის ვარიანტს  ცოტა ვრცლად დავიმოწმებ:

“ფსიქოლოგიურად შეუძლებელი მგონია, ახლობელ ადამიანთან განშორებას სამუდამო უწოდო, სიტყვა „უკანასკნელი“ გაახმიანო, სანამ იმედის ბოლო ნაპერწკალი არ ჩამქრალა.
ლექსი ნაწვალები სტროფით იწყება:

ცხოვრების ეტლის სადარებელი
საცაა გავა მატარებელი,
მიემგზავრება იმედი ჩემი,
სიცოცხლის ჩემის გამდარებელი.

პირველ სტრიქონს, ვფიქრობ, მარტოოდენ სარითმო დანიშნულება აქვს, მეტი არაფერი. ცხოვრების ეტლსა და მატარებელს ერთმანეთთან მხოლოდ ის ანათესავებს, რომ,
ფართო გაგებით, ორივე მათგანი „სატრანსპორტო საშუალებაა“. ისინი ემოციურადაც და სტილისტიკურადაც იმდენად აცდენილნი არიან ერთმანეთს, რომ ასე თუ ისე სრულფასოვან პოეტურ ხატად მათი ურთიერთშერწყმა, ალბათ, მხოლოდ ირონიულ კონტექსტშია შესაძლებელი. არც  „სიცოცხლის გამდარებელი“ ჟღერს მაინც და მაინც დამაჯერებლად”- წერს იგი.

        მიჭირს ერთ რამეში დავეთანხმო ამ შესანიშნავი ესსეს ავტორს. კერძოდ,  მსჯელობაში იმის თაობაზე, რომ    ლექსში დროით ცდომილებაზე შესაძლებელია საუბარი. 
  იგი მიიჩნევს, რომ გალაკტიონს მოცემულ მომენტში არ შეიძლება სცოდნოდა, იყო თუ არა უკანასკნელი ეს გამოთხოვება, როცა”  იმედის ბოლო ნაპერწკალი არ ჩამქრალა” .
    ჩემი ფიქრით, აქ საქმე გაცილებით მარტივადაა, კერძოდ. მეყვსიერი აწმყოს გარდა, განა ყველაფერი წარსული არაა, რაც უკვე მოხდა. ის, რომ აწმყო დროს იყენებს პოეტი,  თხრობისას ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის  არა რეალური, არამედ, ასე ვთქვათ, პირობითი  აწმყო, დამახასიათებელი  მომხდარი ამბის გადმოცემისას.
    ხომ ცხადია,  რომ ლექსი იმწუთას კი არ ითხზვება,  როცა  პოეტის თავს რამე ცხოვრებისეულ ხდება. ანუ პოეტი წერა- წერით კი არ მისდევს დაძრულ მატარებელს, არამედ  ლექსი იწერება მოგვიანებით, მომხდარის მერე და ეს -  რეალობას თუკი ასახავს, მაინც მუდამ გახსენებაა, ამბავი ახალი მომხდარიც რომ  იყოს. იქნებ ამის გამოცაა ის დაუმუშავებლობა- დაუღვინებლობები, ტექსტში რომ  არცთუ მცირედ გვაქვს. აქ- ვარაუდის გამოთქმას წინ რა უდგას, დაბეჯითებით კი არამის მტკიცება -  ჩემი მხრით, ღიმილისმომგვრელი იქნებოდა
      რაკი ლექსის იმდენი ვარიანტია დღესდღეობით გავრცელებული ინტერნეტ-ფოლკლორულად,  (ინტერნეტ ფოლკლორის შესახებ უფრო ვრცლად იხ, ჩემი  ნაშრ.  გრ. აბაშიძის «ჯიგთახათუნი” - ერთი ლექსის არეალი), რომ ავთენტური ტექსტი  მივიწყებული ან ნაკლებად ცნობილია,  მომყავს ავთენტური ტექსტი  გალაკტიონის საიტიდან ანუ ვიმეორებ საარქივო მასალების წაკითხვას:

გალაკტიონ ტაბიძე

უკანასკნელი მატარებელი

ჩემი სიცოცხლის გამმწარებელი
სულ მალე გავა მატარებელი.
მიემგზავრება იმედი ჩემი,
ბედისას ვარსკვლავს სადარებელი.

ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება,
რა საჭიროა ეხლა გოდება?
მატარებლის წინ როს მიმიღია
ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?

მატარებელი თვლემს, როგორც ლავა.
მატარებელი ხუთ წუთში გავა.
ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა.

აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,
მივდევ ვაგონებს. მახრჩობს გრძნობები.
გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემშვიდობები!

ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი,
ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი,
გამოსალმების ხელოვნებისთვის
ნუთუ არვინ არს პოეტის მეტი?

1937



  ლექსი რომ  ნაწვალებია, ანუ დასრულებული სახე არა აქვს და მხატვრული ღირებულებით ჩამოუვარდება გენიოსი პოეტის სხვა ქმნილებებს, ეს აზრი  არ- ახალია, მე არ მეკუთვნის, ჩემი სიტყვებით, უპირველესად წერედიანისა და  შემდგომ სხვათა საერთო აზრს ვიმეორებ და ვეთანხმები, მაგრამ  ამჟამად მინდა სხვა რამეს -  ამ ლექსის ერთ პირველწყაროს მივაპყრო მკითხველის ყურადღება.
გავრცელებულ ვერსიათაგან ერთ ლამის ყველაზე პოპულარულში იკითხება:

  ცხოვრების ეტლის სადარებელი
საცაა გავა მატარებელი,
მას თან მიჰყვება სიცოცხლე ჩემი,
ჩემი ბედისა სადარებელი.

    გალაკტიონოლოგიაში იყო ცდა, სადარებელი/ სადარებელი  - ე.წ ტავტოლოგიურ ან დეფექტურ რითმად  განხილულიყო. ამ დროს ეს , ჩემი ფიქრით, ზუსტი, მაჯამური რითმის ნიმუშია და მისი გასაღები სხვა პოეტი გენიოსის შემოქმედებაში დევს.    ( აშკარად სხვადასხვაა - შესადარებელი ცხოვრების ეტლისა და გამოსადარებელი  ბედისა, როგორც მახსოვს, ამაზე  ოცი წლის წინ უთითებდა  მხატვარი თენგიზ მირზაშვილი).
    პრინციპში, რაკი თავად ავტორის ნება ასე გამოიხატა, პირველი რითმისცალი ,,გამმწარებლით” თავადვე შეცვალა, აზრიც დაეკარგებოდა ამაზე მსჯელობას, მაგრამ პირველი სტროფის ბოლო ტაეპი დიდად არ დაშორებია პირველწყაროს და ვფიქრობ, გახსენებად ღირს. ვგულისხმობ ნიკოლოზ ბარათაშვილის  ლექსს

ჩემს ვარსკვლავს

რად მრისხანებ, ჩემის ბედის ვარსკვლავო?
მაინც გეტრფი, თუმცა ხშირადა მკლავო:
შეეთვისა სული შენსა მოღრუბლვას,
შეეჩვია გული სევდითა კრთოლვას!

ნუ გგონია, ბედსა მით დამიმწარებ,
რომ უეცრად ბუქით ნისლს მოიფარებ;
შენ არ იცი, რა სიამეს მომაგებ,
როს მიბჟუტვით ნისლით გამომინათებ.

რა სახითაც გინდა შენ მე მეჩვენო,
მაინც გიცნობ, მშვენიერის ცის მთენო:
ნათელი ხარ შენ ნათელის სულისა,
მალხინებელ დაბინდულის გულისა!

მოციმციმდი, მოდი, გამომედარე,
შენგან ბნელი გული გამომიდარე;
კვლავ ციური ცეცხლი გარმოისარე,
ნაბერწკალნი ეშხისა მომაყარე.

აქ ჩვენთვის  უფრო საყურადღებო ბოლო სტროფია და აქცენტირების მიზნით,  ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ორი ტაეპი  - ცალკე გადმომაქვს:

მოციმციმდი, მოდი, გამომედარე,
შენგან ბნელი გული გამომიდარე;

  ანუ  ბედის ვარსკვლავო, გამომედარეო, აქედან გალაკტიონისეულ თქმამდე  ერთი ნაბიჯი- ღაა:
გამომედარე - სადარებელი.
      თითქოს სტილურადაც  როგორ ახლოა არა?! - გამომედარე/ გამომიდარე სადარებელი/ სადარებელი.
      გალაკტიონისეული პოეტური სიგნატურისთვის - ხელწერისათვის ძირითადადაა დამახასიათებელი, როცა პირველწყაროდ უცხოურ ტექსტს იღებს (მაგალითად, ო. მანდელშტამს - როგორც შესანიშნავად მიუთითა დათო წერედიანმა) , იქვე ქართული პოეტური ტრადიციაცაა საძიებელი, თუნდაც მისეული პოეტური ალქიმიის წყალობით, უკვე  ორგანული სახეცვლილებაც კი  ჰქონდეს განცდილი.
  ერთიც:
      ადრე ვწერდი, პუშკინის ერთი ლექსის ჩემეულ თარგმანთან დაკავშირებით,  რომ ცხოვრების ეტლის უძველესი,  ანტიკური კონცეპტი
რომელსაც ამ ლექსში გალაკტიონი იყენებს, შესაძლოა,  მაინცა და მაინც იმ უშორესი ძირებიდან არ მომდინარეობდეს და წყარო უფრო ახლოს იყოს საძიებელი, კერძოდ , მისი საფუძველი იყოს პუშკინის უცნობილესი ლექსი ამავე სათაურით ,,ცხოვრების ეტლი”, ამას უფრო ის მაფიქრებინებს, რომ ნიშნები, თითქოს წესრიგი, მაგრამ ქაოსი, ფატალურობა,  რომელიც  «უკანასკნელ მატარებელს» მიეწერება,  პუშკინისეული “ტელეგა ჟიზნისათვისაა”  დამახასიათებელი.

https://www.facebook.com/share/p/1E5757pPGj/?mibextid=wwXIfr

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი