ავტორის დასასრული (დევი დედაბრიშვილის პოეტური ინტერნეტ-მარკეტინგი)
#ლიტმცოდნეობითი_ოპუსები
ნინო დარბაისელი
ავტორის დასასრული
(ანუ დევი დედაბრიშვილის პოეტური ინტერნეტ- მარკეტინგის ამბავი)
პირად მიმოწერაში ჩემთვის არაერთ ახლობელს უკითხავს აზრი დევი დედაბრიშვილის შესახებ. სხვაფრივ მისით იქნებ არც დავინტერესებულიყავი, ირგვლივ იმდენი სხვა საქმეა საკეთებელი,
პასუხი კი მეგობარს, რომელსაც შენი აზრი აინტერესებს, უთუოდ უნდა გასცე.
პირადი მიმოწერა არაა ის ფორმატი, რომელიც გავალდებულებს, ძირფესვიანად შეისწავლო რაიმე მოვლენა, მასზე გამოკვლევა დაწერო და თუ სრული სახით არა, თეზისებად მაინც გააცნო ახლობელს. ისიც საკმარისია, თქვა, მოგწონს თუ არა და თუ იმის ახსნასაც შეეცდები, რა მოტივით, უკვე მეტისმეტად კარგი ხარ!
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ანალოგიური კითხვით სხვა ავტორთა შესახებაც არაერთხელ მოუმართავთ და ამაში, არ მგონია, რამე უჩვეულო და მიუღებელი იყოს. ჩემი სამეგობრო მხოლოდ პოეტებისგან როდი შედგება და ვიღაცას საკითხთან უფრო ახლოს მდგომი ახლობლის აზრი აინტერესებს. ამაყად და ყალბი მოკრძალების გარეშე იმასაც აღვნიშნავ, რომ შემკითხველი ახლობლები ლექსმცოდნე - პროფესიონალადაც მიმიჩნევენ. ექსპერტადაც კი!
აბა, ახლობელი და შორებელი, შენიანი და მსუბუქად რომ ვთქვათ, არაშენიანი - რაღაცით ხომ უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, არა?
***
რასაც ახლა გთავაზობთ, ერთ ბოლოდროინდელ მიმოწერაში მოგროვდა, საგანგებოდ არ მიმუშავია და ვფიქრობ, თქვენც დაგაინტერესებთ.
როცა ვინმე ავტორზე აზრს მეკითხებიან, მუდამ ვთხოვ, მისი ნაწერი რაიმე, რამდენიმე შემკითხველის მიერ საუკეთესოდ მიჩნეული ლექსი მოაყოლონ.
ამ შემთხვევაში ნიმუშები კითხვას უკვე თან ახლდა. მე პასუხი-ღა დამრჩენოდა.
და რაკი ლინკიდან ,,აკოპირებით” ვერ გადმომაქვს ტექსტები. ლექსებს ფოტოებად ვდებ.
დავალება: წაიკითხეთ და ენობრივი ბარიერის გადალახვის მერე, სცადეთ, თავად გაარკვიოთ, მაინც რას ამბობს ახალსა და ხალხურ პოეზიაში, თუნდაც ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში დღემდე საუკეთესოდ უთქმელს, ქართველი მკითხველისათვის უცხოს ეს ავტორი?
***
ფრაგმენტულობა რომელიც ამ წერილს ახლავს, იმით აიხსნება, რომ სპონტანურად შეიქმნა. დევი დედაბრიშვილის პოპულარობა - მე პოეზიის ინტერნეტ-მარკეტინგის შედეგი მგონია.
ვინ შეიძლება იდგეს ამ ფსევდონიმის უკან?
ადამიანი, რომელიც იცნობს ხალხურ პოეზიას, ფშაურ, თუშურ, ხევსურულ გარემოშია გაზრდილი, ამასთანავე, იცის კომპი. არის კაცი, სავარაუდოდ, ტანად მოსული (დევი)
საპირისპიროს გამორიცხვა შეიძლება? იქნებ ასეთი თვითირონიული მიდგომა აქვს საკუთარი ტანადობისადმი, როგორც ჩვენს ტრისტან მახაურს უყვარდა?
ამგვარი დასკვნისთვის ალბათ მეტი საფუძველი გვექნებოდა, საქმე ფსევდონიმქვეშ მკაცრად თავშეფარებულ ანონიმურ ავტორთან რომ არ გვქონოდა, ან მისი ლექსები - ფსევდონიმის-ვე დარად, ყოფილიყო ირონიულ-პაროდიული.
ანონიმ ავტორს დედის მომენტი (დედაბერი) გამოკვეთილი აქვს გვარში, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ იგი უმამოდ, დედის გაზრდილია და ფსევდონიმში მისი დაფიქსირებით პატივს მიაგებს მშობლის ღვაწლს, მაგრამ უფრო იქით მიმდის ფიქრი, რომ ავტორს დედა-დედაბერი უნდა ჰყავდეს - პოეტი.
თან თვითონ - კომპი იცის კარგად. აპლიკაციაც კი აუწყვია და აშ.
დიალექტიზმების ასეთი კონგლომერატი, რომელიც ფშაურ- ხევსურულ-თუშური თავისებური ნაზავია და არც ერთს არ ემთხვევა ბოლომდე, მაფიქრებინებს, რომ იგი გაზრდილი ჩანს გარემოში, სადაც ეს დიალექტები ასე ვთქვათ, ,,საოჯახო მოხმარებაშია”, ანუ წარმომოდგენია, რომ მშობლები, მაგალითად ერთი - თუშია, მეორე - ხევსური, ან რაღაც ასეთი.
ასევე, ფოლკლორული გარემო, მოყოლილი მთის დიალექტებს, შინაურია, მშობლიურია მისთვის, თუმცა სწორედ ამ მშობლიურობის გამოც, დინებანი - ერთმანეთისგან გაუმიჯნავია.
***
გადმოგზავნილი ნიმუში - ტრივიალური შინაარსისაა, ოდენ ტრადიციული მოტივების პოპურია.
და მაინც, ამ ფენომენს ახსნაც ხომ სჭირდება ახლა უკვე - მკითხველის დაინტერესებისა და პოპულარობის მიზეზების გარკვევის თვალსაზრისით, არა?
ერთია, თუ რას სთავაზობს პოეზიად ამ ინტერნეტ-მარკეტინგის ამწყობი და მეორე - რა იზიდავს ქართველ მკითხველს.
აღმოაჩინე მოთხოვნილება და დააკმაყოფილე იგი!
ვაზრები, სახეები, სათქმელი რომ ტრივიალურია, ანუ გაცვეთილი, ძნელი შესამჩნევი არააა.
რა რჩება ავტორს?
- ამ ტრივიალური სათქმელის გადმოცემისას - გამოთქმის გასხვანაირება, გაუცხოება. ანუ გეუბნები იმას, რაც ისედაც სისხლში გაქვს გამჯდარი, როგორც ქართველს, კოლექტიურ ცნობიერ-ქვეცნობიერად, მაგრამ გეუბნები “არა - ტიპობრივად”, “არა-ჩვეულებრივად”, იმიტირებულად, გაუცხოებული ენით, რომელიც გესმის და არც გესმის ბოლომდე. არქაიზაციისა და მთის ეგზოტიკის ნაზავი სურნელით მომაქვს შენამდე.
არაფრით არ უნდა დავუკარგოთ ავტორს მთავარი ღირსება - დღესდღეობით პრაგმატიზმით გამოციებულ საზოგადოებაში და უკვე პოეზიაშიც - ყავლგასული რომანტიკული ღირებულებებისადმი შესაშური ერთგულება;
მის მიერ გადმოცემული, მიწყივ შესახსენებელი და შეხსენებული სათქმელი, რომელიც ყოფისგან თუნდაც დროებითი თავდაღწევის საშუალებას უჩენს ქართველ ინტერნეტ. მკითხველს (არ ვიცი, ბეჭდური გამოცემა აქვს თუ არა).
სწორედ ეს - ოქსიუმორონიულობა - წინაამდეგობრიობათა ერთიანობა:
სათქმელის დონეზე ძალიან ნაცნობობა, ხოლო ენობრივად - ბოლომდე გაუხსნელობს, ბუნდოვანება ეფექტურად მუშაობს ქართველ ინტერნეტ-რეციპიენტზე.
**
ჩემს ნათქვამს რომ დამაჯერებლობა შევმატო, ასეთ მარტივ ექსპერიმენტს ვთავაზობ წერაში მეტნაკლებად გაწაფულ ავტორებს: წარმოიდგინეთ ამ ლექსთაგან რომელიმე თქვენთვის ნაცნობი ენებიდან - (რუსული, ინგლისური, გერმანული? ) რომელსამეზე თარგმანში.
ვინც ქართულ პოეტურ ტრადიციას არ იცნობს, იქნებ რაღაც კიდეც ეეგზოტიკუროს, მოეწონოს კიდეც, მაგრამ თქვენ
გრჩებათ რამე ამ ავტორის ინდივიდუალობის გამომხატველი?
პირადად მე - ბევრი არაფერი, ან საერთოდ აღარაფერი.
აქ შეიძლებოდა შემოდავება იმაზე, რომ ნამდვილი პოეზია - უთარგმნელია და ასე შემდეგ, ან ეს - პირადად თქვენ გიჭირთ, თორემ სხვას, რატომაც არა, შეეძლო და ასე შემდეგ, მაგრამ ეს - თუ სიტყვაზე მენდობით, დროის ფლანგვა, წყლის ნაყვა იქნებოდა. რატომ?!
თუნდაც იმ ფაქტის გახსენება ვიკმაროთ, რომ დღესდღეობით ყველა დიდი პოეტის კარგი თარგმანი არსებობს რამე ენაზე და კიდეც იარსებებს, უკეთესის უკეთესი კი არ დაილევა ქვეყნად!
***
განვაგრძოთ საუბარი ენაზე:
დევი დედაბრიშვილის ლექსებში საინტერესოა სწორედ იმიტირებული მთისდიალექტური - ენობრივი ქსოვილი, თავისებური, პირობითი ენა.
ბუნებრივია, რომ მისი ლექსებით განსაკუთრებულ დაბნეულობასა და გაღიზიანებას ჩემთან უფრო ის მეგობრები გამოხატავენ. რომელნიც თავად არიან მთის რომელიმე დიალექტის მატარებლები, ფშავლები, ხევსურები, თუშები. ასეთნი კი ხევსურთა ნარძლევს, ცოტა ნამდვილად არ მყავს. მათგან ერთ-ერთს ასე ვუპასუხე:
“შენ ეს ყველაფერი - შიგნიდან იცი, გარე იმიტაციაზე - ვერ ეგები და გაღიზიანებს კიდეც, ამ კონკრეტულ შემთხცევაში, შენ ხარ მკითხველი-ინდივიდი, მაგრამ შენნაირი რამდენია?”
მისი პოეტური ინტერნეტ- მატკეტინგი” კი არა შენზე ან ასოკირკიტა ნინო დარბაისელზე, არამედ მიმნდობ ინტერნეტ-მასაზე ჩანს გათვლილი, თანაც სწორად!
ამას დაუმატე ავტორის ანონიმურობა, რაც აქ იკითხება, როგორც სახელის არმაძიებლობა, განსხვავებით ავტორთა უზარმაზარი მასისაგან, რომ გადაძოვა მთელი რეალური თუ ვირტუალური ველები და ხელთ სრული ბუკეტი გექნება.”
ამაზე მივიღე შესანიშნავი პასუხი, რომ ყველა როდი ესწრაფვის საკუთარი სახელით დამკვიდრებას, არიან ადამიანები, რომელთაც ისეთსავე სიამოვნებას ანიჭებს ანონიმური პოპულარობა, როგორც სხვას - საკუთარი სახელის განთქმა.
აქ, ბუნებრივია, ლიტერატურაში ჩახედულ მკითხველს უმალ გოპსეკის ფენომენი მოაგონდებოდა - ბალზაკის ეს პერსონაჟი, პარიზელი მევახშე, რომელიც თავად ხელმოჭერილად, ჩრდილში ბინადრობს, მაგრამ ვალებში ჩავარდნილ მთელ პარიზულ მაღალ საზოგადოებას აკონტროლებს და ამაში ხედავს თავის განსაკუთრებულ ძლიერებას, რომლითაც ტკბება, ვიდრე შეუძლია!
და მე ვთქვი, რომ ეს გოპსეკის კომლექსადაც შეიძლებოდა ჩაგვეთვალა, მაგრამ გავგზავნე თუ არა პასუხი, შევწუხდი.
გამომივიდა, რომ დავუპირისპირდი ქართულ ენაზე ფსევდონიმით მწერ ავტორთა უზარმაზარ არმიას და მათ შორის მთლად ყველაზე საშიშს, ანუ საკუთარ თავს, მე თავად ხომ… მოიცა, ჩამოვთვალო: დებორა, დიოტიმა, ველისციხელი, ნინოლო მაკიაველი.. კიდევ აღარ მახსოვს, რა ფსევდონიმით აღარ ვწერ!
***
საბოლოოდ, დევი დედაბრიშვილის შესახებ მსჯელობისას ჩვენ გამოვყავით სამი მხარე:
1. სათქმელის ტრივიალურობა - იმდენად არ- სიახლე, ხალხურობა, რომ ქართველ მკითხველს არ ეუცხოება, პირიქით, ეახლოება და ემშობლიურება.
2. სათქმელის გამოხატვის ფორმა - გასხვანაირება-გაუცხოება - იმიტირებული მთის დიალექტების კონგლომერატის მეშვეობით, რომელიც ნაწილობრივ ბუნდოვანია.
3. ავტორის ანონიმურობა. (ფსევდონიმი)
ეს არის დევი დედაბრიშვილის პოეტური ინტერნეტ-მარკეტინგის სამკუთხედი, დაამატებდით რამეს ან მოაკლებდით?
დასასრულ ავტორის ანონიმურობასთან დაკავშირებით ერთ ამბავს გაგახსენებთ
“უცნობი “ გეხსომებათ!
ადრე - იყო ერთი ნიღბიანი ვიღაც, სცენიდან სიმართლეს ლაპარაკობდა, მასაზე უზარმაზარი გავლენა ჰქონდა და იყო ერთი ძიება მისი ვინაობის დასადგენად, მაგრამ აი, ერთ დღეს ნიღაბი მოისხნა და ნამდვილი ვინაობა ( გაჩეჩაძეობა) გამოაჩინა!
ეს მოხდა თუ არა, პლიუსი - მინუსში გადავიდა.
“უცნობი “- დამთავრდა!
შესაძლოა ამ სახელს ისევ იყენებდეს იგივე ადამიანი, მაგრამ ეს სახელი დე- სემანტიზებულია - იდუმალი შინაარსისგან მომენტალურად დაიცალა და უკვე, ასე ვთქვათ, ერთი გასროლით მოკლული ვეფხვის ფიტულია - ნახტომში.
რა უნდა საზოგადოებისთვის ნაცნობი გვარ- სახელით ვინმეს პოლიტ-სოციალური და აშ. პარამეტრების გაშიფრვას, არც არაფერი!
ვფიქრობ, ერთ დღეს რომ დევი დედაბრიშვილმაც მოიწადინოს, უნიღბოდ წარვუდგეო საზოგადოებას, იმავე წამს ეს იქნება მისი დასასრული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი