ტამერლანი თუ თემურ ლენგი?


#ლიტმცოდნეობითი_ოპუსები

ნინო დარბაისელი
ტამერლანი თუ თემურ ლენგი?

საიდან გაჩნდა გოგლა ლეონიძის  ლექსში “ნინოწმინდის ღამე”  თემურ ლენგის სახელად ტამერლანი? 

როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა”…

   ერთი შესანიშნავი ლიტერატორის წერილი წავიკითხე ამწუთას, სულ სხვა რაღაცის ძებნაში  და გული დამწყდა, რომ  თითქოს  მის ავტორს აკრძალული ჰქონოდეს პირველწყაროს ხსენება, ლაპარაკობს ამ სახელის ჟღერადობაზე, მის გავრცელებულობაზე დასავლურ ლიტერატურაში,   კითხულობ და ელი, ან ახლა იტყვის საიდან მოდის, ან ახლაო და… არაფერი!
    ორჯერ წავიკითხე ინტერნეტში დადებული წერილი, იქნებ მე  რამე გამომრჩა-მეთქი.
 თემურ ლენგი ქართულ ცნობიერებაში სასტიკი მომხვდურის სახელითაა ცნობილი, 
ცხადია, სწორედ ამისი საპირისპირო შეფასება ექნებოდა მას  მოღვაწეობასა და პიროვნებად თავის სამშობლოში, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ  არა ქართულად, არამედ დასავლურად - ტამერლანად მისი მოხსენიება  გ. ლეონი
ძისთვის  ქართული ცნობიერ-ქვეცნობიერის ტრამვული გამოცდილებიდან  “თემურ ლენგის” გატანა -  ეს თავისებური პოეტური  ევფემიზმი იყო,  მაგრამ  მანდ ხომ ქართველ სიმბოლისტთა და ზოგადად  მოდერნისტთათვის  უცნობილეს ნაწარმოებზეა  ალუზიური გასვლა, - იგულისხმება  ედგარ ალან პოს  პოემა  ,,ტამერლანი”,  რომლის არსებობაც იმ წერილის ავტორმა ნამდვილად იცის. ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც იმაში, რომ მე ნამდვილად ნინო დარბაისელი ვარ!
    ხოლო “ტამერლანის ხმალი” - ცნობილი პოეტური კონცეპტია, საფუძვლად 
ისტორიული რეალია რომ უდევს. 
    ცისფერყანწელებისთვის, რომელთაც ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის მერე გ. ლეონიძეც შეუერთდა, აღნიშნული პოემა ედგარ პოსი ორი  რუსული თარგმანით იყო ცნობილი. ერთი ეკუთვნოდა კონსტანტინ ბალმონტს, რომელსაც პირადად კარგად იცნობდნენ და საქართველოში იყო ნამოგზაურევი, ქუთაისშიც იყო ნამყოფი, მათივე მიწვევით. ხოლო მეორე თარგმანი იყო ვალერი ბრიუსოვისა.

 ედგარ პოს ,, ტამერლანი” -   საკმაოდ ვრცელი პოემაა. პატარა ლექსი რომ იყოს, არ დავიზარებდი და ვთარგმნილი, მაგრამ მაგას შინ დაჯდომა უნდა, ერთ დღეში ვერ ვიზამ, მე ხომ ძირითადად მოგზაურობისად ვთარგმნი, არა?!
 ედგარ  პოს  ,,ტამერლანის”  ტექსტი  იმდენად ვეებერთელაა, კომენტარის მოცულობით ლიმიტში ვერ ეტევაო, დამიწერა, ამიტომ ლინკად ვდებ:

https://poets.org/poem/tamerlane

ეს ლინკი კი  - მათთვის, ვისაც 
 რუსული ისევ ახსოვს და კ. ბალმონტისა და ვ. ბრიუსოვის თარგმანების კითხვა უყვარს:

eng-poetry.ru/Poem.php?PoemId=9859

გამახსენდა,  რომ მე თვითონ მაქვს ამაზე ლექსი. 

ნინო დარბაისელი

ტამერლან!

(“როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა, სიყვარული ისე დამჯახებია” - გ. ლეონიძე)

ტამერლან, ცისფერი გქონია თვალები,
სიმაღლით ყოფილხარ მეტრი და ოთხმოცი.
თმა  - ჟღალი წითელი, დადგინდა წვალებით,
პირველად რომ ითქვა, თან მოჰყვა 
ხორხოცი.

დიდ პაპას -  ჩინგიზ ხანს არ ჰგავდი სრულიად,
ევროპოიდელი  და არა  - მონგოლი.
შენი სისასტიკე  -  უკვე წარსულია,
გულმოწყალებას  კი  - მოუკვდეს მომგონი!

ბუდიონს მიართვეს ხმალი შენეული,
სიყვარულს რომ ჰგავდა დიდი ლეონიძის.
გულით  შიში დამაქვს,  ბრაზში შერეული, 
რა გულის ბრალია, სიმართლე რომ იცის!

ედგარ პოს კითხვაში წუხელ  დამათენდა,
შენზე ლექსს შევები და მერე გადავდე,
რითმა  ვერ გავაბი, გონი მომეთენთა…
ნეტა რას გიყვები, ან რაში გადარდებს!

დილისპირს მესიზმრე, ძილში ჩაყოლილი,
ხმლისპირზე ვცეკვავდი რაღაცას ბოშურად,
ვმღეროდი ბალადად, რაც კი  მოყოლილა,
თითქოს  ნიშნს ვუგებდი მაგ ძალის მოშურალთ.

ხელებს  გიკოცნიდი, გრძელ თითებს წითელი
ძოწი გიმშვენებდა, ლეგენდად ქცეული,
მითიდან მოხვედი და დარჩი მითელი,
მე კი რად მიხურდა ნეტავი სხეული!

ვამბობდი: - რაღა ვქნა,  უშნო ვარ, ობოლი,
სიმშვიდეს დავეძებ, სიყვარულს კი არა!
ო, წადი,  თემურ ლენგ, შენ,  დაუნდობელო,
მარჯვენა ფეხზე რომ გეტყობა იარა.

და მაინც, თვალები - ასეთი ცისფერი,
ღრმა ნაიარევი - შენი ხმა - მქუხარე…
რა მოხდა, მესიზმრე,  არა  - ჩემსაფერი.
ერთხელაც ჩემნაირს გული გაუხარე!

ტამერლან!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი