რენე მაგრიტი ანუ თანამედროვე ქართული ქალური პოეზიის შესახებ
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
#ლიტმცოდნეობითი_ოპუსები
ნინო დარბაისელი
რენე მაგრიტი ანუ თანამედროვე ქართული ქალური პოეზიის შესახებ.
ქართული პოეზიის მოსალოდნელი “გაქალურება” მე ჯერ ოცდაათი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და ვგულისხმობდი იმას, რომ მკვეთრად დაიკლებდა პოეტთა ამქარს შემომატებული მამაკაცების რაოდენობა, სამაგიეროდ, ერთი ათად გაიზრდებოდა ქალ-ავტორთა რაოდენობა, იმძლავრებდა ქალური პრობლემატიკა, თემატიკა, მიდგომები და მისთ.
ამასთანავე, თხზვის ხარისხი - დაკნინებას დაიწყებდა და ლამის მხოლოს თავისუფალი ლექსის ამარა დარჩებოდა. კონვენციური ლექსის ზოგან ეპიგონურ, ზოგან პოსტმოდერნად შემოსაღებულ პოეტურ ტექსტებთან ერთად.
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც იქნებოდა, რომ მამაკაცი ავტორების ხელში მრავალსაუკუნოვანი თხზვის ტრადიცია იდო, ასე თუ ისე, ამ დრომდე მოტანილი, ქალები კი საფოდან მოყოლებული, თითზე ჩამოსათვლელი ქალი-ავტორების გამოცდილების კვალობაზე, ახლა-ღა სწავლობდნენ ხმის ამოღებას, ჯერ ხმას ისინჯავდნენ,
შედეგად - მივიღებდით ფორმისა და შინაარსის ერთგვარ კონტრადიქციას, ანუ შინაარსით - უცხოს, საყურადღებო , შესანიშნავ, ქალური ინტუიციის წყალობით, შინაგანი კომპოზიციის მართლა მქონე ლექსებს, რომელთაც ფორმა - “დაბლა ექაჩებოდა” და რაკი პოეტური ნაწარმოების შეფასების ახალი კრიტერიუმები, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ფეხდაფეხ ვერ მისდევდა ფემინური პოეზიის განვითარების პროცესს, მღვრიე, მე ვიტყოდი, არცთუ იშვიათად - კონტამინაციური ნაკადები მოაწყდებოდა ქართულ პოეზიას.
ასეც მოხდა!
და აქ, მართალი გითხრათ, დიდად საპანიკოს ვერაფერს ვხედავდი და ვხედავ, რადგან მჯერა, პოეზიასაც, როგორც მდინარეს, დინებისას ახასიათებს თვითწმენდის ფაზები, ესეც არ იყოს, სწორედ ახლა მშობლიურ ქართულს ისე უჭირს, ისე შეეზღუდა მოხმარების არე, ლამისაა ყველასთვის, პროფესიის მიუხედავად, სავალდებულოდ მიმაჩნდეს გამართული ქართულით ლექსების წერა.
მე - დემოკრატიული გარემოს პირმშო არა ვარ, შერბილებული, გვიანი დიქტატურისა და ავტორიტარიზმის გარემოდან გამოსული, სიბერეში ნელ-ნელა დემოკრატიულობას ვსწავლობ და როგორც ძველს, ასე თქმა მომეტევება:
- კიდევ კარგი, მე არავინ მეკითხება, თორემ ყველა სკოლაში აუცილებლად, სასწავლო საგნად შემოვიღებდი “თხზვის გაკვეთილებს”, ნუ, თუ არა სავალდებულოდ, არჩევითად მაინც !
აქ - შვებით ამოისუნთქეთ!
ჩემი ხედვით, ფემინური (და არა - ფემინისტური! - ეს ცალკე მოვლენაა) პოეზიის მომძლავრებამ, ძველი თემების ახლებურმა გააზრებებმა მრავალი ახალი პრობლემა წარმოშვა.
რაკი ჩემი ღრმა რწმენით, რაზეც არ უნდა იყოს ესა თუ ის ლექსი, პოეზია მაინც სიყვარულზეა,
ვთვლი, რომ სიყვარულის სახეობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ე. წ. სატრფიალო ლექსი და მისი სახეობებია
დღეს - მისი რამდენიმე ასპექტით შემოვიფარგლოთ. სხვებზე - სხვა დროს!
(დღეს ჩვენში პრევალირებად ნარატიულ ლექსსა და მის სახეობებზე - ადრეც გვისაუბრია და მერეც ვისაუბრებთ)
ქრისტიანთათვის ძველაღთქმისეული , უსახელო მეძავების (რეჰაბი - მეძავი კია, მაგრამ ქრისტეს წინაპარია ასევე, მეძავადგადაცმული თამარი), მაშა-მარუსიადან - მარიამ ღვთისმშობელამდე გაყვანილი ეს - ერთი ხაზი თანამედროვე ქალი ავტორისათვის ხომ აღარ გამოდგება?
მამაკაც პოეტთა დამკვიდრებული, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით მრავალგვარად დამუშავებული, აწ მორღვეული კლიშე-სისტემის სხვა ელემენტთა ჩანაცვლებაც - დიდად პრობლემური აღმოჩნდა. ამას დაერთო შეუქცევადი პროცესი მასკულინური საზოგადოების ფემინიზაციისა … ამ და სხვა გარემოებებმა ჩვენში ქალური პოეზიის ჟანრული ლიმიტაციებიც მოიყოლა.
რა ქნას თანამედროვე ქართველმა ქალმა- ავტორმა?
მამაკაცის გარეგნობას უმღეროს?
აღწეროს მისი მშვენება ლექსად?
როგორია დღეს მამაკაცური გარეგნობის ესთეტიკური კრიტერიუმები?
რომელს მოარგოს?
რას მიაპყროს მკითხველის მზერა!
კერძოდ, მის რომელ თვისებას?
ქართულ პოეზიაში გაჩნდა ტიპი რენე მაგრიტის “უცნობის” სერიასავით “უსახო” , ინდივიდუალური ნიშნების არმქონე მამაკაცისა რომელიც ოდენ ტიპობრივი მოქმედებების მონასმით შეგვიძლია ვიცნოთ - მან ქალი მიატოვა, იგი გულგრილია, დაუნახავი და პოეტი ქალისა არა ესმის რა. იგი პოეტურ ვირტუალურ სივრცეში - უკვე “იქ არ მყოფობს”.
მოკლედ, ქალ-ავტორთათვის რაიმე ინდივიდუალობით აღუბეჭდავი, ლექსიდან ლექსში გარდამავალი, ერთი უზოგადესი ტიპია!
აქ - არა როგორც პოეტი, არამედ როგორც კრიტიკოსი ვიტყოდი, რომ
იქნებ ქალი ავტორები, როგორც იქნა, ამეტყველდნენ და ახმაურდნენ, მაგრამ სინამდვილეში- დუმან!
ლექსად ვერ გარდაუქმნიათ საკუთარი უნიკალური გამოცდილება.
ააა, ეროტიკა?
ტაბუირებული თემისათვის თავისუფლების მიცემა, საზღვრებდაუდგენლობის პირობებში თავიდან თემატურად საინტერესოს ცოტას როდი გვთავაზობს, მაგრამ დრო გადის და ამასაც ყავლი გასდის.
ძველებურად აღარც ეპატაჟი მუშაობს.
რადგან ეპატაჟს ტაბუირებითი გარემო - აუცილებლად სჭირდება.
ჩემი რწმენით, აქ გრძნობაგაფაქიზებულ, ხელგაწაფულ, ნიჭიერ, დროებით “ქალად გადაცმულ” მამაკაც ავტორებს პოეტური ტექსტის მართვის უფრო დიდი შანსი აქვთ.
ტრადიციაც ხელს უწყობთ, პაოლო იაშვილის “დარიანული დღიურების” სახით.
არ მინდა დამავიწყდეს აღნიშვნა, რომ ქართულ ხალხურ პოეზიაში გვაქვს ერთი ძალზე საყურადღებო, უნიკალური გამოცდილება - ხვარამზის შემოქმედების სახით. კერძოდ, ქალი-ავტორი საკუთარ თავს თავისი რჩეული მამაკაცის პირით
ელაპარაკება.
აქაც მეგულება რაღაც პერსპექტივა - პოეტური ხაზის დამუშავებისათვის.
თუმცა ეს ხაზი - აწ უკვე გაყვანილია მარიამ ხუცურაულის მიერ, ახლად გამოცემული, სასაჩუქრე წიგნით - ,,ჩემი ხვარამზე”, რომელსაც თქვენი მონა მორჩილი მიესალმა.
დიდად ორიგინალური დღეს ვერ იქნება ქართველი ქალი ავტორი, ლესბოსური სიყვარულის თემა რომ დაამუშაოს.
ბევრსაც რომ ეცადოს, მაინც რუსული პოეზიის რეტრო გამოუვა.
ეს ხომ საუკუნეზე მეტის წინ უკვე ბრწყინვალედ გააკეთა მარინა ცვეტაევამ ციკლით ,,პადრუგა”(იხ. ჩემივე თარგმანები)
სხვა საუკუნოვანი ნიმუშებიცაა რუსულ პოეზიაში და არა მხოლოდ რუსულში.
როგორც მე ვხედავ ქართული ქალური პოეზიის მდგომარეობას, ახლა სწორედ ის დრო მგონია, როცა საერთო კულტურული ფონიც მზადაა და კულტივირებული ნიადაგიც - ახალგაზრდა ქალი-პოეტის მოსასვლელად.
მე - ველი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი