სფინქსი და ლურჯი?
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
#ოპუსები
ნინო დარბაისელი
სფინქსი და ლურჯი?
( ისევ პაოლო იაშვილის “დარიანული”ლექსის - ,, პირამიდებში” გამო)
პაოლო იაშვილის დარიანულ დღიურებში არის ლექსი ,, პირამიდებში”.
მაგ ლექსზე ბევრი მიფიქრია, მიწერია, გვიკამათია, თანამოაზრეებთანაც კი.
რა ძნელია, ლუვრი რომ არ გინახავს (მალე ვნახავ!) , არც ეგვიპტეში ხარ ნამყოფი, ხედვა პრობლემისა - ლიტერატურული გაქვს და ლაბირინთებში ძირითადად ინტუიციას მიჰყვები. კულტურულ კონტექსტს კი არ იცნობ, რეალიებზე - ხელი არ მიგიწვდება, ვერც ავტორის თეზაურუსში გარკვეულხარ.
ამ ზაფხულს, ეგვიპტეში მოგზაურობისას ბევრ რამეზე ამეხილა თვალი. ალბათ, როცა მოვიცლი, ამ ლექსზე გამოკვლევასაც დავწერ, ჯერ კი წინასწარი შენიშვნების სახით ეს იყოს…
თუმცა ჯერ ჟურნალ “ცისფერ ყანწებში” გამოქვეყნებული ეს ლექსი გავიხსენოთ:
პაოლო იაშვილი
პირამიდებში
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული,
საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში
ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
ამ ლექსის სხვადასხვა ასპექტები
სხვადასხვა დროს განხილული მაქვს-მეთქი,
ზემოთ ვთქვი. ახლა ვარაუდები ასეთი მაქვს:
. ეგვიპტეში, იქ, სადაც დუმან პირამიდები - ანუ უდაბნოში, მზის ქორწილის დროს მზისფერ სილაზე წარმოუდგენლად ცხელა. ასე, ორმოცდაათ გრადუსზე მეტია სიცხე, ვერაფრით ვერ დაწვები. რა სინაზე და ამბები!
ლექსში სამგზისაა ხაზგასმული მზისეულობა: - 1. “მზის ქორწილი” - ეს არის მზე - ზენიტში - ანუ ზაფხულის ყველაზე მცხუნვარე დღე.
2. “მზისფერი სილა” შეიძლებოდა ოქროსფერ სილადაც მიგვეჩნია, ასეთია იმ უდაბნოს ქვიშის ფერი, მაგრამ მზის ქორწილთან ერთ ფრაზეოლოგიურ კონტექსტში - მზისფერი სილა მხურვალებას გადაიდებს
მზე მესამედაც გვაქვს ამ პატარა ლექსში -
3. მზიურებს მაშინ ვერაფერი მოგვაგონდება”
,,ცხელ სილაზე ჩვენი თამაში” - (თამაში - ევროპულ ენებში სლენგია და ნიშნავს სექსს)
გარედან ამგვარი, მეტისმეტად მხურვალე და მოჩახჩახე გარემო სწორედაც რომ არ არის შესაფერისი წყვილის ეროტიკული ურთიერთობისათვის. მას ხომ სწორედ ამისი საპირისპირო - რაიმე, ნახევრადბნელი განათება შეჰფერის.
და მაინც, რა შემთხვევაში შეიძლება ეს ყოველივე იყოს დამაჯერებელი თვალმახვილი მკითხველისათვის,
რომელიც ტექსტთან შეყოვნება სჩვევია?
ჩემი პასუხი აქ ასეთია: იმ ერთადერთ შემთხვევაში, თუ საქმე არა “რეალურ” ყოფით ეგვიპტურ, არამედ კულტურულ - თეატრალურ, ილუმინატორულ- პროჟექტორულ განათებასთან გვაქვს საქმე.
ეს მაფიქრებინებს, რომ რაკი პოეტის ბიოგრაფიიდან ვიცით, რომ იგი ნამყოფი არ იყო ეგვიპტეში და ეგვიპტურ ხელოვნებას პარიზული სათვალმჩენოდან იცნობდა, უნდა გავითვალისწინოთ გასული საუკუნის დასაწყისის, კერძოდ, ათიანი წლების პარიზული ხედვა ეგვიპტისა.
მაქვს არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ პარიზში პაოლო აუცილებლად დაესწრებოდა თეატრ “გარნერის” მუდმივ რეპერტუარში დამკვიდრებულ ოპერას ჯუზეპე ვერდისა,,აიდა”, რომელიც სწორედ ეგვიპტის თემაზეა, კაიროსთვის შეიქმნა და ეთიოპიელი ტყვე ქალის - მეფის ასულ აიდასა და ეგვიპტელი მხედართმთავრის, ფარაონის ასულის გულისრჩეულის - რადამესის ტრაგიკული სიყვარულისა და აღსასრულის ამბავს გადმოგვცემს.
მის კულტურულ გამოცდილებაშია ეს წარმოდგენა, რომლის
ხელოვნური განათებაც ლექსში - მზედ ტრანსფორმირდა.
არ დაგვავიწყდეს, რომ ნაპოლეონის ლაშქრობის მერე ეგვიპტური ეგზოტიკის თემა და მოტივები ძალზე პოპულარულია ევროპულ ლიტერატურაში და ეს პოპულარობა პიკს სწორედ იმდროინდელ პოეზიასა და ზოგადად ხელოვნებაში აღწევს.
ლექსში სამჯერ (!) ნახსენები “ცხენი არაბულის” პატრონი, რაშიანი კაცი რომ ვეფხისტყაოსნის ავთანდილია, ეს უკვე აღნიშნულია ქართულ ლიტმცოდნეობაში და დავჯერდეთ ამ აზრს, რაკი - ფაქტობრივად მისი, ამავე დროს, რადამესობის დასაბუთება შეუძლებელია. შეუძლებელია გამოკვეთილად თქმა, რომ იგი თავისებურად, შერწყმული, კრებითი სახეა.
ვფიქრობ, თუ ეს მსჯელობა, რომელიც ლოგიკასა და ინტუიციას მიჰყვება და ეყრდნობა, შესაძლებელია, სიმართლესთან ახლოს იყოს, ახსნადი გახდება ქალის სიტყვები:
და შენ დამკოცნი, ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს
1. აიდა ეთიოპიის მეფის მხოლოდშობილი ასულია.
2. ოპერაში - იგი უკვე ფარაონის ტყვეა, მონაა (!)
3. ცოლს რაც შეეხება, ფარაონის ასული კი ცდილობს, იქმროს რადამესი, მაგრამ მას აიდა უყვარს და გზებსაც ეძებს მის შესართავად.
ეს ოპერის ერთ-ერთი მთავარი კონფლიქტია, ჩაწნული პატრიოტიზმთან.
მინდა აქ გამოკვეთით ვთქვა, რომ მე იმას კი არ ვცდილობ, ლექსის ლირიკული პერსონაჟების აიდა-რადამესობა ვამტკიცო, არამედ ვთვლი, რომ ავტორის ყოფით- კულტურულ გამოცდილებაში ასეთი რამ არაა გამორიცხული, რომ ლექსის სახეთა წინარე ინგრედიენტები ამ გამოცდილებას უთუოდ შეიცავს.
რაც შეეხება სფინქსს, ლურჯი სფინქსი - ასეთი ორიგინალი ეგვიპტურ კულტურაში არ არსებობს, თუმცა ერთ ადგილას, გზის გაყოლებაზე, ორივე მხრიდან სამოცდაათზე მეტი სფინქსიც კია.
არსებობს ეგვიპტური ლურჯისგან დამზადებული მოდელები მთავარი, დიდი სფინქსისა, ასევე, ლურჯად შეღებილი მისი მოდელები. ყოველ ნაბიჯზე სუვენირად რომ იყიდება, სხვადასხვა ზომისა, თავად სფინქსი კი ქვიშაქვისფერია. აქ ერთი მომენტი შეიძლება გამოდგეს:
წელიწადში რამდენჯერმე სპეციფიკურ დღეებში, მაგ. ფესტივალებზე, დღესასწაულებზე იმ უზარმაზარ სფინქსს ირგვლივ დადგმული პროჟექტორებით ლურჯი შუქით ანათებენ და ღამე მართლაც საოცარი სანახავია მისი სილურჯე.
ტურისტულ რეკლამებში, სამუზეუმო- საგამოფენო აფიშებში და აშ, დღესაც მეტწილად, ამგვარად აფერადებულს გამოსახავენ.
ანუ სფინქსის სილურჯე - (რაში- ლურჯ სფინქსთან მივა”) ამ ლექსში პოეტის წარმოსახვის ნაყოფია, რომელსაც ყოფითი რეალიის სახით, შეიძლება საფუძვლად ედოს ან სფინქსის ასლის ნახვა სადმე, (ლუვრში?) ან პარიზშივე, სადმე , აფიშაზე გამოსახული, ლურჯად განათებული სფინქსის სურათი.
ერთიც:
“ალური ვნება” - სლენგია, ფრანგული. (ინგ. “ფლეი”, “დრაივი”(?) რუს,- “სექსოპილნოსტ”) იგი პირდაპირი გაგებით, ცხენის ჯირითულ სვლას ნიშნავს, გადატანით - გასაგებია, რომ სექსუალურ აქტივობას.
პაოლოს შემოტანილი ეს სიტყვა ვნების მნიშვნელობით შემდგომ არაერთმა ქართველმა პოეტმა გამოიყენა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი