ხვარამზეს პოეტური ხილვა ნინო მოდრეკილაძის სანამ მოვკვდებოდი


#ზარდახშა

ნინო დარბაისელი

   ხვარამზეს პოეტური ხილვა

 დღეს, როცა ჩვენი მშობლიური ქართული ენა ტოტალური ადაპტაციის ფაზაშია. როცა ჟურნალისტიკის  არცთუ გამართული,  ინფორმაციული და არაექსპრესიული ენა უკვე  პოეზიასაც დაეპატრონა, კარგი ექსპრესუილი ლექსის გამოჩენა სანატრელი გაგვიხდა და  ვფიქრობ, ყოველი ასეთი წარმატებული შემთხვევა საგანგებოდ უნდა აღინიშნებოდეს პოეზიის მკვლევართა მიერ.
      რა კარგია, არა, სხვისთვის   მოვალეობის ასე ნარნარად გადაბარება?- (აქ - გაიღიმეთ!)
           არ  ვისურვებდი, ნათქვამი ისე გამომსვლოდა, თითქოს არ  მეგულებოდეს  კარგი ქართულით მეტყველი ჟურნალისტებიც. მე აქ ოდენ თანამედროვე  ქართული  ლექსის  -  საერთო კანონზომიერებად ქცეულ ერთ  ტენდენციაზე ვსაუბრობ, კერძოდ, ვთვლი, რომ  ექსპრესიულმა მეტყველებამ უკვე  დათმო  არათუ ზეპირმეტყველების ან ლიტერატურის,  არამედ თვით  პოეზიის არეც კი,  ახალთაობელები- ახალ ენაზე წერენ და ეს ცუდი ნამდვილად   არ მგონია. მთავარია წერენ!
       აქ არაფერს ვამბობ ახალგაზრდა ეპიგონთა იმ უზარმაზარ არმიაზე, რომელსაც  ენობრივი ინერციით ეწერება და წერს.  ჩემი ღრმა რწმენით,  ლექსის თხზვა მოცალეობის ჟამს - ყველა სხვა საქმიანობას სჯობია. იგი სრულიად უვნებელია და ხშირად განმკურნებელი ეფექტიც აქვს. თანამედროვე ფსიქოტექნიკები წარმატებით იყენებენ მას.
        ახლა დათო წერედიანთან ერთი სადაგ-დღის  საუბარი გამახსენდა.  ამ საუბარში მე -არ ვმონაწილეობდი მოლაპარაკე მხარედ. მარტო ვისმენდი, როგორც მეტწილად. წლის ბოლო ახლოვდება. მე -  სწ/მდ,  წლიური ნაშრომების წაკითხვის  კლიშე- ოქმებს ვწერ, მაგიდასთან თავჩაღუნული. 
      ის დროა, რომ   ქართული პოეზიის კრიზისი- სახეზეა,   ჯერ  ახალი  დიდად არაფერი ჩანს.
     დათო   დანარჩენ თანამშრომლებ ებაასება.  მე - ცალი ყური იქით  მაქვს მიპყრობილი.  
       ამბობს რომ …. აქ მომიწევს ჩემი სიტყვების გამოყენება. შინაარსს კი გადმოვცემ.  პატარა ამბავი ხომ არაა, ასე, ოცდაათი წლის წინანდელს ვიხსენებ. 
     რაკი  პოეზიის  ძლიერი გავლენის გამო, ჩვენი  ქართული ენა და ყოველდღიური მეტყველებაც კი ასე  ხატოვანია, მზა  პოეტური ტრადიციის ფონზე  საინტერესოდ  იმუშავებდა მაგალითად, ლექსი რომ დაწერილიყო ოქმის სტილში, ანამნეზიც კარგი იქნებოდა (ნუ,  ავადმყოფი თავის ავადობას როგორც აღწერს= ნ.დ. ), საგაზეთო ენის ცდაც შეიძლება. 
      ეს ეპიზოდი ალბათ უფრო იმიტომ გამახსენდა, რომ მაშინ არც მიფიქრია, დადგებოდა დრო, როცა ის “ მზა ფონი” უკვე  აღარც იარსებებდა.  თუმცა ის, რაც  ქალაქურ  გარემოში, ლიტერატურაში  გაქრობადი ფონი იყო,  აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში , მის   პოეტურ კოლექტიურ ცნობიერ-არაცნობიერში შესაბამისად,  ყოფასა,  ლექსიკაში და ა. შ,   პოეზიის    გულად ფეთქვას, სისხლად მიმოქცევას არ შეანელებდა და არ  შეწყვეტდა. 
      თუ ნათქვამი მეტისმეტად პათეტიკური არ გამომივა, ვიტყვი, რომ ჭეშმარიტად  ქართული პოეტური სული დღეს და მუდამ  აღმოსავლეთ  საქართველოს  მთიანეთში სუფევს.
     ამისი დასტურია ‘’ხვარამზეობაც’ -  მარიამ ხუცურაულისა და მისი თანამოაზრეების მონდომებით  დაარსებული ერთი უმშვენიერესი,ყოველწლიური პოეტური დღესასწაული, რომელშიც ადრე,  (სამწუხაროდ, წელი აღარ მახსოვს)  წინამდებარე ლექსმა გაიმარჯვა და მისმა ავტორმა   - ნინო მოდრეკილაძემ ერთწლიანი  “ხვარამზეობა”  მოიპოვა . როგორც მახსოვს,  მე,  როგორც ამ კონკურის მუდმივმა მხარდამჭერმა,  მაშინ მივულოცე კიდეც. 
***
რა ხდება ამ  საკმაოდ ვრცელ ლექსში? 
 ამ კითხვაზე რაიმე , მეტნაკლებად მისაღები  პასუხი თუ არ მოგვეძევება,  სხვა დანარჩენი პლასტების ურთიერთმიმართებათა  ძიება  - საერთოდ აზრს კარგავს. 
  ლექსის   სათაურია” სანამ მოვკვდებოდი’ მასში გარდაცვლილი  მოხუცებული  ქალი იმქვეყნიდან მოსულა და  გველაპარეკება.  გვიამბობს  თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლო ჟამზე  გაძვალტყავებული სხეულის  განბანვა ყოველდღიურ რიტუალად რომ ჰქცევია. 
      ჩემი აზრით,  ეს არის პოეტური ხილვა, და მე ვიტყოდი , შემაძრწუნებელი ხილვა. 
     ლექსს  აქვს ნარატიული ჩარჩო, ცხადია ჰყავს  აქტორ-ნარატორი მოხუცის სახით.  ავტორი ამბავში  ‘’არ მონაწილეობს’, იგი  თითქოს ჩვენსავით შორიალო დამდგარა და მხოლოდ  ამეტყველებს აქტორს უსმენს. 
     ვინ არის ეს მოხუცი ქალი?! მასზე  ბევრი არაფერი ვიცით, განმეორებადი, თითქმის გარეფრენებული ფრაზა ‘’ეგღა მაკლია, სხვისი ლოცვით  გავპატიოსნდე”  ქმნის  ამ მარტოსულის, ‘’მარტოცალის’ უტეხი ხასიათის მკაფიო შტრიხს. 
        მან სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო ‘’ბანაობა ამოიჩემა’. ბანაობა,  განბანვა, წყლით ცოდვათა  მოშორება,  უნდა მიგვანიშნებდეს.  არა უბრალოდ ქრისტიანულ,  მრავალგზის  განმეორებად “თვითნათვლაზე”, არამედ  წყლის ქრისტინულსა თუ წარმართულ  მისტერიაზეც.  ბანვის  ყოველდღიური   რიტუალის დეტალურ აღწერასაც ამიტომ ეძლევა  საგანგებო, საკრალური მნიშვნელობა. 
***
       ეს ლექსი ზარდახშაში დასადებად მინდა და მკითხველს გამიქცევს ვრცელი  წარდგენითი წერილი.
      მოკლედ გეტყვით, რას მიაქციოთ ყურადღება და ლექსთან  მარტო  დაგტოვებთ.
    ***
   ლექსის ანტურაჟი- არაურბანულ  გარემოს წარმოგვიდგენს,  სოფელს, თავისი ფეჩით ტაშტებითა და მოზიდული წყლებით. დედაბრის ენა - გალიტერატურულებული აღმოსავლეთის მთიანეთის, უფრო ფშაური დიალექტია,   ოღონდაც მინიმუმამდეა დაყვანილი  დიალექტიზმები.  რომლით გატაცებაც თანამედროვე პოეტთა ერთ ნაწილში თავისებურ მოდად იქცა.  დიალექტიზმები აქ უფრო მსუბუქი შეფერილობისათვის გამოიყენება ლექსიკურ ნაზავში. ლექსიკურად კი მდიდარი, ექსპრესიული მეტყველებაა. სწორედ იმისი საპირისპირო , რასაც ამ მცირე წერილის დასაწყისში ჟურნალისტური, ინფორმაციული ლექსიკა ვუწოდე; აქ მარტო  ნიმუშთა ნაწილს  მოვიხმობ:
, ჩამოჩხირულ, გადაწანწკარდი, იმარადქვეყნე,  იმზისდარე, თვალებმშიერი, მარტოცალი, ჩავინანიე. და ა.შ. 
 მდევარი ხმა -‘’ისიც ჩემსავით იმქვეყნისა’ - ,, ისიც ჩემსავით საქელეხე.”   ისიც ჩემსავით მარტოცალი  ამ ტყე-სოფლისა” -  წინააღმდეგობრივია. იმქვეყნად თუ  საიქიო იგულისხმება, იგივე ადამიანი საქელეხე როგორღაა? აქ საკუთარ ფანტაზიას მივცემ   გასაქანს.  ვფიქრობ, ეს კონტრადიქცია  უმალ მოიხსნება, თუ დავუშვებთ, რომ  ეს  -  ვაჟიკას ხმაა, მოხუც ხვარამზეს თანამდევად რომ შემორჩენია.  თუ ეს მეტისმ ეტი ჩარევაა ჩემი მხრით, ავტორის ჩანაფიქრში, მარტივად ვთქვათ,  რომ ეს არის ლანდი  უპასუხო სიყვარულში დაბერებული  ქალისა, რომელმაც  ჯერ კიდევ ცოცხლადმყოფობისას აღარ იცის, ცოცხალია თუ მკვდარი  თავისი გულისწორი , ან იქნებ დამარტოცალებულია’,   -დაქვრივებული, თან ვითომც რომ ეჭვიანობს მასზე, ამიტომ ხან ისე მოიხსენიებს,   ხან - ასე. 
            ლექსში    ხაზგასმულია ქრისტიანული რწმენის რეგალიები,  დედაბერი  განუწყვეტლივ  ფსალმუნებს კითხულობს, ლოცულობს ქრისტიანულად,  ღმერთსა და სიტყვას შესთხოვს, “ჩემგან გადარჩიო’ ალბათ რადგან თავს ცოდვილად მიიჩნევს(?)მაგრამ წარმართული პლასტიც არ ჩანს  გაუქმებული, რაც ვლინდება  ფაფის ხარშვა-დარიგების, ხორბალზე ლოცვის მომენტებში. ანუ აქ  ქრისტიანობასთან ერთად,  -  წარმართული  მინარევია, რაც ტიპობრივია არა მხოლოდ აღმ. საქართველოს მთიანეთისთვის. არამედ ზოგადად ქართული ქრისტიანობისთვისაც. 
   წამიკითხავს ტრფ ობის სიძლიერე ხვარამზეს  ციკლის ხალხურ ლექსებს  ვეფხისტყაოსანთან აკავშირებსო.
“ ცოცხალიც ვიყავ და მკვდარიც ვარ” - ამბობს გამოთხოვებამდე დედაბრის ლანდი ,  გამოთხოვებისას ანუ ლექსის დასასრულისას კი მისი  ბოლო სიტყვებია:  
       მკვდარს რაღა მომეკითხება. 
    ჩემი ფიქრით, დამაგვირგვინებელი ფრაზა ამ ლექსისა  - მსუბუქი ალუზია უნდა იყოს ვეფხისტყაოსნისა, კერძოდ, აქ მესმის ავთანდილისეული  შემინდევ და შემივედრე მკვდარსა რაღა გარდმეხდევის! 
ორი სიტყვა ფორმაზეც ვთქვათ!
 ლექსი თავისუფალია, რიტმულ-ინტონაციური დინება, ძირითადად ორგანიზდება ზმნების სიმრავლით,  მათგან ყველაზე მეტი -  ოთხ (27) და ხუთმარცვლიანია(18), მაღი რიტმულად მაოტგანიზებელი ფუნქცია ქმნის სინტაქსურ პარალელიზმებს… კმარა ლექსმცოდნეობა! 
ისიამოვნეთ ლექსით!
ნინო მოდრეკილაძე

სანამ მოვკვდებოდი

სანამ მოვკვდებოდი,
ბანაობა ამოვიჩემე.
შემოვდგამდი გვერდებაწითლებულ ღუმელზე
ემალის
ქეთლებს,
ცეცხლთან თუნუქის ტაშტს მივაჩოჩებდი,
ჩავჯდებოდი ქაფქაფ წყალში
და ვიწყებდი ტანგასაპვნის ხანგრძლივ რიტუალს...
ჯერ ფეხის თითებს სათითაოდ შემოვუვლიდი, 
მერე კოჭ - მუხლებს ამოვყვებოდი,
ჩამოჩირულ, ძვალ - ტყავა ფეხებს...
ბოლოს მილეულ მკერდსა და კეფას...
ვბანაობდი. თან წყალს ვეტყოდი:
- წყალობავ ღვთისა, განბანილ სხეულს გადაევლე, დალოცვილო,
ჩამომრეცხე დღეის ცოდვები,
სუფთავ, ანკარავ, 
გადაწანწკარდი პეშვებიდან,
წადი, თავ - თავქვე იჩუხჩუხე,
ჩემი მიმქრალი სიცოცხლიდან ფიქრი წაიღე,
მაცოცხლებელო წყაროვ,
დარჩი ჩემდა ცხონებად. 
- ყოველღამ ვიღას ეკაზმებიო, -
ჩამძახებდა უჩინარი ხმა, - 
ისიც ჩემსავით იმქვეყნისა, ისიც ხმელ - ხმელი...
- ვისა და სიკვდილს! - ვიფიქრებდი, არკი ვიტყოდი. 
- ეგღა მაკლია, სხვისი ხელით გავპატიოსნდე...
სანამ მოვკვდებოდი, 
ფსალმუნების კითხვა ამოვიჩემე.
მესამე დღისა, მეცხრე დღისა, მეორმოცესი...
,,უბიწონი" და კანონები.
,, - მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე..."
ლოცვების წიგნი ცრემლით ვბანე, გული გავხსენი.
ამოვალაგე შავ - თეთრ ფიქრთა ავლადიდება,
როცა სიმართლეს სიშიშვლე და სული ეწვოდა,
თავთან ხის ჯვარცმა დავიდგი და ჭრაქი დავინთე. 
- ყოველღამ ვიღას ებუტბუტები , - ჩამქირქილებდა ისევ ის ხმა, - ისიც ჩემსავით საქელეხე,
- ვისა და ღმერთსა, - ვიფიქრებდი, არკი ვიტყოდი.
ავიღებდი და ვჩურჩულებდი ,,ალილუიას"...
- სიტყვავ და ღმერთო, შენ იდიდე, იმარადქვეყნე, და როცა სული ამომივა, ჩემგან გადარჩი...
წადი, მიწაზე იმზისდარე, ცხონების წიგნო,
მიმოიქარგე ღვთის ნაქარგო...
დარჩი სინათლედ. 
ეგღა მაკლია, სხვისი ლოცვით გავპატიოსნდე.
სანამ მოვკვდებოდი,
მკვდრის შაბათები ამოვიჩემე.
ვრეცხე ხორბალი, მზის ჩასვლამდე ვხარშე და ვხარშე.
და დილაობით კენტად, სინით, ცხელ - ცხელს, ერბოთი,
გავიტანდი სოფლის თავშიც, სოფლის ბოლოშიც...
ვიდექი მერე გზად იმედით,
ღვთისნიერი ჩამოივლიდა...
... თვალებმშიერი, თავად ვჭამდი შაბათის ფაფებს,
მკვდრების სახელებს ჩამოვთვლიდი, იქვე ჩემსასაც, 
მისავალი გვქონოდეს - მეთქი. 
- ყოველ შაბათს ვიღასთან დაძვრებიო,
გულღრძოდ მკითხავდა ის ძველი ხმა... 
ისიც ჩემსავით მარტოცალი ამ ტყე - სოფლისა...
- ვისთან და გარდასულებთან მეთქი,
არ კი ვიტყოდი, გავიფიქრებდი.
მერე ავიღებდი ხორბლის მარცვალს და ვუჩურჩულებდი:
- მე რომ მოვკვდები, ჩემი ძვლებიდან ამოიზარდე, გადაამზევე ეს ქვეყანა, ხვავით, ბარაქით,
შვებად ექეც მკვდარსა და ცოცხალს. 
მეც ამომივსე სულის ხონჩა, სულის ხელადა,
ამ ქვეყნისაც და იმ ქვეყნისაც პურო - საგზალო.
ეგღა მაკლია, სხვისი წანდილ - კორკოტით ვცხონდე. 
როცა სიკვდილი მომადგა,
ჩემ თავს მარტო დ' მე ვეგულვოდი,
დავწექ და ჩავინანიე,
ეჰა, ჩემო ცრემლდამშრალო დღეებო - მეთქი,
ერთ დროს იავნანებისანო,
დღეს სულთათანით ნაგვირისტებნო,
თითოცალო და თითოდ დაცლილნო,
ცოცხალიც ვიყავ და მკვდარიცა ვარ...
მკვდარს რაღა მომეკითხება?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი