მურმან ლებანიძის ერთი ლექსის რიტმული თავისებურებისთვის


#ზარდახშა

 ორიოდე დღის წინ ახალგაზრდა პოეტის ნინო
მოდრეკილაძის შესახებ  აქ წერილი დავდე.
იქ მივანიშნე, რომ  განსახილველი თავისუფალი  ლექსის რიტმიკა ოთხ და ხუთმარცვლიან  ზმნებს ეყრდნობოდა. თუმცა  რაღაც ლიმიტების გამო, მსჯელობა ამას იქით აღარ წამიყვანია, თორემ აუცილებლად დავასახელებდი მურმან ლებანიძის ამ შედევრს,  იმის ნიმუშად,  თუ როგორ ხდება კონვენციურ ლექსში მეორად მარიტმიზებელ საშუალებად  სიტყვის მარცვლიანობის გამოყენება.

ვინც იცის, შევახსენებ, ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ კონვენციური რიტმის მოხსნის შედეგად, უფრო ზუსტად,  მისდამი თავისუფალი მიდგომის წყალობით, ის რაც მეორადი, დამხმარე  მარიტმიზებელი  საშუალებები იყო კონვენციურ ლექსში, უკვე თავისუფალ სახეობაში  ზოგან (არა ყველგან!) უკვე პირველადის ფუნქციით გამოდის. 

ლებანიძის ამ პოლიმეტრულ ლექსში გვაქვს  რიტმული საყრდენი -  ოთხმარცვლოვანი სიტყვა  “საქართველო” , დაფიქსირებული თავ და ბოლო რეფრენში, სარითმო პოზიციაში.

 (ეს - მხოლოდ სპეციალისტებისთვის: მეორეპეონური სიტყვა - ,, საქართველო”,  თავრეფრენში დაფიქსირებული რითმულადაც, ანუ ამ ხერხითაც  ამპლიფირებულია.
მასთან შეწყობილი დანარჩენი  ოთხმარცვლიანები  გზადადზა,  ზოგან დიდი ცეზურის მერე  - საწყის ქორეს შეირთავენ და პოტენციურად დაქტილური წაკითხვისკენ იხრებიან ანუ ამაშია მისი პოლიმეტრულობის მთელი ჯადო) . იგივე ინერცია გადმოდის ცეზურისწინა ნაწილშიც ,, რტოებგაშლილი და 
გამოჩინებული).
      ამ ლექსის  ერთ-ერთი თავისებურება  სწორედ მრავალმარცვლიანთა სიჭარბეა.
ლექსს  კომპოზიციურად კრავს  მიუჩვეველი ყურისთვის “არასწორი”  რიტმული რეფრენი, რომლითაც    პოეტმა თავიდანვე  ძლიერი რიტმული იმპულსი მოგვცა.  ეს ხერხი -  ზუსტ კონვენციას მიჩვეული  ყურისთვის “არასწორი” რიტმული ტაეპები  - ლექსის დასაწყისშივე, მათი ძლიერი    იმპულსის შემდგომი გაშლა  და  რიტმული ვარიაციები - ერთი  მთავარი მახასიათებელია აბსოლუტური პოეტური სმენის მქონე ამ პოეტის შემოქმედებისთვის.
კმარა, ისიამოვნეთ პოეზიით!


მურმან ლებანიძე 

ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო


ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა დავით-მეფე-აღმაშენებელი,
ყოფილან ოპიზრები-გასაშტერებელი;
ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...
ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა ნიკოფსით-დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული;
რტოებგაშლილი და გამოჩინებული,
ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.
ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!
ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.
მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.
ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი.
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.
ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.
ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა.
ოთხ მეფეს სულ სისხლის ცრემლები უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია,
-რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი!-
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი...
ამას მოჰყოლია: „ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“
ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი