გეტსბი თუ გეცბი?


#დილაუზმოს_ფიქრებიდან

 ნდს 
გეტსბი თუ გეცბი?

ამ ორიოდე დღის წინ  აქ ერთი ლექსი დავდე, სათაურით ,,გეცბი”
   ალბათ  უცებ მიხვდება ჩემი მკითხველი, რომ აქ იგულისხმება ფიცჯერალდის ცნობილი პერსონაჟი, ქართულად “გეტსბის” სახელით რომაა დამკვიდრებული. 
    ბოლოს და ბოლოს,  მისი ხუთი ეკრანიზაცია არსებობს და  არათუ პოეტი,  ტელე/ინტერნეტ - განათლების მქონე,  წერა-კითხვის მცირე მცოდნეც კი, მარტივად,   “გეტსბი” ფორმას მიანიჭებდა უპირატესობას. 
   რატომ ვჯიუტობ?
    თანაც  - ხომ  შემეძლო ლექსშივე გამომეყენებინა ბგერწერული ხერხი, გამერითმა ასე - გეცბი/ შეცბი,  ან შემომეწერა ც- ბგერის ალიტერაციული  ორნამენტიკა და ასე შემდეგ,  ანუ გამომეყენებინა უცხო ჟღერადობის,    ეგზოტიკური ან სხვა კულტურული კოდების მატარებელი სიტყვების   ლექსში შემოტანა - დამკვიდრების, გამითების უკვე აპრობირებული  ხერხები, მეოცე საუკუნის დასაწყისის პოეტები, მეტადრე გალაკტიონი და ცისფერყანწელები აქტიურად რომ იყენებდნენ.
    დღეს ეს ესთეტიკა  სიტყვის შემოტანა - დამკვიდრებისა  ლექსში, სიტყვათქმნადობისა, ამმხრივი პოეტური ნეოლოგიზმების ქმნისა  - ქართულ პოეზიაში დაკარგულია. 
    რაც გინდა, რამდენიც გინდა, როგორც გინდა, მიუშვი მღვრიე  ლექსიკური ნაკადი ლექსში. 
   პირადად ამაში ცუდსაც ვხედავ და კარგსაც, თუმცა ამჯერად აქ მეტს არ ვიტყვი, ცალკე საუბრის თემაა და იმედია, სხვა დროს მოვიცლი.
  ერთს მოკლედ აღვნიშნავ, რომ   პირადად მე  - ეს მიმაჩნია  საუკუნეთა მანძილზე   ერთი მხრით - მოძალებული პოეტიზმებისა და  მეორე მხრით - პოლიტ. კონიუქტურის მიერ დიდხანს,    ხელოვნურად კონსერვირებული ჩვენი პოეტური  ენის     ფორსირებულად  გამდიდრების გზად, გზად, რომელიც  გასულ საუკუნეში   არსებობდა, მაგრამ ხელოვნურად, ხისტად მოიჭრა გაბატონებული  ტოტალიტარული იდეოლოგიის მიერ, თუმცა მის პირობებშიც  ხომ არაერთი შედევრი შეიქმნა?!
    პარადოქსია, მაგრამ ფაქტი! 

***

ეს ერთგან კომენტარში დავტოვე და რაკი ჩვენი საუბრის თემას ეხება, აქაც ვაკოპირებ:

  ცნობილია უცხოური სახელის ან სიტყვის ქართულში  შემოსვლა-დამკვიდრების  ორი გზა -  1. წერილობით- წიგნიერი და 2. ზეპირმეტყველებითი.

პირველი - გრამატიკოსთა დადგენილ წესს მისდევს, მეორე - ქართული ენის ზეპირმეტყველებით, ფონეტიკურ ბუნებას ემორჩილება.

უნივერსალური ვერც ერთი ვერ არის. 
ორივე მხარეს აქვს თავისი სუსტი მხარეები
     საუკუნეთა, მეტიც, ათასწლეულთა მანძილზე  მანძილზე,  როცა კულტურული ურთიერთობა რომელსამე ერთან ზეპირმეტყველებითად უფრო წარიმართებოდა, უპირატესობა მეორე სახეობას ენიჭებოდა და ეს “მოქართულება” შეეხებოდა არა მხოლოდ საკუთარ სახელებს, არამედ სხვა ენიდან ათვისებულ ლექსიკურ მარაგსაც.
  (მაგ. საკუთარ სახელთა ,,მოქართულების” მრავალი მაგალითი შემოგვინახა ქართულმა ბიბლიამ. სავარაუდოდ, მთარგმნელები გაჰყვნენ  უკვე არსებულ, “ზეპირ” ტრადიციას)
    საუკუნეთა მერე, წიგნიერებითი გზის გამკვეთრებასთან ერთად,  (განსაკ. მე -19- მე- 20 საუკ). გაჩნდა პარალელური ფორმების მთელი სიმრავლე.  21-ში, ანუ ამჟამად ინტერნეტის ტოტალური ბატონობის ეტაპზე - ქართული ენის ფონეტიკურ ბუნებას აღარ ენიჭება მნიშვნელობა და მთლიანად  დაწერილობითობის, არცთუ იშვიათად, მცდარად მოწვდილი დაწერილობითობის მიხედვით,  მყისიერად ვრცელდება საკუთარი სახელები და  ამას აღარაფერი ეშველება.
მეტი - მეტი საკუთარ, ინდივიდუალურ შემოქმედებაში თუ შეეცდება ვინმე, ქართული ენის ფონეტიკური  ბუნება “გაახსენდეს”.

     ეს ვცადე  ჩემს ერთ ბოლო ლექსში ,, გეცბი”.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი