ბესიკ ხარანაულის კარტოფილი
#ოპუსები
ნინო დარბაისელი
ბესიკ ხარანაულის კარტოფილი
მეც ერთი იმათთაგანი ვარ, ვინც თვლის, რომ პოეზიაში, ერთ ლექსში რითმა შეიძლება იყოს გაცვეთილ-საყოველთაო და გარდა ამისა, ოკაზიონური, ანუ მარტივად - საავტორო, ორიგინალური.
ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ერთ კარგ ლექსს ერთი-ორი კარგი რითმა და დანარჩენი საყოველთაო - სავსებით ჰყოფნის.
და ამას ამბობს პოეტი, რომელიც მოსაწყენამდე გაწაფულია მონორაიმების - ერთ რითმაზე გაწყობილი ლექსების თხზვაში.
ჩემთვის მართლაც საშინელებაა მთლიანად ორიგინალური რითმებით თუა გამართული ვისიმე ლექსი.
ეს ხომ უგემოვნობის აშკარა გამოხატულებაა!
გინახავთ, ახლად ფულნაშოვნი ქალი, ყველაფერს ძვირფასს რომ ყიდულობს, ბრენდულს, ჩასაცმელ-სამკაულიანად, თითქოს შეხამებულადაც კი, მაგრამ შეხედავ და ეგრევე ცხვირში სველი ფულის სუნი შეგიღუტუნებს.
(დღეს ნაღდით ვინ რაღას იხდის! როგორ მემჩნევა დაძველებულობა!)
ცხადია, რითმა არ არის ერთადერთი რამ, რაც ოკაზიონურურად უნდა მივიჩნიოთ პოეზიაში.
ასე რომ იყოს, ხელოვნურ ინტელექტს არ გაუჭირდებოდა არა ფასადურად, არამედ მართლა შინაგანად ორიგინალური ლექსის შექმნა.
არსებობს არაერთი პოეტური სახე-კონცეფტიც, რომელიც ავტორისეულია, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ იმავე ავტორს წინარე ავტორებისაგან მემკვიდრეობადაც ჰქონდეს მიღებული უამრავი რამ.
თუმცა ეს ცალკე საუბრის, საკმაოდ ვრცელი თემაა. მე სხვა მხარეს მიმყავს საუბარი.
***
არსებობს ასეთი იდიომი ხილად თქმა, ხილად გაკეთება, ხილად ნახვა და მისთ. “ხილად” ანუ იშვიათად.
დღეს ერთ ლექსს ვწერდი ,,პოეტის ასაკის ძირითადი კრიტერიუმები”
და ვიფიქრე, ამ იდიომს გამოვიყენებ-მეთქი და დავწერე:
ჯერ რომ ნათქვამში ოდნავ-ოდნავ,
გამოსჭვივის მოგონებანი,
ახლად მოწეულ თუთად, ბლად, ხილად და არა რამე ხახვ-კარტოფილად.
ჩემი ფიქრი ასე ედინებოდა ლექსზე მუშაობისას:
ხილი გასაგებია. შორს არ წავსულვარ იმ თანმიმდევრობით ჩამოვთვალე, როგორც გვედგა ეზოში, უბრალოდ გავიხსენე და ხსენებით ვისიამოვნე, მაგრამ ბოსტნეული?
ლობიოს, პამიდვრებისა და სიმინდის მოყვანა უყვარდა ბებიაჩემ ანიკოს. კარტოფილი ალბათ უფრო მთაში მოდის.
ახლა, კარტოფილი კია ყოველდღიურად მოხმარებადი ბოსტნეული, მაგრამ ასევეა ხახვი, ამდიდრებს შედარებას, სიმწრის, ცრემლის მომენტი შემოაქვს- მეთქი.
გავაკეთე კომპოზიტი ხახვ- კარტოფილი და სხვა რაღაცეებს მივყევი.
თუ ყოველდღიურობა და იშვიათობა მინდოდა დამეპირისპირებინა, რატომ არ დავწერე პირდაპირ “კარტოფილად?”
მარტო კარტოფილი - ქართულ პოეზიაში საით გზავნის წამკითხავის მზერას?
საით და პირდაპირ ბესიკ ხარანაულისა და მისი პოემის ,”კარტოფილის ამოღებისკენ”.
მახსენდება დიდი მოწადინება ქართველი კრიტიკოსებისა, მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში არსებული რაიმე ანალოგი, წინარე ტექსტი მოეხელთებინათ, სიტყვა კარტოფილი რომ იქნებოდა ნახსენები და მასთან კავშირი დაეფიქსირებინათ, ასე აეხსნათ ეს პოემა
მახსოვს ისიც, რომ ამაზე ბ. ხარანაულს მხოლოდ თბილად, მოწყალედ ეღიმებოდა, მას ხომ გაგონილიც არ ჰქონდა იმ ავტორთა არსებობის შესახებ.
“გაგრილებული თვალით” რომ წავიკითხე უკვე დადებული ჩემი ლექსი,
აქ ეს რა ხილბოსტნეულის მაღაზია მომიწყვია!-მეთქი, წამოვიძახე. და ასე შევცვალე:
ჯერ რომ ნათქვამში ოდნავ-ოდნავ,
გამოსჭვივის მოგონებანი,
ახლად მოწეულ თუთად, ბლად, ხილად და არა რამე კარტოფილად.
მოვშალე თუ არა კომპოზიტიდან ოთხასობგერიანი სიტყვა ”ხახვ” თავისი დეფისიანად, ნათქვამმა სრულიად სხვა სიღრმე და განზომილება შეიძინა.
ტექსტმა მადლიერად ამოისუნთქა და გამომივიდა შესაშური ალუზია ბესიკ ხარანაულის - ჩემი ერთ- ერთი უსაყვარლესი, საუკეთესო პოეტის კარტოფილისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
3 კომენტარი
ქალბატონო ნინო , მე მაინტერესებს მარტივი რამ.თქვენ როგორც ავტორი, რატომ წერთ ლექსებს? რა არის მოტივი? მინდა პოეტისგან მოვისმინო ეს.
გამიხარდა, რომ გამოჩნდით.
კითხვას რაც შეეხება, ვშიშობ, პასუხი მეტისმეტად არაპოეტური გამომივა.
გულწრფელობა და პოეტურობა სხვას ალბათ, კიდეც შუძლია შეათავსოს, მე კი არ გამომივა.
(პოეზია - ხელოვნებაა და საქმე - ნათამაშევ, მხატვრულ, მარტივად - ოსტატი ავტორის მიერ მართვად გულწრფელობასთან აქვს).
მე ვთვლი, რომ როგორც ქართველმა პოეტმა
მე, როგორც ქართველმა პოეტმა, კარგა ხანია, თავი ამოვწურე. საუკეთესო, რაც შემეძლო დამეწერა, ბოლოს დაწერილი მაქვს დაახლოებით ათი წლის წინ და ქართულ ლიტერატურულ კულტურას ისიც დიდად არაფერში არგია.
მას მერე კარგი ლექსი როგორ არ გამომსვლია, იქნებ რაღაც ღირებულიც იყოს ბოლო ათი წლის ჩემს ნაწერებშიც.
ხომ ძალიან უნდა მოინდომო ადამიანმა, ათასი ლექსი დაწერო და იქიდან არაფერმა ივარგოს!
ამასაც ალბათ, რაღაც ნიჭი უნდა!
რაღაც მაინც იქნება ამ ნაწერებში კარგი და საინტერესო და ეს ბუნებრივია.
აქ ბევრს ვკითხულობ, თავად ინგლისურენოვან პოეზიასაც და წიგნებსაც პოეზიის შესახებ, ვთარგმნი, ვიკვლევ, და ეს ყველაფერი ჩემს ნაწერებშიც ჟონავს, მაგრამ უფრო ვერთობი ლექსის წერით მოცალეობის ჟამს. ეს ხომ ჩემი შემოსავლის წყარო არც არასოდეს ყოფილა!
(სხვათა შორის ერთ ლექსში , რომლის სათაურიც აღარ მახსოვს, ადრე ვწერდი,, საქართველოში თავი პოეტად ვინ გაიტანა!”)
ამჟამად ქართულად წერა ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნილება კი არაა, უფრო ჰობია, ერთი - არაერთს შორის!
ამის ერთი მთავარი მიზეზი ისიც შეიძლება იყოს, რომ დავრწმუნდი, ჩემი პირადი შთამომავლობა საერთოდ არაა დაინტერესებული პოეზიითა და მით უფრო ქართულით, არც პერსპექტივა ჩანს რაიმე იმედისმომცემი. საცაა მესამე თაობაც გამოვა, ქართული ირგვლივ უკვე არავინ იცის (შვილი, შვილიშვილი, შვილთაშვილი)
საქართველოსთან - რომელთანაც უნიკალური, თუმცა კვდომადი ენის ცოდნა და წარსული ხელობა მაკავშირებს, ამჟამად მხოლოდ ინტერნეტკავშირი მაქვს და მე თუ არ მივეძალე, ნოსტალგიურად, უჩემოდ, დიდად არც არაფერი დააკლდება, არც მოემატება.
ეს ალბათ, უფრო მე მჭირდება, რომ ვიდრე ვარ, საკუთარ წარსულთან კავშირისმაგვარი შევინარჩუნო.
ბოდიში კორექტურები არის ჩემს პასუხში, უფრო ტავტოლოგიური ფრაზები , მაგრამ არც იმდენი, აზრს რომ ცვლიდეს, წაშლას, ჩასწორებას და კომენტარის ახლიდან დადებას საჭიროებდეს. წარმატებები!