იმდენაც ცუდია, რომ უკვე კარგია


ლექსი დაბლა დევს, იქ კომენტარად არ იდება. დიდიაო და რა ვქნა, აქ დავდებ და ვისაც ლექსიც  აინტერესებს,  ცოტა დაბლა ჩაუყვეს ჩემს გვერდს.

ნინო დარბაისელი

,,იმდენად ცუდია, რომ კარგია!"
(ავტორეცენზია ლექსისთვის ,,ქალიშვილობა გიხაროდეთ გოგოებოო')
- - - - 

ამ ორიოდე დღის წინ ლიტერატურულ საიტ ,,ურაკპარაკზე ერთი ლექსი დავდე , სათაურით ,,ქალიშვილობა გიხაროდეთ, გოგოებოო”,
ეს ჩემი რიგით მესამე  რეკვიემია( რეკვიემი ქეთინოსათვის” 1996,, მათე- პამპულა”2008) … სულ სამი მახსოვდა და ახლა აღვიდგინე, ერთი ნაკლებ წარმატებული ცდაც მქონია, გასული საუკუნის 90- იანებში (,,დედოფალები’)
სამივე რეკვიემს განსხვავებული. გმირი ჰყავს, ,,ქეთინოში - მონაზონი, პამპულაში - დაუნის სინდრომიანი მამაკაცი, დედოფალებში - ახალშობილი, რომელსაც პატარა კუბოთი ასაფლავებენ.
ძველებსაც და ახალ რეკვიემსაც საფუძვლად ნამდვილი ამბები უდევს.ცხადია, ჩემი ფანტაზიაც მონაწილეობს და რაღაცეებით ავსებს მომხდარებს...ოჰ, ეს მეხსიერება! როგორ დამავიწყდა, მეგობარ მხატვარ ირაკლი ფარჯიანზეც რომ მაქვს ,,ჭია’( 1992)
შენიშნავდით ალბათ, ოთხიდან სამი რეკვიემი ოთხმოცდაათიან წლებშია დაწერილი, ორი მომდევნო კი ათ -ათწლიანი ინტერვალით.
    წინა რეკვიემთა გმირების ხსენება უფრო იმიტომაც ჩავთვლე საჭიროდ, რომ მეჩვენებინა, რამდენად ვიყავი მზად ამ.. ვთქვათ პირდაპირ, საჩოთირო თემასაც შევჭიდებოდი.
ძნელი არაა, ცრემლი მოჰგვარო მკითხველს, როცა გაუთხოვარი მონაზვნის ან დაუნის სინდრომიანი ,,მზის  შვილის” ან ახალშობილის ან უდროოდ წასული უნიჭიერესი მხატვრის სიკვდილის ამბავს უამბობ, მაგრამ, აბა, სცადე, თანაგრძნობა მაინც აღძრა მასში, თუ გარდაცვლილი საზოგადოების ყველაზე უზნეო ფენას მიეკუთვნება!- ვუთხარი ჩემს თავს.
თუმცა, აქაც არის კარგად აპრობირებული გამოსავალი, რითაც არაერთ ცნობილ მწერალსა თუ კომპოზიტორს უსარგებლია (,,ქალი კამელიებით’ - შემდგომ ტრავიატა - ადამიანი, რომელიც ზნდაცემულის მდგომარეობაშია, მაღალ ზნეობას ავლენს)
    ან გმირი იმდენად ლამაზი და მომხიბლავი, ვნებიანი , ამავე დროს საინტერესო ხასიათისაა, რომ მკითხველს, მსმენელს, მნახველს უჭირს, მისი ზნეობრივი მსაჯული იყოს (როლანი / ბიზე - კარმენი, გერშვინი - ბესი), ფილმებიდან ჯულია რობერტსის ბრწყინვალე ხასიათი ფილმში ,,მშვენიერი ქალი’… მოკლედ, დასავლური კულტრული ტრადიცია ამ მხრივ საკმაოდ მდიდარია.
  ვატყობ, აქ თუ არ შევჩერდი, ვრცელი ექსკურსი გამომივა  და საკითხს დავშორდები.
  ლექსმა ,,ქალიშვილობა’ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც მე, როგორც ავტორს, გულით მახარებს, რადგან პოეტისთვის ყველაზე დიდ სასჯელად მკითხველთა გულგრილობა მიმაჩნია.
ხოლო ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, იდეალურია მკითხველის რეაქცია, რომელიც ერთ კომენტარში ასე ლაკონიურად გამოიხატა:
,,თან მომეწონა, თან - არა’ (დუმილა)
    მე ასეთი ამოცანა დავისახე: შესაძლებელია თუ არა, რაიმე დადებითი თვისების ,მიუწერავად’  ზნეობრივად ყოვლად  უარყოფითმა გმირმა, რომელიც არც გარეგნობით გამოირჩევა და არც  ავტორი გამოხატავს მისდამი ღია სიმპათიას, არც განადიდებს და არც აკნინებს მას, მაინც ააღელვოს მკითხველი?
აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია.
ჩემთვის ადვილი იყო, რაიმე კონკრეტული შტრიხები შემეტანა ლილის გარეგნობაში, ქცევაში, მეტად ,,გამეცოცხლებინა’ მხატვრულად, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ, რადგან იგი კონკრეტული სახე კი არაა, გაზოგადებული ტიპია. თავდაპირველ ხელნაწერში მისი ფიატი - ლილისფერი იყო, ლილისფერივე იყო მისი საძინებლის ფარდები, ლილისაც ეს  სახელი ლილისფერი თვალების გამო ჰქონდა შერქმეული, თორემ სინამდვილეში, სხვა რამე ერქვა,( როგორც მეძავების უმრავლესობას). ხომ ჩანს, რომ გმირის სახელთან  არცთუ ცუდი ბგერობრივი ბმები გამოდიოდა, მაგრამ გავაუქმე ეს ესთეტიკური თამაში, თვალების ფერი ,,წავართვი’ და ლურჯით შევცვალე მანქანაც, ფარდაც. 
ერთადერთი ვითომ-დადებითი შტრიხი სასოწარკვეთილის დაინტერესებაა ,,ბიბლიით’, მაგრამ ავტორმა აქაც არ გაახარა,
ფრაზაში ,,ბოლოს ბიბლიას მიეძალა”
მიეძალა- ზმნა კონოტაციურად რელიგიურობას არ ან ნაკლებად უკავშირდება, ჭამა- სმის, რაიმე საცდურის, გართობის, იქნებ რაიმე სპორტული გატაცებისაც,  (თუმცა ნაკლებად) და ა.შ. კონოტაციები კი მრავლად აქვს (თევზს მიეძალა, ღვინოს მიეძალა, ნარკოტიკს მიეძალა, ვარჯიშს მიეძალა და ა.შ)

“ქალიშვილობა გიხაროდეთო”- ამ სიტყვებს რაც შეეხება, ტრადიციულად, ჩვენს ძალადობრივ საზოგადოებაში, რომელიც სირცხვილის კულტურაზეა დაფუძნებული, აღარ-ქალიშვილობა, ქალიშვილობასთან ძალადობით ან მოტყუებით გამოთხოვება პირველ ნაბიჯად იქცევა პროსტიტუციის გზაზე. 
რატომ ეუბნება ლილი ბავშვებს, გიხაროდეთ ქალიშვილობაო, მართალი გითხრათ,  როცა პირველად  გავიგე, მართლა არ მესმოდა, არც ახლა მესმის ბოლომდე და ალბათ ეს ლექსიც ამან დამაწერინა.
თავიდან ვიფიქრე, რომ ჩამოვყვებოდი და ყველა კომენტარს სათითაოდ გავცემდი პასუხს.
ახლა, რაკი უფრო ზოგადი ხასიათის წერილი გამომდის,  ამას არ მივიჩნევ საჭიროდ. შევეხები ფორმას ძალიან მოკლედ.
პროზაა ეს თუ ლექსი?
პასუხი: ეს არის გარდამავალი ფორმის პოეტური ტექსტი,
იწყება ხაზგასმულად პროზაული ნარატიული ინტონაციით, მინიშნებაა ლექსზე მხოლოდ გრაფიკულად, გამოყოფილია სტროფოიდები, თანდათან გადადის თავისუფალგრაფიკიან კონვენციურ ლექსში, ხოლო კონვენციური ფინალი მზადდება ბოლოს წინა სტროფიდან და ბოლო სტროფი მონორითმული კონვენციური ლექსია.
ამ მცირე ავტორეცენზიას ერთი კომენტატორის საგულისხმო გამოხმაურებით დავაბოლოებ:
,,იმდენად ცუდია, რომ კარგია!’(სერენა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი