ცირკი ანუ შვიდმარცვლიანი ტაეპის რიტმული ვარიაციები
#ლექსმცოდნეობითი_ოპუსები ნინო დარბაისელი ცირკი ანუ შვიდმარცვლიანი ტაეპის სახეობანი ზოოპარკში ხომ ვიყავით რვამარცვლიანებისთვის, არა?! ახლა ცირკში წავიდეთ შვიდმარცვლიანებისთვის! მაგრამ მანამდე სავარაუდო ვარიანტები ჩამოვწეროთ: 1. 1-3-3 2. 3-3-1 3. 4-3 ეს - მეოცე საუკუნის პოეზიაში ყველაზე გავრცელებულია, თოთხმეტმარცვლედის დიდ ცეზურასთან გაყოფის შედეგი მგონია ( გალაკტიონის - ლურჯა ცხენები) 4. 3- 4 - ეს - რაღაც სევდიანად ჟღერს. 5. 3-2-2 აქ - ქორეების შენარჩუნება ძნელია და მეორე პეონში ადვილად გადადის 6. 1-2-3-1 7. 1-3-2-1 8. 2-2-2-1 9. 2-2-3 აქაც დიქორე სუსტია და მეორე პეონში გადადის 10. 3-2-2 აქაც როგორც რვამარცვლიანებში უმჯობესია, სიტყვების სამეტყველო მახვილებს დავემთხვეთ და სადაც გაგვიჭირდება, ერთმარცვლიანები მოვიშველიოთ ე. წ “რიტმულ შემავსებლებად”, შოთა რუსთაველის “მართ”, “გლახ”, მუნ”- ის ფუნქციით. აბა, დავიწყეთ! 1. 1-3-3 ეს- კეთილი ლომია. წვრთნის - პატრონი ძალიან, სულ თამაში ნდომია, თუ ამისთვის სცალია. 2. 3-3-1 ორკესტრი დაუკრავს დღეს, დირიჟორს ბატონი აქვს? უყურებ ძველებურ ხეს?! - ბოლომდე დაუხრავს თაგვს. (შეგახსენებთ, ბატონი ჰქვია დირიჟორის ჯოხს) 3. 4-3 მასხარების ნომერი უხაროდეს პატარას! გაგაცინებს რომელი? მოვიწყინე. მათ - არა! 4. 3-4 - ეს - რაღაც სევდიანად ჟღერს მხედარი დაიღალა, ცხენებმაც ჩაიარეს, ნახერხი აიყარა. არეულს - მოუარეს! 5. (3-2-2 ) ხმააო უკვე ზარის, სკამები?! - სავსე ხალხით! სეზონის ბოლო არის, გადასცემს ყველა არხი. 6. (1-2-3-1) მას- როცა კულისებს გვის, მას - როცა აფიშებს ყრის, შენ - ფიქრობ, გული აქვს ქვის. მე - ვფიქრობ, მარგალიტს ღვრის! 7. (1-3-2-1) ცირკს უხდება უცხო რამ. ტკბილ მილაკებს ჰყიდის ის. ქალს დაუძრა გული ხმამ, მას სცნობია ტემბრი ხმის. 8.( 2-2-2-1) ბოგირს ხელი არა ჰკრა. ვატყობ, ცოტა გამცვდარს ჰგავს. შიშო, გაჰქრი, გაჰქრი, ქრა! სახლში ვიღაც კედარს რგავს. 9. (2-2-3) ცირკის ლომიც - ლომია. ლომი - ცირკშიც მეფეა. მისვლა არა მნდომია, თვითონ მიცნო, მეფერა! 10. (3-2-2) მრგვალია ცირკი ჩვენი, გარედან - მგონი, კირქვა. მაღალზე დგომა შვენის, საქებრად ბევრი ითქვა. დასასრულ, აქაც აუცილებლად მექნება რამე გამოტოვებული. თუ შენიშნოთ, არ დაიზაროთ მოწერა და თქვენი წყალობით, უკეთ მოვაწესრიგებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი