სამი გალაკტიონოლოგიური ოპუსი
ნინო დარბაისელი სტრონი სამი გალაკტიონოლოგიური ოპუსი 1. გალაკტიონი თუ გალაქტიონი ანუ კ თუ ქ? რაკი სხვადასხვა დროს ამას ბევრი მეკითხება, უმჯობესი მგონია, ერთიანი პასუხი დავწერო იმის შესახებ, თუ პირადად მე რას ვფიქრობ. ოღონდ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სხვას - შეიძლება ამაზე სრულიად სხვა აზრი ჰქონდეს. მე ვფიქრობ. უნდა განვასხვაოთ ორი რამ, რაც განსხვავებულია თავად გალაკტიონთან: ერთი მხრით, გალაკტიონი - (კ- თი) მისი, როგორც პოეტის სახელია; ხოლო მეორე მხრით, თავადვე პოეტი გალაქტიონს ( ქ -თი) წერს, მაგალითად, როცა, როგორც პირი, მოქალაქე, ვინმეს თხოვნით მიმართავს. ასევე, ორივე ფორმით მიმართავენ მას მიმოწერაში საკუთარი ოჯახის წევრები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ როცა მასზე, როგორც პოეტზე ვსაუბრობთ, აუცილებელია დავყვეთ მის ნებას და ვთქვათ კ - გალაკტიონი - რაც მისი ლიტერატურული სახელია. მაგრამ სხვაფრივ, მასზე როგორც მოქალაქე პირზე საუბრისას - ორივე ფორმა სახელისა - მისაღებია. (გავიხსენოთ - ანალოგიური სურათი გვაქვს ‘’ცისფერყანწელების” შემთხვევაშიც. პავლე იაშვილის ლიტერატურული სახელია - პაოლო, ნიკოლოზ ნადირაძისა- კოლაუ, ტიტე ტაბიძისა - ტიციანი, ჭიჭიკო გაფრინდაშვილისა -ვალერიანი, ნიკოლოზ მიწიშვილისა - ნიკოლო და ა. შ.. ლოგიკურად, მათი ლიტერატურული სახელი რეალურ ყოფაშიც იჭრებოდა ანუ ორივენაირად მოიხსენიებოდნენ. სხვათა შორის, ოცდაათიან წლებში დიდმა პარტიულმა ლიდერებმა მათ მოსთხოვეს, იმ სახელით გამოექვეყნებინათ ნაწარმოებები, რაც ოფიციალურად ერქვათ და ვისაც სიცოცხლე დასცალდა, ასეც მოიქცა). ანუ კითხვაზე პასუხად უნდა დავასკვნათ, რომ თუ გვყავს პოეტი გალა -კ - ტიონ ტაბიძე, და მხოლოდ ეს ფორმა უნდა გამოვიყენოთ, როცა ვსაუბრობთ მასზე, როგორც მოქალაქე პირზე, მის ყოფით ბიოგრაფიაზე, არც ერთის, არც მეორე ფორმის (ქ და კ - ნ.დ.) გამოყენება არ უნდა ჩაითვალოს შეცდომად, თუმცა მე, მაგალითად, მირჩევნია, მუდამ კ- გალაკტიონი ვთქვა, მასზე საუბრისას საქმე რომ გავიმარტივო, თორემ სად ვარკვიო, ყოველ ჯერზე, როდის ვსაუბრობ მასზე, როგორც პოეტზე და როდის - როგორც მოქალაქეზე, მით უმეტეს, როცა კომპლექსურად ვუდგები მას, როგორც გენიოს პოეტსა და საბჭოთა ტოტალიტარიზმის მხურვალე გარსში გამოვლილ (თუ ბოლომდე ვერ გამოვლილ) პიროვნებას. ( ამ ოპუსს ერთვის დოკუმენტური მასალა - ორი ფოტო - გალაკტიონის ხელნაწერი, სადაც თვითონვე წერს ‘’განმცხადებელი გალაქტიონ ტაბიძე” და მისი ძმის წერილი ‘’ძმაო გალაქტიონ!’) 2. გალეჩაქდება მე ხომ გალაკტიონის მიმართ სიყვარულის მუდმივი მიქცევ-მოქცევის ფაზები მაქვს! არის პერიოდები, მის გარდა, არავინ არაფრად რომ არ მიმაჩნია რუსთაველის მერე, ქართულ პოეზიაში. საბედნიეროდ, ეს მუდმივად არ გრძელდება ჩემში და ნაცვლდება ფაზებით, როცა მის სახელს ვერც მიხსენებთ, ყველაფერი მეჯავრება, ყველაფერი მაღიზიანებს მისი… სხვადასხვანაირი ფაზები კიდევ მაქვს. ხან ვებრძვი და ვეფამილიარულები, ხან დავცინი კიდეც. და საბედნიეროდ, ესეც არ გრძელდება დიდხანს. საბოლოოდ, ერთიანად - ესაა ალბათ ნამდვილი სიყვარული. ან სიყვარული, როგორიც მე შემიძლია. ვენეციაში ვარ და ცოტა გაციებული. გუშინ ექვსნახევარი მილი ფეხით ვიარეთ, ვიხეტიალეთ უვიწროეს ქუჩებში, სან მარკოს მოედანზე ესპრესოც ვსვი, ორჯერ, ორ უძველეს, ულამაზეს რესტორანში, წვიმაში, რომელიც ხან თავსხმა იყო, ხან ჟინჟლავდა. ცას კი მთელი დღე მოქუფრული პირი არ გაუხსნია. გადახურულში - როიალი უკრავდა კლასიკასა და მარადიულ ჰიტად ქცეულ მელოდიებს იტალიური ფილმებიდან და კიდევ ჩელო, ვიოლინო… სადღაც, შორს დავლანდე გარმონიც. ერთი სახმელეთო მილი დაახლოებით კილომეტრნახევარია, ცოტა ნაკლები და ასე, ათ კილომეტრამდე გამოგვივიდა. გალაკტიონის სხვა ლექსზე დამეწყო ფიქრთა შემოტევა (“ხიდი რეალტო. მთის მდინარე”) და თვითონაც ვერ მივხვდი, როგორ ამეკვიატა სულ სხვა ლექსიდან (,,ზღაპარი’ ) სიტყვა “გალეჩაქდება”. ნამდვილი პერსევერაცია დამემართა გალაკტიონის ამ ჯადოსნურ ნეოლოგიზმზე და მგონი, ცოტას მივხვდი, რას ნიშნავს, რომ მდინარე და დუმილიც გალეჩაქდება ამ ლექს-ხილვაში, ლექს-ზმანებაში, სადაც ორი მემორევე ქალწული ეცხადება პოეტს. “მემორევე” - რას ნიშნავს?! ცოტა ქვემოთ შემოგთავაზებთ ჩემს ინტერპრეტაციას, მანამდე კი ვიტყვი: გალაკტიონის ამგვარ, მისეული ტექნოლოგიით შექმნილ სიმბოლისტური ესთეტიკის მქონე ზმანება-ლექსებში პოეტურ სიტყვას, სინტაგმას - თითქმის არასოდეს აქვს ერთი, ერთადერთი, სხვათა გამომრიცხველი მნიშვნელობა. მასში მნიშვნელობათა და მინიშნებათა ერთობლიობაა. დენოტაცია-კონოტაციათა არა უბრალო კონგლომერატი, რაღაც ფიზიკური ნარევი, არამედ გალაკტიონისეული ნადნობი - სრულიად ახალი ორგანული მთლიანობა. მისი პოეტური ალქიმიის კიდევ ერთი პროდუქტი, პროდუქტი, რომელიც ავტორისეულ, პოეტურ ველში ცოცხლობს და გარედან, მკითხველური შეხების, პოეტურ ტექსტში შეღწევის ცდის ყოველ ახალ ჯერზე ახლებურად წარმომიდგება და მაფიქრებინებს, აქამდე რა მჭირდა, ამას როგორ ვერ მივხვდი-მეთქი. გავა დრო და ახლა სხვა წახნაგს გამომიჩენს, სულ სხვად მეჩვენება და მაფიქრებინებს, ეს რა სულელური აზრი მომსვლია ამას წინათ იმავეზე-მეთქი. და ასე - დაუსრულებლად. მოკლედ, დიდად აუტანელი ვინმეა! ამწუთას “გალეჩაქება” რას მეუბნება იცით? წინა სტრიქონში ვხედავ მის გასაღებს. ამ ‘მოლანდება-მემორევე’ ქალწულებს ლეჩაქთა სამოსი ხომ მოსავთ, არა? ტრადიციულად, ლეჩაქი - თავსაფრად გამოსადეგი, მსუბუქი და მორჩილი ქსოვილისგან მზადდება. იგი შეიძლება იყოს გამჭვირვალე, ნახევრად გამჭვირვალე ან სრულიად გაუმჭვირვალი. იგი ქალური არქაული გარდერობის კუთვნილებაა. ძველი ფოტოებიც თუ გაგვახსენდება, ლეჩაქი თეთრი, მსუბუქი ,, ტული”-ს შიფონის და მისთ. ლბილი ქსოვილია, კიდეებში - თეთრივე ნაქარგებით, მაქმანით - ქართული ჩიხტი-კოპის თანმხლები ნაწილი. ასეთი იქნება ლეჩაქი - მის ყველაზე ამაღლებულ მდგომარეობაში, თორემ იგი ადრე ყველა ქალს მოსავდა, ვინც როგორს შესწვდებოდა, ისეთი. ამაღლებული, შორი, მით უმეტეს მამაკაცური დისტანციიდან და მით უმეტეს გალაკტიონური, პოეტურად წარმოსახული მამაკაცური დისტანციიდან და არა ყოფითიდან, სამი ცოლი და დღემდე ცნობილი სხვა სიყვარული თუ სიყვარულები რომ არ დაუკლია-( აქ - ამიტანეთ! - სარკასტული ვარ) მისი არაფლექსიბელურობა - მოუქნელობა და სიტლანქე- სიუხეშე - სრულიად გამორიცხულია, სილბო - კი ბატონო! დუმილი - აბსტრაქტული, არასაგნობრივი სიტყვაა. დუმილის გალეჩაქებით, ანუ აბსტრაქტულისთვის კიდევ უფრო უცნაური, არაკონკრეტული თვისების მიკუთვნებით, არა მისი ახლოს მოტანა, გასაგებობა, არამედ მხედველობის მკაფიო არედან “გატანა” შორს და მაღლა ატანა ხდება ანუ დუმილი ამ წარმოსახვის დროს ხდება ამაღლებული, ლეჩაქივით მორჩილი, ლბილი… მისი (დუმილის) არამკაფიო ვიზუალიზაცია მაინც შესაძლებელი ხდება. ამას ხელს უწყობს წინამძღოლი სახის მდინარის - საგნობრივად წარმოსადგენის - “გალეჩაქება”. დუმილი - მდინარის თავისებურ, აღმატებით ხარისხადაც შეიძლება გავიაზროთ იმ კონტექსტში, რომ არსებობს დროის მდინარება და მარადისობა, რომელიც დუმილის კონტექსტსაც გულისხმობს. და მასთან ერთად მაღლდება ჩვეულებრივ, საგნობრივი თვისებების მქონე მდინარე. ჩემი ფიქრით ეს - წარმოსახვათა მდინარეა, პოეტურ ფიქრთა მდინარებით რომ იქმნება. ამ აზრს ეხმარება ტექსტში მეორე სინტაგმა ,,ორი ქალწული მემორევე”. წარმოების თავისებურებით მე-მორევ-ე - საქმიანობის გამომხატველია (მაგ. მე- თევზ-ე, მე-ბორნ-ე, მე-ხამლ-ე), მაგრამ მემორევე? ასეთი პროფესია ხომ არ არსებობს? რაშია საქმე? დავუკვირდეთ აკუსტიკურად, მელოდიურად ხმოვნებისა და სონორული თანხმოვნების კომბინაციით შექმნილ ამ სიტყვას - გალაკტიონისეულ პოეტურ ნეოლოგიზმს! მასში სინთეზურად, ორკესტრირებულად “ისმის” სხვადასხვა ინსტრუმენტთა ხმები: 1. ტრადიციულ ქართული “ფიქრთა მორევმა ჩამითრია”, (შორი და ფაქიზი ალუზია ილიასი?), 2. მემორია, მემორი - ხსოვნა, ევროპულ ენებში მეხსიერების გამომხატველი სიტყვა; 3. და მორევა, (მაგ. შენზე ფიქრები მომერია, ან შენი წარმოსახვა მომერია) იქნება კიდევ რაღაცეები, მაგრამ ახლა ეს ინსტრუმენტები იცნო ყურმა. ვინ არიან “ნაბდიანი თავადები” - თავს რომ ადგანან ყოველ საღამოს ამ მემორევე ქალწულებს? რაკი ნაბადი - ძირითადად შავად წარმოიდგინება, ეს ერთი მხრით - ღამეს ხომ ნიშნავს, საღამოს უცილობლად რომ მიჰყვება, ამასთანავე ტექსტში დაუსახელებლად, კონტექსტიდან “მომუშავე” სიშავე პოეტურ ენაზე პოს და ბარათაშვილის ყორნების მერე მაინც, სწრაფ, ბედისწერულ მოვლენის სიმბოლოა. ანუ ესენი - თან აგრესიული, საბედისწერო მცველები არიან, პოეტისაგან განაშორებენ ამ მუდმივ წარმოსახულ სცენას, თან, მეორე მხრივ, თავადი - სიყვარულის კონტექსტში, როგორც მამაკაცი მეტრფე - პაოლო იაშვილის ეროტიკულ “დარიანულ დღიურებს” უნდა უკავშირდებოდეს, საერთოდ, ამ უკანასკნელის შემოტანილი შემოტანილი ჩანს ქართულ პოეზიაში. ყოველ შემთხვევაში, მე პირადად თავადის - სოციალური სტატუსის პოეტური გაეროტიულების უფრო უადრეს ნიმუშს არ ვიცნობ. (ალუზია ვეფხისტყაოსანსა და ავთანდილზე? - ამის თაობაზე ადრე სხვაგან ვწერდი) ვერ ვიტყოდი, რომ ეს, რამდენადაც ჩემთვის გალაკტიონისა და ცისფერყანწელთა მეთაურის - პაოლო იაშვილის ურთიერთობის რეალიები მეტნაკლებად ცნობილია, გალაკტიონის მიერ ინტენცირებული ანუ ცნობიერად წინასწარგამიზნული ალუზია იყოს. უფრო ქვეცნობიერის მოქმედების შედეგი მგონია. ეს თავადები - ანუ მეტრფენი რომ გალაკტიონის ლექსის ლირიკული სუბიექტისადმი ნეგატიურად განწყობილ, მომაკვდინებელ ძალას გამოხატავენ, ნათელიყოფა ლექსის ფინალით: სჩანს: სასიკვდილოდ ამ სიყვარულს არ ვენანები! აქ, ამ ლექსში სასაუბრო და საფიქრალი სხვაც ბევრია: მაგ., საღამოს მდინარის ლურჯი სარკეები, რომელსაც ჩამოშლილი თმები ნაკადულებად ეცემა, ნაკადული, ჩანჩქერი - ვარდნისას რომ დაიფანტება, ხომ ჰგავს ქალის თმებს! გამოთქმა - ტალღოვანი თმები; თანაც, ჩამოშლილი ნაწნავი ხომ მუდამ მკვეთრად ტალღოვანია მხოლოდ ამით უკავშირდება ნაკადულს, ოღონდ ცივს და წყლისფეროვანს? წარბებგადახატული//ნაკადული - მხოლოდ რითმისთვისაა თუ აღმოსავლური პოეზიისაკენ მსუბუქ ბრუნსაც შეიცავს? რატმო ამბობს მაინცა და მაინც ორი ქალწულიო, ყოფილიყო ერთი, სამი, ცხრა? მხოლოდ იმიტომ რომ ბგერწერული კავშირია (ორი - მემორევე)? და ასე შემდეგ, მოკლედ, დიდხანს არ მოგინდება ამ პოეტური თრობიდან გამოსვლა. დანარჩენზე თქვენ იფიქრეთ! გტოვებთ ამ მედალიონივით პატარა და ძვირფასი, ნატიფი ლექსი -ზმანების ველში. ისიამოვნეთ! ზღაპარი მდინარის პირად, ხეივანში, ყოველ საღამოს ორი ქალწული მემორევე ჩრდილად გახდება, ისინი ჩუმად გადიხდიან ლეჩაქთა სამოსს. თვითონ მდინარეც და დუმილიც გალეჩაქდება. ტყის პირად სხედან ნაზნი, წარბებგადახატული და თავს ადგანან თავადები ნაბდიანები. ეცემა თმები ლურჯ სარკეებს, ვით ნაკადული; სჩანს: სასიკვდილოდ ამ სიყვარულს არ ვენანები! [1919 წლის ივნისამდე] 3. ხიდი რიალტო - მთის მდინარეზე?! ცოტა ხნის წინ ერთი გალაკტიონოლოგიური ოპუსი დავდე. ვენეციაში ვარ, სხვა ლექსზე ვფიქრობდი და ეს სიტყვა - “გალეჩაქება” ამჩემდა-მეთქი. აბა, თუ გამოიცნობთ, გალაკტიონის მოყვარული და კიდევ მეტიც, მის რომელ ლექსს გაიხსენებდა, ვენეციაში მოხვდებოდა თუ არა? ან საერთოდ, რატომ გაუძლიერდებოდა ვენეციის ნახვის სურვილი? ვენეცია და მისი მთავარი ხიდი რიალტო მეცხრამეტე მეოცე საუკუნის ევროპულსა და რუსულ პოეზიაში - თემად ყალიბდება. ცხადია, თითქმის არ დარჩენილა რუსი სიმბოლისტი, რამე რომ არ დაეწერა ამის შესახებ. ბევრი იხსენებდა ბედნიერ დროს, ვენეციის ვიწრო ქუჩებში ხეტიალს, მის ნაპირებს, მის ცას, მის მთავარ მოედანს, სადაც ძველი ისტორიის უძვირფასესი ანაბეჭდებია, სან მარკოს მოედანზე ადგილებს, სადაც კლასიკური სტილის რესტორანი რესტორანზე მიჯრით მიწყობილა, ზოგი ვენეციაში დაბრუნებას და ისევ მის უძველეს, მთავარ ხიდზე, რიალტოზე დადგომას ნატრობდა, ანუ ლირიკის, სუბიექტური განცდის ზღვარს არავინ გასცდენია - ძირითადად ენატრებოდათ საკუთარი ბედნიერი თავი ვენეციაში, მის ეგზოტიკურ გარემოში და არა თვით ვენეცია- ქალაქი, როგორც არსება! https://marinagra.livejournal.com/93276.html გალაკტიონი კი, ცნობილია, რომ საფრანგეთის მოკლე საბჭოური ვიზიტის გარდა, საბჭოთა ქვეყნის გარეთ, უცხოეთში მეტი არსად ყოფილა. ის წიგნებიდან მიღებული ინფორმაციით ინსპირირებული - წარმოსახვებით, ზმანებებითა და ოცნებით დაედევნებოდა ხოლმე სანატრელ არსებებსა და ალაგებს. ლოგიკურად მოსალოდნელი იქნებოდა, რომ იგი რუსი ავტორების პოეზიით, როგორც წყაროთი ისარგებლებდა, მაგრამ ასე არ არის. მისით ინსპირირებულიც კი არ ჩანს, მდინარის სახელწოდების - ამ ერთი სიტყვის გარდა, არ ჩანს, ან სახეობრივად, ან თემატურ, კონცეპტუალურად და აშ. რაიმე. პირველწყაროდ იღებდეს. რეალურად ხიდი რიალტო - არაა დიდი. საუკუნეთა მანძილზე სამ ჯერ აშენდა ამ ადგილას. გადმოცემებით ცნობილია, რომ ვენეცია, სადაც ყოველ ოც-ოცდაათ მეტრში ასობით სხვა ხიდია, სწორედ მისი აგებით იწყება ანუ ყველაფერი, რასაც დღეს აქ ვხედავთ, პირვანდელი, ხის რიალტოს მიდამოების მერეა აშენებული. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ რომელიმე მნიშვნელოვანი ადგილი დედამიწაზე, ოფიციალური ისტორიის გარდა, რაიმე ხალხური გადმოცემის, ლეგენდარულ-მითოსური საბურველიც რომ არ ჰქონდეს შემოხვეული? რომი, მაგალითად, ძუ მგლის რძით გამოკვებული ბიჭების დაარსებულია და მერე ბატების აყიყინებით გადარჩენილი თავდამსხმელი მტრისგან, თბილისთან დაკავშირებული ლეგენდა მუხრანის ლექსის ცნობილი რითმით გავიხსენოთ - ხოხობია// ხო ყოფილა. რიალტოს შესახებ ყველაზე ცნობილი ორი ლეგენდიდან ერთი - აშკარად ბიბლიური წარმოშობისა უნდა იყოს, მე ლექსიც ხომ მაქვს ამ თემაზე,იფთახის ამბავზე , სათაურით ‘’გალაადელი’ გაგახსენებთ: მეომარი მამა ღმერთს რომ სთხოვს ოღონდ ეს ომი მომაგებინე და შინ გამარჯვებით დამაბრუნე და ვინც პირველი შემომეგებება, იმას შემოგწირავო და საკუთარი ერთადერთი ქალიშვილი რომ შეეგებება ცეკვით. იამაყეთ ქართველებო, გადავრიე გუშინ ჩემი ბიბლიური განსწავლულობით ჩვენი აქაური, ახალგაზრდა გიდი, პირდაღებული მისმენდა, ეს ამბავი პირველად - თქვენგან გავიგეო და არც ინგლისური იცოდა სასურველ დონემდე, მეტიც, ძალიან რომ შევაწუხე კითხვებით, ცოტა მეტად რომ დავახლოვდით, გამოგვიტყდა, აქ გიდი - საერთოდ, დედაჩემია, დღეს ექიმთან იყო წასასვლელი და მე შევენაცვლე; ბავშვობაში სულ თან დავყვებოდი, ტურისტებს ერთსა და იმავეს როცა უხსნიდა და რასაც ამბობს, ტექსტი ზეპირად დამახსომდაო, რაც გაინტერესებთ, თქვენ ყველაფერი ჩამაწერინეთ, შევეკითხები, სასტუმროში დაგირეკავთ და გეტყვითო. ბოლოს კარგი ‘’ტიპიც’ კი მივეცით, იქვე გადათვალა, გაუხარდა და მადლობაც გადაგვიხადა, მაგრამ რასაკვირველია არ დაურეკავს. (აქ - გაიცინეთ!) *** გვეყო რეალობა და დავუბრუნდეთ რიალტოს! ერთი ლეგენდის თანახმად, რიალტოს პირველმა ამშენებელმა ეშმაკთან კონტრაქტი დადო, ოღონდ დამეხმარე და აშენებულ ხიდზე ვინც პირველი გამოივლის, შემოგწირავო. როგორ ფიქრობთ, მშენებლის ნავარაუდევი კატის ან ძაღლის მაგივრად, ვინ გამოივლიდა პირველი, სრულიად მოულოდნელად? საკუთარი, ერთადერთი ქალიშვილი, არა? სწორად გამოიცანით! მაგრამ ჩვენ, გალაკტიონზე მოფიქრალებს რამეს გვაძლევს ეს თავისთავად საინტერესო ლეგენდა? ბევრს არაფერს, გარდა იმისა, რომ ხიდის ლეგენდარული ისტორია ქალწულის მოულოდნელ სიკვდილს უკავშირდება. საყვარელი ქალწული - მოულოდნელ მსხვერპლად - თავისთავად უკვე საინტერესოა რომანტიკული ან სიმბოლისტური თემატიკის კუთხით, თუმცა რუსულ პოეზიას უშუალოდ ეს ლეგენდა არ დაუმუშავებია და არც გალაკტიონს … მაგრამ არსებობს მეორე ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, ხიდი რიალტო აგებულია იმ ადგილას, სადაც ვენეციის პირველი მმართველის, დოჯის ანჯელო პარტესიპაციოს ერთადერთი ქალიშვილი ესტრელა შეეწირა ხიდის აგებას, როცა მეცხრე საუკუნეში, მდინარეზე მოსეირნე მის ნავს შემთხვევით ჭურვის ნატეხი მოხვდა. ხვრელი წყლით აივსო და ჩაიძირა. ხოლო დაღუპულ ერთადერთ ქალიშვილზე მგლოვიარე მამამ მის სახსოვრად, იმ ადგილას ხიდი რიალტო ააგო. მე მეჩვენება, რომ გალაკტიონი ვაკეზე მდებარე თავისთავად არცთუ მაღალ, დახურულ ხიდ რიალტოს, წარმოსახვით მთის მდინარეს - კონცეფციის გამო უკავშირებს, სათაურშივე, ასე ვთქვათ, მისი წყლის ვარდნას მთისმდინარულად აჩქარებს, მაგრამ მერე თვითონ ლექსი თითქოს არისტოკრატული სიმშვიდით მიედინება. აღწერილია რა ,, გრან კანალის” - არხის ზღვაში ჩადინების ალაგი, დოჯის სასახლის სამეფო დიდებულება, რომლის ანაბეჭდები - არტეფაქტები დღემდე კარგადაა შემონახული. არხი აქ მართლაც მშვიდად ჩაედინება ზღვაში, გალაკტიონის ლექსში კი უეცრად, არა სურათში გადმოცემული მომთენთავი ხილვის, არამედ სულ სხვა რაღაცის გამო ხიდი ინგრევა, ეს შეიძლება ისეც გავიგოთ, რომ რეალობასა და წარმოსახვას შორის კომუნიკაცია ფატალურად წყდება. სავარაუდოდ, გალაკტიონი რაღაც ილუსტრაციას, ფოტოს ან ნახატ სურათს მისდევს, ხედი სწორედ ზღვის მხრიდანაა აღქმული, რადგან ლექსში მინიშნებულია ლოკაცია ,,მარჯვნივ” ( “მარჯვნივ, ჰაერში სასახლის კალთა დაიფარება ლალების ძგერით ) დოჯის ცნობილი, თუმცა რიალტოს მერე გაცილებით გვიან აგებული სასახლე კი ‘მარჯვნივ’ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ არა არხის, არამედ უკვე მისი ზღვაში ჩადინების მხრიდან - ქვემოდან შევხედავთ. და სავარაუდო სურათს ( ფოტოს? ნახატს? რაიმე საფოსტო ბარათს?) გალაკტიონი აცოცხლებს ხილვის წყალობით, - მხოლოდ გალაკტიონისეული ხერხით, სიმბოლისტური ესთეტიკის ენაზე “თარგმნის” ლექსად. ანალოგიური შემთხვევები, რაიმე ბეჭდური ვიზუალური მასალის - ილუსტრაციის სიმბოლისტური გაცოცხლებისა - მცირე როდია მის შემოქმედებაში. მაინც, რატომ დასჭირდა გალაკტიონს “გრან კანალის” - მდორე არხის ნაცვლად მთის მდინარე? აქ კონცეპტუალური ამბავია. ხიდის დანგრევის მიზეზად იგი ”სიმაღლის შიშს” ასახელებს. გავიხსენოთ იგივე კონცეფცია სხვა, უფრო ადრინდელი ლექსიდან: მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალია, მარად და მარად ტყდება ჩინარი. წაიკითხეთ ამ ინტერპრეტაციულ კონტექსტში ლექსი და თუ გინდათ, სულ ნუ გაიზიარებთ მას, უბრალოდ, ისიამოვნეთ! გ. ტაბიძე ხიდი რიალტო მთის მდინარეზე მან გადალანდა წყალში საყურე, ლურჯი ზღვა იგრძნობს ტანს ზამბახეულს და ეხლა სამი მოსამსახურე შეუმშრალებენ ნებიერ სხეულს. მეოთხე მხევალს მიმოაქვს ფრთხილად სურნელებებით სავსე ფეშხუმი, და ეხვევიან ფეხებს დაღლილად თმების სინელე და აბრეშუმი. მარჯვნივ, ჰაერში სასახლის კალთა დაიფარება ლალების ძგერით და აბინდდება ხიდი „რიალტო“, მოჯადოებულ სარკეში ცქერით. სიმაღლის შიშით ხიდი დანებდა მას, რასაც ჰქვია ბედი, ზმანება, რაც მას მოწყვეტით დააქანებდა და სწრაფი იყო ეს დაქანება. ის შეშლილივით დაეცა ქალთან, როცა ლანდებით მოვიდა მთვარე და კვლავ ამაღლდა ხიდი „რიალტო“, და ძილს მიეცა ისევ მდინარე. [1927 წლამდე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი