მწარე ნაწერი (მინი ესსე ლია სტურუაზე)
#ზარდახშა ნინო დარბაისელი მწარე ნაწერი გემოვნებაზე არ დაობენ, რადგან მასზე უსასრულოდ შეიძლება დავაო, უთქვამთ. მე ვერ ვამტყუნებ იმ ადამიანებს, რომლებიც მაგალითად, ლია სტურუას ლექსს ფეისზე წაიკითხავენ და კომენტარში წერენ, მე არ მესმის, ვერაფერი გავიგეო. აბა როგორ! ვერც უნდა გაიგონ! უნდა გავიგო მე და რამდენიმე ჩემმა საყვარელმა ადამიანმა, რადგან ლექსის შესწავლას ვუძღვენით ცხოვრება (საკუთარ თავზე ვიტყოდი, …და კიდევ არ ვიცი ბოლომდე) ჯერ ისედაც დაუფასებელია ჩვენი გარჯა და ხომ გულიც გამისკდებოდა, ვინმე არაპროფესიონალმა რომ თქვას ლია სტურუას ლექსზე, წავიკითხე ერთხელ და ყველაფერი მაშინვე, ეგრევე გავიგეო. ხომ გამოვიდოდა, რომ ფუჭად გამილევია ცხოვრება პროფესიის დაუფლებაში. მწარე ნაწერია. ეს დასაწყისიდანვე პოსტმოდერნისტული ირონიით გაჯერებული ლექსი არის ერთი გაშლილი ყოფით ფრაზა - ტრივიალური მეტაფორა. ხომ ვამბობთ ვინმეზე, “პოეზიით ან ლიტერატურით საზრდოობსო?! საზრდოობის ყოფითი სინონიმი ხომ არის ჭამა, არა? ამას პლიუს თანამედროვე ეპოქა, კუჭის გზით მიმავალი. გაშარჟებულია მენიუ - რესტორნებისა თუ “გაჯეტებისა”, თითქოს ცდილობს თანამედროვეებს მათთვის გასაგებ ენაზე ,, მიართვას” სათქმელი. ამას უკვე შუა ნაწილიდან საკმაზივით ნელა ერევა, მოსდევს სტურუას საკუთრივი მეტაფორული ხედვა - სადაფის ღილების ამბავი და მსუბუქ წამლებზე გაზრდილი ქარი ფინალში - თავად ხსნის მეტაფორას, სადაც ბიბლიოთეკა შემოაქვს, ვიდრე მივიდოდეს ფინალურ, ტრაგიკულ ფრაზამდე ,, ყველას ბულდოზერით გადაგვიარეს” ანუ იწყებს პოსტმოდერნისტული თამაშით, რანაირად ავითარებს ასე, უცებ ვერ ვხვდები, მგონი საფეხურებრივად, “გვიტყუებს” და ამთავრებს მოდერნისტული სასოწარკვეთით. მე მაგალითად, შემძრა. ჩემი ფიქრით - მასტერკლასია. თქვენი საქმისა კი, თქვენ იცით. * * * მომიტანეთ ერთი პორცია გალაკტიონი, მდუღარე გოგლა ლეონიძე და ყავაში შაქარივით ჩაყრილი ბესიკი! პირველი კერძი წყალ-წყალა პოეტებისგან შედგება და არ მინდა. სერვიზი ლურჯი უნდა იყოს, ვილაპარაკოთ, მხოლოდ, ქართულად! არა, მე გიჟი არ ვარ, მაგრამ რესტორნის ქვაბებში მოხარშული ამდენი ბიბლიოთეკიდან ხომ მეკუთვნის ცოტა პოეზია! გახსოვთ, კიდევ, ვარაზისხევში ქარხანა იყო, სადაც მოუხელთებელი ნისლისგან სადაფის ღილებს აკეთებდნენ, ზემელზე ქარბორბალა კი არ ტრიალებდა, აფთიაქიდან გამოსული მსუბუქ წამლებზე გაზრდილი ქარი ჭადრებთან ერთად დადიოდა რუსთაველზე, მე კი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ვიჯექი და ვკითხულობდი იმ პოეტებს, ზემოთ რომ ვახსენე და სულყველას ბულდოზერით გადაგვიარეს. ლია სტურუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი