ნიჭი - ჯილდო თუ სასჯელი?


#დილაუზმოს_ფიქრებიდან

ნდს
 ნიჭი - ჯილდო თუ სასჯელი?

უნიჭოებისგან, ,,ახურუშებულებისგან”  პოეზია უნდა განთავისუფლდესო, რაღაც ამისმაგვარი პოსტი შემხვდა კიდევ ერთხელ. ეს - კომენტარად დავუტოვე:

ნინო დარბაისელი

ამ პოსტის დამწერიცა და მისი დამკომენტარებლებიც,  არდამკომენტარებელი წამკითხველიებიც -  (მათ შორის - მეც! ) ცალ-ცალკე ფიქრობენ:
ნიჭიერი - ეს მე ვარ, ხოლო უნიჭონი - დანარჩენები …
  ნიჭიერების დოზა და საზღვრები - რელატიურია.
ნიჭი კი - არის  არა ჩვენი პიროვნული დამსახურება,  ანდა ჯილდო, არამედ ვალი, ვალდებულება,  დაბადებითვე ღვთივ დაკისრებული,  სატარებლად მძიმე, გნებავთ, სასჯელი! 
 შრომისმოყვარეობა - ნიჭიერებას თუ დაემეტოქა - სჯობნის კიდეც. 
უსაზღვრო ნიჭიერება და  ასევე უსაზღვრო შრომისმოყვარეობა - პოეზიაში კი შობს გენიოსს, მაგრამ ერთად იშვიათად ეძლევა ადამიანს. ასეთი ერთი, ერთადერთი  გვყავდა წინა საუკუნეში   - გალაკტიონი. 
    მის იმედად ხომ ვერ დარჩება პოეზია, არა?
   ხომ ვერ მოკვდება ხელოვნების ეს დარგი  - იმაში დარწმუნებით, რომ გალაკტიონის სიმაღლეს კარგა ხანს მაინც ვერავინ ასწვდება. 
წერაა საჭირო და აუცილებელი! - 
თუნდაც პოეტური ატმოსფეროს შენარჩუნებისათვის.
   ბეთჰოვენი  - მუსიკაში  აუწვდენელი სიმაღლეა და აღარავის უნდა შეექმნა რამე მას მერე?
    ან ქანდაკების ისტორია - მიქელანჯელოს დავითთან უნდა შეწყვეტილიყო?
იქნებ სახვითი ხელოვნება უნდა დამთავრებულიყო მონა ლიზასთან?
ან არქიტექტურა  - ტაჯ მაჰალთან ან სხვა უამრავ დიად ძეგლთან?
     ისევ უმჯობესი მგონია, “ახურუშებულებმაც” და აუხურუშებლებმაც - ლექსები წერონ, ყველაზე უსაფრთხო საქმიანობა მაინც  ესაა. 
   მინიმუმ, ქართულ ენაზე ხომ უწევთ წერა, არა?
    წარმოიდგინეთ, ყველა უნიჭომ რომ ერთ დღეს გადაწყვიტოს, რატომ უნდა ვწერო ეს უნიჭობები და თან ფულიც ვიხადო გავრცელებაში, წიგნად გამოცემაში, პრეზენტაციაში და ასე შემდეგ, რა გამოვა?
 დაეცემა ინტერესიც პოეზიის თხზვისადმი, 
ნიჭიერებიც ( ვიმეორებ ეს რელატიურია) შეწყვეტენ ამ საქმიანობას და რამე სხვა გზას დაადგებიან.
მდუმარებაც  დაისადგურებს. 
ქართული ენა - მოკვდება…
პერპექტივის წარმოდგენაც კი მზარავს…

P.Sდიალოგი გრძელდება, ეს ჩემი პასუხია ეროტიკულობაზე

ნინო დარბაისელი:

  ეროტიკის მომძლავრება ქართულ პოეზიაში - ქალურსა თუ ვაჟურში, ასე ვთქვათ, დროის, (თუმცა ნაგვიანევი) ნიშანია.
გუსტავ კლიმტს აქვს ნათქვამი
,,ხელოვნება - ეროტიკააო!”
  სამოცდაათი წლის მანძილზე პოეზიისთვის  ხელოვნური - ცენზურული საზღვრების დაწესებამ, ასევე  იმ გარემოებამ, რომ გენიოსმა - გალაკტიონმა  (განსხვავებით ცისფერყანწელებისაგან) , ფიზიკურობისა და ვნებისაგან  საერთოდ დაცალა ქალის სახება,   ამას პლიუს ტრადიციული  ტაბუებიც, …
და შედეგად  მივიღეთ  ესთეტიკა, რომელიც ეროტიკის  ლამის სრულ რედუცირებას იწვევდა. 
       პოსტსაბჭოურ პერიოდში ერთი მხრით, ტრადიციის  ჩაბეტონებულ ნორმათაგან   აუცილებელი დაძლევისაკენ სწრაფვამ, მეორე მხრით   - უცხოურ პოეტურ კულტურასთან  ხელახალმა დაახლოებამ გამოიწვია თანამედროვე ქართული პოეზიის  “ეროტიზაცია”.
     მე - რამდენადაც  საერთო  ლიტერატურულ პოეტურ პანორამას ვხედავ, ვერ ვიტყოდი, რომ ამ მხრივ გოლიათური ნაბიჯები გადაიდგა, რომ ქართული - ზოგადკულტურილ დონეს დასწეოდა. 
  უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე ქართული ეროტიკა მაინც მოკრძალებულია და უფრო უხამსობაზე, ეპატაჟზეა ორიენტირებული, ვიდრე მშვენიერებაზე.
  ეს ბუნებრივია, რაკი პროცესები მაინც სპონტანურად მიმდინარეობს,  ქართული პოეზია  ,,გადამლაშებებს” ვერ ასცდებოდა, 
    მჯერა, თუ ქართულ პოეტურ კულტურას მომავალი  უწერია, დღევანდელი მაჭარი  დადუღდება, სიმღვრიე - დაწდება და შედეგად იმგვარ ეროტიკას მოიტანს,  ერთდროულად მსოფლიო პოეტურ კულტურასა და ქართულ პოეზიას რომ ეკადრება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი