დენდიზმი, ბოჰემა და ბოჰო/ბოგო


#ლიტმცოდნეობითი_ოპუსები
ნდს

დენდიზმი, ბოჰემა და ბოჰო/ბოგო

ვთქვათ მარტივად, დენდიზმს საფუძვლად დახვეწილობა, არისტოკრატული, მოგვიანებით - მაღალ ბურჟუაზიული სინატიფე უდევს.
მისი  ერთ- ერთი უმაღლესი გამოხატულება მხატვრულ ლიტერატურაში არის ოსკარ უაილდის “დორიან გრეის პორტრეტი” და შეიძლებოდა მის აპოლოგიადაც კი  მიგვეჩნია, რომ არა ერთი,  უმთავრესი, ღერძული კონცეპტი ამ ნაწარმოებისა,  რომელიც შეიძლება   გადმოიცეს ფორმულით - “დენდიზმი - დამღუპველია!”
   რაკი  დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქმნილება ყველამ კარგად იცით, აღარ მოვცდები ტექსტიდან შესაბამის ადგილთა მოხმობაზე.
    რაკი საზოგადოებას არ შეუძლია,  მუდმივად, ფარულად თუ ღიად არ ვითარდებოდეს, თუმცა ეს განვითარება ყოველთვის წინსვლას როდი ნიშნავს,  დგება კითხვა - რა უნდა დაპირისპირებოდა   უკიდურესად განვითარებულ  ფრანგულ დენდიზმს, როგორც უმაღლეს არისტოკრატულ და მაღალბურჟუაზიულ დახვეწილობას?  თან იმ კონტექსტში, რომ არა მხოლოდ არისტოკრატია, არამედ  მისი მბაძავი, თან  მასთან დაპირისპირებული  ბურჟუაზიაც  კულტურულ კრიზისში  იმყოფებოდა?
   მეცხრამეტე საუკუნის ასე,  შუიდან, მათი ახალი თაობის არტისტული  ნაწილი უარს ამბობს სოციალური სტატუსის გამო,  წინასწარ დაგეგმილ მომავალზე და ტოვებს მაღალ  წრეს, გადის ქუჩაში, იცვამს, როგორც დაბალი კლასის წარმომადგენელი და ხდება ბოჰემა. 
      ეს  - პარიზული ბოჰემაა, რომელიც ბოჰემიელ ბოშათა - იმ ნაკადის სახელს ირქმევს, პარიზს რომ ნაკადებად ემატებოდა და ემატებოდა მეცხრამეტე საუკუნის განსაკუთრებით დასაწყისიდან.  
     ბოშა ემიგრანტი საცხოვრისად იაფიან ბინებს ქირაობს, მაგალითად,  მაშინდელი პარიზის ლათინურ კვარტალში და მისთ. იბრძვის სოციალური დამკვიდრებისთვის. ანუ კონფორმისტული სწრაფვები აქვს
    მასში შერეული მაღალი,   პრინციპულად ნონკონფორმისტი ფენა კი    იმ დროისთვის ახალი, პარიზული ბოჰემაა.
 და მისი ერთ- ერთი ძირითადი ნიშანია სწორედ ეს - ნებაყოფლობითი ნონკონფორმიზმი. 

***

  როგორც ზემოთ ვახსენე, პარიზული, კულტურული ბოჰემის  გაჩენამდე, პარიზშივე  უკვე არსებობდა ,,იძულებითი ბოჰემა” -  მოსახლეობის  ემიგრანტული, დაბალი ფენა - ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე,  უსახლკარო, უსახსრო  ადამიანებისა, რომელთაც  იქ ჩააღწიეს უკეთესი ბედის ძიებაში. 
   როგორც წესი, ისინი  ნებაყოფილობითებისაგან განსხვავებით, ფრანგულად ძალიან ცუდად ლაპარაკობდნენ და კონფორმისტები იყვნენ. 

***
     ადამიანი შეიძლება იყოს დენდი და  ნებაყოფლობით გახდეს  ნონკონფორმისტი ბოჰემა;ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ბოჰემა გახდეს დენდი, (თუმცა რაღაც მსგავსი ფემინური შემთხვევები შეიძლება დაიძებნოს მხატვრულ ლიტერატურაშიც), მაგრამ წარმოუდგენელია,  ერთი და იგივე ადამიანი ერთდროულად იყოს  ნამდვილი დენდიც და ბოჰემაც.  ანუ რაც ცისფერყანწელებმა ინდომეს. 
ქართულ სინამდვილეში რაკი ეს ორივე მოვლენა  კულტურული “იმპორტის” შედეგად შემოვიდა, ერთმანეთში ირეოდა, როგორც ბევრი სხვა რამ.
რიტორიკას თუ მოვიხმობთ, შეიძლებოდა ვეთქვა, რომ ისინი ზედმეტად  ღონიერი ოჯახებიდან იყვნენ, რომ ქცეულიყვნენ ბოჰემად და  მეორე მხრით, ზედმეტად ხელმოკლენი იყვნენ, რომ დენდობის სტანდარტს აწვდომოდნენ 
   არც მაშინდელი ქართული გარემო, საზოგადოება  იყო  მათი დენდობისა ან ბოჰემობისთვის  მზად, ასე, ეპატაჟისთვის-ღა იყო ღია, სწორედ   ამ თავისი არა-მზაობის წყალობით.
    
 ამ კონტექსტში, ვფიქრობ, უფრო  გასაგებია პაოლო იაშვილის გულისტკივილიანი შედარება ფრანგი და ქართველი მათხოვრისა;  ფრანგულის განდიდება და ქართველი მათხოვრის მდაბიოობის ხაზგასმს, ასევე, მათხოვრობის თემისადმი მიძღვნილი მისი პროზაული ქმნილება ,,ფერადი ბუშტები”. 
       აქ ვფიქრობ, აუცილებლად წამოიჭრება კითხვა: საერთოდ, არსებობდა  თუ არა თბილისური ბოჰემა? 
     მაგალითად ,, ქიმერიონი” წარმოადგენდა თუ არა, თბილისური ბოჰემის თავშეყრის ადგილს? 
     ვთქვათ გარკვევით - ეს  არ ყოფილა არც ნამდვილი პარიზული და არც იძულებითი ბოჰემის ადგილი. 
   უფრო მართლები ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ იგი   იყო ორგანიზებული სივრცე და კონფორმისტულად,  ერთიანად ბაძავდა  მეცხრამეტე საუკუნის დენდურსა და  მის ბაზაზე გაჩენილ ბოჰემურ  ცხოვრებას,  ზოგადად, მეოცე საუკუნის დასაწყისის პარიზული  კულტურული გამოცდილების ფასადს.   რის სიმბოლოდაც  პირადად მე  მესახება მუდმივი მიხაკი  - ტიციანის პიჯაკის ჯიბეში. 
    არსებობს შესანიშნავი წიგნი  იოსებ გრიშაშვილისა  ,,ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა” - მე ვფიქრობ, რომ რაკი ქართულ სინამდვილეში სიტყვა ბოჰემა დიდად გავრცელდა და  მოერგო ხელმოკლეობით გამორჩეულ,  დაბალი კულტურულ ფენას, რომელიც  ნონკონფორმისტი არ იყო, თუმცა, რამდენად  კონფორმისტული, ემივრანტული, ძნელი საგქმელია, იგი  უფრო  - იძულებით ბოჰემას ეხება.
ფიროსმანი - ამ უკანასკნელის მაგალითია. 
   ამდენად,  ქართული  ბოჰემა, თუ არ ჩავთვლით იძულებითი ბოჰემის ფიროსმანისეულ   და მისთ, მაგალითს,  არ ყოფილა ნონკონფორმისტული და მხოლოდ  ფრანგულ ორიგინალთან მიმართებაში მნიშვნელობს, როგორც მისი შორეული ვარიაცია. 
რას ვიტყოდით ტერენტი გრანელის მაგალითზე?!
 გამოკვეთით - ვერც ვერაფერს. მისი ბიოგრაფიის ცოდნა უფრო  მისი ფსიქოტიპის
გათვალისწინებისკენ მიბიძგებს. აქ არეულია იძულებითი ბოჰემისა და მენტალური პრობლემების ნაკადები.   ხან იყო კაცი სახელმწიფო სამსახურში, ხანაც არა! იგი კარგი პოეტია, თუმცა არაბოჰემური თემატიკისა (აქ, როგორც იტყვიან, გამონაკლისები, მაგ.  - შალვა დადიანისადმი ლექსი  - წესს ადასტურებ).
    ცხადია, მხოლოდ სანაგვეზე ძილი  კულტურულ ბოჰემად ვერ აქცევს ადამიანს, მის მინამსგავსად  - კი.
  .
    პარიზული ნონკონფორმისტული მოძრაობა გამძლე აღმოჩნდა. ბევრგან წამიკითხავს, რომ ჰიპური ტიპის მოვლენათა  წინაპრადაც იგი მიიჩნევა.
  ბოჰო ან ბოგო - ეს ახალი,  ნონკონფორმისტული,  სლენგურად შემოკლებული, პოპულარული  ტერმინი, ასერიგად გავრცელებული დასავლურ კულტურაში  ეტიმოლოგიურად სწორედ ფრანგული ბოჰემიდან მოდის. 
    .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი