ლიტმცოდნეობითი ოპუსები შიგ ორი თარგმანით ჟურნალ ,,მწვანეყვავილადან”
ნინო დარბაისელის ლიტმცოდნეობითი ოპუსები , შიგ - ორი თარგმანით ჟურნალ ,, მწვანეყვავილადან” 1.ინგლისური პოეტური პაექრობის ისტორიიდან ჩვენს წინაშეა ორი ლიტერატურული ლექსი - ერთ თემაზე და ეს შემთხვევითი როდია. ოზიმანდიასი - ბერძნული სახელია ეგვიპტელი ფარაონის რამზეს მეორე დიდისა. იგი იყო სახელგანთქმული, როგორც მშენებელი და მეომარი. პერსი ბიში შელის ამ ცნობილი ლექსის მერე სახელმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა და პოლიტიკური ლექსიკონის კუთვნილებაც გახდა. დღეს ნიშნავს ადრე სახელგანთქმულ, ძლიერ პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც აწმყოში აღარ მოიხსენიება, მივიწყებულია. ადრე ვისაუბრეთ ლიტერატურული პოეტური პაექრობის უძველესი ტრადიციის შესახებ, რომლის კვალსაც ა. გომართელმა მიაკვლია მეცხრამეტე საუკუნის პოეზიაში, აკაკისა და ილიას ქმნილებათა ქრონოლოგიურ-თემატური შეჯერების შედეგად. (უნდა ვაღიარო, რომ ეს ყველაფერი მსმენია, მსმენია მაღალი შეფასებანიც იმ გამოკვლევისა, თუმცა პირადად ტექსტზე თვალი არ დამიდგამს, იქნებ იმიტომაც, რომ ელექტრონული ვერსია ვერ ვიშოვე და იქნებ არც არსებობს) ძველებს ეხსომებათ ასევე დასაწყისი ფილმისა “დავით გურამიშვილი” სადაც ამგვარი პოეტური პაექრობის ნიმუში გვაქვს დასაწყისში და ჩემთვის არაა ცნობილი, ,, დავითიანშივე” თქმული ამ სიტყვების გარდა, სხვა რა წყარო დაედო ფილმის დასაწყის ეპიზოდს საფუძვლად: „ჯავახიშვილს შემაჯიბრეს მელექსესა ჩემებრ ავსა“ ზემოთ პაექრობის კონტექსტში უკვე ორჯერ ვახსენე სიტყვა ,,ლიტერატურული” და ეს შემთხვევითი როდია. ჩვენ ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში დღემდე გვაქვს მდიდარი შაირობა- ლექსაობა- კაფიობის იმპროვიზაციული, მახვილგონივრული თუ ენამახვილური ლექსითი პაექრობის მდიდარი გამოცდილება. მაგრამ ის სხვა სფეროს ეკუთვნის. ადრე, სულ ადრე შევეხეთ გოეთესა და შილერის ცნობილ პოეტურ პაექრობას და ვთქვით, რომ თემა ასეთი აიღეს ,, ხელთათმანი”, ჰქონდათ ასევე რაღაც ფაბულური მონახაზი. მაღალი წრის ქალზე დედოფალზე(?) შეყვარებულია პოეტი, მისი თვალის საამებლად და გულის მოსაპოვებლად იგი გადის არენაზე , ბრძოლას იგებს და გადამწყვეტ მომენტში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გადააგდებს თუ არა არენისკენ სატრფო ხელთათმანს. პოეტი არ აიღებს გადაგდებულ ხელთათმანს, მიხვდება, რომ დაუნდობლად მოტყუვდა სიყვარულში, ტოვებს არენას და იკარგება.. მაპატიეთ, ზეპირად კარგად აღარ მახსოვს. მახსოვს, რომ ამ ამბის ალუზიებზე დაყრდნობითაა დაწერილი გალაკტიონის აუზისაგან (ოღონდ არენა აქ აუზითაა ჩანაცვლებული). აუზისაგან ჭოგრიტით მზერა, ხელთათმანი... შენ აისრულე სურვილი დიდი და დაბურულ ბაღის დარდები, ლაღი ირემი სიყვარულით ხარ დაისრული წყურვილმოკლული აუზისაგან მიემართები. შენ მოგდევს კოცნის გამძაფრება და თვითეული ძარღვი ხელების... შავი ხალი მაღალი ყელის. შენ გელის დაფნა, შენ დიადი დიდება გელის, პოეტო! არვინ არ ყოფილა ესდენ ძლეული. 1915 1817 წელს პოეტური პაექრობა გაიმართა პერსი ბიში შელისა და ჰორეს სმითს შორის. იმ დროს ეგვიპტის ამბებით ინგლისი და საფრანგეთი დიდად იყო დაინტერესებული, ფულიანებმა დაიწყეს შესყიდვა აღმოჩენილი ნივთებისა და ევროპაში გაზიდვა. ამაში ნაპოლეონის ამბების წვლილიც იყო. ლექსები გამოქვეყნდა 1819, ზოგი ისტორიკოსის ცნობით, 1818 წელს. რეალია, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ქმნილებებს, ასეთია: იმ დროს ლონდონის ნაციონალურ მუზეუმში გამოიფინა ფარაონის რამზეს მეორის ანუ ბერძნულად ოზიმანდიასის კოლოსალური ქანდაკების ცალი ფეხი და წარწერიანი ქვის ფრაგმენტი, შეძენილი ეგვიპტეში… (აქედან გასაგები ხდება “ლონდონის” გაჩენა სმითის სონეტში. დიდ ბრიტანეთში მგელზე მრავალი ლეგენდა არსებობს, გავიხსენოთ თუნდაც’’ბიოვულფის’ ამბები . ამ მხრივ გამორჩეული ცხოველია, მაგრამ ლონდონის სახელთან მიბმული ეს ლეგენდები უფრო გვიან, ჰოლივუდური ფილმების წყალობით აქტუალისებული უნდა იყოს. შეიძლება , მგლის ამბის მაშინდელი სამყაროს თავისებურ კულტურულ ცენტრთან - მსოფლიოს ერთ- ერთ უძველეს ქალაქთან - ლონდონთან- რომის იმპერიის ნაწილთან დაკავშირება, ლონდონის ქალაქ რომთან შედარებითაც იყოს გამოწვეული. აქ მეტს ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება შელის. იგი საერთოდ არ იყო ნამყოფი ეგვიპტეში, თუმცა არც სმითის იქ ყოფნა დასტურდება. ორივე ლექსი ამ პოეტთა ფანტაზიის ნაყოფია. პაექრობაში გაიმარჯვა შელიმ, თუმცა დიდად არც მეორე ლექსი დაიწუნებოდა, ტექნიკურად იქნებ უკეთესიც კი იყო. ჩემი ფიქრით, აქ გადამწყვეტი აღმოჩნდა განზოგადება, რომელიც შელის ლექსის ბოლოში გვაქვს. სმითმაც სცადა ფინალში განზოგადებისმაგვარი, მაგრამ უცნობი რასის უკვალოდ გაქრობის იქით ვერ წავიდა. გვაქვს თუ არა პოეტური პაექრობის რაიმე მაგალითი მეოცე საუკუნის პოეზიაში? მჯერა, აუცილებლად აღმოჩნდება, ვინმე ამგვარ კვლევას რომ მიზნად დაისახავდეს. პერსი ბიში შელი ოზიმანდიასი ერთხელ ანტიკურ ქვეყნად ერთი ყარიბი შემხვდა, თქვა, ვიხილეო, უსხეულო, უზარმაზარი, ქვის წყვილი ფეხი უდაბნოში და სადღაც ფეხთან, ქვიშაში ჩანდა სანახევროდ სახე საზარი. გოროზი ღიმი ნაოჭიან ტუჩებს უგრეხდა, ნაჩვევი ჩანდა, რომ დაეცა ყველგან თავზარი. კარგად ესმოდა მოქანდაკეს კაცთა ბუნება, ისე აღბეჭდა იმ ცივ ქვაზე ვნება ცხოველი, დღემდე იგრძნობა, უსიცოცხლო საგნებზეც ნება, დაუნდობელი ხელი, გული გაუძღომელი და იქ, კვარცხლბეკზე წარწერაა და გვეუბნება: “ დიადი ოზიმანდიასი. მმონებს ყოველი. ძრწოდეთ, ღმერთებო, საქმე ჩემი არს მამაცური. აღარაფერი დამჩა, ყველა გავატიალე, უბედურება დავატეხე, ვაუკაცურე, ქვიშა დავტოვე. უდაბნოა ირგვლივ ტრიალი”. 1819 ჰორეს სმითი ოზიმანდიასი ეგვიპტეში, მდუმარეა სადაც სილა, დგას ეულად ფეხი ქვისა, დიდზე-დიდი და ჩრდილს ისვრის. მაცნე არის იმ მდუმარე უდაბნოსთვის ნეტა ის რის, ან წარწერა, იმ კვარცხლბეკზე აქამდე რომ დამჩნეულა: “დიდი ოზიმანდიასი, მეფეთ-მეფე, ეს ქალაქი - საოცრება - არის მისი.” ქალაქი კი არ არსებობს, ყველაფერი დაკარგულა. ვერაფერი ირგვლივ, ვერ რა შორეული ამ ბაბილონს ვერ გაგვაცნობს, დაბუგულა. ვინ რა იცის, ალბათ მონადირეებიც უდაბნოში ჩვენებრ პასუხს დაეძებენ, სად ლონდონი თავის მდევარ მგელს შეება, ვინ გაიგოს, რას ამბობენ ეს შრეები. რა უცნობი რასა გაქრა, ძლიერ გულთა, რა სამეფო - ერთიანად განადგურდა! 2. ძლიერი ლექსი ეს - რაღააო, გაიკვირვებთ. ალბათ რაიმე ეპითეტია კარგი ლექსის მიმართ თქმულიო. არადა ერთი ლექსმცოდნეობითი ტერმინია, (a Mighty line). შექსპირის თანამედროვე დრამატურგმა, ქრისტოფერ მარლოუმ შექმნა ლექსის ეს სახეობა, თავის დრამატურგიულ ქმნილებებში გამოსაყენებლად და მის სახელს უკავშირდება., ვრცლად ასე იწოდება ,, მარლოუს ძლიერი ლექსი” და არ არის გამორიცხული, ვინმეს ამ ავტორის მიმართ გამოთქმულ ზეაღმტაც ეპითეტადაც მოეჩვენოს, არადა კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. რას წარმოადგენს იგი?! ეს - ინგლისური, ურითმო, ხუთტერფიანი იამბია (-/-/-/-/-/), წინამორბედი თეთრი ლექსისა. სახელწოდება “თეთრი ლექსი” შემდგომ ნებისმიერ, რითმით დაუბოლოებელ ლექსზე გავრცელდა, უფრო ფრანგული პოეზიის წყალობით როგორც ლექსის ისტორიის მკვლევარები ერთხმად აღნიშნავენ, შექსპირმა სწორედ თავისი თანამედროვე მარლოუსგან გადაღო ეს ხერხი და თავის ქმნილებებში კიდევ უფრო განავითარა იგი, იმდროინდელ შპიონაჟში ჩართული მარლოუს ნაადრევი სიკვდილის მერე. ერთი გარემოება, რის გამოც შექსპირის ქმნილებათა ნაწილის ავტორად ქრისტოფერ მარლოუს მიიჩნევენ ესეცაა, გარდა იმ ნიშანთა ერთობლიობისა, რომელიც ახასიათებდა ზოგადად იმ ეპოქის დრამატურგიას. ეს - რაც შეეხება ინგლისურ ლიტერატურას და ალბათ დაგებადებოდათ სრულიად ბუნებრივი კითხვა, ქართულ ლექსში თუ მოგვეძევება ანალოგიური რამ. ანუ ტრადიციული, კონვენციული საზომი, სადაც მოხსნილია რითმა. მივყვეთ ლოგიკას! ორბელიანის “მუშა ბოქულაძე” აქ არ გამოგვადგება (4/4/3) რადგან საზომი არატრადიციულია. უფრო ღრმა გენეტიკური ძირების მიგნების მოყვარულებს იქნებ “წყობილსიტყვაობის” ნიმუშებისკენ გაექცეთ ფიქრი, მაგრამ ამ ტექსტების ვიზუალურად მოჩვენებითი ,, თავისუფლება” იმითაა გამოწვეული, რომ არსობლივად, წერილობითად, ლიტერატურულად დაფიქსირებულ იმგვარ ტექსტებს წარმოადგენენ, რომელნიც სხვა სფეროს - მუსიკალურ და არა ლიტერატურულ კანონებსა და წესებს მისდევენ. ქართულში ტრადიციული, ყველაზე გავრცელებული საზომები რომელი გვაქვს? 1. სულ ადრეული - შაირი - მისი ლიტერატურული და ხალხური სახეობებით 2. ქორე- დაქტილური ლოგაედური წყობა, ე.წ. დიდ და მცირებესიკური საზომები ( 5/5/5) და (5/4/5) ივანე მაჩაბელმა სწორედ ეს მეორე მიუსადაგა შექსპირის თარგმანებს და ქართული “ძლიერი ლექსის” ნიმუში მოგვცა. თანამედროვე თავისუფალი ლექსის ერთი ძლიერი ნაკადი გენეტიკურად , შემდგომ ერთი მხრით ბარათაშვილის იმავე, ოღონდ რითმიანი ლექსის შიდა სტრუქტურასა და ინტონაციებს, მეორე მხრით კი მაჩაბელის ძლიერ ლექსს ეყრდნობა. ამას ემატება თავისუფალი გრაფიკა და ამგვარად გვაქვს ქართული თავისუფალი ლექსის გარდამავალი სახეობანი. პრაქტიკულად ტრადიციულსაზომიანი, თეთრი ლექსი, თავისუფალი გრაფიკითა და სპორადული რითმით, ასეთ ლექსს შეიძლება აქა-იქ ახასიათებდეს “რიტმული ამოვარდნები”, თვით თავისუფალი ჩანართებიც კი, მთელი სტროფოიდების სახით. სტროფოიდი - მარტივად, ეს ისეთი გრაფიკული ბლოკია, ფურცელს რომ დახედავთ, ისეთი , ,, სტროფია”, რომელიც ზომით სხვების არათანაბარია - რიტმულად დანარჩენი მონაკვეთების არათანაბარზომიერია, არაკონვენციურია, (კონვენციური სტროფის სახეობებზე ხომ ვთქვით ადრე, გეხსომებათ, რომ მათგან ჩვენს ლექსში ყველაზე გავრცელებულია ოთხტაეპედი - ოთხსტრიქონედი - კატრენი) ეს - ისეთი მონაკვეთია, რომელიც ინტერვალით კი გამოიყოფა, მაგრამ დანარჩენებს - სისტემურად არ იმეორებს. (თუმცა შეიძლება გამონაკლისთა (!) მოძიებაც) დავალება: 1. გაიხსენეთ და ჩამოწერეთ საუკეთესო ნიმუშები ქართული ,,ძლიერი ლექსისა”. 2. სცადეთ, დამოუკიდებლად შექმნათ იგი. 3 . დიალექტი და იდიოლექტი არსებობს ერთი პოეტი, დევი დედაბრიშვილი, ფეისბუქზე პოპულარული. ფსევდონიმი უნდა იყოს ეს მისი. ვინაა, არ ვიცი, არც ჩავჯდომივარ, რისთვისაც თვალი მომიკრავს, მგონი მომწონებია. ერთმა მეგობარმა მკითხა პირადში, ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ რაკი დედაბეიშვილი რაღაც ხელოვნურ ენაზე - ფშაურ- ხევსურ- თუშურ ენაზე წერს, დიალექტები რომ გაქრება, ენათმეცნიერები შეცდომაში შევლენ, მისი პოეზია დიალექტთა ჩვენებაში რომ გამოიყენონო. მე ასე ვუპასუხე. იმედი მაქვს, ბატონი თემურ გვანცელაძე გამოჩნდება და შემისწორებს თუ რამე მეშლება. ნინო დარბაისელი ვერ დაგეთანხმებით. პოეტებს აქვთ თავისი იდიოლექტები. მისი ოდიოლექტი - ასეთია და არა სხვაგვარი. თქვენს ლოგიკას რომ გავყვეთ, რა ვუყოთ, მაგალითად ველიმირ ხლებნიკოვს და მის მეგობართა ჯგუფს, რომელიც საერთოდ, “თავის ენას” ქმნიდა. პოეტის ენის, მისი იდიოლექტის გამოყენება რომელიმე დიალექტის ენათმეცნიერული შესწავლისათვის - სათუო და საფრთხილო საქმეა, წინასწარვე მარცხისთვის განწირული. ეს ენათმეცნიერებმა კარგად იციან. ცალკე გამოსაყოფია შემთხვევები, როცა რომელიმე პოეტი იმ დიალექტით არის დამკვიდრებული ლიტერატურაში, რომელსაც მიეკუთვნება (გავიხსენოთ ვაჟა და აკაკის ,,ენას გიწუნებ, ფშაველო”) პოეტური ენა - თავის უკეთეს გამოვლინებაში - ეს არის ხელოვნებითად, ინდივიდუალურად დე-ფორმირებული ენა(!!!) (მარტივად - გადახვევაა ლიტ. ენიდან და ჩვეულებრივი მეტყველებიდან). ამისგან სრულიად განსხვავებით, რომელიმე დიალექტი, ვიდრე ცოცხლობს და ენა იკვებება მისით და არა დღევანდელი ტელევიზიისა და მასმედიის ცუდი ენით, როგორც ,,ფასტფუდით”, - ენის მასაზრდოებელი წყაროა. ანუ ამ გაგებით შეიძლება ითქვას, რომ სალიტერატურო ენის მიმართ დიალექტი - პირველეულია, პოეტური ენა კი - მეორეული, თუმცა ბედნიერ შემთხვევებში საუკეთესო. აქ მინდა დავაზუსტო ერთი მომენტიც. ინგლისურ ენას აქვს ბევრი დიალექტი, რომელიც სალიტერატურო ენის ნიადაგზე შეიქმნა, ანუ მეორეულია . მაგალითად აშშ- ში, ბენგალიაში, სხვაგან და სხვაგან, დაპყრობითი ომების შედეგად. რაკი ეს ომები ადრე საუკუნეებში მიმდინარეობდა, ასეთ ენებში სხვადასხვა ფენები გამოიყოფა. ზედა ფენაზე - გავლენას ახდენს გლობალიზაცია და ასევე მასმედიაში მიმდინარე პროცესები. თუმცა ეს უკვე წმინდად ენათმეცნიერების სფეროა და საკითხი ამაზე მეტად არც მესმის, არც მომეთხოვება. შევაჯამოთ: ამა თუ იმ ლიტერატურული პოეტის იდიოლექტი შეიძლება შეიცავდეს დიალექტიზმებს. ევროპული პოეზიის დარად ( მაგ. რ.ბერნსი), გამონაკლისის სახით, გვყავს თანამედროვე პოეტი/პოეტები(?) რომელნიც დიალექტზე წერენ. დავალებები: 1. მოიძიეთ თქვენი საყვარელი პოეტის შემოქმედებაში დიალექტიზმის ნიმუშები, ეცადეთ უპასუხოთ კითხვას, რა კონკრეტულ ფუნქციას ასრულებს ეს ნიმუშები მოცემული პოეტური ქმნილებაში. დაკვირვება რომ გაგიადვილდეთ, შეცვალეთ მიგნებული სიტყვა ან ფრაზა სალიტერატურო ქართულით. ასეთ შემთხვევაში, მარტივად თვალსაჩინო გახდება მათი ფუნქცია ტექსტში. 2. სცადეთ, შეთხზათ რაიმე ლექსი დიალექტიზმების გამოყენებით და დაუკვირდით, რა გამომსახველობით წარმატებას აღწევთ და სიძნელეს აწყდებით; დაუკვირდით ინტონაციას, კონტექსტს, რამდენად ორგანულად შეგიძლიათ ჩასვათ პოეტურ ტექსტში ესა თუ ის დიალექტური სიტყვა თუ ფრაზა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი