ლექსმცოდნეობითი ოპუსები - “შირის ნაღარა”, კლიფ ჰენგერი და გენერალი ფლოსტებში


ნინო დარბაისელი

“შირის ნაღარა”, კლიფ ჰენგერი და გენერალი ფლოსტებში
 
 
პატარა რომ ვიყავი… ყველანი ხომ ვიყავით პატარები, არა? მეჯავრებოდა, მრავალსერიიანი ფილმის ნაწილი ზუსტად ისეთ ადგილზე რომ წყდებოდა, ყველაზე საინტერესო რამ სადაც უნდა მომხდარიყო. რაღაცნაირად მჯერა, რომ დღემდეც ბევრს აღიზიანებს იგივე რამ.
მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს არის ცნობილი გამომსახველობითი ხერხი, რომელიც კინემატოგრაფიამ - უძველესი აღმოსავლური მწერლობიდან ისესხა, ოღონდ უკვე ინგლისურენოვანი მწერლობის გზით, ხოლო ინგლისურენოვან ლიტერატურაში, მეთვრამეტეს ბოლოსა და მეტადრე, მეცხრამეტე საუკუნეში მის ფართოდ გამოყენებას გასაქანი მისცა …. გასაქანი მისცა… ჟურნალისტიკის…. არა, არა, იმგვარი, მისთვის საბაზო კომერციული საქმიანობის ინტენსიურმა განვითარებამ, როგორიცაა პოლიგრაფიული ბიზნესი და რომლის მიმართაც დაახლოებით იგივე და კიდევ უფრო დიდი ვალი აწევს მის სინქრონულად განვითარებად ჟურნალისტიკას.
ამ ხერხს ინგლისურად ეწოდება კლიფჰენგინგი (cliffhanging), ხოლო ნაწარმოების რაიმე ფრაგმენტის, ნაწილის იმ დასასრულ მომენტს, სადაც ეპიზოდი კი არ იკვრება კომპოზიციურად, არამედ “ღია რჩება” ანუ ამბის განვითარება, თხრობა კი არ მთავრდება, არამედ “უადგილოდ” წყდება, რათა შემდგომ ნაწილში გაგრძელდეს - “კლიფ ჰენგერი” (cliffhanger) ეწოდება.
სიმარტივისთვის, გავიხსენოთ ჩვენი ყოველდღიურობიდან - რაიმე სერიული ფილმის ყურებისას მისი “დღიური პორციის” მაინცა და მაინც ყველაზე საინტერესო მომენტში რომ მთავრება.
რომ ვთქვი, ინგლისურენოვანი ლიტერატურა ამ მხრივ ძველაღმოსავლურის ტრადიციას იყენებს მეთქი, ვიგულისხმე უძველესი ჩინური ამბების კრებულები, ინდურები, ( “მაჰა ბჰარატას” წიგნების ნაწილი) და რაც მთავარია, სპარსული ლიტერატურის შედევრი ,,ათას ერთი ღამე”, რომელიც არა ერთი ვინმე ავტორის, არამედ წლებისა და საუკუნეების მანძილზე სხვადასხვათა მიერ იქმნებოდა, გროვდებოდა და სიუჟეტურად შემკრავი ფრეიმი, ანუ ჩარჩო - მხოლოდ შუასაუკუნეებში გაუჩნდა. ამ ჩარჩოს შემქმნელად რამდენიმე ავტორს კი ასახელებენ, მაგრამ ზუსტად რომელი იყო, ჯერ კიდევ გასარკვევია.
***
გავიხსენოთ ფრეიმი:
შაჰრიარი რძლის ღალატით და მის მიმართ ძმის, თავადაც შაჰის ლმობიერებით უკმაყოფილოა. თვითონ - ღალატის გამო, სიცოცხლეს გამოასალმა ცოლი. იგი დაასკვნის, რომ ღალატი - ქალთა საერთო ბუნებაში დევს და ერთღამიან ცოლქმრობას სჯერდება.
შაჰრიარის ერთგულ ვაზირს ერთხელაც ეს ნარჩევი ,,საპატარძლოები” გამოელევა, ამის გამო სიკვდილით დასჯა მოელის და მამის სიცოცხლის გადასარჩენად მისი უმშვენიერესი და უჭკვიანესი ასული შაჰერეზადა შაჰთან მიდის სარეცელის გასაზიარებლად.
იგი, დილით მოსალოდნელი, უცილობელი სიკვდილისაგან თავის გადასარჩენად, ასეთ ხერხს მიმართავს - დღეში თითო ამბავს უყვება მეფეს და სწორედ იქ წყვეტს თხრობას, ანუ იყენებს “კლიფ ჰენგერის” ხერხს, სადაც ყველაზე საინტერესო მომენტია, რათა მეფე მეორე ღამესაც დაელოდოს.
ნახტომი ინგლისურენოვან გარემოში!
პოლიგრაფიული ბიზნესის განვითარებამ დააყენა საჭიროება, პროდუქცია კარგად რომ გასაღებულიყო, კლიენტები რომ მოეზიდათ, გაზეთში გაგრძელებებით ექვეყნებინათ მაგალითად, დიკენსის ქმნილებანი. ამას წინ უძღოდა ”ათას ერთი ღამის” მეტად პოპულარული თარგმანი, რომელსაც თავდაპირველად, მოკლედ. ,,ღამეები” ეწოდებოდა.
***
ახლა ქართულ სინამდვილეს დავუბრუნდეთ და გავიხსენოთ, რაიმე ანალოგიური ჩვენც ხომ არ გვქონია!
აქ, უპირველესად, მეცხრამეტე საუკუნიდან ფელეტონების, გაგრძელებების სახით ალ. ყაზბეგის ნაწარმოებების გამოქვეყნების ამბავი მიცოცხლდება თვალწინ.
გადმოგვცემენ, რომ მწერალს ასოთამწყობებმა სტამბაში მიტანილი თავის ნაწარმოების ფინალი შეაცვლევინეს, ახალი დააწერინეს. მათ, როგორც გაგრძელებების მკითხველებს - პოლიგრაფიული ბიზნესის კლიენტებს - არ მოეწონათ გმირის სიკვდილი.
ხომ არა გვაქვს კლიფ ჰენგერის ნიმუშები უფრო ძველ ქართულ ლიტერატურაში?
აქ ფრთხილად ვეფხისტყაოსნის დასახელება შეიძლებოდა. ნაწარმოები ისეა აგებული, რომ ფრეიმს ანუ ძირითად, შემკრავ სიუჟეტურ ჩარჩოს, რომელიც ცხადია, ფაბულისაგან განსხვავდება, სხვადასხვა, დაუსრულებელი ,,აქა ამბებიც” აქვს, რომელთა გაგრძელებებსაც ელოდება მკითხველი. ვეფხისტყაოსანში - დასაწყისიდან , ძირითადი ამბის განვითარების ქრონოლოგიური ხაზი არა გვაქვს. ამბავში ვერთვებით შუაწელიდან, ტარიელს წარსულში უკვე ნესტანიც და სამეფოც დაკარგული აქვს, ავთანდილი კი ჯერჯერობით, მეფესთან ერთად სანადიროდ წასული პირტიტველა ჭაბუკია.
თარგმნილი ლიტერატურა, რაოდენ მაღალი ოსტატობითაც არ უნდა იყოს შესრულებული, მაინც თარგმნილია, ორიგინალის კულტურული გარემოსა და ისტორიის კუთვნილება, მისი პროდუქტი და თუმცა შესაძლებელია, ჩვენს ლიტერატურას, მენტალობას დიდი კვალიც დაამჩნიოს თარგმნის მერე, აქ ნუ შევეხებით.
სულხან-საბას სიბრძნე- სიცრუის” წიგნი ამ თვალსაზრისით, მე საგანგებოდ არ შემისწავლია. ახლაც წიგნი თან არა მაქვს,
ამიტომ აქ ჩემს შეუმოწმებელ მოსაზრებებს დავჯერდეთ:
ერთი სიუჟეტური ფრეიმით - ,,უფლისწულის აღზრდის შესახებ მეფის სასახლის ნაზირ- ვეზირთა მსჯელობით” შეკრული ეს წიგნი “ათას ერთ ღამეს” არა მარტო - ამ - ფრეიმით შეკვრის ხერხით კი არა ჰგავს, არამედ იმითაც, რომ მასში აკუმულირებულია ანტიკური დროიდან - შექმნამდე სხვადასხვა კულტურებში ზეპირად თუ წერილობითად არსებული გონის სარგო ამბები.
თუმცა აქ ამბები ერთ მონაყოლში მთავრდება … და არც მთავრდება, შიგ დამატებით გვაქვს, ასე ვთქვათ, ქვე- ფრეიმები. იწყება ერთი ამბავი, მისი გახსენება იწვევს მთხრობელის მიერ სხვა ამბების გახსენებას და აშ. ანუ სიმარტივისთვის წარმოიდგინეთ, ერთი, რაიმე, მეტალის მრგვალი სამაჯური (ფრეიმი), ამ სამაჯურზე რომ ეკიდოს რგოლები (ქვე ფრეიმები), იმ რგოლებზე ( ქვე-ქვე ფრეიმებზე) - უფრო პატარა რგოლები, წვრილ რგოლებზე კიდევ რგოლები და ასე შემდეგ.
***
ახლა, რამ მიბიძგა ამის შესახებ კითხვისა და თქვენთვია გაზიარებისაკენ -
პაოლო იაშვილის ერთ, ჩემი ფიქრით, ფინალისკენ დაუმუშავებელ სონეტში, რომელსაც “ხატაური” ჰქვია, არის ასეთი სახე, კატა “კითხულობს ღამის ნოველებს”. ამ ლექსის ფორმა - სონეტი გენეტიკურად - დასავლურია, ევროპული, ხოლო პოეტური ანტურაჟი - ძირითადად, აღმოსავლური. ეგვიპტურ-ინდურ-სპარსული საუკუნოვანი სახე- სიმბოლოებით, კონოტაციებით დამუხტულ მის ტექსტში უცებ კატის მიერ ღამის ნოველების (დასავლური ტერმინი) თან კითხვა, მხოლოდ ეფექტურ მეტაფორად რომ გავიაზროთ და აქ შევჩერდეთ, ან ჩავთვალოთ, რომ რითმამ გამოიხმო ეს სიტყვა ( გააცხოველებს//ნოველებს), მგონია, რომ არ ეგების, რადგან სახეობრივი პოლივალენტურობაც გაგვირბის, ზედმეტადაც ვავიწროებთ ლექსის კონტექსტს.
ვფიქრობ, აქ საქმე გვაქვს ასე ვთქვათ, სახის პოლიმეტაფორულობათან - დეკოდირების რამდენიმე ისეთ შესაძლებლობასთან, რომელიც ყოფით რეალობასთან კი არ გვაგზავნის, კიდევ სხვა მეტაფორას/ მეტაფორებს აჩენს, ანუ აქ, ჩემი ფიქრით, ნაგულისხმევია აღმოსავლურ ამბავთა, ევროპული ტრადიციით, ნოველათა კითხვა ,,ათას ერთი ღამიდან’.
მოკლედ, ეს ფრიად განსწავლული კატა ლექსში ნაგულისხმევია ყოფილ მეფედ, რატომ ყოფილად? სფინქსობიდან (ქვაში გამარადისებული ლომისტანიანი კაცობიდან - ლომობიდან (აქ გავიხსენოთ ძალზე ცნობილი ანტიკური, აღმოსავლური თემა - სპილოებთან მონადირე ლომებისა, ბევრგან ქვაშიც გამოკვეთილი) აწ ქცეულა, დაკნინებულა კატად რომელიც აყურადებს(!!!) ,,ამართული ყურებით” შირის (სპარს. ლომის) ნაღარას - ბრძოლისკენ, ნადირობისაკენ, ძველი მბრძანებლური ყოვლისმომრევობისაკენ მომხმობ ხმას ნაღარა-დოლის ბრაგუნისა, მაგრამ ვეღარ მისდევს. უკვე გაკატებულ- დაუძლურებული ხალიჩაზე, კომფორტის გარემოში განცხრომით გაწოლოლა.
ალუზია აკაკიზე ,,ვეღარ გაჰყვირის ამაყად ჩემი დაფი და ნაღარა”).
მთლიანად გავიხსენოთ პაოლოს ეს შედარებით გვიანდელი სონეტი, რომელშიც მისი ,,დარიანული დღიურების ალუზიები ადგილი- ოთახი , დრო - გვიანი საღამო, ღამისპირი, ანტურაჟი - ბუხარი, აღმოსავლური ნივთები, პერსონაჟი - კატა ეს ყველაფერი კი საცნაურია, მაგრამ ლექსი მაინც დღიურების თავისებური “პოსტ ფაქტუმია”, მანამდე კი “შირის ნაღარასთან” დაკავშირებით დავამატებდი. ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს ძველი შირვანი (ლომის ადგილი) რომელსაც, ზოგი ვერსიით, ეს სახელი ეტიმოლოგიურად მასთან ახლოს მდებარე, ლომის ანუ შირის ფორმის კლდის გამო დარქმევია.
დავითისა და თამარის პერიოდის საქართველოს ისტორიიდან გვემახსოვრება, რომ ქართველი მეფეთა რეგალიების ჩამონათვალში “შირვანშაც” იხსენიება, ანუ შირვანიც მათს განმგებლობაში შედიოდა.
***
“მწუხრის საათი”, - ამ ორსიტყვიან სინტაგმაში მისი წევრის სინონიმურად სახეცვლილი, ამ გზით, კონოტაციურად გამდიდრებული იგივე ,,მწუხრის ჟამია”, რომლის დადგომაც უწინ საეკლესიო ზარების რეკვით ეცნობებოდა ღვთის მსახურთა თუ მრევლს. იგი მოსდევს მეცხრე ჟამს(4-6) სთ, საღამოს უწევს (7-9სთ) ანუ იწყებს “ჟამნის” ახალ წრეს.
თუ ვინმე შეგვახსენებს,რომ სინტაგმა “მწუხრის საათი” ელენე ბაქრაძეს აქვს გამოყენებული კიდევ ერთ ლექსში , სათაურით ,,პაოლოს მოლოდინში, ვიდრე საკუთრივ იმ სონეტი-კონგლომერატის შესახებ დავწერდე რამეს, აქ მოკლედ შევნიშნავ ერთს, რომ იქ ბაქრაძე უკვე პაოლო იაშვილისეული, მზა პოეტური სინტაგმით სარგებლობს. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა და სხვა მაგალითები უკვე ნაჩვენები მაქვს, გასული საუკუნის ორმოცდაათიანებში მარიჯანისადმი მიწერილი მისი ერთი ლექსის მაგალითზე.
ამრიგად, პაოლოს ამ სონეტში “მწუხრის საათის” შემოტანით დროითი პარამეტრი თან ხომ ზუსტდება, კონკრეტდება, თან ზოგადდება. (სიმბოლისტური ხერხი) გვაქვს კიდევ ერთი დროითი “დაზუსტება” - მოქმედების ადგილია ზამთარში ბუხარდანთებული ოთახი.
ესაა ამ ლექსის “რეალური”დრო-სივრცული პარამეტრები, ანუ მისი ვირტუალური “აქ და ახლა”, რისთვისაც ბახტინის სკოლის მიხედვით, ქრონოტოპიც შეიძლებოდა გვეწოდებინა.
ცხელი საღამო, ქვიშის სრბოლა, აურზაური
აუტეხნია შუაღამით წყეულ ზარნაშებს,
- ეს კი უკვე ოთახის, დასაზღვრული სივრცის ანტითესისის გაშლილი ბუნებრივ- კულტურული სივრცის, წარსულის ,,გახსენებაა”, რომელიც ცხელ ბუხართან ეძალება სფინქსობა- ლომობაგამოვლილ კატას.
გავიხსენოთ ვაჟა:
,,კატა, რასაკვირველია, პატარა ცხოველია, მაგრამ მისებს არა ცხოველი არა ჰგავს ლომს.”
ან შორს რომ არ წავიდეთ,  ისევ აკაკი ‘
„და შენ ტარიელს მიჰგავხარ, ისე ვით კატა ლომსაო’
ერთი, ჩემი ფიქრით, საინტერესო მომენტიც, ლექსის “რეალობიდან” თუ შევხედავთ სიტუაციას კატა- ლომი - სფინქსი - ჰიპერბოლაა,
ხოლო თუ წარსულის პერსპექტივიდან გავიაზრებთ, ლიტოტესია, დამცრობაა: სფინქსი - ლომი - კატა.
***
ლევან ბრეგაძემ პაოლოს ამ სონეტის პირველ კატრენში გამოყენებულ ერთ ანჟამბემანზე გაამახვილა ყურადღება, ინტერნეტით ნაპოვნ ჩემს ვერსიაში კიდევ გვაქვს ერთი ნიმუში, რომელიც უადგილო მძიმის გამო იკარგება და მე ვასწორებ ჩემს ტექსტში (“აურზაური აუტეხნია წყეულ ზარნაშებს”) არ ვიცი, ორიგინალში ზუსტად რა წერია.
პირველი ორი კატრენის დასაწყისი, ამჟამბემანური ტაეპები პარალელიზმის გამოყენებითაა აგებული, ოღონდ თან ერთმანეთთან ანტითეზისურ მუმართებაში არიან (აწმყო- წარსული)
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დასაწყისი, ორი კატრენი ნიჭიერი შემოქმედისა და ოსტატის ანუ პაოლოს ნახელავია და ჩვენამდე უმნიშვნელოზე უმნიშვნელო ცვლილებებით მოვიდა, მაგრამ…. და მაინც, რატომ ავიჩემე, რომ ეს პაოლოს ბოლომდე დაუმუშავებელი სონეტია?
გაუგებრობა- ბუნდოვანებანი ტექსტში, რომელნიც მხატვრულ ინტენციას კი არ ემსახურებიან, არამედ ,, გაჩნდნენ” დასასრულში, ტერცეტებში ორი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული:
1. ვისაც სონეტზე უმუშავია, იცის, რომ აქ მუზის დაჯდომა მხარზე და კარნახი არ გადის. სულ ავტორის სამუშაოა. ჯერ კარკასი შენდება სქემის მიხედვით, რითმები ირჩევა, იწერება პირობითი ტექსტი, რომელსაც ავტორი დამუშავებისას შეცვლის. პაოლოს დასაწყისი ორი კატრენი კარგად ,, გაუშალაშინებია”, ტერცეტებთან მუშაობა შეუწყვეტია.
ძირითადად, სწორედ ბოლო ორ ტერცეტშია თავმოყრილი, ის, რაზეც მე აზრს გამოვთქვამ.
მაგალითად, პირველ ტერტეტში ,,ღამის წიაღში ის კითხულობს ღამის ნოველებს”“ღამის წიაღი” - პირობითად უნდა იყოს ჩასმული.
ხოლო ბოლომდე დაუმუშავებელი, გადაუთეთრებელი ხელნაწერიდან ამ სონეტის გადამწერი ვინცაა, ვერ ფლობს ქართულს, ვერც ქართულ ხელნაწერს არჩევს იმდენად, რომ ტერცეტებში გადამწერისეული შეცდომებით “ამდიდრებს” ტექსტს (მაგ. ‘აჰრუტუნებს, რომელიც ჩემ მიერ კონტექსტიდან გამოტანილი ვერსიით,  უნდა იყოს აყურადებს’,  კატის ყურების აქცენტირება, ‘’ამართულ ყურთა’ მეშვეობით,  ხომ ისედაც გვაქვს ამ სონეტის პირველ კატრენში).
არადა, სწორედ მისი ხელნაწერის უნებური წყალობით მოაღწია სონეტმა ჩვენამდე.
ერთ ადგილას იგი ბრძანებდა, პაოლო იაშვილმა ამ ლექსის შესახებ არაფერი იცოდაო, თან ამბობს, პავლე ინგოროყვას სურდა გამოქვეყნებაო.
ლევან ბრეგაძემ დამაჯერებლად ახსნა, რისი ნიშანია, როცა ვინმე უკითხავად რაიმეს მტკიცებას მოჰყვება.
რატომ არ დაუბეჭდა პავლე ინგოროყვამ ეს სონეტი ე. ბაქრაძეს?!
- რაკი სონეტი - მყარი ფორმაა, პასუხად მეც ფორმასთან დაკავშირებულ ასეთ მაგალითს დაგიტოვებთ:
რომ დაინახოთ მეფე, ვინმე წარჩინებული, ქუდიდან წელამდე შეხედოთ მის ბრწყინვალე გარეგნობას, თვალი ჩააყოლოთ და რას ხედავთ, შიშველ ფეხებზე შორტები ამოუცვამს, ფეხები კი - სახლის გაცვეთილ ფლოსტებში გაუყვია. რას იფიქრებთ?
ჰოდა, ვიფიქროთ!
 
პაოლო იაშვილი
 
ხატაური
 
მწვანე ხავერდი, ვერცხლის ბეწვი და ხატაური
ჭრელ ხალიჩაზე ჩაჰკვდომია სპარსეთის რაშებს…
დათენთილ ბრჭყალებს ამახვილებს და ათამაშებს,
ამართულ ყურთა ესმის უცხო ქვეყნის ხმაური.
ცხელი საღამო, ქვიშის სრბოლა, აურზაური
აუტეხნია შუაღამით წყეულ ზარნაშებს,
ო, რა უხდება, ამპარტავან, აშლილ ულვაშებს
მისი სვლა ასე მომხიბლავი და უცნაური.
მწუხრის საათზე სფინქსის სახე გააცხოველებს,
ღამის წიაღში ის კითხულობს ღამის ნოველებს
და განუწყვეტლივ აყურადებს შირის ნაღარას.
პატარა თითებს კარგად ახსოვთ სპილოსთან ბრძოლა.
რა დროს დაიწყებს ზამთრის სუსხში ბუნება ძრწოლას,
ბუხრის სითბოზე მოიგონებს ყვითელ საქარას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი