ვინ არის ადრესატი იოსებ გრიშაშვილის ლექსისა - ქალს ულვაშებით, კეპით და ჯოხით (ჟ. ცისკარი)
ნინო დარბაისელი ვინ არის ადრესატი იოსებ გრიშაშვილის ლექსისა ,,ქალს ულვაშებით, კეპით და ჯოხით” ამ ერთი კვირის წინ გაზეთ ,,ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნდა პაატა ნაცვლიშვილის ,,ლიბროკუბისტური ჩანაწერები”, რომელიც პაოლო იაშვილის ლიტერატურულ მისტიფიკაციას შეეხებოდა. ამ ჩანაწერში ჩამოყალიბებული კონცეფცია ძალზე საყურადღებოა და კიდევ ერთ მყარ დასაყრდენს ქმნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში დამკვიდრებული აზრისათვის, რომელსაც მე სავსებით ვემხრობი და რომელიც მოკლედ ასე გამოითქმის: ავტორი ,,დარიანული დღიურებისა” არის პაოლო იაშვილი. პაატა ნაცვლიშვილი ჩანაწერში იხსენებს ერთ ისტორიასაც. თამარ ბარბაქაძეს აღმოუჩენია და 2017 წელს ლექსმცოდნეობითი ასპექტით გაუშუქებია გრიშაშვილის ლექსი, რომლის სათაურიც ზემოთ უკვე დასახელებული გვაქვს. ამ მოხსენების განხილვისას პაატა ნაცვლიშვილს გამოუთქვამს აზრი, რომ ლექსის ადრესატია ელენე ბაქრაძე (ელენე დარიანი) და პაოლო იაშვილს ეხება… რაკი ზეპირად ვწერ, მეპატიოს ეს თავისუფლება! პაატა ნაცვლიშვილის აზრით, ლექსში ლაპარაკია პაოლო იაშვილად - (კაცად) გადაცმულ ქალზე, ანუ პირზე, რომელიც პაოლო იაშვილის ქმნილებათა ავტორობას ითვისებდა… ვნახოთ ლექსი: მე რომ მიწოდონ ფადიშახი, დიდი თამაზი, ძველ მინარეთში, სადაც ჩემთვის სუფევს ნამაზი, პოეზიისთვის შენი სახე გაიმეფება. ჩვენს სიახლეზე კვლავ დაიწყებს მტერი მასლაათს, ტერცინებისთვის გამოვიწვევ ჰაფიზს და საადს და ჩემი ლექსიც მხოლოდ შენთვის დაიყეფება. გიყვარს ოპერა და ბიჭურად როცა ირთვები, მკერდის დარაბით გეხურება ვერცხლის ბირთვები, შენში დავლეკე ჩემი ლექსი – გრძნობის ნაჟური. მაღელვებს შენი – არა, უნდა დავასახელო – ულვაში. ქუდი. ლურჯი კაშნე. რბილი საყელო და გამოხედვა ვნებიანი, ცელქი, ვაჟური. ტფილისელი ვარ! არ გამკიცხავ, ვიცი, ამაზე, რომ შენი სტილი დღეს ამ ლექსით ავალამაზე – ხარ უსათუოდ პოეტური, კოხტა, ფარეზი. მსურს შენ – უცხოელს – აზიელზე დაგწერო ჯვარი. მსურს, უცხოთათვის საქართველოს მიჯნა და ზღვარი იყოს ტფილისი – ეს ირაკლის ძველი ზღაპარი. ლექსის ტექსტის გულმოდგინედ წაკითხვამ მიმიყვანა დასკვნამდე, რომ გარდა უმნიშვნელოვანესი მომენტის - 1922( !!!) - ელენე ახვლედიანის გათხოვებისა და ამ ლექსის გამოქვეყნების თარიღის იგივეობისა, ლექსში იკვეთება სამი რეალია, ასე ვთქვათ, რეალიათა სამკუთხედი ,,ფრეიმი”: 1. ქალის ჩაცმა კაცურად (ტრავესტი), 2. ოპერის სიყვარული, 3. პარიზი, როგორც თბილისში გათხოვების ალტერნატივა. 1. ოციან წლების დასაწყისში იოსებ გრიშაშვილი შეყვარებული იყო მხატვარ ელენე ახვლედიანზე, რომელიც იმ დროს, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ძალიან წარმატებული იყო, 18 ნამუშევარი ჰქონდა გამოფენილი ცნობილ მხატვართა გამოფენაზე და როგორც მაშინდელი ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრების უმრავლესობა, გზებს ეძებდა პარიზში გასაღწევად. 2. 1922 წელს ჟურნალ ,,ილიონის” პირველ ნომერში გამოქვეყნებული ეს ლექსი სწორედ ამ პერიოდს ასახავს. იგი შექმნილი ჩანს ელენეს გათხოვებამდე აგრონომ კაკაბაძეზე. იმ უზარმაზარ ქორწილს ესწრებოდა გრიშაშვილიც და პატარძლისადმი მწარე-მწარე ლექსების გამოთქმით ებრძოდა მძიმე განცდებს (ლექსები და მათზე ელენეს პასუხებიც არსებობს). ამის შემდეგ ახლად შეუღლებული წყვილი ჯერ იტალიაში მიდის და იქიდან, ერთ წელიწადში ქმარს გაშორებული ელენე ახვლედიანი მარტო მიემგზავრება პარიზში, სადაც ოთხი-ხუთი წელი რჩება, 1927-ში დედის ავადმყოფობის გამო სამშობლოში დაბრუნებამდე. 3. ოპერის სიყვარული აქ უბრალო რამ არ გახლავთ. (ოპერაში სიარულის სიყვარული სხვა რამაა, ბევრიც დადიოდა). მხატვრის ახლო მეგობრის, თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძის მოგონებიდან ცნობილია, რომ სწორედ იმ პერიოდში, როგორც სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, ელენე ახვლედიანი ოპერაში სტაჟიორად იყო; ხოლო ბიოგრაფიიდან - დამატებით ცნობილია, რომ ელენე ახვლედიანი ბავშვობიდან მუსიკოსის კარიერისთვის ემზადებოდა. მისი ბედი ამ მხრივ გადაწყვიტა მამამისისადმი სკლიფასოვსკის სიტყვებმა, ,,არ ვიცი, როგორი მუსიკოსი დადგება, მაგრამ როგორც მხატვარს კი დიდი მომავალი გარანტირებული აქვსო”. პარიზიდან დაბრუნებული ელენე ახვლედიანი თეატრალური მხატვარი იყო, თანამშრომლობდა კოტე მარჯანიშვილთან, არაერთი ოპერაც აქვს მხატვრულად გაფორმებული. მუშაობისას მუდამ კლასიკას უსმენდა და ბოლომდე განიცდიდა, რომ კლასიკურ მუსიკას ვერ გაჰყვა. 4. ტრავესტი - გადაცმა - ოციანი წლების გაგებით იყო ელენე ახვლედიანის ჩაცმულობა, რადგან მამაკაცურად ჩაცმა ქალისა - დღეს აღარავის უკვირს. მაშინ კი ჰალსტუხიანი და მამაკაცის პიჯაკიანი, ,,არაქალური”, თუმცა გრიშაშვილის ნათქვამით, მაინც ქალური ელენე ახვლედიანი - ქართულ სივრცეში - დიდი უცნაურობა იყო. ნაკლებრელევანტურია, მაგრამ ალბათ მაინც აღნიშვნის ღირსია ერთი ნიუანსი, მამაკაცის ნიშნისმოგებითი, ირონიულად შეფერილი, ამავე დროს ეროტიული გამონათქვამი ,,მკერდის დარაბით დახურულ ვერცხლის ბირთვებზე”. ჩემი ფიქრით, ულვაშები, კეპი და ჯოხი - პოეტური უტრირებაა, თავისებური გროტესკი. საუბარია ,, სტილზე” - ევროპულზე, რომელსაც “აზიურად” ამკობს გრიშაშვილი. საკითხის შესწავლის ამ ეტაპზე ეს შემიძლია ვთქვა. ველი დაპირებულ მასალებს საქართველოდან. P.S ფოტომასალას ბოლოში ერთვის ელენე ახვლედიანის თვითკარიკატურა, რომელზეც გამოსახულია ახალგაზრდა ელენე თავზე ,,კეპკით” და ხელში ჯოხით. მისი მეგობრის, მომღერალ ანა ვარდიაშვილის პირადი არქივიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი