ლიტმცოდნეობითი ოპუსები - რიდეები
ნინო დარბაისელი ლიტმცოდნეობითი ოპუსები 1. რიდეები საიდან იღებს სათავეს ეს რიდეების ამბები, ევროპელმა, რუსმა და ქართველმა სიმბოლისტებმა რომ აგრერიგად აიტაცეს და სიმბოლისტურ ესთეტიკაში ერთ-ერთი ცენტრალური, გამოკვეთილი ადგილი უჭირავს? კონცეპტუალურად ასე შეიძლებოდა ჩამოგვეყალიბებინა: მშვენიერება - თავის უმაღლეს გამოხატულებაში - “არსებობს”, მაგრამ მისი სრული, რეალური სახით ხილვა, მისი წვდომა შემოქმედისთვის შეუძლებელია, მას ისღა რჩება, საკუთარი ინტუიციით ,, შეავსოს” კვამლივით გამჭვირვალე, მაგრამ მრავალფა რიდის მიღმა მიმალული სახე. მშვენიერება - მშვენიერია, მაგრამ დაუნდობელი. განვაგრძოთ რეფლექსია. თუ მოხდა სასწაული და ამ უმაღლეს მშვენიერებას მისწვდი, ჩასწვდი მის არსს, რიდოვანი მირაჟი გაიფანტება და ხელთ სულიერი უგვანობა შეგრჩება… იქნებ ამიტომ ესწრაფვოდნენ სიმბოლისტი შემოქმედნი ქალს - სწორედ მიუწვდომელს, უცხოს, უცნობს, როგორც თავისებურ გარანტიას ფრუსტრაციის პრევენციისა. მათ რეალური ქალის - თუნდაც საყვარელი არსების ახლო დისტანციაზე ატანის პრობლემა სულ ჰქონდათ, თუნდაც მათი მუზა ყოფილიყო (მაგ. ბლოკი- მენდელეევა) და თუ უშვებდნენ რეალურ, ოჯახურ ურთიერთობას, - იმ პირობით, რომ ცოლის, მეუღლის სახით ეყოლებოდათ გამგები, და, რაც არ გამორიცხავს მისდამი გარკვეულ პიეტეტსა და სიყვარულს იმ პირობებში, რომ მუზა იქნებოდა ვინმე, ოჯახგარეთი (მერეჟკოვსკი- გიპიუსი). არსებული ქართული მაგალითებით აქ დაე, მკითხველმა შეავსოს. იოანეს გამოცხადებიდან შვიდი ბეჭედი გეხსომებათ, ( გამოცხ, 5-6-8), გეხსომებათ აქედან მომდინარე ფრთიანი გამოთქმაც, “ჭეშმარიტება შვიდი ბეჭდითაა დაბეჭდილიო“. (За семью печатями) რაც შეეხება იდეას შვიდი რიდისა და მის მიღმა მიმალული, მიუწვდომელი მშვენიერებისა, ოსკარ უაილდს აქედან უნდა ჰქონდეს აღებული თავისი ფრანგულენოვანი (1891)და ინგლისურად თავისივე ნათარგმნი (1893), ციხეში ყოფნისას დაწერილი ბიბლიური დრამისთვის ,, სალომე”, რომელიც აკრძალული იყო. (ზოგი ცნობით, იგი არა თავად უაილდმა, არამედ მისმა მეგობარმა ლორდ ალფრედ ბოსი დუგლასმა თარგმნა ინგლისურად, 1894 წელს. თუმცა საკითხი ბოლომდე დადგენილი არაა). დრამაში გადმოცემული ამბავი ბიბლიური იოანეს სახელს უკავშირდება, ოღონდ არა ამ იოანეს, არამედ ნათლისმცემელს. ბიბლია არაფერს ბევრს არ გვეუბნება სალომეს ჩაცმულობისა და ცეკვის შესახებ. ვიცით მხოლოდ, რომ ამ ცეკვით მოხიბლულმა ჰეროდემ (ჰეროდე - ზოგადად, მეფის სახელად იქცა იუდეაში ჰეროდე დიდის ანუ ჰეროდე პირველის მერე, როგორც იულიუს ცეზარის მერე ცეზარი - ანუ კეისარი - რომში). როგორც ბიბლია გადმოგვცემს, სალომეს ცეკვით მოხიბლულმა ჰეროდემ მას სიტყვა მისცა, რომ ერთ სურვილს აუსრულებდა და სალომემ ნათლისმცემლის მოჭრილი თავი ისურვა, რაც დაუყოვნებლივ შეუსრულეს და ლანგრით მიართვეს კიდეც. სწორედ ამ ბიბლიურ ამბავზე აგებულ დრამაში ოსკარ უაილდი თხზავს “სალომეს შვიდრიდოვანი ცეკვის” პოეტურ კონცეპტს, რომელსაც მერე სხვადასხვაეროვანი სიმბოლისტები გაითავისებენ. რ. შტრაუსი ამ დრამაზე დაყრდნობით დაწერს ოპერას ,,სალომე”, რომლის ერთი ოპუსიც“ შვიდრიდოვანი“ ცეკვაა. სხვადასხვა სკოლისა და სტილის ქორეოგრაფები დღემდე ოსკარ უაილდის ამ კონცეფციაზე დაყრდნობით, დგამენ ცეკვას ,,შვიდი ვუალი”. ბევრი ნიმუში დევს იუტუბზე. რუსეთში და მის კვალად საქართველოში დრამა პოპულარული იყო 1904 წლიდან, ძირითადად კონსტანტინე ბალმონტის თარგმანით. თუმცა სხვა არაერთი თარგმანიც არსებობდა ფრაგმენტისა თუ სრული ტექსტისა. ქართულად - ითარგმნება პაოლო იაშვილის მიერ (1922?), სავარაუდოდ დასადგმელად. ორიგინალი - ინახება ქართული თეატრის ისტორიის მუზეუმში, თარგმანი შესულია მის ერთტომეულში. დაახლოებით მაგ პერიოდშივე, ცოტა ადრე (1920) თარგმნის ამავე პიესას გრიგოლ რობაქიძე . მას თარგმანის ენა დაუწუნა გრიშაშვილმა და სიკო ფაშალიშვილმა ცნობილ პოლემიკაში (მაგ: მკვდარი - კვდარი). როგორც ჩანს, იაშვილის ვერსიის ქართულად დადგმას იწყებს კოტე მარჯანიშვილი და განაგრძობს სანდრო ახმეტელი. ასე რომ, სადაც შეგხვდებათ სიმბოლისტურ ლექსში “ვუალები”, რიდეები ან კონკრეტულად შვიდი ვუალი, იცოდეთ ერთ-ერთი პირველწყარო - ოსკარ უაილდის ,, სალომეა”! სხვადასხვა ავტორთან ამ პოეტური კონცეპტის ტრანსფორმაციაც დასტურდება, მაგრამ ეს უკვე სხვა, შემდგომი საუბრის თემაა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი