ავდარიანული “გამოხმაური”


ნინო დარბაისელი

ავდარიანული “გამოხმაური”
 
არა, რა, ელენე ბაქრაძის ეს შედევრი რომ არ გაგაცნოთ , მოვკვდები.
რა “თავანკარა, კისკასი ქართულია”!
   თარიღსაც დაუკვირდით.  1922 .წელიო.
მაგისიანები მეტყვიან, გადათარიღება ,, მოსული პონტია”, გალაკტიონისთვის თუ შეიძლებოდა,  ბაქრაძე ნაკლები კი არ გვყავდა, მარტო მაგასთან კი არა, რობაქიძესთან, გამსახურდიასთან, სიმონ ჯანაშიასთან - მოკლედ, ქუთაისიდან წამოსულ ,, სელებრითებთან” ყველასთან, როგორც კახელები იტყვიან ,,სუ პირზე კოცნით იყოო”…
    აქ ცუდი არაფერი იფიქროთ!
თვითონ იცის და წერს კიდეც , იმის იქით  - ვისთან კიდე რაზეც იყო. 
 
ამ ლექსის ბოლო სტროფში ხომ პაოლოს თვითმკვლელობის ამბავია პოეტურად დასურათხატებული, რაც 1937 წელს მოხდა, მაგრამ ბაქრაძის მომხრეები ლექსს ბოლომდე ხომ არ წაიკითხავდნენ და შინაარსსაც ხომ არ დაუფიქრდებოდნენ. ამდენ წვალებას არ სჯობია, პირდაპირ დაასკვნა, დიად-წინასწარმეტყველური ლექსია, ,,მომავალში პოეტური შერბენაო”.  
  რა, პაოლოს თუ შეეძლო  ეწინასწარმეტყველა საკუთარი აღსასრული, ბაქრაძე რატომ ვერ შესძლებდაო. პოეზიაში უარესებიც მოსულაო:
 
გულზე დაბმული სისხლის წვეთებად
მწყდება უნაზეს გრძნობით ნატარი
და სულთმობრძავი გვამად ეცემა,
რომ მკვდრეთით აღდგეს ისევ მართალი”.
 
   მეტყვის ვინმე,  თარიღში “30 ივნისსაც” მიაქციე ყურადღება, ნუთუ არ იცი, რას ნიშნავსო?!
   ცხელ კვალზე აქვს დაწერილი ბაქრაძეს ეგ ლექსი, მაგრამ დრო იყო  რეპრესიებისა, საშიში, ცენზურისა და კიდევ რაღაცეებისა შეეშინდა, წელი 1922 დასვა, ვითომ ძველიაო და მერე და მერე გადაავიწყდა რეალური თარიღის დასმა, ვის არ მოსვლიაო!
 
***
  თან  ნახეთ,  ისე კი არაა, ჯვარედინადაც გარითმვაც  უცდია!
   თავიდან, პირველ სტროფში,   რას ერჩით, გამოსვლია კიდეც, (ძიძა/ გააღვიძა, პრინცი/ ვიცით).  წაიხმარებდა “გასაშალაშინებლად “ ვინმეს, ჩვეულებისამებრ, მაგრამ ეტყობა შემდეგი სტროფების გამშალაშინებელი უკანმოუხედავად  გაჰქცევია (დაუკვირდით - ამბებზე/ ჰანგებზე, ასხვაფერებდა/ მტრედებად, სიწყნარე/ აივანზე, ამკობდა/ წვალობდა, სავსე/ ვატოოც, წამოეწია/ წამოეკიდა და აშ).
 
ახლა ლექსიკა!
გულზე ხელი დაიდეთ და მიპასუხეთ, თუ გაგიგიათ ასეთი სიტყვა , ან რას ნიშნავს “გამოხმაური”  (“გამოხმაური - თუმც ისმის დღესაც”). 
   პოეტური ლიცენცია არ გაგიგიაო?  პოეტს უკრძალავ სიტყვაქმნადობას, იქნებ თავის იდიოლექტზე მუშაობსო, მეტყვიან, მაშ,  გალაკტიონის ,,დოვინ დოვენ დოვლი” რაღაა, აბა ახსენიო!
    აბა, ამის მერე რაღა ხმა ამოეღება ვინმეს  ასეთ “ქართულზე”,  ვინღა უნდა გაბედოს თქმა, რომ რუსულისგან განსხვავებით, ქართულში რიცხვითი სახელი საზღვრულს მხოლობით რიცხვში მოითხოვს  და უნდა იყოს არა  “ათას ამბებზე”, არამედ “ათას ამბავზე” არა “ათას სახეებზე”, არამედ ათას სახეზე.
 
   რა მსაზღვრელ- საზღვრული, ლექსში მთავარი -  სხვა რამეებია და მათ შორის ერთ- ერთი უპირველესი - ემოცია, გადმოტანილი პოეტურ სახედო, ვინმე დაბეჯითებით მამცნობს, და იქნებ ეს დაიმოწმოს ურყევ მაგალითად:
 
“და ვიქტორიას სიყვარულს ნატრულს
ვნება ვეფხვივით ჩამოეკიდა”
 
აქ აუცილებლად წარმოისახეთ  და კარგად ამიხსენით, ვინ-ვის-სად-რაზე- ჩამოეკიდა, თორემ ჩემი მხცოვანი წარმოსახვა ამ უკიდეგანო სივრცეს რას გასწვდება!
    მაგას რომ მოილევთ, ამის გაგებაშიც დამეხმარეთ:
 
“გაიხსნა ყანწი ფერად სონეტად”
 
   ოღონდ არ მითხრათ, შენ რა იცი ,, ფერადი სონეტი” - ე. ბაქრაძის (პაოლო იაშვილის) ცნობილი ლექსის სათაურია, უბრალოდ,  ხელნაწერში ბრჭყალები დააავიწყდა ავტორსო.
   დავუშვათ, ასეც ვცადე გააზრება, რა გამოდის?
     ისევ მე არ მესმის, თორემ კარგია, არა?!
 
ან ეს დიადი ტაეპი ვნახოთ:
 
,,ბავშვური უპე გადიხსნა სავსე” -
ესო, მიბრძანებთ, მთლად გასაღებია ქართული მოდერნისტული პოეზიის  პერსპექტივისა.  
   ჯერ ერთი უპე/ უბე- მინიშნებათა ენის უბადლო ნიმუშია, ფარული ეროტიზმის პოეტური გამოსახვის  მწვერვალი და ამაზე აქცენტირებას ემსახურება ზმნა ,, გადიხსნა”, თორემ უპე რომ სხვა ზმნურ  ფორმებსა და კონოტაციებს  უკავშირდება, ეგ  ხომ ბავშვმაც იცისო.
( “უპე - თვალის გარეთა ნაწილი ღაწვის თავიდან ქვედა ქუთუთომდე. ფოსო თვალისა)”
 
    განსაკუთრებით საყურადღებო მაინც  ბაქრაძის პოეტური ქმნილების ეს სტროფი მგონია, ძალიან მინდა,  წარმოვისახო, რამე აზრი გამოვიტანო და ვმარცხდები.  ისევ თქვენ უნდა მიშველოთ:
 
დარიანობით ვინ არ წვალობდა,
(ან ვინ გაიგო მისი ამბავი)
მის ყიჟინაში ჩვენმა ჭაობმა
ბევრი მონახა ასალაგმავი.
 
   ან ვის ყიჟინაში, ან ვისმა ჭაობმაო, ან რატომ ჭაობმაო, ან ჭაობმა ვინ ბევრი მონახა, ან ჭაობმა ის ბევრი როგორ “ალაგმა”.
   წარმოიდგინეთ ჭაობი (!) ალაგმვით რომაა დაკავებული. “ალაგმვა” - ტოტალიტარული დისკურსის კლიშე, პირდაპირ აკვდება “ჭაობს”!
   მერე რა, რომ გენეტიკურად  - სიტყვა  გაპოლიტიკურებამდე, -  საცხენოსნო ლექსიკის  ბუდიდანაა.
   ჭაობი მხედრად უნდა წარმოვიდგინოთ ან  მაშინდელ პარტმუშაკად.
 მოკლედ, მე ამ ლექსზე ღლიცინი კაიხანს არ მომწყინდება და თქვენ კი ამით გაყოვნებთ და ხელს გიშლით, რომ ეზიაროთ პირველად ან მერამდენედ ქართული პოეზიის ამ თვალშეუდგამ ნიმუშს.
  დაწერდა აბა ვერა, ამის დამწერი ,, “დარიანულ დღიურებს”?!
    ბოროტია ხალხი,  ბოროტი და შურიანი, აქაოდა ლიტმცოდნეები ვართო, დამდგარან  და ასაბუთებენ, ეგ ელენე ბაქრაძე არათუ ვერ დაწერდა პაოლო იაშვილის “დარიანულ დღიურებს”, უკვე   პაოლოს დაწერილის,  ბეჭდურად გამოქვეყნებულის  გადაწერაშიც კი  ისეთ შეცდომებს უშვებდა, აბდაუბდა გამოსდიოდაო.
 
   მოკლედ, მე რას მისმენთ,  მეტი საქმე არა გაქვთ?!  
   ისევე დამაიგნორეთ,  როგორც დარგის მკვლევართა, უშუალოდ პაოლოს ცხოვრებასა და შემოქმედებაზე წლობით მომუშავე  ცნობილ ლიტმცოდნეთა ნაშრომები!  
    ეგღა გაკლიათ, ვიღაც ლიტმცოდნეების ნაწერები იკითხოთ მანდ ან სხვაგან, დაგუგლავთ და რასაც ამოგიყრით გუგლი, სიმართლეც ისაა!
    ჰო, კიდევ,  ქართული ვიკიპედიაა ძალიან სანდო წყარო, სულ სიმართლეები იწერება, კარგი ხალხი ხელმძღვანელობს საქართველოს მხრიდან, პირუთვნელი,  კულტურულ-პოლიტიკურად არაანგაჟირებული, გუნდიც ასეთივე ჰყავთ!
გვეყო! 
აგერ ლექსი და იამეთ!
სხვები - თვითონ მოიძიეთ,  მერწმუნეთ, არანაკლები სიამოვნება გელით!
 
ე. ბაქრაძე
 
“იყო ზღაპარი, იქ იყო “პრინცი”
 
“იყო ზღაპარი, იქ იყო “პრინცი”
ქალი მძინარი რომ გააღვიძა,
შენც, ალბათ, გახსოვს, ორივემ ვიცით,
ორივეს გვყავდა მოხუცი ძიძა.
 
ის გვიამბობდა ათას ამბებზე
ათას სახეებს ასხვაფერებდა,
და ღიღინებდა ნაცნობ ჰანგებზე
და დაფრინავდა გული მტრედებად.
 
ეს იყო მაშინ, იყო სიწყნარე…
მინდორში გლეხი უხმოდ წვალობდა,
უსაქმო ხალხი ძველ აივანზე
წარსული დროის გმირებს ამკობდა.
 
მყუდრო კუთხეში გაზრდილი სული
უცნობი სევდით დარდობდა სხვაზე
და იშლებოდა ოქროდ დასხმული
გზა ძნებიანი ურმებით სავსე.
 
შემდეგ მოვიდა ბევრი სხვა რამე,
ბავშვური უპე გადიხსნა სავსე,
იყო ხილული რემბო, მალარმე,
იყო ნაგრძნობი ვინჩი და ვატოოც.
 
ცხენზე აზიდულ ჩვიდმეტ გაზაფხულს
ზაფხულიც ერთხელ წამოეწია
და ვიქტორიას სიყვარულს ნატრულს
ვნება ვეფხვივით ჩამოეკიდა.
 
იყო წერილთა დიდი კრებული
(კრებულს ფურცლავდა ბევრი პოეტი),
გაიხსნა ყანწი ფერად სონეტად.
 
დარიანობით ვინ არ წვალობდა,
(ან ვინ გაიგო მისი ამბავი)
მის ყიჟინაში ჩვენმა ჭაობმა
ბევრი მონახა ასალაგმავი.
 
ეს ყველაფერი ბევრ დღეებს ითვლის,
გამოხმაური თუმც ისმის დღესაც.
მე ვლაპარაკობ ასე სულ სხვისთვის
სულ სხვა დარდების მსურს მე გამხელა.
 
თითქოს გათავდა რაც გვწამდა წინათ,
მოგვადგა უცხო სავსე უფლებით
და ტვინს დააწვა საშინელ ტვირთად
სული გაზრდილი მყუდრო კუთხეში.
 
გულზე დაბმული სისხლის წვეთებად
მწყდება უნაზეს გრძნობით ნატარი
და სულთმობრძავი გვამად ეცემა,
რომ მკვდრეთით აღდგეს ისევ მართალი”.
 
1922 წლის 30 ივნისი
 
 P. S.
დასაბუთებას კიდევ აიტანდა ვინმე, სადმე
მყუდრო კუთხეში გაზრდილი სული”  თავის ფეისბუქ გვერდს რომ სჯერდებოდეს, მაგრამ მოგროვილან, შეუკრეფიათ ეს ყველაფერი და 2023 წელს ორ უზარმაზარ წიგნადაც გამოსულაო:
1. “დარიანული დღიურები” - ტექსტი და ავტორი
2. ნინო ხოფერია ,,პაოლო იაშვილი. ცხოვრების და შემოქმედების წიგნი”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი