გაფრენა კლდიდან და ლურჯა ცხენები
. გაფრენა კლდიდან და ლურჯა ცხენები ამ ლექსის რიტმული ქარგა დღემდე ცნობილებიდან უიშვიათესი რიტმული საზომია ქართული ლექსისა. პირობითად დავწერ მათთვის, ვისაც ასეთი ამბები ესმის: მეორე პეონი /დაქტილი, მეორე პეონი/დაქტილი, მეორე პეონი/ქორე. ხოლო ციფრებით ასე გამოისახება: 4/3 4/3 4/2 4/3 4/3 4/2 და ა. შ. მეორე პეონი რომ დიქორეში ადვილად გადადის - ეს კარგად იცის იმან, ვისაც ლექსის რიტმიკა ესმის. ვარიაციებისთვის - ეს მომენტი გამოვიყენე. ეს ვარიაცია - მთლიანად საავტოროა, ანუ ჩემია. ვოტ ტაკ! ეგ რა არის, საერთოდ გავუბერე და თან ეს “მოკლე” საზომიანი ლექსი მუხლებთან ყველგან გავრითმე და ამით მუხლი ტაეპად ,,გავაფორმე” (abc, abc, abc, abc, abc, abc). მგონი, ერთხელ პაატა ნაცვლიშვილს დავპირდი, რაღაცას, ასეთს ვიზამ-მეთქი. აი, რას უშვრება მოცალეობა ადამიანს. ხომ გეუბნებით, ჩემი უსაქმოდ გაჩერება არ შეიძლება, არაააა!???? მეოცე საუკუნის ქართული კონვენციური პოეზიის ისტორიამ იცის შემთხვევები, დიდ ცეზურასთან გაჭრილი მუხლების შეერთებით გზით “გატაეპებისა”. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევაში საზომი, ცხადია, ვრცელი გამოდის, მაგრამ ტაეპის ბოლოკიდური რითმები წინაცეზურულ, (დიდცეზურულ) შიდარითმებად გადაიქცევა ხოლმე. ეს ორი წინაპირობით შეიძლება იყოს გამოწვეული: 1. პოლიგრაფიული ინტერესის გამო, ადგილის ეკონომიისათვის, გამომცემლები ზოგჯერ სთავაზობენ ავტორს ამგვარი რამის გაკეთებას. (ტექსტის “დამოკლებას”) 2. ავტორი თავდაპირველი ინტენციით იწყებს მოკლე საზომის გარითმვას, დასაწყისს გასცდება, ლექსის შუაწელამდე ან რაღაც მომენტამდე მიდის და გადაიფიქრებს, დასასრულ, შედარებით მოკლე ტაეპებს აერთებს ანუ ორ მოკლე ტაეპს თავადვე გადააქცევს ერთ ვრცელ ტაეპად და შესაბამისად, სადამდეც ჰქონდა ლექსი გარითმული, იქამდე - წინაცეზურულ შიდარითმებს ვიღებთ. როგორ არა, გვქონდა გვიანსაბჭოურ პერიოდში ასეთი პრაქტიკაც: რაკი ანაზღაურება ტაეპთა რაოდენობით ხდებოდა. მეტი ჰონორარის მიღების მიზნით, ავტორები სტრიქონებზე ,, ჩეხავდნენ” ადრე მთლიანი სახით გამოქვეყნებულ ტაეპებს. სხვაფრივ - არაფერს რითმავდნენ, აღარაფერს ცვლიდნენ პოეტურ ტექსტში. შედეგად, ლექსის გრაფიკული სახის ამგვარი ცვლილების გამო, ტექსტი პაუზებით კი მეტად მდიდრდებოდა, მაგრამ ამ პაუზებს მხატვრული, გამომსახველობითი ფუნქცია არ გააჩნდა. ნინო დარბაისელი გაფრენა კლდიდან ვიცი, მე რომ მოვკვდები, შეიცვლება სამყარო და შენც შეიცვლები. გულო, რად მიროკდები? რომ სამყაროს გამყარო? ჯერ კიდევ მაქვს წლები. მხარს მატყვია ნაკლდევი, მზეო, ადრე ნამხარო, ასე გაგეცლები. ცოცხალს - არსად მაკლდები, რა უცვლელო, რა მყარო, მკვდარი - გენაცვლები! ჩემს დამმარხავს ვთხოვ კდემით, კუბოს მიწა მაყაროს, ვით ყურძნის მარცვლები. ვიცი, მე რომ მოვკვდები, არაფერი მოხდება, არც შენ შეიცვლები… დავალებაც ხომ გვინდა, არა?! 1. ეს ცოტა გაგიჭირდებათ არაპროფესიონალებს: მოიძიეთ ქართულ კონვენციულ პოეზიაში შიდა ცეზურულრითმიანი ლექსის ნიმუშები. 2. ეს - ადვილია: გაიხსენეთ გალაკტიონის ,,ლურჯა ცხენები” და დაუკვირდით: 1. აქვს თუ არა შიდაცეზურული რითმები. 2. ბოლომდე მისდევს თუ არა ლექსს ეს შიდაცეზურული რითმები. 3. სცადეთ, ახსნათ, რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული. და საერთოდ, რამე ლექსს მიჯაღანავ თუ არა, ჩემსავით პირდაპირ გენიოსის ,, ლურჯა ცხენები” უნდა გაიხსენო და კიდეც შეედარო. ეს - შემოქმედებითი ამბიციის დასაცხრობად - უებარი წამალია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი