ოთხი ოპუსი პაატა ნაცვლიშვილზე (გ. “ლიტერატურული საქართველო”)


ნინო დარბაისელი სტრონი
 
სიტყვაში ჩაკარგულ სიტყვათა მცნობელი
(ოპუსები პაატა ნაცვლიშვილზე)
 
 
მცნობელი/მცნობარი – ეს სიტყვა ვეფხისტყაოსნიდან ალბათ ყველას ახსოვს, თუმცა ამჟამად უფრო არქაულ ლექსიკას მივაკუთვნებდი.... ან იქნებ არა არქაულს, მიძინებულს თუ მთვლემარეს, არამედ ცოცხალს, პროფესიონალურს... ხომ დღემდე ასე იწოდება საგანგებო ნიჭით დაჯილდოებული ის ადამიანი, რომელსაც დოლის დროს შეუძლია გამოიცნოს, რომელი ბატკანი რომელი ცხვრისაა. რომ შეეკითხოთ, როგორ ახერხებს ამას, ახსნით ვერ ახსნის, ალღო კი შეუმცდარი აქვს.
პაატა ნაცვლიშვილი რომ როგორც მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული თუ დასჯილი, უნიკალური პიროვნებაა, ინტელექტუალია, ამაზე ორი აზრი არც არსებობს, მაგრამ ჩემი ფიქრით იგი, როგორც პოეტი, შემოქმედი უფრო ინტუიციას ემორჩილება.
ამჟამად ჩემი მიზანი არ არის პაატა ნაცვლიშვილისმთელი პოეტური შემოქმედების მიმოხილვა, ან მისრომელსამე პერიოდზე ფოკუსირება, არც რომელიმეერთი ნაწარმოების ანალიზი, ამიტომ ჩემი შთაბეჭდილების პირობაზე, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ პ. ნაცვლიშვილის პოეზია ასეთ ხაზს მიუყვება: გვიანი რომანტიზმი (ქრონოლოგიური გაგებით),გვიანრომანტიზმი – მოდერნიზმის ნაზავით, ადრეული პოსტმოდერნისტული ექსპერიმენტები და ამჟამინდელი - პოსტმოდერნიზმი. ეს წყვეტადობა შესაძლოა, იმითაც იყოს გამოწვეული, რომ პირადადჩემი ცოდნა ვერ მოიცავს მისას ყველაფერს.
მივუბრუნდეთ ისევ სათაურს, იგი თითქოს ტავტოლოგიურია, არა? სიტყვა – სიტყვები. 
საქმე ისაა, რომ მისი ბოლოდროინდელი შემოქმედებითი ხერხი სწორედ ასე ხასიათდება. იგი ახდენს სიტყვის არა მორფემებად დეკონსტრუირებასდა შემდგომ კონსტრუირებას რაიმე ახალი წესის შესაბამისად, არამედ ბოლომდე შლის სიტყვას, ფონიკამდე დადის. ჯერ, (პირველ საფეხურზე)მთლიანად აუქმებს შინაარსობლივ პლანს. მისთვის ასო-ბგერები თანაბარვალენტოვანი თუ თანაბარუფლებოვანნი არიან, შემდგომ საფეხურზე, ანუ ახალ კონსტრუქციაში ისინი ახალი, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი შინაარსით იტვირთებიან. ეს – თავისთავად საინტერესო, თავშესაქცევი ამბავია, მაგრამ აქამდეყასე თუ ისე, თანამედროვე კომპიუტერული პროგრამაც მივა, ინტელექტუალური ეტაპი დაძლეულია, აი, შემოქმედებითი, კრეაციული ამოცანა კი ჯერ არ დამდგარა.  
პირობითად, თეორიული დაშვების ფონზეშეიძლება ვთქვათ, რომ ამ მომენტიდან იწყება შემოქმედება, თორემ პრაქტიკულად რა რას უსწრებს ან მოსდევს, ხშირად თავად ავტორსაც გაუჭირდება თქმა. 
ჩვენ თეორიას მივყვეთ, წარმოვიდგინოთ, რომ ავტორს წინ უდევს ფურცელი, რომელზეც ადრესიტყვაში ჩაკარგული აწ კი აღმოჩენილი „ახალი“სიტყვებია ჩამოწერილი. აქ არის ორი მიმართულება: 
1. სიტყვათა შორის კონოტაციური თუ ასოციაციურიშესაბამისობების, კავშირების დადგენა ავტორს საშუალებას მისცემს თამაშური ლექსის აგებისა, კრეაციისა. ამისი გარკვეული, კარგი ტრადიცია ქართულ პოეზიაში გვაქვს და პაატა ნაცვლიშვილი ინტენსიურად ამდიდრებს მას, 
2. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისობაზე უფრო საყურადღებო შეუსაბამობებია?მე ვფიქრობ, რაკი იუმორის საფუძველში ძირითადად, სწორედ შეუსაბამობები დევს, მივიღებთ ირონიულ-პაროდიულ პოეტურ ტექსტს, ტექსტს, რომელიც „ახალი წესით ახალ თამაშს თამაშობს“. ჩემი გაგებით. სწორედ ეს არის პოსტმოდერნი, რომელიც ზემოთ ვახსენე.
  წინამდებარე პუბლიკაცია – სოციალურ ქსელ ფეისბუქზე სხვადასხვა დროს დაწერილი ოპუსების ნაკრებია, მცირე გამოხმაურებანი მის ნაწარმოებებზე.მკითხველს რომ რეცეფცია გავუადვილო, ოპუსებში ვცდილობ, მოკლედ გამოვკვეთო პოეტური ტექსტის ის მხარეები, რომელიც, ჩემი ფიქრით, ყველაზე მნიშვნელოვანია და ასეთი საერთო ქვესათაურით ვდებ ხოლმე. „რას მივაქციოთ ყურადღება“.
 
1. პრევენცია
 
ყოველ ხუთშაბათს პაატა ნაცვლიშვილი თითოლექსს დებდა ფეისბუქზე, – მასალას ახალი პოეტური კრებულისათვის.
ვიდრე ახლა ერთ მათგანს გაგაცნობდეთ, მინდა, მკითხველებს, ვინც მის პოეტურ შემოქმედებას ჯერ კარგად არ იცნობენ - პრევენციის მიზნით, გავუზიარო საკუთარი გამოცდილება: 
– პაატა ნაცვლიშვილის გადაბმით კითხვა საზიანოა თქვენი პოეტური რეცეპტორებისათვის, აუცილებლად მოიწყვეთ საფუძვლიანი პაუზები, დროდადრო გადაიკითხეთ გალაკტიონი, ვეფხისტყაოსანი, შექსპირის სონეტები, ქართული და უცხოური კლასიკა ორიგინალებსა და თარგმანებში, იფრთხილეთ, ასევე, ვიდრე განსაზღვრავდეთ „პაატაურების“ თქვენს ინდივიდუალურ დოზას, რადგან ამ ავტორს აქვს ერთი თვისება, მის მერე ყველაფერს გემო ისე ეცვლება, თითქოს ახალ ნაყინნაჭამზე – წყალი დაგილევია … წყალი – სიცოცხლის ერთი უმთავრესი პირობა!
 მახსოვდა, რომ ამ ლექსმა ფეისზე მკითხველთაგამორჩეული ყურადღება დაიმსახურა.
ახლა მოვძებნე და თქვენი მონა-მორჩილის კომენტარიც დამიხვდა:
„ჟანრი პაროდიულია. 
როგორც ჩანს, მკითხველთა ერთ ნაწილს ორიოდე სიტყვა ეხამუშა.
იქნებ იმიტომაც ჩასვა ავტორმა, რომ სწორედ ეს რეცეფცია უნდოდა გამოეწვია მკითხველში.
გაერღვია მოსალოდნელი მონოტონია.
ჩანაფიქრი ხომ პირველივე სტროფიდან –გამჭვირვალეა.
სწორედ იმ ხამუშა სიტყვებს „უჭირავთ“ ლექსი, რომ ტრივიალობას ასცდეს.
გაგახსენებთ, ეს თამაში მოწაფეობისასაც და მოზრდილობისასაც გვიყვარდა – დარგის, გაკვეთილის ტერმინოლოგიის გამოყენება სათქმელის გადმოსაცემად.
ავტორმა კი ამჯერად პოეტურ თამაშად შემოგვთავაზა იგი და წარმატებითაც.“
აი, პაატა ნაცვლიშვილის „ხუთშაბათის ლექსი-47“, რომელიც ფეისბუქზე გამოქვეყნდა 2020 წლის 10 დეკემბერს გამოქვეყნდა და მერე ალმანახ „პირველი სხივის“ მე-4 ნომერშიც დაიბეჭდა.
 
სიყვარული გეოგრაფიის გაკვეთილზე 55 წლის წინათ
 
შენ ხარ პატარა, როგორც მონაკო,
გული გაქვს დიდი, როგორც კანადა,
ხდება, – შენ თვითონ უნდა მონახო,
ხდება, – მოგიდის თავისთავადა.
 
ხარ სანატრელი იაპონია
და სასურველი წმინდა ელენე,
ჩემი მერანი შენთვის პონია
და არ გაღელვებს შენ მაგელანი.
 
ხარ ახლობელი აფხაზეთივით
და შორეული, ვით აფხაზეთი,
აქეთ წერითი... იქით ზეპირი...
შვედური კიბე... კედლის გაზეთი...
 
ხან დამშვიდდები, როგორც შვეცია,
ხან გაორდები, როგორც კორეა,
ჩვენ ჯერ არ ვიცით სიტყვა „შევეცი“,
ანდა „ნევროზი“, ანდა „ქორეა“.
 
ხარ მიმხრობილი ჯამაიკა და
ნეიტრალური შვეიცარია,
ვინ დაიქადნა, რო დაიქადნა,
ვინ ვის უმღერა მაშინ არია.
 
შენ ხარ ძლიერი, როგორც აშშ,
უძლური, როგორც სამხრეთ ჯორჯია,
ვით სსრკ, შენ ხარ საშიში,
თუმც ეგ კლანჭები ჯერ კვლავ ნორჩია.
 
ზოგჯერ ცივი ხარ, როგორც ფინეთი,
ზოგჯერ ცხელი ხარ, როგორც გვინეა,
ჩვენ ჯერ არ ვიცით სიტყვა „მინეტი“,
არ ვიცით, ვინ ვის საგვირგვინეა.
 
ხან ბაღნარი ხარ, ვით ჰოლანდია,
ხან უდაბური, როგორც საჰარა,
ჩემთვის ოცნება და მოლანდება, 
შენ იფურჩქნები სხვის გასახარად.
 
მე კი თითქოსდა კოლონია ვარ,
საფრანგეთის თუ ბრიტანეთისა,
შენ გრიგალი ხარ, მე კი ნიავი,
ძნელად რომ ესმით ერთმანეთისა.
 
მივიწყებული ლინკი გაიხსნა
(სად იყო „ლინკი“, ანდა „საიტი“!),
ხარ ორ ნაბიჯზე, როგორც აის ხე
და ცხრა ზღვას იქით, როგორც ტაიტი.
 
ჩემი პეგასი იმ ხეს აბია,
და აწევს სევდა უზარმაზარი...
მაგრამ მთავრდება გეოგრაფია
და ისტორიის მოგვიხმობს ზარი.
 
2. ავდარიანული პაროდია
 
რას მივაქციოთ ყურადღება:
პოეტური პაროდია საერთოდ თანამედროვე ქართული პოეზიის სუსტი მხარეა. 
არადა, ამ მხრივ არცთუ ცუდი ტრადიცია გვაქვს.დასტურად თუნდაც „თაგუნას“ მიერ შეთხზული ძლიერი პაროდია გამოდგებოდა, „ეშმაკის მათრახში“რომ გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისფერი ყანწების“პირველი ნომრის გამოსვლიდან ცოტა ხანში, პაოლო იაშვილის ოსკარ შმერლინგისეული ფრივოლური კარიკატურით (გვედო ამას წინათ).
ჩვეულებრივ, ლიტერატურული პაროდია - მეორადი ტექსტია, რადგან არსებობს რაღაც, მეტნაკლებად ცნობილი პირველადი ლიტერატურული ტექსტი,რომლის პაროდირებაც ხდება. 
წინამდებარე პაროდია პაატა ნაცვლიშვილისამიემართება არა უშუალოდ რომელსამე ლიტერატურულტექსტს, არამედ უფრო სოციალურ კონტექსტს, რომელშიც პაოლოს ტექსტი აღმოჩნდა. ალბათ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ იგი მიემართებაკონკრეტული ლიტერატურული ტექსტის, პაოლო იაშვილის „ელენე დარიანის დღიურების“ გამო, შექმნილ სოციალურ ტექსტს და ამით არის იგიგანსაკუთრებული და საყურადღებო. 
მინიმალური დანახარჯის ფასად – მაქსიმალური ეფექტი – ეს, ასე ვთქვათ, პროგრესის ზოგადი ფორმულა ამ პაროდიის ხასიათს ზუსტად ერგება. მასში სულ რამდენიმე სიტყვაა გამოყენებული.
იამეთ!
არა - უარყოფითი ნაწილაკის გათამაშება ლექსში,ჩემი აზრით, ინსპირირებულია
ერთი გარემოებით. სახელი „ელენე დარიანი“ – სამჯერ შეიცავს უარყოფას, ერთხელ – ქართულად და ორჯერ რუსულად. პოეტური თამაშების მოყვარულებს ვთავაზობ, თავად აღმოაჩინონ ეს. 
პაატა ნაცვლიშვილის „უცაბედი ლექსი-10“, რომელიც ფეისბუქზე 2022 წლიც 15 მაისს გამოქვეყნდა:
 
დარიანული არა-კი (+18) 
 
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
არა! არა! არა! არა! ა-რა! ა-რა! ა-რა! ა-რა!
 
არა! არა! არა! არა! ა-რა! ა-რა! არა! არა!
არა! არა! არა! არა! რას სულელობ! არა! არა!
არა! არა! არა! არა! არა! არა! ა-რა! ა-რა!
არა! არა! არა-მეთქი არა! არა! არა! არა!!!
 
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
არაფერი გამოგივა! არა! არა! არა! არა!
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
არა! არა! არა! არა! არა-მეთქი!!! ა-რა!!! ა-რა!!!
 
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
არა! არა! არც იფიქრო! არა! არა! არა! არა!
არა! არა! არა! არა! ხო გითხარი! არა! არა!
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
 
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
არა! არა! არასოდეს! არა! არა! არა! არა! 
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
არა! მეტი როგორ გითხრა! არა! არა! არა! არა!
 
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
ვერ გაიგე? არა! არა! არა! არა! არა! არა!
არა! არა! სულ ტყუილად იხარჯები! არა! არა!
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
 
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
რაც არ უნდა მოინდომო, არა! არა! არა! არა!
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
წავალ ახლა!!! არა! არა! არა! არა! არა! არა!
 
არა! არა! არა! არა! რას აკეთებ! არა! არა!
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
არა! არა! ღმერთო ჩემო! არა! არა! არა! არა!
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
 
არა! არა! გასწი ხელი! არა! არა! არა! არა!
არა! არა! ხელი! არა! არა! არა! არა! არა!
არა! არა! არა! არა! ხელი-მეთქი! არა! არა!
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
 
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
არა! არა! არა! არა! გეხვეწები! არა! არა!
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
არა! არა! ახლა არა! არა! არა! არა! არა!
 
არა! არა! არა! არა! არა! არა! ახლა არა!
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
არა! არა! არა! არა! არა! ახლა არა! არა!
გეხვეწები! ახლა არა! არა! არა! არა! არა!
 
არა! არა! არა! არა! არა! არა! არა! არა!
კაი! არა! არა! არა! არა! კაი! არა! არა!
არა! კაი! არა! კაი! კაი! კი-კი! არა! არა!
კი-კი! არა! ფრთხილად! არა! კაი! არა! არა! არა!
 
და ბოლოს ავტორის შენიშვნა (უყვარს პაატა ნაცვლიშვილს სქოლიოები ლექსების ბოლოს):
„ლექსი, რაღა თქმა უნდა, ქალის დაწერილია მრავალი წლის წინათ. თავიდან მასში მხოლოდ ერთი სიტყვა იყო სხვადასხვა ინტონაციითა და მოდულაციით გამეორებული. მე ის ახლახან უცაბედად გამახსენდა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ჩავამატე და უბრალოდ გავაშლიფოვკე“.
ვინც არ იცის, რას ნიშნავს აქ ბარბარიზმი „გავაშლიფოვკე“, მათთვის დავძენ, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ ლიტერატურისმცოდნეთა თუ ლიტერატურის მოყვარულთა ერთი წრე დაბეჯითებით ცდილობდა იმის მტკიცებას, რომ პაოლო იაშვილის დარიანული ციკლი სინამდვილეში ელენე ბაქრაძე-ქართველიშვილმა დაწერა და პაოლომ მხოლოდ გააშლიფოვკა, როგორც წერს თავად ელენე ბაქრაძე-ქართველიშვილი.  
 
3. პოეტიკა და პოლიტიკა
 
ვინ უფრო მეტობს, შექმნილი თუ შემქმნელი?
შეიძლება, შექმნილმა შემქმნელს გადააჭარბოს?
ეს კითხვა საუკუნეების მანძილზე აწუხებს მოაზროვნეებს.
არა, ფილოსოფოსობას არ ვაპირებ, ერთიდღევანდელი, ფეისბუქური ამბავი მინდა მოგითხროთ.
ირიჟრაჟა თუ არა, დავუყევი ფეისბუქის საერთო კედელს და რას ვხედავ! – „მცდარბეჭდილის საძმოში“ ( გვერდია ასეთი), ალექსანდრე ელერდაშვილის მასსავით „გამოუსწორებლად“ ენთუზიასტ ვაჟს – ვახოს ახალი ანაგრამები დაუდია, კომპიუტერული პროგრამირების შედეგად შექმნილი. 
თანაც – პოლიტიკურ თემაზე. ვიდრე იმ პოსტს გაგაცნობდეთ, ერთ ოპტიმისტური პროგნოზი მინდა გაგიზიაროთ. ეს ოხერი პოლიტიკა მარტო პოეტიკაში კი არა, უკვე ისე ღრმადაა შეჭრილი ჩვენი არსებობისა და არსების ყველა შრეში, წინსავალი აღარ დარჩენია და მოვლენათა განვითარების ლოგიკა მკარნახობს, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში სრული დეპოლიტიზაცია მოელის ჩვენს საზოგადოებას. როგორ და რანაირად, – აი, ამას კი აღარ მკარნახობს პატივცემული ლოგიკა.
ახალა ვახო ელერდაშვილის პოსტს გაგაცნობთ: 
„მოულოდნელი საპრეზიდენტო ანაგრამები:
• დაგიმსახურა გამსახურდია
• შევარდნაძე შეაძვრენდა
• სააკაშვილი საკილავშია
• გამრავლე მარგველა
• სამოსელი სალომესი
P. S. შევარდნაძე შეანძრევდა და სააკაშვილი კლავიშისაა – ცენზურამ დაბლოკა“.
ამას წინათ რამდენჯერმე კიდევ ედო სხვადასხვა რაღაცეები...
რა და ვინ გამახსენდებოდა ამის წამკითხავს პირველ რიგში?
ვინც თქვა, ვინმე პოლიტიკოსიო, მწარედ შეცდა. თქვენ რა ბრძანეთ? დიახ, დიახ, ზუსტად გამოიცანით, პაატა ნაცვლიშვილი, რომელიც ამ საქმის ანუ ანაგრამებისა და პალინდრომების ვირტუოზია, ადრეც, ამის მსგავსი პოსტი რომ დაიდო მცდარბეჭდილის საძმოში, ვცადე მისი ... რა ჰქვია?! „დათაგვა“... არა„თაგის დადება, არა, მონიშვნა... თუ რაცაა და პაატას თურმე რაღაც, ისეთი ფუნქციები აქვს დაყენებული თავის გვერდზე, რომ არ გამომივიდა, ავდექი და ლინკი გავუგზავნე პირადი შეტყობინებით.
  გაირკვა, რომ ვახო და პაატა ერთმანეთს იცნობენ და ვახოს კომპიუტერული პროგრამის ანაგრამებზეკიდეც უსაუბრიათ. თითქოს რაღა უნდა დარჩენილიყო აქ დასაზუსტებელი. მე ჩემთვის ჩავთვალე, რომ კი მომწერა პაატამ, ძიებისა და აღმოჩენის სიამოვნებას ამის გამო ვერ მოვიკლებო, ტრადიციულად, გულები და სიყვარულებიც გავცვალეთ, მაგრამ, თქვენგულწრფელად გეტყვით, და არ გამცეთ, რომ სადღაც,მეათე ფიქრად მაინც გამიელვა. ამ ჩვენს პაატას ამდენი რომ უშრომია, აგერ, ჩემო ბატონო, კომპი იმავესაქმეს წამებში აკეთებს... თითქოს მე – მე კი არა, სხვა ვიყო და არ ვიცოდე, რომ ლექსის შესაქმნელად მხოლოდ ტაეპის ბოლოკიდურთა მარჯვე მიგნება, რითმა იქნება თუ სხვა, ჯერ კიდევ არაფერია და მეტიც, სერიოზული შემოქმედებითი სამუშაო იქნებ სწორედ მაგ ათვლის მომენტიდანაც იწყება.
  შემოვიხედე ისევ, მომივიდა „მცდარბეჭდილის საძმოს“ გვერდიდან შეტყობინება, პაატა ნაცვლიშვილმა პოსტი დადოო, შევდივარ და რას ვკითხულობ:
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მართლა მაგგგარი რამ არის ეგ შენი პროგრამა! თუმცა, როგორც ამბობ, შენი პროცესორი ვერ ერევა 11-ნიშანზე მეტს. აი, ჩემს ბუნებრივ პროცესორს კი 12-, 13- და მეტ-ნიშნიანი სიტყვებიც კი თამაშად და უჩანს მღერად, თანაც ყოველგვარი პროგრამული მხარდაჭერის გარეშე. 
რაკი ამჯერად პრეზიდენტების ანაგრამები გამოგიშვია საასპარეზოდ, მეც ჩემებს გავიხსენებ. ამათგან შევარდნაძისა ძველისძველია, მარგველაშვილისა კი ამ საღამოს სახელდახელოდ შევთხზე კომპლექტის სისრულისათვის. ალბათ ამიტომაც არის ის ყველაზე სუსტი.
შენეული ცენზურისა რა გითხრა და, თვითცენზურა აქამდე არ მაძლევდა ამ ყველაფრის გამოქვეყნების უფლებას. შენი ანაგრამებით გავძალგულოვანდი (აჰა, ასეც ვიცოდი: როგორ დაუნდობლად გამიწითლა ეს მშვენიერი სიტყვა მცდარბეჭდილმა!).
მოკლედ, დააჭაშნიკე შენი „საპრეზიდენტო ანაგრამებით“ ინსპირირებული ჩემი „საპრეზიდენტო პაატაურები“:
 
+ + +
ვირმა რა იცის, წლევანდელ ქლიავს,
თუ რით სჯობია გ ა ი ს ა დ  ხ უ რ მ ა,
რაც გინდა თქვი და, ჩვენ ავირჩიეთ,
ჩვენვე მოვკალით გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა.
 
+ + +
კეთილი სიტყვა
შ ე ვ ა რ დ ნ ა ძ ი ს ა
ხშირად ქცეულა
შ ა ნ ძ რ ე ვ ი ს ა დ ა.
 
+ + +
სამოთხის ხისა არავინ იცის
ა ს ა კ ი ვ ა შ ლ ი ს,
თვინიერ ჯობსის, ნიუტონის და
ს ა ა კ ა შ ვ ი ლ ი ს.
 
+ + +
ძაფი ქსოვაში გალია,
ხოლო მ ა რ გ ვ ლ ა შ ი  ვ ე ლ ი
დავითი იჯდა გელათს და
დუშეთს – მ ა რ გ ვ ე ლ ა შ ვ ი ლ ი.
 
+ + +
ზოგი ულვაშში იცინის,
ზოგს უთრთის უ ლ ვ ა შ ი ბ რ ა ზ ი ს,
ორთავ წამწამზე ჰკიდია,
როგორც ჩანს, ზ უ რ ა ბ ი შ ვ ი ლ ს ა.“
 
აი, ასეთ გამობრწყინებებს რომ რომ შეხვდებოდა, ჩუბჩიკა, ანუ თენგიზ მირზაშვილი ზეაწეული საჩვენებელ თითის წრიული რხევით წამოიძახებდა ხოლმე „ვისშიი პილოტაჟ“...
მაპატიეთ, მცადბეჭდილის საძმოს წევრებო და თქვენც, დანარჩენო მკითხველებო, რუსულად რომვიმეორებ, ასე მისი დაბალი ხმა მიდგას სმენით მეხსიერებაში და თარგმანში, აღარ მესმის...
აწ პირველსავე სიტყვას მივიდეთ.
ადამიანმა შექმნა კომპი,
პაატა – ადამიანია, ანუ მასში მოცემულია როგორც ზოგადად ადამიანური ნიშნების ერთობლიობა და მათი მიმართებანი, რასაც მისი არსების 99 პროცენტი უჭირავს, ასევე 1 პროცენტი ინდივიდუალური, უთავბოლო ნიჭიერება ლამის ყველა სფეროში, რასაც კი ხელს მოჰკიდებს.
კონკრეტული პაატა, როგორც თვალნათლივ დარწმუნდით, ამჯერად კომპს სჯობნის.
თავისი მხრით, კომპმაც შეიძლება აჯობოს სხვა დროს პაატას, ერთ ან მრავალ ადამიანს და სწორედ ამიტომაც გამოიგონეს, მაგრამ მე მჯერა, ზოგადად ადამიანსა და ადამიანური გონების შესაძლებლობებს ვერასოდეს გადააჭარბებს.
ანუ ჩემის ღრმა რწმენით, შექმნილი შემქმნელზე მაინც ნაკლებია.
პოეტიკაში – ასეა.
პოლიტიკისა – არა ვიცი, რა!
 
4. „წერილი“ - ორმოცდაათი წლის მერე
 
რას მივაქციოთ ყურადღება
ეს არის ლექსი პროზად. თუ გინდათ რიტმული პროზა უწოდეთ, პრინციპში იგივეა.
რიტმი ეყრდნობა ე. წ. დიდბესიკურ საზომსა (5/5/5) და მის კომბინაციებს.
კონტექსტუალურად თავსდება რომანტიზმში, თუმცა მოდერნიზმზეც შეიძლება პირობითად საუბარი, თუ გავიაზრებთ, რომ ეს არის – პოეტური აღსარება.
მთლად სატრფიალო ლირიკამდე არ დაიყვანება თუ არ აიყვანება, თუმცა დიდი დოზით კი მოიცავს მას.
ჩემმა თაობამ – ზეპირად ვიცოდით. 
შეიძლება მართალია, რომ ადამიანის არსებაში დაბადებითვე ჩატანებულია სწრაფვა – იყოსვინმესთვის, მანამდე ალბათ უცნობის, არანათესავისთვის ძლიერ, ძლიერ სასურველი და თავადაც ვინმესადმი ძლიერი, ვნებიანი ან უვნებო სწრაფვა ეძალებოდეს, მაგრამ სინამდვილეში,ადამიანი – სიყვარულს – სწავლობს.  
სწავლობს უწინდელი პირადი თუ სხვათა გამოცდილებიდან, წიგნებიდან, ფილმებიდან, ახლა უკვე ინტერნეტიდან…
უცნაურ რამეს ვამბობ, არა?
მოდით, დავუფიქრდეთ!
ერთია, შეგიყვარდეს, გიყვარდეს და მეორეა –იცოდე, როგორ!
უცოდინრობით, სიყვარულის ანაბანას არცოდნის გამო, რამდენ არშემდგარ სიყვარულს, წყვილთადანგრეულ ერთობას შევსწრებივარ პირადად მე….
რამდენი დაქალისთვის მითქვამს – შინაგანად კარგი ადამიანია. უყვარხარ, როგორ არა, მაგრამ არ იცის, ან ამ გრძნობას ან შენ ან თავს რა მოუხერხოს; არც გამოხატვის ფორმებზე გაუგია რამე. ამიტომ იმპულსურად მოქმედებს და რაც არ უნდა ქნას ან თქვას, სისულელეზე სისულელეს ამატებს-მეთქი…
თუმცა ამ ანბანის ცოდნა კი არის გარანტია იმისა, რომ სიყვარულს შესძლებთ? შეაძლებინებთ? გაუძლებთ?
…და აქ უკვდავი ფრაზა ,,სიყვარულს რას გოუგებ, ჩემო ოლღა!” (ნ. დუმბაძე)
ჩვენ – შეყვარებულ საკუთარ თავს ამ ,,როლური მოდელით” ვაგებდით, ვაგებდით წარმატებით თუ წარუმატებლად.
ასეა თუ ისე, ეს იყო და არის ჩემი თაობის სიყვარულის ანაბანა.
სხვამ – იქნებ სხვა უკეთესიც იცოდეს!
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ კიდევ ერთ გარემოებას:
(და აქ მთლიანად მოვიყვანე პაატა ნაცვლიშვილის „წერილი“, რომელიც იმდენად ცნობილია, რომ აქ მის თუნდაც ნაწილობრივ ციტირებას აზრი არა აქვს.)
ეს არის პაატა ნაცვლიშვილის იმ ცნობილი „წერილის“ საავტორო ვარიანტი (პაატა ნაცვლიშვილის წიგნიდან „სიყვარულის დასაწყისი“, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი 1986).
ფართოდ გავრცელებული რომელიცაა, იმას არ ენდოთ!
 
5. პოეტური აღსარება ანუ კონფესიონალური პოეზია
 
პოსტში, რომელიც პაატა ნაცვლიშვილის „წერილს“ეძღვნებოდა, „პოეტური აღსარება“ ვახსენე.
არასპეციალისტ მკითხველს იქნებ ეს ფრთიანი გამონათქვამი, ან რაიმე კომპლიმენტიც ეგონა, ლიტმცოდნეებისათვის კი ეს მარტივად გასაგები ტერმინია.
მე იგი უბრალოდ, ასე ვთარგმნე ქართულად, ისე კი თანამედროვე ლიტმცოდნეობაში„კონფესიონალიზმად“ იწოდება.
პოეტური კონფესიონალიზმის წარმოშობა ახალ ამერიკულ პოეზიაში უკავშირდება ძირითადად გასული საუკუნის ორმოცდაათიან, ადრეულ სამოციან წლებსდა ენ სექსტონისა და სილვია პლეთის მასწავლებლის, რობერტ ლოუელის სახელს.
ძალიან მარტივად, რას წარმოადგენს იგი.
საკუთარ განცდათა წრფელად გადმოცემა პოეზიას ოდითგანვე ახასიათებდა. 
აქ თითქოს ახალიც არაფერია.
სხვა ამბავია, რომ პოეზიაში, როგორც სიტყვიერი ხელოვნების დარგში საქმე გვაქვს არა ყოფით, არამედ ხელოვნების ენაზე „ნათამაშევ“ გულწრფელობასთან, ყოფითი იქნება თუ სხვა რამ გვარისა. ამაზე სხვა დროსაც ბევრი გვისაუბრია ამ გვერდზე და სიტყვას აღარ გავაგრძელებ.
მაშ რით განსხვავდება ჩვეულებრივი –მხატვრულად გულწრფელი პოეზია კონფესიონალურისაგან?
მე ვფიქრობ, ეს არის ლირიკული სუბიექტისადმი ავტორისეული მიდგომა.
გავიხსენოთ: ავტორი და ლირიკული სუბიექტი, რომელსაც მკითხველები არცთუ იშვიათად, იდენტურად მიიჩნევენ, რეალურად შეიძლება არა მხოლოდ არ ემთხვეოდნენ ერთმანეთს, არამედ საპირისპირონიც იყვნენ. გააჩნია ავტორისეულ ინტენციას ანუ წინასწარ ჩანაფიქრს.
ტრადიციულად, ავტორი ესწრაფვის თავისებურ „ზე-მე“-ში წარმოგვიდგინოს თავისი ლირიკული სუბიექტი, მაშინ როცა კონფესიონალისტი ავტორი წარმოგვიდგენს მის არცთუ მომხიბლავ, პირიქით, მკითხველისათვის შემაკრთობელ-შემაშინებლადწრფელ, ნამდვილ, „მოუპირკეთებელ“ კონტრადიქტორულ ქცევასა და ბუნებას, წარმოგვიდგენს მის ცნობიერსა თუ ქვეცნობიერ მოტივებს შეულამაზებლად (მაგალითად, ს. პლეთის „მამი“).
კონფესიონალისტი ავტორის გამოსახვის საგანიაარა – ადამიანი, ისეთი, როგორიც უნდა იყოს, გარემოს მიერ დადგენილ ნორმათა მიხედვით, არამედ ადამიანი – როგორიც არის იგი ამ ნორმათა გარეთ და სიღრმეში, სინამდვილეში.
მარტივად: იგი არ ცდილობს, თავის სუბიექტს „მომგებიანი როლი მოარგოს“, წარმოაჩინოს სხვებზე ამაღლებულად, უცოდველად, პირიქით, მისი ცოდვილი მხარე, მოტივები მეტადაც კი აინტერესებს.
კონფესიონალისტ პოეტთაგან ყველაზე დიდი ფიგურა ქართულ პოეზიაში გვყავს ბესიკ ხარანაული, მის შემდგომ და არა მხოლოდ მის კვალად (!) თანამედროვე ქართულ პოეზიაში კონფესიონალური ხაზი უფრო და უფრო ძლიერდება. 
ეს არ შეეხება მხოლოდ ქართულ პოეზიას. შეიძლება ითქვას, რომ იგი არა მხოლოდ ევროპულ, არამედ აზიურ ლიტერატურებშიც ფართოდ გავრცელდა.
განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა იგი იმ ქვეყანათა ლიტერატურებში, სადაც პოეზია ტრადიციულად ტაბუთა და აკრძალვათა მკაცრ ველში იყო მოხვედრილი. 
 პაატა ნაცვლიშვილის „წერილი“ – პოემა (როგორც ავტორი უწოდებს მას), რომელიც ძირითადად გვიან რომანტიზმს მიეკუთვნება, ჩემთვის ამ ჟანრის ერთ-ერთი ადრეული ნიმუშია. სწორედ ამ ადრეულობის გამო, მას ნაკლებად ახასიათებს თუნდაცთანამედროვე ქართული კონფესიონალური პოეზიისთვის დღესდღეობით დამახასიათებელიმკვეთრი რადიკალიზმი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი