გალაკტიონოლოგიური ოპუსები - ,,რაც იუპიტერს ეპატიება?”
#ოპუსები ნინო დარბაისელი რაც იუპიტერს ეპატიება?! როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს! რა?! - გალაკტიონის ფენომენის მორგება ჩვენი მდაბიური, ყოფითი შეხედულებისა და ღირებულებებისადმი და ყოველივე ამის შეფუთვა, შენიღბვა ფსევდო პროფესიონალიზმითა და რენომეთი! მილიონჯერ სხვადასხვაგან, სხვადასხვაგვარად აღვნიშნე და აქაც დაბეჯითებით გავიმეორებ: გალაკტიონი, როგორც პოეტი - იყო გენიოსი, ხოლო როგორც ადამიანი, პიროვნება - იგი დიდად არ აღემატებოდა ტოტალიტარული რეჟიმის მარწუხებში ჩავარდნილ სხვა ხელოვანებს! *** გალაკტიონი, როგორც გენიოსი პოლიუსებს ეყრდნობოდა ქუსლებით, ხოლო როგორც ადამიანი ამაყობდა, პირველი ქართველი პოეტი ვარ, ვინც ლენინი ახსენაო. სტალინზე და ზოგადად, კონიუქტურული ლექსებიც უხვად აქვს ნაწერი და გამოქვეყნებული სხვებივით; თვითონვე წერს, 1932-ში კომუნისტურ პარტიაში რომ მიღებდნენ, ვუთხარი, ჩემი პარტიულობის სტაჟი 1918 წლიდან იწყება, ლიუბლიანკაზე, მოსკოვში მიმიღეს, იქნება სადღაც დოკუმენტიო. ეს თუ ტყუილია, გალაკტიონი - ადამიანი მინიმუმ, მატყუარა გამოდის, (საკუთარი ლექსების გადათარიღება, ცვლილებების შეტანა და ამგვარად კონტექსტის ცვლილება - მაინც მისი შემოქმედებითი სფეროა და არ ვეხებით) ხოლო თუ მისი ნათქვამი მართალია, რა გამოდის? - 1918 წელს - ბოლშევიკური კომუნისტური პარტიის წევრია; საქართველოში ჩამოდის და რამდენიმე თვეში მათი მოწინააღმდეგეების - მენშევიკური მთავრობის მთლად მდივანი ხდება; ბოლშევიკები მენშევიკებს რომ ამარცხებენ და მენშევიკური მთავრობა რომ გარბის, ხოლო ბოლშევიკები, კომუნისტები მმართველებად ჩამოდიან, ტაბახმელის ტრაგედიიდან ექვს თვეში გალაკტიონი ცოლად ირთავს ბოლშევიკების მთლად ლიდერის დას და თავადაც ერთ-ერთ, თაანამდებობრივად გავლენიან ბოლშევიკს - ოლია ოკუჯავას, რომელთანაც ადრე რომანი ჰქონდა, მაგრამ მერე - დაშორებული იყო. ოლიას რომ კომუნისტური კარიერა აერევა და იჭერენ, საბოლოოდ გადაასახლებენ, წერილებსაც არ წერს; გადასახლებული ცოლის სიცოცხლეშივე ცოლად ირთავს ოლგა ტარიუსს, (რომელიც მის ნაცვლად წერს წერილებს ოლიას); მას არასოდეს უარი არ უთქვამს არცერთ მაღალ ჯილდოსა და პრივილეგიაზე, რასაც საძაგელი კომუნისტები, როგორც ზოგს უყვარს თქმა,, ცინიკურად” ანიჭებდნენ, უფრო - პირიქით! მოკლედ, ამ გენიოსმა ის გარსები სრულად გამოიარა, რაც ტოტალიტარულმა რეჟიმმა მისგვართათვის შექმნა და ეს ფაქტებითაა დადასტურებული. არაა ამ მხრივ საჭირო მისი დაპირისპირება სხვებთან, ოცდაჩვიდმეტიანებში უსაფლაოდ დაკარგულთა და თვითმკვლელ მსხვერპლებთან… თუ როგორც ლათინები იტყოდნენ “რაც იუპიტერს ეპატიება, ხარს - არ ეპატიება”? (“Quod licet Iovi (Jovi), non licet bovi”) მე ერთი ასეთი ეჭვიც მაქვს, გენიოსის ვითომ ქომაგობა ამ მხრივ - ეს არის თავისებური, რიკოშეტული ხერხი გალაკტიონზე თავდასხმისა. რატომ ვფიქრობ ასე?! მარტო მე ხომ არ ვიცი ეს ყველაფერი ფაქტებით, არა! არსებობს ლინკი galaktion.ge. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შევიდეს და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოს. მე თუ არ ამოვიღებ ხმას, სხვა იტყვის და მაინც ის შედეგი დადგება, რა შედეგიც ჩემს ოპუსებს მოაქვს, ან კიდევ ამაზე უარესი. მე - რა, დავწერ აგერ, ფეისზე ოკეანის მეორე მხრიდან, ვინმე მომიწონებს, ვინმე დამიწუნებს, უიშვიათესად ვინმემ იქნებ პოსტიც გააზიაროს და ნათქვამს მალევე დაფარავს დავიწყების მტვერი; სხვა კი უფრო საფუძვლიან სადენებს გაუხსნის ამა ყველაფერს. ერთადერთი არსება დედამიწაზე იყო ადამიანის გარსით მოვლენილი ქრისტე, რომელმაც უმწიკვლო მიწიერი ცხოვრება განვლო. გენიოსიც რომ იყოს, მიეცით ადამიანს უფლება, დარჩეს ადამიანად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი