ლექსმცოდნეობითი ოპუსები - ყაყაჩო და პაროდია


ნინო დარბაისელი

ყაყაჩო და პაროდია

მე ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ ყაყაჩო -  მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული პოეზიის ყვავილი - სიმბოლოა.

ლადო ასათიანის -
,, ჰეი, ძმობილო, შეხედე,
რამდენი ყაყაჩო გაშლილა”;
მურმან ლებანიძის -
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი”;
ანა კალანდაძის -
,, ყაყაჩოს ღვინო სალხინო
როგორ არ შესვას ანამან”

საოცრებაა!
ერთ ყვავილს - ამდენი შედევრი!
ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს იმის ბრალიც შეიძლება იყოს, რომ
დიდმა  გალაკტიონმა თავისი ლექსით  ,, ვარდები” და მთელი შემოქმედებით  ვარდს - ყვავილთა ამ მარადიულ დედოფალს ნიუანსი არ დაუტოვა, ანტიკური პოეზიიდან დღემდე,  პოეზიის ველს გარეთ რომ დაეტოვებინა.
მოკლედ, ვარდი - გალაკტიონისაა!
ყაყაჩო - შემდგომთაობელების!

თუ მეშლება, მეპატიოს და ასე მახსოვს, ანა კალანდაძის პირველ, მუქლურჯ, მაგარყდიან კრებულს, რომელსაც უსადესი დიზაინი აქვს,  ზედ წითლად ერთი პატარა ყაყაჩო ახატია.
იქნებ ჩემი ამ წარმოსახვის მიზეზი მისი კაშკაშა ფერიცაა, დაუვიწყრად რომ გებეჭდება გონებაში.
    მართლა, რა უცნაური ყვავილია,  დაკვ ირვებიხართ?
- თან მჭახე,  აგრესიული, გულშავი,  თან უნაზესზე უნაზესი, მოწყვეტ და თითებზე  ძნელმოსაშორებელ მელნისფერ კვალს გიტოვებს. სახლამდე ვიდრე მიიტან, გზაში, თაიგულად მოიწყენს და წყალში რომ ჩადგამ, ცოცხლდება, როგორც ყველა ველური ყვავილი, დღეობით კი არა, კვირობით ცოცხლობს, თანდათან წითელ ფურცლებს ჩამოყრის, ბუტკოს მტვერსაც მიაყოლებს და  თუ  რძის ბოთლში  ან ლარნაკში მიგავიწყდა, ასე, უგვირგვინოდ ხმება და კვდება.
აქ ჩუბჩიკას ყაყაჩოები რომ არ გამახსენდეს, ხომ გამორიცხულია,
  იქნებ მეშლება,  მაგრამ  მის მომნატრე ჩემს გულს ასე სჯერა, რომ  ქართულ მხატვრობაში ყაყაჩო -  ჩუბჩიკას ყვავილია.

ამ მაღალი რეგისტრის მერე, ვიდრე ცრემლებს გადმოვყრიდე,  მოგვიწევს ჩამოპაროდიება.
ქართულ პოეზიაში ყველაფერი ყველანაირად მზადაა ყაყაჩო  საპაროდიოდ.
ეს პაროდია პოსტმოდერნულია თუ არა, სხვამ  მერე არკვიოს!
ჩვენ კი - ვნახოთ, რა გამოგვივა.

ნინო დარბაისელი

ყაყაჩო

(პაროდია)

ყაყაჩო,
ყაყაჩო,
რა მაჩო, რის მაჩო?!
- ნამდვილო ვაჟკაცო!..

ეს რითმა  - სადამდე გინდა რომ გაქაჩო?
რა გაუჩალიჩო?
გინდა,  რომ ააგო რითმათა ხარაჩო?
და მერე რითმების ის ჩარჩო  - სიტყვებით დაფარჩო?

გაჩუმდი - იყუჩე!
ტკივილიც იყუჩე!
რა ცრემლმა დაგახრჩო.
სჯობს იცინ-იჩარჩო,
შენ -  თავო, 
,, რიფმაჩო”,
შენ, თავო, ყეყეჩო!
ყაყაჩო!
ყაყაჩო!

ესეც - მაგალითი იმისა, თუ როგორ გავიქარვოთ პოეტური თამაშებით  - მოძალებული  სევდა-კაეშანი????.

ილუსტრაცია:
1. გუსტავ კლიმტი -,, ქალი და ყაყაჩოები”
2. ანა კალანდაძის პირველი კრებულის ყდა. ფოტოსთვის მადლობა მის ძმისწულს - ქეთი კალანდაძეს

(ფეისიდან ვერ გადმომაქვს)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი