ლექსმცოდნეობითი ოპუსები - სასაფლაოს გაზაფხული


სასაფლაოს გაზაფხული 

      ერთხელ ანა კალანდაძეს ინტერვიუში ჰკითხეს,თუ შეუცვლია როდესმე რაიმე უკვე გამოქვეყნებული ლექსის ხელახალი დასტამბვისას.
      ანამ უპასუხა, რომ მისი ლექსები ჯერ ზეპირად იქმნება და როცა ქაღალდზე გადააქვს, შემდგომ აღარაფერს ცვლის.
      დღემდე მეც ასე ვიყავი დარწმუნებული. ახლა გამახსენდა, რომ საჭირო იყო, ''ლიტერატურა.გე''-ს თემაში ''არმაღანი''  ლადო ასათიანისადმი მიძღვნილი მისი ლექსი დამედო.
        გადმოვიღე პირველი კრებული, რომელიც ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა /ანა კალანდაძე, ლექსები, სახელგამი, თბ., 1953 / გავემზადე ტექსტის ასაწყობად, გადავათვალიერე და.. მეუცხოვა. ჯერ ჩემი მეხსიერების ცდომილებას დავაბრალე, ახლა ბოლო პერიოდში გამოცემულ კრებულში /ანა კალანდაძე, ლექსები , საბჭ. საქართველო, თბ., 1984, გვ. 74/, მოვიძიე იგივე ლექსი.შევუდარე და...
მოკლედ, ვდებ ორივე ვერსიას:

1.

ანა კალანდაძე


ლადო ასათიანს

„გამიხსენებენ როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ“.
ლადო ასათიანი

სადმე, ახლოს, მზე კვლავ გაშლის აკაციებს
და ყვავილნი, მათ გულმკერდზე დაფანტულნი,
მოვლენ შენთან ... ნანას გეტყვის ნაკადული
სასაფლაო ქვის კალთაში დაგაძინებს...
მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას
ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა,
ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს...
არა, ლადო, აღარ მოვწყვეტ ყაყაჩოებს...
სიკვდილი კი არ მოსულა მგოსნის კართან,
ასეთია ქარიშხლიან სულის ბოლო...
ფიროსმანი? ფიროსმანიც მოვა, რათა...
შენს სევდიან, „თბილ სამარეს“ ეამბოროს.
შმაგი ქარი ყვავილებს რომ ჩაუქროლებს,
აღდგებიან წლები შენი ჭაბუკობის:
ისევ გინდა,თქვა სიმღერა ჩაუქრობი,
ჩვენს შორის რომ სასოებით იხსენება...
შმაგი ქარი ყვავილებს რომ ჩაუქროლებს,
მშვიდობაზე შენი ლექსი იწერება...
გაზაფხული...ნახე,რარიგ წარმტაცია,
როს ყაყაჩო ძველ ლოდებთან ტანს აიყრის...
სადმე, ახლოს, ყვავილს გაშლის აკაცია,
ყვავილს გაშლის და გულმკერდზე გადაიყრის...

1946



2.


ანა კალანდაძე

სასაფლაოს გაზაფხული

„გამიხსენებენ როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ“.
ლადო ასათიანი

სადმე, ახლოს, მზეი გაშლის აკაციებს
და ყვავილნი, მათ გულმკერდზე დაფანტულნი,
მოვლენ შენთან, იტირებენ და ქართული,
და ქართული,
„უფლის ხელით დახატული“
სასაფლაო ქვის კალთაში დაგაძინებს.
და თუ მუდამ შენ მღეროდი ტკბილი ენით,
სასაფლაო? სასაფლაო დუმილს ირჩევს.
ქარი მოვა, მზეც ჩამოვა ხშირად ზენით
და „თბილ საფლავს“
თვის ოქროს ფეხს დააბიჯებს.
მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას
ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა,
ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს...
არა, ლადო, აღარ მოვწყვეტ ყაყაჩოებს...
სიკვდილი კი არ მოსულა მგოსნის კართან,
ასეთია ქარიშხლიან სულის ბოლო...
ფიროსმანი? ფიროსმანიც მოვა, რათა
შენს სევდიან, „თბილ სამარეს“ ეამბოროს.
მუქ ლურჯ ცაზე მტრედისფერი ნისლი ცურავს,
ბრწყინვენ ცვარნი, ცრემლებივით ციმციმებენ...
სასაფალაოს ნაკადულზე ჩამოსულან
„ნამკაშურის წისქვილები“...
მზე, ჩამოვა, ქვის ძეგლებზე სხივებს დაღვრის,
ქვის ძეგლებზე, ჟამთა სვლით რომ დაღარულან...
ცა ირხევა, ვით ერეკლეს ბაირაღი,
და ნაძვები „ნაფიქრალით დაფარულან“,
სასაფლაოს გაზაფხულიც წარმტაცია,
როს ყაყაჩო ძველ ლოდებთან ტანს აიყრის...
სადმე, ახლოს, ყვავილს გაშლის აკაცია,
ყვავილს გაშლის და გულმკერდზე გადაიყრის.


ახლა ამ ორ ვერსიას ერთმანეთს ვუდარებ და თქვენი დახმარება მჭირდება, რომ ვუპასუხო  რამდენიმე კითხვას:
1. რა ცვლილებები შეიტანა პოეტმა ლექსში.
2. რა მიზეზით?
3. რა მივიღეთ შედეგად ?
4. რომელი ვერსიაა უკეთესი: პირველი თუ საბოლოო  და რატომ?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი