მარკ შაგალი: მარტო სიყვარული და რაც მის გარშემო ტრიალებს
#გალერეა ნინო დარბაისელი სტრონი მარკ შაგალი: მარტო სიყვარული და რაც მის გარშემო ტრიალებს მარკ შაგალის გამონათქვამებიდან ვერცერთი ისე სრულად ვერ გამოხატავს მის შემოქმედებითსა და პიროვნულ ნატურას, როგორც ეს სიტყვები: “მე მაინტერესებს მარტო სიყვარული და საგნები, რაც მის გარშემო ტრიალებს” მისი ერთადერთი, დიდი სიყვარული, მუზა და მოკლედ ყველაფერი ბელა, იგივე ბერტა როზენფელდი, (1895 15 დეკ.) რომელსაც გაცნობის მომენტიდან უეცარი დაღუპვის მერეც უამრავი ნამუშევარი უძღვნა, ვიტებსკში, ძალზე შეძლებული იუველირის ოჯახში დაიბადა. იგი მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა*, (ერთი ვერსიით - ქალთა რაღაც უმაღლეს სკოლაში), მარკი (უფრო სწორედ, მაშინდელი მოშე სეგალი) რომ გაიცნო 1909 წელს, მეგობრის სახლში. ეს იყო პირველი ნახვით შეყვარება, თანაც ორმხრივი! იმ დროს არაფრის მქონე მარკს დიდი მონდომება დასჭირდა, რომ მდიდარი სასიმამროსგან მისი დანიშვნის ნება მიეღო და ამის მერე ოთხ წელზე მეტხანს ცდილობდა სოციალურად ფეხის მოკიდებას, რომ საყვარელი ქალი ცოლად შეერთო. რა აღარ სცადა! ბელა კი სტანისლავსკის თეატრშიც მუშაობდა რაღაცხანს, ჟურნალისტობდა, ორი დისერტაციაც დაწერა, აქედან - ერთი დოსტოევსკიზე.. .მოკლედ, უნიჭიერესი ქალი იყო, მაგრამ მთელი სიცოცხლე მარკსა და ერთადერთ ქალიშვილს, 1916 წელს დაბადებულ იდას უძღვნა. ერთგულად იზიარებდა მარკის გაუთავებელი ემიგრანტული ცხოვრების სიმძიმეს 1922 წლიდან, მანამდეც - მისი შემოქმედებითი თუ სოციალური აღმართებისა თუ დაღმართების სიძნელეს. მარკი, ცოტა არ იყოს, განიცდიდა, რომ ბელამ ამის გამო ვეღარ შესძლო საკუთარი თავის რეალიზაცია, როგორც მწერალმა და გახარებული იყო ძალიან, როცა წლების მერე, ასაკში, უკვე ამერიკაში ყოფნისას ქალმა გადაწყვიტა, მოგონებების წიგნი ,,მგზნებარე ნათელნი” დაეწერა ქმარზე, ქალიშვილიც საქმეში ჩაება, 50- მდე ილუსტრაციაც კი გაუმზადა მარკმა, რაც თავადაც მძიმე დეპრესიიდან გამოსვლაში დაეხმარა… (საბოლოოდ, წიგნში 36 მოხვდა) ბელა კი ამასობაში რაღაც დაუდგენელი ვირუსით და მისით გამოწვეული სეფსისით უცებ მოკვდა! აი, ასე, მოკვდა 1944-ში, 51 წლისა… დაკრძალულია აქ, ნიუ იორკთან ახლოს, უესტერჩერის მთაზე მდებარე სასაფლაოზე. რა დარტყმა იქნებოდა ეს მარკისთვის, ადვილი წარმოსადგენია, თუმცა მარკსვე მოვუსმინოთ: ,, როცა ბელა აღესრულა, ორ სექტემბერს, საღამოს ექვს საათზე, ჭექა-ქუხილი იყო და ღვარცოფი იქცეოდა დედამიწაზე. მე თვალთ დამიბნელდა”. სახლების ზემოთ და ვარსკვლავებიან ცაში მფრინავი ქალი, რომელსაც მარკი მას მერეც განუწყვეტლივ ხატავდა, ბელაა. *** განვაგრძოთ შაგალზე?! 1944 - ის სექტემბრიდან, ბელას სიკვდილის მერე ექვსი თვე მოლბერტი კედლისკენ ჰქონდა მიტრიალებული, ეგდო იატაკზე ქალიშვილის - მაშინ უკვე 28 წლის იდას წინაშე, ფორთხავდა და ღრიალებდა. ისევ იდამ იყოჩაღა და 58 წლის მამას ერთი ლოთი, ხელიდან წასული მხატვრის ლამაზი, ახალგაზრდა ცოლი, თავისზე ოდნავ დიდი, 30 წლის ვირჯინია შინამოსამსახურედ მოუყვანა. ვირჯინიას - ბრიტანეთის ყოფილი კონსულის შვილს, ქმართან პატარა გოგონა უკვე ჰყავდა, შაგალთან მოხვედრამდე რამდენიმე ადგილს ალაგებდა, რომ შვილის გამოსაკვებად სახსარი მოეპოვებინა. თან არ დაგავიწყდეთ, მეორე მსოფლიო ომის პერიოდია და ყველგან ყველაფერი ჭირს! 1945_ში, ბელას სიკვდილიდან თითქმის წლისთავზე მათ უკვე საერთო შვილი - დევიდი** შეეძინათ, ბიჭს შაგალი გვარს ვერ მისცემდა, რადგან ქალი ქმართან, გვარად მაკ ნილთან ოფიციალურად გაყრილი არ იყო, ვერც ცოლად ირთავდა ამის გამო, მთელი შვიდი წელიწადი. მერე ვირჯინია, როგორც იქნა, ქმარს გაშორდა, 1951-ში, დაუყოვნებლივ შაგალიც მიატოვა და ერთ ბელგიელ ფოტოგრაფს გაჰყვა ცოლად. შაგალის სიკვდილის შემდეგ, ანუ განშორებიდან ასე, 35 წლის მერე კი წიგნი გამოსცა “ შვიდი წელი შაგალთან”, დიდი ვერაფერი გამოუვიდა, არაფერი უცხო და საინტერესო ხელოვნებათმცოდნეებისა და ბიოგრაფებისთვის შიგ არ იყო. საყურადღებოა მხოლოდ, რომ წერდა, შაგალის მუზად ბელა დარჩა, მას მუდმივად მუზა სჭირდებოდა, მე ხომ ბელად ვერ ვიქცეოდიო. სხვაფრივ - მთელი იმ ხნის მანძილზე მხატვრისთვის ზრუნვა არ დამიკლიაო. ტყუილს არ ამბობს, ამ მხრივ არც მარკი ემდუროდა არც იდა. თავად შაგალი კი იმდროინდელ დღიურში დანანებით წერდა, ნეტა ვირჯინიას ბელას გენიალობის ერთი მეათედი მაინც ჰქონდესო. იმ წლებში კარიერული წინსვლა - სწორედაც რომ, არ დაჰკლებია, მაგრამ რა აზრის არიან ხელოვნებათმცოდნენი იმდროინდელ ნამუშევრებზე?! 1945-1951 წლები - ეს იყო მისი დაღმასვლის, დე- რომანტიზაციის პერიოდი, რეალიზმმა მკვეთრად იმატა, ოსტატობა ისევ ჩანს, მაგრამ მისი შემოქმედების საერთო ფონზე გამორჩეული - ბევრი არაფერია, თუ არ ჩავთვლით ორიოდე გამონათებას, ისევ ბელას თემაზე და რაც მთავარია, კვლავ ბელას გარდაცვალებით პირობადებულ მის ცნობილ ნამუშევარს ,,სიმარტოვესო” **** და ისევ დეპრესია მიტოვებული შაგალისა, ისევ ფორთხვა და ღრიალი. უკვე 35 წლის იდამ, როგორც წერენ, ახლაც იყოჩაღა და სასწრაფოდ ახალი ,,გეიშა” უპოვა მამას - თავისზე ბევრად პატარა , 25 წლის ვალენტინა ბროდსკაია - შაქრის წარმოების უმდიდრესი ებრაელი მაგნატის ქალიშვილი, რომელსაც შინაურობაში ვავას ეძახდნენ. ბავშვობაში შაქრისნატრული ვიტებსკელი ბიჭი უცებ დაშაქრულ შეყვარებულად იქცა. 1952 წელს ვირჯინიასგან მოტოვების 4 თვის თავზე შაგალმა ვავაზე იქორწინა და მასთან 30 შემოქმედებითად ყველაზე ნაყოფიერი და როგორც წერენ, ოჯახური ბედნიერებით სავსე წელიც გაატარა, ვიდრე თითქმის ას წელს მიღწეული, 1985 წელს გულის შეტევით გარდაიცვლებოდა საკუთარ ლიფტში… საფრანგეთში, ნიცასთან ახლოს, სადაც სამუდამოდ დასახლდა… ოღონდ ვავამ მარკის ერთადერთ ქალიშვილს - იდას ხომ თავიდანვე ფეხი ამოაკვეთინა თავის ოჯახში, უკანონოდ დაბადებულ დევიდს ხომ საერთოდ, მარკის შვილად არც თვლიდა, ვირჯინიას ხსენება მკაცრად აკრძალა, ასევე ბელასი, საშინლად ეჭვიანი და მესაკუთრული დამოკიდებულება ჰქონდა მარკისადმი, ძალიან აღმერთებდა, უფრთხილდებოდა, როგორც ცოცხალ განძს, მისი მენეჯერობა ითავა და იცით რა?! … ამავე დროს, მარკს რომ ადრიდანვე ვირების ხატვა უყვარდა - მორჩილი, მშრომელი ცხოველებისა, ჩემი წარმოდგენით, სწორედ მათ დაამსგავსა. შრომა, შრომა და შრომა! შრომა - ყველა მიმართულებით, რაც კი მხატვარმა შეიძლება გააკეთოს, ვიტრაჟები, წიგნების გაფორმება, დიზაინი, თეატრალური მხატვრობა… მოკლედ, ყველაფერი. შაგალს ხელს არაფერზე აკიდებინებდა, თუ ფული არ მოჰქონდა. პაბლო პიკასო მის შესახებ ზურგსუკან ენამწარეობდა კიდეც, იცით, ვიტებსკში რატომ არ ჩადის? იქ არავინ იმდენს არ გადაუხდის, მისი ცოლი რომ დათანხმდესო. ეჰ, რომანტიკით დავიწყეთ და როგორ პროზაულ დასასრულამდე მოვედით. ვიტებსკელი უღარიბესი ოჯახის შვილმა უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა და არა მხოლოდ მსოფლიო ხელოვნების საგანძურში. ისედაც უმდიდრესმა ვავამ ჯერ კიდევ ადრე, ქორწინებიდან ექვსი წლის თავზე, 1958-ში მასთან ხელი გააწერა, ეგ პირობები რაღაც, აღარ მომწონსო და ახლიდან მოაწერა, ახალი საკონტრაქტო პირობებით, რომლის თანახმადაც, მისი ერთადერთი მემკვიდრე თვითონ იყო. ჩვენებურად, ამაზე ალბათ ასე იტყოდნენ: ვავა, მარკ შაგალ, ვავა! სერიოზულად კი, ნათქვამია, ყველა ცხოვრება, დიდი თუ პატარა, მუდამ პოეზიით იწყება და პროზით მთავრდება, ოღონდ ეს პროზა ზოგჯერ შესაძლოა, შორიდან პოეზიასაც წააგავდესო. რაც შეეხება სიყვარულს, სათაურშივე რომ ვახსენეთ, როგორც მარტივი არითმეტიკა გვიჩვენებს, დაწყებული 1909 წლიდან სიკვდილამდე, ანუ 1985 წლამდე, მთელი 76 წლის მანძილზე მარკ შაგალმა უმისოდ 4+4=8 ანუ რვა თვეზე ცოტა მეტხანს გასძლო. - - - * ძნელი არაა, 1909 წელს 1895 გამოაკლო და დაასკვნა, რომ ბელასთვის - 14-15 წლის ბავშვისთვის, გოგონასათვის, უნიჭიერესიც რომ ყოფილიყო, მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტობა - წარმოუდგენელია. ამაზე ბიოგრაფთა ერთ ნაწილს ასეთი პასუხი აქვს: 1909-ში ბელა იყო არა 15- ის, არამედ მარკის კბილა და მთელი 7 წელი რატომღაც “დაეკარგა გზაში”, ჯერ საფრანგეთში, შემდგომ ამერიკაში გადასვლისას. ანუ გამოდის რომ 58 წლისა გარდაიცვალა.( - ნდს) ** დღეს დევიდ მაკ ნილი - საფრანგეთში ცნობილი მუსიკოსი და კომპოზიტორია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი