გასული საუკუნის მიწურულის ეროტიკული პოეზიის ისტორიიდან


გასული საუკუნის მიწურულის ეროტიკული პოეზიიდან 

ჩემი თაობის პოეტ ქალთა შემოქმედებაში ეროტიკული თემატიკა მოკრძალებულად იყო ასახული. ძირითადად ტრადიციას ერთგულობდნენ, ქართული პოეზიის სატრფიალო ნარატივში ხომ ტრადიციულად, ქალს კდემამოსილების სავალდებულო საბურველის გარეშე მკითხველთა დუნია-ქვეყნის თვალწინ გამოსულს, იშვიათად შეხვდებოდით.
ქალთა სატრფიალო ლირიკაშიც თითქმის ყოველთვის წინ სოციალური პლანი მოდიოდა და ინტიმს ფარავდა.
არსებობდა ანა კალანდაძის ლექსები, სადაც ეროტიკა ტექსტსმიღმიდან გამოსჭვიოდა, არსებობდა იზა ორჯონიკიძის ლექსები, სადაც ქალის რეალურ განცდათა მკაფიო კონტურები თუ ნიუანსები ანა ახმატოვასა და მარინა ცვეტაევასეული სიწრფელითა და უშუალობით აისახებოდა...
გასული საუკუნის ბოლოსათვის ყინულს ჯერ სითბო შეეპარა, შემდგომ კი ერთიანად იწყო დნობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არათუ პოეზიაში, თვით ცხოვრებაშიც ჯერ არ იყო გამომუშავებული ენა, რომელზეც ამეტყველდებოდა პოეტი-ეროტი.
ქართველები არ მივეკუთვნებით ორგიასტული კულტურის ერებს. ეროტიკული სფეროს ხანგრძლივმა რეცესიამ კი ენასაც კვალი ანუ უკვალობა (უნიშნობა,როგორც ნიშანი) დაამჩნია.
 გასული საუკუნის ბოლოს დალილა ბედიანიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ეროტიკას თამამად შეჰბედა.
(ვგულისხმობ   ავტორისეულ ლირიკულ  მეს)
მერე თანდათან, დანარჩენებიც შეთამამდნენ.


დალილა ბედიანიძე

კარგი!

კარგი, გამოგყვები სახლში!
კარგი, აგიდუღებ ჩაის ,რომელიც ორივეს დაგვავიწყდება!
კარგი, დამიკოცნე ხელები!
კარგი, დამიკოცნე მუხლისთავები!
მეც ძალიან მომენატრე.
კარგი, დაგიჯერებ ყველა ტყუილს!
კარგი, დღეს შენთვის ლამაზი ვიქნები!
კარგი, აღარ მოგაწევინებ სიგარეტს!
ჩვენი გულები მაღლა აფრინდებიან,
როგორც ორი ფერადი ბუშტი და თვალს მიეფარებიან,
როგორც ჩვენი საიდუმლო შეხვედრები.
კარგი, კოცნით გამიშრე სველი თმა!
კარგი, დამივარცხნე თმა და დამიწანი, როგორც შენ გიყვარს!
კარგი, ჩავრთოთ მაგნიტოფონი და ჯიმი ჰენდრიქსს მოვუსმინოთ და თან ვიცეკვოთ!
მე მოგეხვევი ცეკვისას და ვიგრძნობ, როგორ თრთი.
კარგი მოგეფერები, როგორც დედა და და!
კარგი, გავიყოფ შენს მარტოობას!
რა კარგია, რომ სწორედ დღეს შემხვდი!
რა კარგია, რომ შენც მოგენატრე!
კარგი, გამოგყვები სახლში!
კარგი, ყველაფერს დაგიჯერებ!
კარგი, ვიქნები შენი და დაგიჯერებ, რომ ჩემს გარდა არავის ეკუთვნი!
კარგი,  დავიჯერებ, რომ დღემდე მე მელოდებოდი!
კარგი, აგინთებ სანთელს და მერე ჩაგიქრობ!
სიბნელეში უკეთესად ისმის მუსიკა.

1996

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი