განვითარება - გზა დაშტამპვისაკენ?! ანუ ბავშვობიდანვე ძირში დაჭრილი ფრთები
ნინო დარბაისელი განვითარება - გზა დაშტამპვისაკენ?! ბავშვოვიდანვე - ძირში დაჭრილი ფრთები?! მე ხომ ძალიანაც მიყვარს ბაქიბუქი, შემოქმედ ბავშვებთან პედაგოგიური მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება- მაქვს მეთქი. ეს - რეალობაში. რაც შეეხება ვირტუალს, ამას ლიტსაიტებზე, ძირითადად შემოქმედებით ახალგაზრდობასთან მუშაობის ასევე მრავალწლიანი გამოცდილებაც დაემატა. ბუნებრივია, ამასობაში რაღაც კანონზომიერებები შემხვდებოდა, დამაფიქრებდა. რაიმე დასკვნებისკენ მიბიძგებდს. მრავალთაგან ერთი - ასეთია. როცა წერას იწყებენ ბავშვები, მოზარდები თუ დიდები, მათ ნაწერებში ისეთ რაღაცას იპოვნი, თვითონ აზრზეც რომ არაა, როგორც ძია ზეზვა მედულაშვილი იტყოდა, ნაწერში ,, ყარაულიი თოფივითაა გავარდნილი” გვიან ხვდები, რომ უბრალოდ, შენ შეგაქვს შენი მკითხველური, - აღმომჩენური ხედვა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებ, თორემ ავტორი აზრზეც არაა, რა გააკეთა. მერე რაო, ფიქრობ, მისი ქვეცნობიერის ამოფრქვევას მიაწერ და შემდეგ ამოფრქვევას ელოდები, შემთხვევათა დიდ ნაწილში - ამაოდ… თუ სერიოზულად მოჰკიდა ასეთმა ავტორმა მუშაობას ხელი, შემთხვევათა უმრავლესობაში - “თავს კარგავს”- ,, სხვათა ხმებისკენ”, კლიშეებისა და შტამპებისკენ მიდის… და კიდეც უნდა წავიდეს. უცნაურობას ვამბობ, არა?!… მაგრამ ეს, ჩემი ფიქრით, აუცილებელი ფაზაა, გადასალახია, რომ გარდაუვალ კრიზისში ჩავარდნილმა ავტორმა ინდივიდუალურ გამოსავალს მიაგნოს. ზოგს - ეს კრიზისიც არ ჰგონია, რაღაც სიადვილესაც კი განიცდის, ზოგს - ამ აუცილებელი, გარდაუვალი კრიზისისა ეშინია და გაურბის, ზოგიც - ეწირება და რაკი თავი ცოცხალი გამოაქვს, ჰგონია, გამარჯვებულიცაა. სამწუხაროდ, ,, ცოცხლადგადარჩენის” გამარჯვება და შემოქმედებითი გამარჯვება ერთმანეთს კი ძალიან ჰგავს, მაგრამ სრულიად სხვადასხვაა. ამ სასტიკი კრიზისის შედეგად, რაც რაოდენობრივად, პოტენცია იყო და მრავლად მოიძევებოდა, უკვე რეალურ შესაძლებლობად ქცეული ერთი - ათზე, ან ერთი ასზე დაიყვანება. შედეგად - ასიდან, ათასიდან გვრჩება ორიოდე ავტორი. დანარჩენები კი, თუ პოზიტიურად ვიტყვით, წავიოცნებებთ, პოეზიის მოყვარულებად რჩებიან. მათგან ნაწილი - თუ ეს საქმე რამედ უღირს, ( და საქართველოში - ეს ჩვეულებრივ, ასეცაა), პოეტის სოციალური სტატუსის მოსაპოვებელ-დასამტკიცებლად იბრძვის ყველა ხერხით… და წარმატებითაც! ცხოვრების სხვა სფეროებში შეიძლება წარმატებებსაც მიაღწიოს ასეთმა ავტორმა, მაგრამ პარალელურად ან იქნებ მეტადაც, უნდა მაინცა და მაინც პოეტად სცნობდეს საზოგადოება. ხოლო თუ სხვა სფეროში ხელი მოეცარა. უნდა ეგულებოდეს მზა თავშესაფარი - პოეტის სახელი. რაკი ერთიანი საზოგადოება საბოლოოდ, მაინც ძნელად ტყუვდება ისე, რომ მუდმივად ტყუილში დარჩეს, ასეთ ავტორს ისღა რჩება, ახლობელ-მაქებარნი მჭიდროდ შემოიკრიბოს და მათი სუბიექტური, დადებითი აზრი თავისი ნაწერების შესახებ, - მთელი საზოგადოების ობიექტურ აზრად აღიქვას და რამდენადაც ძალი და გავლენა შესწევს, სხვადასხვა მანქანებით, სხვებსაც ამგვარად აღაქმევინოს. როცა ასეთ რაღაცას წერ, თვით ახლობელ მკითხველსაც კი უჩნდება კითხვა, რომელიც შეიძლება არც გაახმიანოს - კი მაგრამ - შენ თვითონ! ჩავთვალოთ, რომ გაახმიანა კიდეც და პასუხს შევეცადოთ: - მე, ჩემო კარგებო, რაც თავი მახსოვს, სულ კრიზისში ვარ, ეგ ფაზაც ვერ გადმომილახავს. იშვიათ მომენტებს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ისევ კრიზისში დაბრუნებით მთავრდება. კრიტიკოსი კი მე რომ ვყავარ საკუთარ თავს, ისეთი უნდა. და რომელი უფრო მეტია ჩემში?! ცხადია, კრიტიკოსი, ოღონდ ამ სფეროში პედაგოგიური გამოცდილებით. და, მაინც რომ, წერას ვბედავ ამ სისასტიკეში! გმირი ვარ, გმირი! ( აქ სიცილებია, სამი და კითხვის ნიშნებად გადმოიტანს დაპოსტვა, ვინც არ იცით, არ გაგიკვირდეთ!? #დილაუზმოს_ფიქრებიდან ნდს ბავშვობიდანვე ძირში დაჭრილი ფრთები დღეს ერთ პატარა ამერიკელ ბიჭზე ვდარდობ. ჩემი მეგობრების შვილია, მესამეკლასელი, 9-10 წლისა. იმედია, სადაც პრინციპალს დავწერ, მიხვდებით, რომ ჩვენებურად სკოლის დირექტორს ვგულისხმობ. იცით, რა მაკვირვებს, საქართველოშიც და ამერიკაშიც უფროსებმა, საბავშვო ბაღიდან დაწყებული (იქნებ ოჯახიდანაც), წესიერი ბავშვის მოდელს რომ მოარგონ არსება, აღარ იციან, რა ქნან. ფრთებს ძირისძირში აჭრიან, რომ ემანდ, შემთხვევით არ ამოუვიდეს. გაიზრდება “აღმზრდელების” გულის გასახარად ასე წესიერი, დაშტამპული და მერე, გინდა თუ არა, ,, იყავი საკუთარი თავი!” ,, გამოხატე შენი ნამდვილი ბუნებაო!” და ასეთ რაღაცეებს სთხოვენ ყოველი მხრიდან ყალბად. ჰქონდა, ბატონო, ბუნებაც და ყველაფერიც, მაგრამ ვინ შეარჩინა! *** ამ ჩემს არაჩვეულებრივ მესამეკლასელს ერთი გოგო მოსწონდა. იქვე, რაღაც რკინის კედელივით იყო ეზოში, ცარცით იმაზე დაუწერია მისი სახელი, იდიოტიაო და ვარსკვლავები მიუხატავს. რა ასაკობრივი ფსიქოლოგიის დიდი ცოდნაა საჭირო იმის გამოსაცნობად, რომ ცხრა-ათი წლის ასაკში ბიჭები ნეგატიურად გამოხატავენ სიყვარულს, მაგალითად, თმას აწიწკნიან, ფეხს უდებენ, ჩანთის ჯიბეს უხევენ გოგოს და ასე შემდეგ… გადარეულა პრინციპალი და იმის ნაცვლად რომ პედაგოგობა და ტაქტი გამოევლინა, ბავშვი სკოლიდან საერთოდ გარიცხა. აი ასე, ადგა და ბრძანებით გარიცხა! არ ვამბობ, რომ საერთოდ რეაქცია არ უნდა ჰქონოდა, არ უნდა დაესაჯა, მაგრამ ხომ არსებობს რაღაც დოზა, პროპორცია დანაშაულსა და სასჯელს შორის, არა? გამახსენდა ჩვენი უტკბილესი, უდახვეწილესი ლიანა შეწირული, პირველი სკოლის დირექტორი. ნათელში იყოს! არა, მე მაგ სკოლაში არ მივლია, ჩემი თეო დადიოდა. მოგეხსენებათ, პირველი სკოლა თბილისის სამოქალაქო ომის დროს დაიწვა. ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედია იყო… აღდგენის მერე შიგნიდან სკოლის ინტერიერი თითქმის მთლიანად კარარასის თეთრი მარმარილოსია. ასევე კიბეები. ყველამ იცოდა ლიანა შეწირულისეული დასჯის მეთოდის შესახებ. ბიჭი თუ რამეს დააშავებდა, შეეკითხებოდა, როგორ გირჩევნია, თქვენებს შევატყობინო თუ არაა საჭირო, დღეს გაკვეთილების მერე გვიან რომ მიხვალო და სკოლის მერე ტოვებდა. მისცემდა ხელში ტილოს და კედლების ან მოაჯირების გაწმენდით სჯიდა, ოღონდ არც თვითონ მიდიოდა შინ. გამოდიოდა, რომ ერთად ირჯებოდნენ კარგა გვიანობამდე, თან, ცხადია, საუბრობდნენ მუშაობისას, უკეთ ეცნობოდნენ ერთმანეთს, პრობლემას. ხომ ასეთი ტკბილი ადამიანი იყო ქალბატონი ლიანა, ბიჭები მაინც ცდილობდნენ, მეორედ არ დასჯილიყვნენ და სხვებიც ბაძავდნენ. არ არის იაფიანი ის ამერიკული სკოლა, რომელზეც ვყვები, იმ ოჯახს კიდევ ორი ბავშვი ჰყავს იქ შეყვანილი და … თან მეშინია, თანხა არ შემეშალოს!… 24 ათასამდე უწევს სამ ბავშვზე გადახდა. ჩვეულებრივი სკოლა, სადაც ბავშვი გადაჰყავთ, სრულიად უფასოა. არც გაჭირვებულ ოჯახზე არ ვყვები, მაგრამ ათი წლის ბიჭმა, რომელმაც ერთ წუთში თავისივე ხელით გაწმინდა ცარცით რკინის კედელზე ნაწერი, ამხელა ტრამვა როგორ უნდა ზიდოს! მე ვურჩიე, ჯერ ერთი, დანარჩენი შვილებიც არ დატოვო მაგ სკოლაში, დაე, ამხელა თანხა დაკარგონ ბიუჯეტიდან; მეორეც, მაგ პრინციპალს თვითონ აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა და იმ ბავშვის მშობლებს, რომელსაც თქვენს შვილამდე მოექცა უსამართლოდ, თავი რომ შეეწუხებინათ და ეჩივლათ, ეს ამბავი აღარ მოხდებოდა, ამიტომ, აუცილებლად იჩივლეთ ,, დისთრიქთის” სკოლების ხელმძღვანელებთან-მეთქი. ცხადია, სახელიც ვიცი, გვარიც, ფოტოც შემიძლია ამწუთას დავდო, მაგრამ მეშინია ,, ბექგრაუნდი” მეტად არ დავუზიანო. აქ როგორაა იცით?! თუ დასჭირდა შენს ოპონენტს ან კონკურენტს რამეში, გამოგიქექავს, რომ ოცდაათი წლის წინ, საბავშვო ბაღში ორჯერ ხელები არ დაგიბანია, ისე შეუდექი ,,ლანჩის” ჭამას და ერთხელაც მასწავლებლისთვის დროზე არ გაგიცია პასუხი. გამოდის რომ ამ თითის სიგრძე ბავშვის ,,ბექგრაუნდი” სამუდამოდ დალაქავებულია სკოლიდან გარიცხვით. უნიჭიერესი და ულამაზესი ბავშვია. შევიპირე, ცნობილი კაცი რომ გახდები, არ დაგავიწყდეს მემუარებში ჩემი მოხსენიება, სქოლიოში სადმე დაწერე, “ბავშვობაში ერთი ბებერი მეგობარი მყავდა”-თქო და ინიციალები მეყოფა… აბა, მე არ მინდა უკვდავება?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი