შიშველი ლედი გოდივა - ქართული პოეზიის საუკუნოვანი მხედარი
ნინო დარბაისელი შიშველი ლედი გოდივა - ქართული პოეზიის საუკუნოვანი მხედარი ამას წინათ ორი ჩემი ლექსი ხომ დავდე ლედი გოდივაზე, ცხენზე ამხედრებულ შიშველ ქალზე, პატარა წერილიც ხომ მოვაყოლე, სადაც ვამბობდი ეს ამბავი დოკუმენტურად არსად დასტურდება, ინგლისის შუასაუკუნებრივი ლეგენდაა “მომხდარის “ სავარაუდო თარიღიდან ორასი წლის მერე, კათოლიკე ბერის მიერ ჩაწერილი და თანამედროვე ტურისტული ბიზნესი ძალიან კარგად იყენებს-მეთქი. კავენტრი - დიდი ქალაქია. ეს არის კავენტრის დროშა, ზედ ლედი გოდივას გრაფიკული გამოსახულებით. გვერდები რომ ცისფერი აქვს დროშას, იმ ფერს კავენტრის ცისფერად მოიხსენიებენ. მე რომ სულ მეტირება, ის მელოდია, წოდებული “კავენტრის ქეროლად” - სახარებისეული ეპიზოდის თემაზე - ჰეროდეს მიერ დახოცილი ჩვილების დატირება რომ გამახსენდება, აქაც ხომ გვედო იუტუბიდან. ახლა გამახსენდა, ადრე, ერთ ოპუსში ქართულ სიმბოლისტურ მითისქმნადობაზე რომ ვლაპარაკობდი, ვთქვი, ცალკე ცისფერყანწელები და ცალკე გალაკტიონი ესწრაფვოდნენ, ევროპული კულტურული მემკვიდრეობა საკუთარ პოეტურ ქმნილებებში მითად-გარდაქმნილი წარმოედგინათ, ამ მასალის გენეზისური კლასიფიცირება, ძირითადად, სამ ჯგუფად შეიძლება-მეთქი: ა) უცხოური "მზა" მითები და ფიქციური ლიტერატურის ამბები და პერსონაჟები, (არტემიდე, ინფანტა, ლოენგრინი) ბ) რეალური ამბები და პიროვნებანი (ჰეგელი, ბოდლერი, ნოვალისი, მალარმე და აშ. ) გ) გარდამავალი ჯგუფი ორივე ერთად, მაგ. მარია ანტუანეტა - ერთი მხრით საფრანგეთის რეალური დედოფალი და მეორე მხრით პერსონაჟი დიუმასი, ჰაინესი, ფოიხტვანგერის, ცვაიგის და ა.შ., ტომას ჩეტერტონი- თან ინგლისელი მწერალი, თან ფრანგული დრამის პერსონაჟი-მეთქი და მაშინაც ლედი გოდივა ვახსენე, ოღონდ როგორც” ა)” ფიქციური ლიტერატურის პერსონაჟი, გავიხსენე გალაკტიონის რითმა მდივა/ გოდივა ( “მის სუფევას ვგრძნობ”და პაოლო იაშვილის ლექსი ,,ალი არსენიშვილს”) ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, საუკუნეზე მეტია, ქართულ პოეზიაში ამაყად დაიარება შიშვლად ცხენზე ამხედრებული ლედი გოდივას სახება. და რაკი პაოლო იაშვილის საიუბილეო თარიღის მიდამოებში ვტრიალებთ, გავიხსენოთ პაოლოს ლექსი მთლიანად, არა ოდენ როგორც კარგი მაგალითი ქართული პოეტური მითისქმნადობისა,რომელიც ჩვენთვის საინტერესო მრავალ ნიმუშს შეიცავს, არამედ შესანიშნავი პოეტური ქმნილება: პაოლო იაშვილი ალი არსენიშვილს გაცოცხლდა შენი უცნაურობა, გადაქცეულო მარჯნების ხვავად; და რჩება ჩვენი მოგზაურობა სიკვდილის დღისთვის შესანახავად. ჰფანტავდა კვამლსა მატარებელი, აყვავებული ტყემლის რტოებად; შენი სიტყვები უდარებელი უკან მისდევდა ქარს ლევკოებად. და ტოგამოხსნილს მაინც დაგშვენდა შენ რეტიანი ლექსით ბარბაცი; და მოდიოდი, ძვირფასო, ჩვენთან, ვით ლოენგრინი და ჯარისკაცი. ჩვენ ძირს გვეფინა გამხმარი თივა და გვინათებდნენ თავს გვირგვინები; გვეზმანებოდა ლედი გოდივა ქრისტეს მოახლით შენაგინები. უღელტეხილზე მაშინ დაბინდდა, მზე დაიმალა, როგორც ყაჩაღი, ჩვენ აფთიაქმა, მძინარ დაბიდან გამოგვატანა ბოდლერის ბაღი. მრავალ წარსულით მთვრალი ,,მერეთი” გარს გვეხვეოდა ლექსი ხროვებად, გვეჩვენებოდა ეს იმერეთი არაბულ ზღაპრის დაბოლოებად. თითქოს უეცრად შენ გაგარეტა ნეროთა ხმებმა ცეცხლიან ქარში; თითქოს ორღანომ ხმა გაიმეტა კათოლიკების წმინდა ტაძარში; თითქოს ამალით შეგვხვდა ყეენი, ან იგერებდი შენ მზის ნატეხებს და ან თვით იდა რუბინშტეენი გაბანიებდა დაღალულ ფეხებს. უცბად იროდის გამოჩნდა ტახტი და სალომაეს მოგესმა ფიცი – მერე უეცარ მოწამედ გახდი როგორ კვდებოდა დანიის პრინცი. უკანასკნელად გაჩნდა ბრომელი მწვანე ცილინდრით, თვალ ნისლიანი, შევხვდით სამება დაუდგრომელი ალი, პაოლო და ტიციანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი