ვირს რქები არ ამოსდიოდაო
ნინო დარბაისელი ვირს რქები არ ამოსდიოდაო ქართული ენის გამოყენების არე ამ ბოლო დროს მეტისმეტად, მე ვიტყოდი, კატასტროფულად ვიწროვდება. სკოლაში ქართულის სწავლება, მგონი, მინიმუმს ქვემოთამდეა დაყვანილი. პოეზია - როგორც იტყვიან, ფუფუნებაში მყოფი ენის საუფლოა. ვრწმუნდები, რომ ზოგადად, თანამედროვე მწერლობა-ღა ინახავს დღეს ენას, მის ექსპრესიულ პლანს. საკომუნიკაციო ფუნქციით - რასაკვირველია, თანდათან ოთხმილიონიანი ერის შიდა მოხმარების ენად იქცევა და საზღვრები უფრო და უფრო უპატარავდება, ტრადიციული მწერლობა - მიზანმიმართულად, მეტად და მეტად დისკრედიტირებულია. ის სარეველასავით მომრავლებული ავტორებიც კი, შემოქმედებითად საკუთარი სახე, რაიმე შტრიხიც კი რომ არ გააჩნიათ და გავლენასა და ფულს არ იშურებენ, რომ პოეტის, მწერლის სოციალური სტატუსი მოიპოვონ, ნებსით თუ უნებლიეთ, იმ ერთ დიდ საქმეს მაინც აკეთებენ, რომ ქართულ ენაზე წერენ, როგორც გამოსდით. თანამედროვე მწერლობა რომ ხელში ჩაგვაბერდა, ამის თაობაზე ამას წინათ ვწერდი ჩემს გვერდზე. ხალხი ახალგაზრდა ავტორად იწოდება ლამის ოთხმოცი წლის ასაკამდე. ამაზე სულ კახური ანდაზა მაგონდება: ,,ვირს რქები არ ამოსდიოდა და თავი ჩოჩორი ეგონაო”. მოსწავლეებთან, ახალგაზრდებთან მეტი და მეტი, ინტენსიური, მაგრამ, პოლიტკონიუქტურისგან თავისუფალი მუშაობაა საჭირო. მეტი წამახალისებელი მეთოდების მომარჯვება! მე ვარ მასწავლებელი, შემოქმედებით ახალგაზრდობასთან არაერთწლიანი მუშაობის ოფიციალური გამოცდილებით და ჩემზე უფროსები სულ იმას მასწავლიდნენ, ყოველწლიურად თითო ჯგუფში ოცდახუთი ბავშვი ხომ გყავს, ჩათვალე, რომ ამათგან არცერთი არ გამოვა პოეტი, მთავარია, ქართული ლიტერატურის მკითხველად გაიზარდოსო. იგივე მგონია დღეს თანამედროვე ახალგაზრდებთან მუშაობის მიზანიც. საჭიროა, ვიღაცეებმა ცოტა ჩაიჩოჩონ და ახალგაზრდებსაც მისცენ ლიტერატურაში რაიმე საარსებო სივრცე, თორემ დადგება დრო, რომ ქართული წიგნი - აღარც არავის ენდომება წასაკითხად, სულ პოლიგრაფიის მიღწევათა უმაღლეს დონეზეც რომ გამოიცეს და ოქროს ყუთში ჩაიდოს! ამას წინათ ერთი საკითხის შესწავლით დავინტერესდი და მერე ოპუსიც დავწერე. კერძოდ, რა დონეზეა მშობლიური ინგლისურის სწავლება ამერიკაში. წინასწარი, სავარაუდო დასკვნები არ მქონია, როგორც ნებისმიერი საკითხის შესწავლისას ბუნებრივად ხდება და ბოლოს “გავიჭედე” - არ იყო სწორი საკითხის ასე დაყენება და იმიტომ. ინგლისური - საერთაშორისო ენაა, დაახლოებით სამას მილიონ მოსახლიანმა ამერიკამ მთლიანადაც რომ ამოიღოს მისი სწავლება პროგრამიდან, ბრიტანეთი, მისი ყოფილი კოლონიები და მთელი მსოფლიო დარჩება, ხოლო ქართული, რომელზეც ჰა და ჰა, ათი-თხუთმეტი მილიონი ადამიანი ლაპარაკობს მთელს დედამიწაზე - ჩვენ თუ შევუზღუდეთ მოხმარება - გავრცელების არე სკოლიდანვე, ლამის საბავშვო ბაღიდანვე, ერთ თაობაში მკვდარი ენა გახდება და ვერც კი მიემატება იმ მკვდარ ენათა რიცხვს, მაგ ლათინურს, სალაპარაკოდ ვეღარ, მაგრამ წერილობითად რამეში კიდეც რომ გამოიყენება, ისწავლება, თუნდაც ციტირებაც კი, რომ რიტორიკული ხერხია. ეჰ, სიბერე, სიბერე! ასე მჭირს, თანდათან უფრო მეტად, პოეზიით დავიწყე და ბოლოს მაინც ენამდე მოვედი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი