ლიტმცოდნეობითი ოპუსები - კონფლიქტი ლიტერატურაში
ნინო დარბაისელი კონფლიქტი ლიტერატურაში მე პროზაზე მსჯელობას მუდამ ვერიდები და როცა მთხოვენ, ვპასუხობ, რომ არა ვარ პროზის სპეციალისტი და საშუალო მკითხველსა და საშუალო ლიტერატორზე მეტი არ მესმის, მაინც არ იქნება ჩემი აზრი კომპეტენტური-მეთქი. პოეზიასთან დაკავშირებით - როგორც პრაქტიკოს პოეტსა და თეორეტიკოს - ლექსმცოდნეს მიმაჩნია, რომ ზოგჯერ რაღაცეები კიდეც დამეჯერება. დღეს ძალიან მოკლედ და მარტივად მინდა შევეხო არა მხოლოდ პროზის მრავალი ჟანრის, არამედ პოეზიის ასევე მრავალი ჟანრის ერთ საკითხს. კერძოდ, მინდა ვთქვა, რომ ლიტერატურის ნაწარმოებს არ შეუძლია სიცოცხლე მასში წარმოსხულ, გამოსახულ ინსტანციებს, პირებს შორის კონფლიქტის, დაპირისპირების გარეშე და ყველაზე მარტივი გზა ნაწარმოებში კრიტიკული შეღწევისა, მისი “გაღებისა” - ჯერ კონფლიქტის/კონფლიტების პოვნაა, მათი/მისი დინამიკის, ბუნების გამოვლენა. (აქ მაგ. “შესხმის”, ეკფრასისის და სხვ. ჟანრის ნაწარმოებნი პოეზიაში განცალკევებით დგანან, ისახავენ რა მიზნად, დადებითი მხრით წარმოაჩინონ გამოსასახავი ობიექტი). კონფლიქტი ანუ წინააღმდეგობა ლიტერატურულ ტესტში არცთუ იშვიათად კომპლექსურია, შეიძლება გვქონდეს კონფლიქტთა მთელი სიმრავლე. ლიტმცოდნენი კონფლიტს ექვს ,,წმინდა სახეობად აჯგუფებენ. მე მხოლოდ ჩამოვთვლი მათ და თვალსჩინოებისთვის მასალას “მოვარგებ”: 1. პერსონაჟის, გმირის, ხასიათის კონფლიქტი საკუთარ თავთან ანუ ინტერნალური, შინაგანი კონფლიქტი, შინაგანი ბრძოლა - ძირითადად ლირიკული პოეზია. (თანამედროვე ნარატიული ანუ თხრობითი პოეზია, ჩვენში რომ ძალიან მოდაშია - არა! შექსპირის ტრაგედიების შინაგანი კონფლიქტები - “ოტელო “, “ლირი” და ცხადია , ჰამლეტი, მაგალითად - კი) 2.ექსტერნალური ანუ გარე კონფლიქტი ნაწარმოების პერსონაჟებს შორის, კლასიკური პროზა, მაგ “დიდოსტატის მარჯვენა” (მეფეს უყვარს შორენა, შორენას- უყვარს არსაკიძე არსაკიძეს - უყვარს სვეტიცხოველი), ასევე, ნარატიული ანუ თხრობითი პოეზიის დიდი ნაწილი აქ შევა. 3. პერსონაჟი და ბუნება - ესტერნალური ანუ გარეკონფლიტის სახეობა - “რობინზონ კრუზო”. ვაჟა ,,ხმელი წიფელი”, “შვლის ნუკრის ნაამბობი” 4. პერსონაჟი და ზებუნებრივი ძალები - ექსტერნალური კონფლიქტი - “ჰარი პოტერი”, ბეჭდების მბრძანებელი”, ,,ვარსვლავური ომები”, ვაჟას ,,გველისმჭამელიც იყოს აქ. 5. პერსონაჟი და ტექნოლოგიები, - ექსტერნალური კონფლიქტი - აქ ნაწარმოები თქვენ უფრო გეცოდინებათ, არ მიყვარს და არ ვკითხულობ. რამე ხომ არაა ისეთი, მაგალითად რაიმე კომპიუტერული პროგრამა და პერსონაჟი რომ უპირისპირდებოდეს, ხელოვნურ ინტელექტზე ხომ არაფერია, ნეტა? ან გარი კასპაროვმა კომპიუტერს რომ ჭადრაკი მოუგო,-არსებობს ნაწარმოებად? 6. ეს სახეობა ყველაზე “მშობლიურია” ჩვენთვის. პერსონაჟის დაპირისპირება სოციალურ გარემოსთან, ექსტერნალური იქნება, არა? მაგ. “ალუდა ქეთელაური”.თანამედრივე- ქართულშიც ბევრი იქნება. ეს უნდა გვახსოვდეს მუდამ, რომ წმინდა სახით თითქმის არასოდეს გვეძლევა ლიტარატურული კონფლიქტი. ჩვეულებრივ, რაღაც გვაქვს რაიმე კომბინაციასთან ერთად. ლიტმცოდნენი მსჯელობენ ძირითად, გამჭოლ კონფლიქტზე და მცირე, ნაკლებნიშვნელოვანებზე. მაგალითად, ვეფხისტყაოსნის მთავარი კონფლიქტი რა არის? ნესტანი - დაკარგულია და გამოსახსნელი. ქვეკონფლიქტებია ავთანდილის გაპარვა ყრმის საძებნელად, ჭაშნაგირის ამბავი, ფრიდონისა და ბიძაშვილების დაპირისპირება და ასე შემდეგ. ჩვეულებრივ, მთავარი კონფლიქტი ბოლომდე გასდევს ნაწარმოებს და მისი გადაწყვეტა - დასასრულს ნიშნავს. თუმცა სიუჟეტსა და ფაბულას შორის არსებული სხვაობა ავტორს საშუალებას აძლევს, მართოს მკითხველის ყურადღება და მთავარი კონფლიქტი ნაწარმოების დასაწყიდანვე არ შემოიტანოს. რაკი ვეფხისტყაოსანი უკვე ვახსენეთ, მაგალითიც აქედან იყოს. მთავარი ამბავი უკვე მომხდარია ,,ჩვენს გარეშე”, ნაწარმოები კი მხატვრული “ქრონოლოგიით” შუიდან - თინათინის გამეფებიდან იწყება. სავარჯიშო: 1. გაიხსენეთ ჩამოთვლილი სახეობების ნიმუშები ქართული ან მსოფლიო ლიტერატურიდან 2. გახსენებული ნიმუშებიდან დაასახელეთ კონფლიტის წმინდა და კომპლექსური ნიმუშები. ჩამოთვალეთ კომპლექსურში გაერთიანებული სახეობანი. (მაგალითად, ავთანდილი - დგას ორი მთავარი კონფლიქტის წინაშე, როცა უნდა გაიპაროს თავისი სამეფოდან ტარიელის დასახმარებლად თავისი მხრით, ეს ორი კონფლიქტი წარმოშობს სხვა კონფლიქტებს მაგ. - შერმადინის კონფლიქტი).
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი