მომხმარებელთა და ხმარებულთა შესახებ ანუ ენა და პოეტები


ნინო დარბაისელი

მომხმარებელთა და ხმარებულთა შესახებ ანუ
ენა და პოეტები
(ჩემი “დილაუზმოს ფიქრებიდან”) 

ჩვენში (და იქნებ სხვაგანაც) ენისადმი დამოკიდებულების მიხედვით,  ახლაც და მუდამ, პოეტების მთელი სიმრავლე სამ არათანაბარ კატეგორიად იყოფა.

1. ენის  მო-მ-ხმარებელი  - ყველაზე დიდი,  
ასე, დაახლოებით, 98%.
 ისინი მზა, ბუნებრივსა თუ პოეტურ ენას (ფართო გაგებით) მო-ი-ხმარენ ლექსისთვის.  
საკუთარი ან საკუთრადქცეული, მახვილგონივრული, მოხდენილი სათქმელის ქონის გამო, მათგან ერთი, საუკეთესო ნაწილი მნიშვნელოვანი პოეტიცაა,  გარკვეული , სხვადასხვაგვარი, სახასიათო ნოვაციებიც შემოაქვს ,,საერთო'  პოეტურ ენაში.
  კონკრეტულობისთვის  -  (უფრო ადრინდელებში არ ჩავალ), სიმონ ჩიქოვანი (ადრინდელი ფაზის გამოტოვებით), გრიგოლ აბაშიძე, იოსებ ნონეშვილი,  შოთა ნიშნიანიძე,  მორის ფოცხიშვილი, პეტრე გრუზისკი, 
გასული საუკუნის სამოცდაათიანელებიდან, ოთხმოციანელებიდაც - დიდი უმრავლესობა .... და .ა.შ

2. ენის მი-მ-ხმარებელი - ყველაზე მცირე ნაწილია, ასე დაახლოებით, 1% არც იქნება.    ისინი ღრმად ჩადიან ენის ბუნებაში, იცნობენ და გრძნობენ მის გამოუვლენელ პოტენციალს, იყენებენ მას,   გარდაქმნიან  და ქმნიან ,,საკუთარ პოეტურ ენას", რომელიც შემდგომ თავად  სხვადასხვაგვარად , მეტ- ნაკლებად ზემოქმედებს ჩვენს ენაზე.
აქაც , კონკრეტულობისთვის, მაგრამ  უფრო შორიდან დავიწყებ :შოთა, გურამიშვილი, ილია, აკაკი, გალაკტიონი, მუხრანი  (არა მხოლოდ შემოქმედებითად, არამედ თეორიულადაც), მურმანი, ვახტანგ ჯავახაძე, ტარიელ ჭანტურია და ა.შ.

 3.,  ენის მ-ხმარებელი -  ანუ გამაუპატიურებელი, მოძალადე, რომელიც  არ დაგიდევთ ენის ბუნებას, პოტენციას, არც გრძნობს და არც იცნობს მას. გასდის და წერს და აქვეყნებს კიდეც, არც თავისი მკითხველი აკლია.(1%)
კონკრეტული მაგალითები აქ არ მომთხოვოთ, თავად მიმოიხედეთ, მაგრამ, დასახელებაზე - ფრთხილად! ეს - საქართველოა და მარტო პოეზიაში კი არა, ყველა სფეროში საკუთარი აზრის მართებულობის დასამტკიცებლად   მზადა აქვთ ხუთი დამაჯერებელი არგუმენტი, ანუ ხუთი თითი, მუშტად შეკრული.

ამ მესამე კატეგორიაში  შეიძლება გამოიყოს კიდევ ერთი ქვე- კატეგორია - 
 ენის ხმარებ-ულ-ი - ეს ის პოეტები არიან, რომელთაც ენაზე ძალადობა მოინდომეს, მაგრამ ამაშიც სუსტნი გამოდგნენ. ენამ თავად იძია მათზე შური და სასაცილო მდგომარეობაში ჩაააგდო მათი ნაწერები. სხვა ამბავია, თავად პოეტები და მათი ახლობლები ამას გრძნობენ თუ არა.
 კონკრეტიკაზე - აქაც ბოდიში, ვინც გამოენთება ამ ჩემი ოპუსის წაკითხვაზე, თავად მიხვდებით.

მზად ვარ , თავად წინასწარვე და გულწრფელად ვუპასუხო მოსალოდნელ,  ნიშნისმოგებით კითხვას:
- მე თვითონ რომელ კატეგორიას მივაკუთვნებ საკუთარ თავს?

სამივე კატეგორიასა და ერთ, ბოლო ქვე-კატეგორიასაც, ერთდროულად და ცალ- ცალკე.
და  თქვენ, ძვირფასო კოლეგა?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი