საბავშვო პოეზია - ფუნქციონალური პოეზიაა (თავშესაქცევად)


საბავშვო პოეზია - ფუნქციონალური პოეზიაა - (თავშესაქცევად) 

ამას წინათ ვიდეო იდო ფეისზე-
ორი პატარა ბავშვი ერთმანეთს ეჯიბრებოდა, რომელი იტყოდა პირველი გამოთქმით ლექსს -  ბებიის დიდ ამაგზე.
წარმომიდგენია, რა ბედნიერი უსმენდა კადრსმიღმიდან  იქვე მდგარი ამაყი აღმზრდელი ბებია!
ნეტა ვინ ასწავლათ ეს ლექსი, ან საერთოდ ვინ შეთხზა იგი?
შემზარა!
მშობლებო, ნუ აჩვევთ სიყალბეს, ნუ ტენით პირში საკუთარ ბავშვებს - აღმზრდელი დიდების  საამო და სასურველ სიტყვებს!


ნინო დარბაისელი

საბავშვო პოეზია - ფუნქციონალური პოეზიაა?

  იმ დროიდანვე, რაც ქვეყნად ხელოვნება არსებობს, ადამიანი მუდმივად უტრიალებს კითხვებს -  რა არის ხელოვნება, რა არის მისი მიზანი და ასე შემდეგ…
  არ შემიშინდეთ,  არ ვაპირებ რამე უცხო და ახალი ვთქვა,  ესთეტიკური თუ ანტი/ ესთეტიკური კონცეფციები გადმოვაფრქვიო, ან ანტიკური დროიდან დღემდე გამოთქმული რომელიმე აზრი შეგახსენოთ. პლატონის  ,, სახელმწიფო” და რამე!
  მინდა გაგართოთ, ოღონდ მანამდე სულ მარტივად ერთ საკითხს შევეხები.
  მე პირადად ვიზიარებ აზრს, რომ ხელოვნების ყველა დარგს და ზოგადად ხელოვნებას, ერთადერთი მიზანი აქვს - იარსებოს, იყოს ხელოვნება!
თითქოს რა მარტივია, არა?
  რამდენადაც მარტივად გამოითქმის, ეს  იმდენადვე რთული გასახორციელებელია პრაქტიკულად.
    ხელოვნებისთვის ‘თავის-თავად-ყოფნის” გარდა,  სხვა მიზნის მიმატება -  ნიშნავს მის ჩაყენებას მომსახურის მდგომარეობაში…
    არადა, მარტო თანამედროვე მსოფლიო კი არა, ანტიკური სამყაროც იცნობდა გამოყენებით, უტილიტარულ ანუ როგორც ახლა მოიხსენიება ფუნქციონალურ ხელოვნებას.
    მაგალითად,  საყვირის რაღაც მელოდიით ინფორმაცია გადაეცემოდა შორ მანძილზე,
ლექსად წერდნენ დასამახსოვრებელ ტექსტებს, რეცეპტებს, ამა თუ იმ დარგის ცოდნა ილექსებოდა. რაღაც ნახატი ეგვიპტურ ხელოვნებაში ნიშნავდა - აქ განძია, აქ მიცვალებული და ასე შემდეგ.
    ახლა ზოგჯერ  უკვე მზა ხელოვნების ნიმუში “გადაფუნქციონურდება”,  მაგალითად, თუ გამოუშვებენ შპალერს, რომელზეც სულ ვან გოგის ყვავილები იქნება და ამგვარი დიზაინური რაღაცეები.   
    ჯვარი აქაურობას და ფუნქციონალური დატვირთვით, შეუცვლელად გამოიყენება მუსიკის  კლასიკოსთა ქმნილებების ნაკრები საპანაშვიდოდ; კიდევ, კლასიკური ნაწარმოების ფრაგმენტები მობილურში  “გადაფუნქციონალურდება” მუსიკალურ სიგნალად, იქმნება სპეციალური ნაწარმოებებიც კლასიკის მოტივებზე ან უმისოდ, მაგალითად, სასტუმროში, რესტორანში და ა.შ. -  წყნარი მუსიკალური ფონისთვის.
  არის თუ არა ამგვარი  - უკიდურესი გამოვლინებანი ისევ ხელოვნება?
    ხელოვნებათმცოდნეთაგან ზოგი მიიჩნევს, ზოგი - არა.
    საბედნიეროდ, ამისი წყალობით მეტი გასაქანი რჩება ,,ხელოვნების ხელოვნებისათვის”, იგი თავისი ძირითადი არსის გარდა აღარაფერს ემსახურება. მაგრამ რა არის მისი არსი დღეს?…
  ვაიმე, მგონი მე თვითონ მივადექი ჩიხს.
    აბა, ჩვენში უტილიტარული პოეზიის სახელით რომ მოიხსენიებენ და დასავლეთ ევროპულ თეორიები ფუნქციონალურს უწოდებენ, ამ ბოლო დროს უფრო და უფრო რომ ძლიერდება, ეს რაღაა?
დაწყნარდი, ნინო!
  ზუსტად იგივეა!
მაიაკოვსკიც ხომ წერდა ასეთებს. მაგალითად,  ურნაზე მისაკრავად:

ამხანაგო მეგობარო, შენ შეგირცხვეს ულვაში!
ქუჩაში რომ იფურთხები, ჩააფურთხე ურნაში!

ქართულებიდან პირადად ყველაზე კარგი - ეს ვიცი, ანბანის დასამახსოვრებლად:

აბგადევზა
თიკალმანო
პაჟარასტა
ტუფქაღაყაშ
ჩაცაძაწა,
ჭახა ჯაჰა

მახსოვს, კოტე ყუბანეიშვილსაც ჰქონდა რაღაცეები.
  გამიხარდება, თუ დადებთ.
  ესენი კი სახელდახელოდ, თქვენთვის დავწერე.
  ცოტა თქვენც დამიმატეთ!

ტორტის ბისკვიტის რეცეპტი:

ათი კვერცხი საშუალო
ცალკე ათქვეფილი
ათი კოვზი შაქარი,
ათი კოვზი ფქვილი,
გამოგივა ბისკვიტი,
თეთრად  გაფეთქილი.

თმისცვენის გასაჩერებელი წამალი:

კარგად რომ შეგაზილოს,
გჭირდება პარტნიორი:
ორი თავი ნიორი,
ხახვის თავი მაგარი,
თმა ამოჰყავს - ჯაგარი!

წარწერა მაცივარზე ქმარ- შვილისათვის:

გაიყავით ტოლმა,
როგორც ტოლი-ტოლმა

წარწერა თავლაზე:

აცე ვირო,
არ იყვირო,
რო ქვეყანა გააკვირო.

რეკლამა ავეჯის მაღაზიაზე:

გვაქვს ურბილესი ტახტები,
სულ ახტები და დახტები.

წარწერა ყინულის ავტომატის ხურდის ჩასაყრელზე:

თუ გახურდა -
ხურდა უნდა

წარწერა წარმოდგენის შესასვლელში:

არ გაგივა ილეთი,
უნდა გქონდეს ბილეთი

დენტისტის ოფისში:

მოირიდე ტკბილი!
აგტკივდება კბილი.

სამშობიაროს შესასვლელში:

ნახე ბავშვი,
თუ გაქვს საშვი

წარწერა  სადარბაზოში დადებულ ფეხის ტილოზე, რომელზეც სხვა  ამვლელ ჩამვლელები ტალახს ტოვებენ:

ვინც აქ გაუსვას ფეხი,
იმას დაეცეს მეხი!

ის მოთხოვნები კი, რომელსაც ჩვენი  მშობლები  უყენებენ საბავშვო პოეზიას - ნიშნავს იყოს აღმზრდელობითი, ანუ არის მისი ფუნქციონალიზაციის მოთხოვნა.
ეს იყო საბჭოური, ტოტალიტარული ლიტერატურისა და ზოგადად ხელოვნებისადმი წაყენებული იდეოლოგიური დაკვეთა.
ამ დროს ბავშვებს რა უნდათ?
- ბავშვებს უნდათ გართობა და თამაში, მათი პოეზიაც ასეთია, როგორც სიტყვიერი ხელოვნება!
…თუმცა არავინ უშლის ავტორებს, წერონ ლექსები იმაზე, რომ საპირფარეშოდან გამოსულმა ბავშვმა ხელები საპნით კარგად უნდა დაიბანოს:

მოისაქმებ თუ არა, გაისაპნე ხელები
თორემ მუცლის გვრემით და დაიღლები ხველებით.

და დაძინების წინ -  კბილები გამოიხეხოს:

თუ ხართ კარგი ბიჭები,
გაიხეხეთ კიჭები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი