გალაკტიონოლოგიური ოპუსები - ცვრიან ბალახზე
ნინო დარბაისელი ცვრიან ბალახზე “ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა სიარულის სიხარული” - მორის მეტერლინკს რომ უკავშირდება, და სიხარულის ჩამონათვალთა შორის ერთ- ერთი როა, ეს მახსოვს, დასაბუთებულია გალაკტიონოლოგიაში. მე ბევრჯერ აღვნიშნე, რომ საკუთარი სიმბოლისტური - ინტეგრალური ხატების შესაქმნელად გალაკტიონი არ სჯერდება მხოლოდ ერთ წყაროს, ერთი მნიშვნელობის მქონე სიტყვასა თუ გამონათქვამს და სინთეზირებას ახდენს მრავალი პლანისა, რითაც მკითხველს ინტერპრეტაციულ შესაძლებლობათა მაქსიმალურად ვრცელ სივრცეს უქმნის. ვვარაუდობ, რომ აქაც ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. კერძოდ, ქართული ლექსის რეფორმატორებისთვის, მისთვისაც და ცისფერყანწელებისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო არტურ რემბოს ლექსი “შეგრძნებანი”: Arthur Rimbaud – Sensation Par les soirs bleus d’été, j’irai dans les sentiers, Picoté par les blés, fouler l’herbe menue : Rêveur, j’en sentirai la fraîcheur à mes pieds. Je laisserai le vent baigner ma tête nue. Je ne parlerai pas, je ne penserai rien : Mais l’amour infini me montera dans l’âme, Et j’irai loin, bien loin, comme un bohémien, Par la Nature, – heureux comme avec une femme. Mars 1870 ანენსკის რუსული, უთარიღო თარგმანი ასე ჟღერს: Артюр Рембо Впечатление Один из голубых и мягких вечеров… Стебли колючие и нежный шелк тропинки, И свежесть ранняя на бархате ковров, И ночи первые на волосах росинки.Ни мысли в голове, ни слова с губ немых, Но сердце любит всех, всех в мире без изъятья, И сладко в сумерках бродить мне голубых, И ночь меня зовет, как женщина в объятья… ინგლისურენოვანი, ბწკარედული თარგმანი - ასეთია: Daydreaming I will feel the coolness on my feet. ინგლისურენოვან ლიტერატურაში არსებობს მოსაზრება, რომ არტურ რემბოს სინესთეზიურობა ახასიათებდა თუ სჭირდა. მედიცინის განვითარების თანამედროვე დონის პირობებში სინესთეზია წმინდად ნევროლოგიურ სიმპტომად აღარც კი მიიჩნევა და მარტივად ეს ნიშნავს, რომ პაციენტის აღქმის ორგანოები ,,არეულია” მაგალითად , ფერი აღიქმება ბგერად, ბგერა - აღძრავს რაიმე წარმოსახვას და ასე შემდეგ. მეცხრამეტე საუკუნეში კი სინესთეზია - წმინდად ნევროლოგიურ დარღვევად მიიჩნეოდა და ეს აზრი პრივალირებდა. ამჟამად იგი არ მიიჩნევა დაავადებად, როგორც მაგალითად ორმაგპოლარული დარღვევა ან შიზოფრენია, ხელოვანთათვის - ნიჭიერების საფუძვლადაც კი აღიარებენ, თუ პროდუქტიულობის ფუნქციას შეიძენს მათს სფეროში. იგი არსებობს თანდაყოლილი და შეძენილიც, რომელიც, ითვლება, რომ რაიმე ნერვიული სტრესის შედეგია. ეს უკანასკნელი ექვემდებარება კომპლექსურ მკურნალობას (მედიკამენტოზურს პლიუს ფიზიკური და ფსიქოლოგიური). გითარგმნით პატარა ფრაგმენტს მის შესახებ. “ეს მდგომარეობა წარმოიშობა შეგრძნებათა ორგანოებს შორის გაძლიერებული კომუნიკაციის შედეგად და არის არანებელობითი, ავტომატური და მყარი - დროითი თვალსაზრისით. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს ფსიქოტროპული მედიკამენტების ზემოქმედებით, სენსორული დეპრივაციის შედეგად ან ტვინის დაზიანების გამო. (The condition occurs from increased communication between sensory regions and is involuntary, automatic, and stable over time. While synesthesia can occur in response to drugs, sensory deprivation, or brain damage) სტატისტიკით, თანდაყოლილი სინესთეზია ახასიათებს დედამიწის მოსახლეობის 4% - ს. ალკოჰოლიზმი - სინესთეზიის ერთ- ერთ აქტიურ სტიმულატორად მიიჩნევა. პოეზიის ენაზე გადმოტანილი ეს დარღვევა კი უკვე ესთეტიზაციის ობიექტი რაკი ხდება, სამყაროს პოეტურ დეფორმაციას გვაძლევს. საერთოდაც, ენისა და და ადამიანური სამყაროს, მისი მრავალფეროვანი პლანების დეფორმაციის შედეგია პოეზია. სადაც დეფორმაცია არ ხდება, იქ არც პოეზიაა და გვაქვს გარითმული ან გაურითმავი “ლექსისმაგვარობა”, თუმცა ეს ნამდვილად სხვა, დიდზე დიდი საუბრის თემაა. აქ მხოლოდ ერთს ვიტყვი და კვლავ ლექსს მივუბრუნდები: მე გამიჭირდება დავასახელო არა მხოლოდ რომელიმე ქართველი, თუნდაც სიმბოლიზმთან დაკავშირებული ავტორი, არამედ უცხოელიც, რომელსაც გალაკტიონივით ერთდროულად ენისა და ადამიანური საყაროს ასეთი დეფორმაციისთვის მიეღწიოს და ამის შედეგად შეექმნას სრულიად უნიკალური საკუთარი პოეტური, უსასრულოდ მრავალპლანიანი სამყარო. აქ შეიძლებოდა ფარულ ოპონენტს არაერთი რამ გახსენებოდა, მაგალითად მალარმეს წიგნი, მაგალითი სხვაც ბევრი დაიძებნება, რომელიმე ერთი მხარის უტრირებისა, მაგრამ მე ვსაუბრობ პლანთა მაქსიმალურ ორკესტრირებაზე, რაც გ. ტაბიძის სიმბოლისტურ ლექსებში, კერძოდ მის კრებულში,, არტისტულ ყვავილებში(1919) გვაქვს. ** არტურ რემბოს შეგრძნებანი თარგმნილი აქვს პაოლო იაშვილს ასე არტურ რემბო შეგრძნებანი ლურჯ საღამოთი, ზაფხულობით წავალ ფარულად, სადაც ყანაა და ბალახით ავსილი ველი; ფეხებთან ვიგრძნობ, რომ ბალახი მთლად დაცვარულა და შევცურდები ქარში ზვავი და თავშიშველი. ხმას არ გავიღებ... არ ვიფიქრებ... მაგრამ ძლიერი ვნებით მევსება სიყვარულის უბე და კალთა; და მივალ, როგორც დამშეული ბოჰემიელი, და ბედნიერი ბუნებასთან: ისე ვით ქალთან. (თარგმნა პაოლო იაშვილმა) გივი გეგეჭკორისეულ თარგმანში ჩვენთვის საყურადღებო მესამე სტრიქონი ასეა გადმოტანილი: “მე - მეოცნებე ატირებულ ბალახში ვივლი” ბაჩანა ჩაბრაძე კი საკუთარ თარგმანში ასეთ ვერსიას გვთავაზობს: როს ბალახი თავთავთა გასათელად მიმიშვებს, შევუყვები გრილ ბილიკს, ტერფით შევეურჩები. ახლად გამოჩენილ, ოთარ ცისკაძისეულ თარგმანში კი, რომელიც ინგლისური დედნიდანაა შესრულებული, სახე ამგვარადაა გადმოტანილი: დამჩხვლეტს თავთუხი, ფეხშიშველი გავქელავ ბალახს, შვებას მანიჭებს მეოცნებეს ალერდი გრილი გავიხსენოთ გალაკტიონის ლექსი “მამული”, რომელიც შეიძლება ითქვას, მის ქმნილებათა შორის ყველაზე მრავალმხრივ შესწავლილთა რიგს მიეკუთვნება და პოეტი სინესთეზიის მხატვრულ ექსპლიცირებას აღწევს. გალაკტიონ ტაბიძე მამული ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე – რაა მამული?! წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული. გაშალა ველი ნელმა ნიავმა, და მელანდება მე მის წიაღში მოხუცი მამა, მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში. აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი მასზე ოცნებას დაემგვანება! ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!.. დავდივარ… ვწუხვარ და მენანება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი