ედგარი - მერამდენედ
ნინო დარბაისელი ედგარი - მერამდენედ! (გალაკტიონოლოგიური ოპუსებიდან. გ. ტაბიძის ერთი ლექსის ინტერპრეტაციის ცდა) გალაკტიონის პოეზია რომ საიდუმლოებებითაა აღსავსე, ეს ხომ საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, ამიტომ დასაწყისიდანვე მარტივად აღვნიშნოთ და პირდაპირ ჩვენი ამჯერადი ყურადღების საგნისკენ ვცადოთ გზის გაჭრა. ერთ ლექსზე მინდა გაგიზიაროთ ჩემი… აქ თავად ჩასვით ეტიკეტით შეპირობებული რაიმე ეპითეტი - მოკრძალებული, ვარაუდებზე დაფუძნებული აზრი და ასე შემდეგ, რადგან ამ თემაზე არაერთხელ უფიქრიათ ისეთ დიდ ავტორებს, როგორიცაა რეზი თვარაძე, დათო წერედიანი, ამირან გომართელი და სხვანი და შესანიშნავი გამოკვლევებითა და ესსებითაც გაუმდიდრებიათ გალაკტიონოლოგიის თარო. რაკი ჩემთვის ოკეანის გაღმა ტექნიკურად მიუწვდომელია მათი ტექსტების სრული კორპუსი, ხოლო ჩემს ადამიანურ მეხსიერებას ხარვეზები ნამდვილად არ აკლია, ვშიშობ, ზეპირი ციტირებებით აქ უფრო არ ავანგრიო სააზროვნო ველი, ამიტომ უშუალოდ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას შევეცდები. წინასწარვე შევთანხმდეთ, რომ რაღაცებში დავემთხვევით, რაღაცეებში - ვერა. საბოლოოდ - ეს ჩემი ინტერპრეტაციაც საერთო სიმრავლეს მიემატება, გალაკტიონის მიერ ტექსტში ჩაუნჯებული გამოცანა კი ამის მერეც შემდგომ მკითხველსა თუ მკვლევარს დაელოდება... მაგრამ ჯერ გულდასმით წავიკითხოთ ტექსტი, რომელზე მსჯელობასაც ვაპირებთ: ედგარი მესამედ - - - ჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი. იყო საღამო. ლოცვები. ზარი. და ჩვენს საოცარ გზაზე, ლენორა, რტოებს ტირილით ამტვრევდა ქარი. ენატრებოდა ფრთებს სითამამე უზრუნველობის, შენი სიშორის! მაგრამ უეცრად ვიღაც მესამე, ვიღაც მახინჯი ჩადგა ჩვენს შორის. და ჩვენ გვესმოდა ყრუ საუბარი: საცაა, მოვა სიკვდილის წამი! ტიროდა ქარი, კვდებოდა ქარი და მივდიოდით ტაძრისკენ სამი. 1915 ახლა მოკვდავთა ენაზე ვცადოთ გადმოტანა იმისა, რაც გადმოგვყვება: წარსულში, ერთ ძლიერქარიან საღამოს ლექსის ლირიკული გმირი - პოეტი ვინმე ლენორასთან, სატრფოსთან ერთად საღამოხანს ტაძრისკენ მიემართებოდა. ტაძრიდან მოისმოდა ზარისა და ლოცვების ხმა. გმირის ფრთებს ენატრებოდა ლენორას სიშორისდროინდელი უზრუნველობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობდა კიდევ უფრო წინანდელ წარსულში რაღაც დრო, უკეთესი და სანატრელი, ვიდრე ეს ლენორად სახელდებულ ქალთან ერთად ტაძრისკენ ერთად სვლაა,…მაგრამ რაღაც მომხდარა, (სწორედაც მაპირისპირებელი კავშირი” მაგრამ!”), თან უარესი - ვიღაც მესამე, ვიღაც მახინჯი (აქ ყურადღება მივაქციოთ განუსაზღვრელი ნაცვალსახელის გამეორებას, თავისებურ პოეტურ ემფასისსა და ეპითეტებს: მესამე და მახინჯი) ჩადგა მათ შუა და ამბობდა, საცაა სიკვდილის წამი მოვაო. და ასე, სამმა განაგრძო გზა ტაძრისკენ, ხოლო თავიდან მოტირალი ქარი ბოლოს - კვდებოდა. ( დრო - წარსული, კილო - თხრობითი, მწკრივი - უწყვეტელი). მკვლევართა ყურადღებას ამ ლექსზე მსჯელობისას ძირითადად შემდეგი საკითხები იპყრობს: რატომ ჰქვია ლექსს “ედგარი მესამედ” ვინაა ის “მესამე”, ვინც წყვილს შუა დგება? რა კავშირია სათაურისეულ სიტყვა ,,მესამესა” და იმავე სიტყვასთან, როცა იგი ლექსში შემომატებული, მოახლოებული სიკვდილის მაუწყებელი ინსტანციის აღსანიშნად, ეპითეტად გამოიყენება? მიღებული და ცხადი აზრის თანახმად, ლექსში ნახსენები პოსეული Lenore - ლენორი — ლენორაა, რომელიც რუსული პოეზიის, ძირითადად ბალმონტსა და ბელის თარგმანების წყალობით გაჩნდა ქართულ პოეზიაში და გზად ინგლისური ჟღერადობა იცვალა. ეს თვალნათლივია, მაგრამ ხომ არაა მასში შერწყმული კიდევ სხვა წყაროთაგან მომდინარე არსება/არსებანი? ქართული პოეზიის ისტორიაში რომ გალაკტიონი არაა ერთადერთი, ვისთანაც ლენორა იქცა სახელად მიღმასამყაროში მსუფევი, მიუწვდომლი სატრფოსი, მკითხველი ადვილად დამეთანხმება, რაწამს ტერენტი გრანელის ამ ლექსის ფრაგმენტს შევახსენებ: ლენორა – წმინდა, ლენორა – ერთი. ლენორა მინდა, ლენორა – ღმერთი. ლენორა მოდის და მოაქვს კუბო. ლენორა – ლოდი, ჩემია უფრო. ლენორა მინდა, ლენორა – ფიქრი. ლენორა – წმინდა, ლენორა მიჰქრის… (“ლენორა წმინდა”) ცისფერყანწელთა პირველი საერთო ტკივილის - უდროოდ გარდაცვლილი, დიდად იმედისმომცემი ერთი მათთაგანის, შალვა კარმელის ლექსი კი იქნებ არ ახსოვდეს ან არც იცოდეს მკითხველმა, ამიტომ ვრცელი კია, მაგრამ სრულად დავდებ, თან, ეს - წერილის ინტერნეტ ვერსიაა და თუ ბეჭდურად გამოქვეყნებაც ეღირსა, ლექსს შევამოკლებ. ერთი დღე ტყეში - - - პოეტი მეფე, პოეტი ბავშვი, გამიყოლიე დაბინდულ გზაზე. მე მკლავი მქონდა შენს სურნელ მკლავში. ვფიქრობდი ჩუმად: ვინ იცის – რაზე! ხეებს ჩაექრო მთვარე ბურთული, მე კვლავ მესმოდა სონატა მთვარის. მაგ თვალთ სისოვლე, თმა დაბურდული,- ჩემ ცოდვილ ბაგის, ხელების არის! იყო შრიალი, ფოთოლთა თქეში, გრიგალმა ხმებიც გაიტენორა. ვიყავით სტუმრად ერთი დღე ტყეში - მე და ლენორა, მე და ლენორა!.. 2. ზღაპრული თვალი ვიცი ჯდოა და ჩავიძირე მეც შენს ჯადოში. ახლა ტყე ჩვენთვის ელდორადოა,- უნდა ვიცხოვროთ ელდორადოში! და ტყის კარვები ჩვენთვის მწვანდება ნაზი, სპეტაკი, თავშენაბელი. მაგრამ ხეებზე რად მელანდება ყელსახვევების უცხო საბელი?! ახ, სახრჩობელა! ყვითელ ნეშოზე პოეტის კუბოს ვხედავ ზმანებით... შენს ხელის ნაცვლად უნუგეშოზე მე ვტირი ცისფერ ხელთათმანებით! 3. მშვიდობით! გტოვებ! მივდივარ მთაში! დიდ შუადღისას მე ავალ მთაზე. შენ სად იქნები ლენორა მაშინ?! რისთვის ად ვიცი, აჰ, რისთვის, რაზე ჯვარს გადაიწერ ნორჩ თავხურათი, თუ დაგეჭდობა მშვიდად მკლავები?! მე ვიცი მხოლოდ ერთი სურათი - პოეტის სულში ნასაფლავები! როს მზე ამოვა მაღალ გორასთან, ის იტყვის ალბათ მხურვალე მზეში: ვიყავ ბედნიერ ჩემს ლენორასთან ერთი დღე ტყეში! ერთი დღე ტყეში! 4. მინდოდა ცრემლი, ზეცა... დიდება... და მე წვალებით ავედი მაღლა. დღეს სინანულად მაქვს დარიდება, დღეს დიდებისას ვიგრძენი დაღლა!.. სად ხარ, ლენორა! მარტო ვბერდები! გეძახი ახლა... გეძახი გვიან!.. მე შენს ჩვენებას კვლავ ვაჩერდები და საოცრებას თვალები ღვრიან!.. მისმინოს ლანდმა ლოცვა ზენარი. ამაოება თავს დამგრიგალობს... მოდი, ლენორა, მოდი, ლენორა! მკვდრეთით აღდგომას სული გიგალობს!.. 1918 არ მინდა, ჩვენი მსჯელობის ხაზს ავცდე, ამიტომ აქ მოკლედ შევნიშნავ, რომ კარმელი არა მხოლოდ იცნობს პოს ნაწარმოებთა საერთო კონტექსტს და იქიდან ალუზიებით აჯერებს თავის ლექსს, (მაგ. ელდორადო და სხვ.); იგი გალაკტიონის ინტონაციებითაც უხვად სარგებლობს.(ეს - ზედაპირზე დევს), ამავე დროს, სათაურიდან დაწყებული, ისეთი ახალი მომენტებიც შემოაქვს, რაც სავარაუდოდ არა პოსგან ან გალაკტიონისგან, არამედ თავად ამ ავტორის ცხოვრებისეული რეალიებიდან უნდა მომდინარეობდეს. *** პირველსავე სიტყვას მივუბრუნდეთ. ედგარ პოს ძალზე ცნობილი ლექსი “ყორანი” ლენორს რომ ახსენებს და გალაკტიონის ლექსი მისით ნასაზრდოებია, როგორც მახსოვს, ეს ამ ლექსის ყველა მკვლევარს აღნიშნული აქვს სხვადასხვა მოდიფიკაციით. ვაჟა- ფშაველადან დაწყებული, ქართულად იმდენჯერაა “ყორანი” სხვადასხვა დროს თარგმნილი, თუ არ ვცდები, ცალკე კრებულადაც უნდა იყოს გამოცემული. ამიტომ მისი აქ დამოწმება - ზედმეტია. მკვლევართა უმეტესობა ლექს ,,ლენორს”/ ლენორასაც მოიხსენიებს, თუმცა ციტირებული - არ მაგონდება. დაწყებული გასული საუკუნის დასაწყისიდან ამ ლექსის არაერთი, მრავალნაირი თარგმანია რუსულ პოეზიაში. ქართული - ამ მხრივ განებივრებული როდია. აქ სრულად მოვიყვან ჩემს ახალ თარგმანს ორიგინალიდან. ერთი ენიდან მეორეზე ლექსის ზუსტი თარგმანი - წარმოუდგენელი რამაა, მაგრამ მიზანი ასეთი მქონდა, რამდენადაც შევძლებდი, მაქსიმალურად დამეცვა დედანთან სიახლოვე, რათა ლიტერატურის მკვლევრებს ციტირებისას გამოსდგომოდათ. ედგარ პო ლენორი - - - - - ო, გატეხილა თასი ოქროსი! გაფრინდა სული სამარადისოდ! რეკონ ზარებმა. სული წმინდანის მდინარე სტიქსის წყალზე დადისო. და, გაი დე ვირ, ცრემლს რად არ დაღვრი, იტირე ახლა ან არასოდეს, შეხედე, სად წევს სიცოცხლე შენი, ლენორი როგორ აღარ გახსოვდეს! მოდი, უბრძანე ჩატარდეს წესი, დე, დაიტირონ დედოფლის დარი, სამგლოვიარო იმღერონ ჰანგი და განადიდონ უდროოდ მკვდარი, ის, ვინც წავიდა ასეთი ნორჩი, სინორჩის გამო ორმაგად მკვდარი. - უმადურებო! სიმდიდრისათვის გიყვარდათ, მაგრამ გძულდათ ამაყი! ეშურებოდით, სნეულისათვის რომ დამდგარიყო დღე დასამარხი! როგორ ეგების წესის აგება, ან რეკვიემის რამე მაგვარი? თქვენი ქცევით და თქვენი ენებით, თქვენი ავთვალით შვება წაგვარეთ, თქვენ გაამწარეთ და შეიწირეთ, თქვენ გაიმეტეთ ნორჩი ამგვარი. - ვთქვათ ,,პესავიმუს"- ვართ ცოდვილები, მაგრამ უბრძანე, როგორც წესია, ცად აღევლინოს ჰანგი გლოვისა, სულისთვის ასე უკეთესია. ტკბილმა ლენორმა დაგტოვა ადრე, იმედად ჰქონდა ქალწულს უზადოს, შენ, გადარეულს სასძლოს სიკვდილით - ცაში ადგილი რომ გაგიმზადოს. ასე ნატიფი, სამართლიანი წევს, არ აღელვებს ყოფის თარეში, მის ყვითელ თმებში სიცოცხლე ხარობს, მაგრამ სიკვდილი უდგას თვალებში. მის ყვითელ თმებში კვლავ სიცოცხლეა, დაუბუდია სიკვდილს თვალებში! - განვედით ჩემგან! გულში ნათელი მიდგას, არ მინდა გამოტირება. წინ ანგელოსნი მიუძღვებიან, ძველი პეონის ჰანგი ინება. არავითარი რეკა ზარების! დაუფლებია მას წმინდა ლხენა, ზეცამ მოუხმო იდუმალ ნიშნით, წყეულ მიწაზე არ დააყენა. მიწიერ ტოლებს ცისა არჩია. სულმა ნაწყენმა, სიკეთით სავსემ ჯოჯოხეთიდან სასუფევლისკენ გზა გაიკვალა, ამაღლდა ასე, გლოვიდან ოქროს ტახტზე ავიდა, ცათა მეუფის გვერდით ზის ცაზე. 1845 (თარგმანი ინგლისურიდან ნინო დარბაისელისა) *** ადრე სადღაც მითქვამს და აქ კი დაბეჯითებით მინდა გავიმეორო, რომ პირადად მე პრინციპულ შეცდომად მიმაჩნია, როდესაც, მაგალითად, გალაკტიონის რაიმე ლექსზე, პოეტურ სახეზე, გამონათქვამზე და ა.შ. მსჯელობისას, მკვლევარები ცდილობენ, გააბათილონ ადრე სხვის მიერ ნაკვლევ-ნათქვამი და გამოთავისუფებულ ალაგას საკუთარ კონცეფციას მიუჩინონ ადგილი. გალაკტიონი სინთეზირების, ინტეგრირების უბადლო ოსტატია და მოდელი- “ ან - ასე, ან - ისე”, რომელიც ჩვეულებრივ, ლიტმცოდნეობითად საკვლევი მასალისადმი მიდგომისას წარმატებულია, მის შემთხვევაში - საბოლოოდ მარცხისათვისაა განწირული, თუმცა შესაძლოა, რაღაც ეტაპზე გამარჯვების მომტანადაც გამოიყურებოდეს, ილუზორულობის გამო. ამისი რწმენა მაძლევს მყარ საფუძველს, ვთქვა, რომ ჩემი ინტერპრეტაცია არამც და არამც არ ებრძვის და უპირისპირდება დღემდე სხვათა მიერ ნათქვამს, სწორედაც პირუკუ, ითვალსწინებს და ავსებს მას, ასევე, ტოვებს ღია სივრცეს მომავალი, სავსებით მოსალოდნელი ინტერპრეტაციებისათვის. *** იმისათვის, რომ რაიმე მოვლენას ან საგანს მესამეობის სტატუსი მიეწეროს, ჯერ უნდა არსებობდეს მის წინარე, ორი რამ. გალაკტიონს ამას გარდა, კიდევ ორი ლექსი აქვს, სადაც “საუბარი ედგარ პოეზეა”, მაგრამ ლექსების დათარიღების ჯიუტი ფაქტი არ იძლევა საშუალებას, სათაური ,,ედგარი მესამედ” ქრონოლოგიურობით ავხსნათ. არ არის ეს რიგით მესამე ლექსი. არც მნიშვნელობით ჩამოუვარდება ორ დანარჩენს. (მჯერა, აქ - მცოდნე პირდაპირ დამეთანხმება, ხოლო საქმეში ჩაუხედავი მკითხველი სიტყვაზე უნდა მენდოს).რომ ვთქვათ, ხარისხის მიხედვით გამოდიოდეს მესამე. იქნებ რაიმე ამბავი, მაგალითად, ედგარის ტაძრისკენ სვლა მეორდება მესამედ? კონტექსიდან კარგად ჩანს, რომ ეს არ არის ჯვრისწერისთვის, შესაუღლებლად ტაძრისკენ სვლა, თორემ ედგარ პოს ქორწინების მესამე, უიღბლო ცდაზეც შეიძლებოდა გვეფიქრა. სარა ელმირა როუსტერისა და ვირჯინია ელზა კლემის მერე. ხოლო გალაკტიონს ჯვარი ერთხელაც არ დაუწერია და რეგისტრირებულ ქორწინებაშიც კი მხოლოდ საკმაოდ ხანდაზმული, ორმოციან წლებში გატარდა ნინო კვინიკაძესთან, თუმცა სამი ცოლი ჰყავდა სხვადასხვა დროს და ჩვენთვის საინტერესო ლექსის დაწერის თარიღი ( 1915) ამ ამბებს მთელი ოცდაათი წლით უსწრებს. როგორ ჩანს, რომ ამ წერილის ავტორი მაინც ქალია, თორემ რა შუაშია აქ ახლა გალაკტიონის ცოლების რაოდენობა! (აქვე, მოკლედ გავიხსენოთ , რომ მოტივი “წარსულში ტაძრისკენ სვლისა” ამ ლექსის მერე, კარგა გვიანაც გაიელვებს თავად გალაკტიონთან: ,,ო, ფიქრებო, მსვლელნო ტაძრად, ო, ქცეულნო მტვრად და ნაცრად, რად მიჰყვებით ასე მკაცრად ჩამავალ მზეს, ჩამავალს”. როგორც ვიცი, თარიღის დაბეჯითებით განსაზღვრა ჭირს, მაგრამ აშკარაა, რომ აქ გვიანი გალაკტიონია.) იქნებ გალაკტიონს, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ ედგარ პოს ორი ლექსი გამოხატავდა ლენორასადმი დამოკიდებულებას, გადაწყვეტილი ჰქონდა, მესამედ მის ნაცვლად თავად ამეტყველებლიყო ლენორაზე - მიღმიერი, იდუმალი ქალწულისადმი უიმედო სიყვარულზე, რომელიც არა მხოლოდ მან, არამედ მისმა თანამედროვე ქართველმა თუ არაქართველმა პოეტებმა ისე ღრმად განიცადეს და გაიზიარეს, რომ თავისად იქციეს და დაისაკუთრეს, როგორც ეს ჩემ მიერ ზემოთ მოხმობილ გრანელისა და კარმელის ლექსებში იკვეთება. აქ არ მინდა დამავიწყდეს აღნიშვნა, რომ მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, თავად ედგა პომ სახელი “ლენორა” გოტფრიდ ბიურგერს (1773) ,,მოსტაცა” ამავე სახელწოდების საკმაოდ სახელგანთქმული ბალადა-პოემიდან და მისტიური თავგადასავლის ქალწულის თვისებები უდროოდ გარდაცვლილი თავისი ცამეტი წლის ცოლის,- დეიდაშვილის ვირჯინიას ხატებასთან შეანივთა, თუმცა ამ მართლაც ოქროს შენადნობში სხვა ევროპულ ფოლკლორულ თუ ლიტერატურულ ნაწარმოებთა ნაზავიცაა. თავის მხრივ, ბიურგერის ეს ძალზე გავლენიანი ბალადა, დაწყებული სათაურით, ქალის სახელით, - “ლენორათი”, ყველაფერში უხვად სარგებლობს გერმანულენოვანი მითოლოგიითა და ფოლკლორით. რაღაც ისეთი გამოვიდა, რაც ედგარ პოს, როგორც არაერთი ჟანრის სათავეში მდგარ ავტორს თანამდევად ექცა: იგი - წარმოშობით ირლანდიელი ამერიკელი იწოვს ევროპული კულტურას, მის ღრმა ძირებს, წიაღს და ქმნის თავის გასაოცარ, იდუმალების კანონებით მართვად ინგლისურენოვან, თუმცა ამერიკულ ლიტერატურულ სამყაროს, შემდეგ ეს სამყარო უბრუნდება ისევ ევროპულ კულტურას და ევროპელ ავტორთა მიერ შემოქმედებითად განვითარებული ერთიან მსოფლიო ლიტერატურაზე, მათ შორის ამერიკულზეც ახდენს უდიდეს გავლენას… თუმცა ეს - უკვე სხვა კვლევის თემაა. *** ისევ სახელ ლენორ/ლენორას მივუბრუნდეთ. იგი თავისი მხრით, ნიშნავს შუქს და ინგლისურენოვან ქვეყნებში დღემდე წარმოადგენს სახელ ელეონორას კნინობით, მოფერებით ფორმას. ედგარ პოს სწორედ ამ სახელწოდების მცირე, პროზაული ქმნილება აქვს, “ელეონორა” გაჯერებული მისი უდროოდ დაღუპული სატრფოს ვირჯინიას ამბით და მე ვფიქრობ, მასშია საძიებელი გასაღები “ყორნისაც” და მისით ნასაზრდოები სხვა ავტორთა პოეტური ქმნილებებისაც. ძალიან მოკლედ გადმოგცემთ შინაარსს: ყვავილმრავალ, ფერადოვან მდელოზე, სადაც მდუმარების კამკამა მდინარე ისე მშვიდად მიედინება, რომ მის ფსკერზე ფერადოვანი კენჭების ხილვით ტკბობაა შესაძლებელი, პოეტი თავის სანუკვარ, საცოლესთან - ნორჩ ელეონორასთან განმარტოებულა, ელეონორა მოახლოებულ სიკვდილს გრძნობს და შეიპირებს პოეტს, რომ მისი წასვლის მერე, არასოდეს მიატოვოს აქაურობა, თან ჰპირდება, რომ მარადიული სასუფევლიდან მოევლინება ხოლმე ხან სიოს, ნაზი ქარის, ხან რაიმე ჩვენების სახით. თავის მხრივ, პოეტი იფიცებს საშინელი ფიცით ქვეყნიერების მეუფის წინაშე, რომ არასოდეს უღალატებს ელეონორას. გადის დრო, პოეტი მიატოვებს ყვავილმრავალ მდელოს და სადღაც, მიწიერ სამეფოში მოხვედრილი გაიცნობს სხვა უმშვენიერეს ქალწულს, რომლის მიმართ ვნებიანი სიყვარულიც გადაავიწყებს თავის საშინელ ფიცს და ცოლად შეირთავს. ამბავი პოსთვის შეუსაბამო ოპიმიზმით, უეცრად კი მთავრდება, ეცხადება ელეონორა და უწონებს არჩევანს, თითქოს იმ მოტივით, რომ სიყვარული კარგია და იგი ქორწინებით უნდა დაგვირგინდეს, მაგრამ ქვეყნიერების მეუფის წინაშე დადებული საშინელი ფიცი? მხოლოდ პო კი არა, ნებისმიერი დიდი ავტორი თავისი შექმნილი სამყაროს დემიურგია, მაგრამ ყველა სამყაროს რაღაც კანონები და კანონზომიერებანი მართავს. პო - ლირიკული პერსონაჟი - ამ კანონზომიერებათა წინააღმდეგ მიდის ცნობიერად, ძალადობს მათზე, მაგრამ ქვეცნობიერი არ არის ადვილად მოსატყუებელი. მისთვის პოეტი - უკვე ფიცის გამტეხი და მოღალატეა, თავისი თავისთვისვე არასასურველი, თუმცა მოუშორებელი. ეს მისი ადამიანური ნატურის გაორებას იწვევს. (გავიხსენოთ პოს “უილიამ უილსონის” მოტივი). მისი მეორე - მიწიერი, მოღალატე ნახევარი, რომელსაც მიტოვებული ზეციური ქალწული უკვე აღარ ეკონტაქტება, არც ბაგეზე ეკონება ძველებურად და არც ხმას სცემს, იმქვეყნიური ნაზი სიოს ნაცვლად ქარიშხლებს მოუცავს. პოეტი, ყორნის დანაჩხავლებისა არ იყოს, ვეღარასოდეს შეხვდება ელეონორა/ლენორას, რადგან ქალწული - ეს ახალი ბეატრიჩე, ქვეყნიერების მეუფის თანამეტახტეა, მისი ადგილი უკვე სხვაგანაა,( იხ.ლექსი ,, ლენორი”) იქამდე კი ფიცისგამტეხ მეტრფეს აღარასოდეს მიესვლება (ყორანი). ქარიშხლადქცეული სიო - შეიძლება მივიღოთ მიღმიერი ლენორას მრისხანების ნიშნად. მათი ახალი შეხვედრა - სხვა დემიურგის, გალაკტიონის ლექსში ხდება, რომლის ფინალში ეს “სიბობოქრის” ქარი კვდება და მანამდე შეუთავსებელი სამეული ტაძრად სვლას განაგრძობს). მე კითხვაზე პასუხს პოსა და გალაკტიონის შემოქმედებათა ერთიან კონტექსტში ვეძებ. ვფიქრობ, რომ რეალურად წარმოუდგენელია, ქალ-ვაჟი ტაძრისკენ მიდიოდეს და შუაში ვინმე, მახინჯ უცნობი ჩაუდგეს, მათ კი, ვითომც არაფერი და სამმა ერთად გააგრძელოს გზა ქარიშხლის გრიალში …თუმცა ეს ერთადერთ სიტუაციაშია მოსალოდნელი და წარმოსადგენი: თუ გაორებული პოეტი - შინაგანად - იდუმალეთიდან გამოცხადებულ, განრისხებულ ლენორასთან ერთად, ხოლო გარეგნულად - მარტო მიდის ტაძრისკენ. შინაგანად იგი უკვე ვეღარ უძლებს გამოცხადების სიმძაფრეს და ნატრობს დროს ქალწულის სიშორისა, მათ შუა ჩამდგარი მესამე - ეს მისივე, ღალატითა და ფიცის გატეხვით დამახინჯებული, “ ქვე-მეა”, ვიღაც, რომელსაც ვერასოდეს მოიშორებს. ეს “ქვე მე” ყრუდ აუწყებს, რომ ,, საცაა, მოვა სიკვდილის წამი”. ლექსის ბოლოს, სიკვდილით არა ადამიანი, არამედ მოტირალი ქარი კვდება. (,,ქარი დაცხრა სიბობოქრის” - გვიანდელიდან) ლოგიკურად გამოდის, რომ გაორებული პოეტი მთელი თავისი ბნელ-ნათელი არსებით, სიმახინჯე-მშვენიერებით, მიემართება ღვთის სახლისკენ, ქეჯნადქცეულ ლენორას სახებასთან ერთად, ოღონდ ეს ყველაფერი მე აწმყოთი გადმოვეცი, ლექსის მიხედვით კი წარსულში მომხდარა. დასასრულ, ვეცდები თავი მოვუყარო სხვადასხვა დინებას და მოკლედ ჩამოვაყალიბო, რის თქმას ვცდილობდი: პროზაული ქმნილება “ელეონორა” (1843), რომელიც ლენორას სახის და “ყორანის” გასაღებია, რუსულად გალაკტიონის ლექსზე გვიან ითარგმნა, ადრეც რომ თარგმნილიყო, შიგ ვირჯინიას სახე კია მოცემული, მაგრამ სახელი ლენორა - არ ფიგურირებს. ეს მაფიქრებინებს, რომ “ ედგარი მესამედ” უნდა ნიშნავდეს რაღაც პოეტური მისტიკის ძალით ედგარადქმნილი გალაკტიონის მიერ ლენორას ( ვირჯინიას, რაც ქალწულად ითარგმნება) მესამედ მოხმობას ლექსში. ჩემს რეფლექსიას ალბათ ერთი დიდი ჩავარდნა აქვს: მკაფიოდ ვერ მოხერხდა საკომუნიკაციო ბმის დაფიქსირება სათაურსა და “ვინმე მახინჯ მესამეს” შორის. მხოლოდ ძალიან ფრთხილად შემიძლია ვთქვა, რომ თუ შესაძლებელია , სათაური, მართლაც პოეტური მისტიკის ძალით, ედგარადქცეული გალაკტიონის ანუ ედგარის მიერ ლენორას მესამე ხსენებას ნიშნავდეს, მაშინ ედგარის ქვეცნობიერი, მისი ვიღაც, ცუდი, მახინჯი “იგი”, არის ის, ვინც განუშორებელ მესამედ ჩამდგარა პოეტსა და მის მარადიულ სიყვარულს შორის, (პიროვნების გაორება: “ქვე მე - მახინჯი და “ზე მე” - პოეტი) ამ ლოგიკით თითქოს ყველაფერი მოსახელთებელ კავშირშია… თუმცა ამაზე ფიქრი - სხვა დროს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი