ტაბიძეები: ვაზა და თავისქალა


ნინო დარბაისელი სტრონი

ტაბიძეები: ვაზა და თავისქალა

  ევროპა თუ აზია, აღმოსავლეთი თუ დასავლეთი, დაპირისპირება თუ სინთეზი…ამ საკითხების შესახებ  ქართულ ლიტერატურაში საუკუნეზე მეტია,  უკვე იმდენი დაიწერა, რომ ახალს ადამიანი ვეღარაფერს იტყვის.
  ჩავთვალოთ, რომ ყველას ყველაფერი მეტნაკლებად, ისედაც გვახსოვს.
  ჟურნალი “ცისფერი ყანწები”(1916) რომ  აღმოსავლურ-დასავლურ ლიტერატურულ
მონაპოვართა სინთეზირებას ესწრაფვოდა და ახალი ქართული ხელოვნების დაბადების წინაპირობად სწორედ ეს მიაჩნდა, მგონი, ეს უკვე სასკოლო პროგრამიდანაა. ყოველ შემთხვევაში, “ გუგლში” ცოტა როდი დევს საჩვენებელი გაკვეთილების გეგმები და ვიდეოები, რომელიც სკოლაში სწავლებისთვის ,,ცისფერყანწელთა”
ლიტერატურულ  მემკვიდრეობას სწორედ ამ კუთხით აშუქებს.
    დარჩა კი აქ რაიმე სათქმელი? გავიფიქრებდი უმალ თავადვე, ამ წერილის ავტორი კი არა, მკითხველი რომ ვყოფილიყავი
და მაინც!
  მინდა,  ტიციან ტაბიძის  უცნობილესი ლექსის დასაწყისი გავიხსენოთ ჟურნალ ,, ცისფერი ყანწებიდან”:

გაფიზის ვარდი მე პრუდომის  ჩავდე ვაზაში,
ბესიკის ბაღში ვრგავ  ბოდლერის ბოროტ ყვავილებს.

ძირითადად ეს ტაეპები მოჰყავს ყველას მაგალითად ევრო- აზიური მიმართებების შესახებ მსჯელობისას.
რას ამბობს პოეტი ხომ დიდ გამოცანას არ წარმოადგენს:
  გაფიზი/ ხაფიზი/ ჰაფეზი შირაზელი -  ყურანის ზეპირად მცოდნე, მეთოთხმეტე საუკუნეში მოღვაწე სპარსი პოეტია, რომლის შემოქმედებაც სპარსული კლასიკური ლირიკის მწვერვალადაა მიჩნეული.
  გოეთეს “დასავლურ-აღმოსავლური დივანის” წყალობით, ევროპულმა ლიტერატურამ აზიურის დარად,  შეითვისა მისი ლირიკის თემები და მოტივები, მათგან ყველაზე პოპულარული მაინც ვარდ-ბულბულიანია”, რომელიც საყოველთაოდ მოარულ თემას იქცა , (გავიხსენოთ თავად გოეთეს ,,ველური ვარდი”, ოსკარ უაილდის ზღაპარი ,, ვარდი და ბულბული” , მანდელშტამის ,, გაფიზის ვარდი”( სომხეთზე), ქართული პოეტური ტრადიციაც ხომ არაერთ ნიმუშს შეიცავს ამ თემის დამუშავებისა (თეიმურაზ I- ის ,, ვარდბულბულიანი”, ბესიკ გაბაშვილის ,, სტვენს ბულბული” და სხვა არაერთი ლექსი,  ყრმა ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბულბული ვარდზედ” და ა.შ.)
  მოკლედ, საყოველთაო წარმოდგენის გათვალისწინებით რომ ვთქვათ და არ ჩავუღრმავდეთ მის შესახებ არსებულ მისტიკურსა თუ ოკულტისტურ კონცეფციებს, ვარდი -  არის სიმბოლო მშვენიერი ქალისა, რომელიც დაცულია ეკლებით, ხოლო ბულბული - მგოსანია, ტრუბადურია მასზე გამიჯნურებული, რომელიც ზოგ ვერსიაში ამ სიყვარულს ეწირება. მშვენიერება კი  ამ ტრადიციით,  წარმავალია, რადგან ვარდი - მიწიერთა, ცოცხალთა  დარად, ჭკნობადია.
  ამ  ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ქართველისთვის ,,გაფიზის ვარდი”-
უფრო სხვა  რამეა, ვიდრე მაგალითად, რუსისთვის, რადგან მისი თემა -  ოდითგანვე, საუკუნეთა მანძილზე, ლიტერატურულად  გვაქვს ათვისებულ-დამუშავებული,  უკვე საკუთარი, საუკუნოვანი პოეტური ტრადიციის ნაწილად აღვიქვამთ.
  რატომ გაფიზი და არა -  ჰაფეზი?
  ეს სახელთა: ანთროპონიმთა, ტოპონიმთა და ა.შ გასხვანაირების, “გაუცხოურების  (და არა  - გაუცხოების) საყვარელი ხერხია ცისფერყანწელთათვის და მათი ეპოქის სხვა პოეტებისთვისაც (გავიხსენოთ გ. ლეონიძე, ედგარ  პოს პოემა  ,,ტამერლანიდან” დაწყებული, უცხოური და შემდგომ რუსული ლიტერატურის კვალად, თემურ ლენგის სახელს როგორ წარმოსთქვამს ლექსში
,,როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა, სიყვარული ისე დამჯახებია”)
  ზემოთქმულის გათვალისწინებით, “გაფიზის ვარდი” - ქართულ ტრადიციად უნდა გავიაზროთ.
  ვიდრე შემდეგ საფეხურზე გადავიდოდეთ, აქ მოკლედ შეგახსენებთ, რომ ცისფერყანწელნი - უპირისპირდებოდნენ თავიანთი  დროის  ეპიგონურ პოეზიას, ზედაპირულად გაგებულ და კოპირებულ შემოქმედებას აკაკისი, ილიასი და ა. შ.  მათ მიაჩნდათ, რომ რუსთაველი უფრო თანამედროვე იყო, ვიდრე სიმრავლე მათი თანამედროვე  ავტორებისა; ასევე ამბობდნენ, რომ  ბესიკ გაბაშვილის  - აზიით ნასაზრდოები ამ პოეტის მერე პოეზიამ განვითარება შეწყვიტა.
    ერთიც: ბესიკ გაბაშვილის ბაღი - მათი ლიდერის პაოლო იაშვილის ,,დარიანული დღიურების” ერთ-ერთი მთავარი  ტოპოსი გახდება.

***
    ახლა ვცადოთ იმის გარკვევა, თუ რას ნიშნავს ,, პრუდომის ვაზა” . პრუდომი რომ მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი პოეტია, ვიცით. ნუთუ პრუდომის ვაზაში გაფიზის ვარდის ჩადება - მარტივად ნიშნავს ქართული ტრადიციული შინაარსის მოქცევას ევროპულ ფორმაში და მეტს არაფერს?
მეორე სტრიქონით რა გამოდის?
ბესიკის ბაღში, როგორც  აღმოსავლური კულტურით ნასაზრდოებ ქართულ ტრადიციულ ნიადაგში - სათავსში, ფორმაში - ევროპული, მოდერნისტული სათქმელი ირგვება - ბოდლერის ,, ბოროტების ყვავილები”.(კრებულის სახელწოდება)
ანუ ეს ორი სტრიქონი რომ შევაერთოთ, გამოდის, რომ ტიციან ტაბიძე ამბობს,  ქართულ ტრადიციულ სათქმელს - მოვათავსებ ევროპულ ფორმებში, ხოლო ევროპული, კერძოდ ფრანგული პოეზიის მიღწევებს - ტრადიციული ქართული ფორმით გადმოვცემო?!
ვითომ ასე მარტივადაა საქმე?
პრუდომი კარგი ფრანგი პოეტი იყო, მაგრამ, ნობელიანტობის მიუხედავად, არც იმ სიდიდის ვარსკვლავი, ევროპულ სალექსო ფორმათა მთელი მრავალფეროვნება რომ იტვირთოს მისმა სახელმა.   
რა შუაშია პრუდომის ვაზა?
მეტაფორისქმნადობამ გაიტაცა ტიციან ტაბიძე?

***
ახლა ერთი, ფრანგული ლექსის ტექსტს დავდებ...  ცხადია, უკვე გამოიცანით რომ მისი ავტორი  - სიული, სოულ,  თუ რანაირად წარმოსთქვამენ ამ სახელს ქართულად, - პრუდომია:

LE VASE BRISÉ

À ALBERT DECRAIS

Le vase où meurt cette verveine
D’un coup d’éventail fut fêlé ;
Le coup dut effleurer à peine :
Aucun bruit ne l’a révélé.

Mais la légère meurtrissure,
Mordant le cristal chaque jour,
D’une marche invisible et sûre
En a fait lentement le tour.

Son eau fraîche a fui goutte à goutte,
Le suc des fleurs s’est épuisé ;
Personne encore ne s’en doute ;
N’y touchez pas, il est brisé.

Souvent aussi la main qu’on aime,
Effleurant le cœur, le meurtrit ;
Puis le cœur se fend de lui-même,
La fleur de son amour périt ;

Toujours intact aux yeux du monde,
Il sent croître et pleurer tout bas
Sa blessure fine et profonde ;
Il est brisé, n’y touchez pas.

1865

ესეც - ჩემი თარგმანი

სიული პრუდომი

ვაზა გატეხილი

(ციკლიდან “სულის ცხოვრება”)

ვაზაში რომ იდო ვერბენა ლამაზი,
იმ ყვავილს შემთხვევით გამოსდე მარაო.
წამით შეტაკებამ, სხვა რა ვთქვა ამაზე,
ბროლს თითქოს  უეცრად შიგ გაუარაო.

არც კი ემჩეოდა ნაბზარი პატარა,
დღითიდღე გაზრდილა, ყოფილა რა მალი,
ნეტავი წრიულად რამ შემოატარა,
ნაპრალად ქცეულა იგი იდუმალი.

თურმე განსაცდელი აქ რაოდენია,
უწყალოდ დამჭკნარა მშვენება ამდარი.
ვაზა ამომშრალა, სითხე დასდენია.
ნუ მიეკარები,  თავისით გამტყდარა.

როცა შეგვეხება ხელი სანუკვარი,
სავსე სიყვარულით - გული იბზარება,
ჭრილობა პატარა, თითქოს  უჩინარი,
ღრმავდება და გვიჭირს ამ გულით ტარება.

გული  იგივეა, მაგრამ ამომშრალა,
მარტოა, გულგრილთა თვალს მონაფარები,
ტკივილით სავსეა, იდუმლად მტირალი,
ის გატეხილია, - ნუ მიეკარები!

1865

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

  ამ ლექსით ცხადია, რომ “პრუდომის ვაზა” - არ არის ტიციან ტაბიძის მიერ შექმნილი პოეტური სინტაგმა.
  იგი - მზაა, ფრანგული პოეზიიდან “ნასესხებია” და ნიშნავს ბროლის ვაზასავით  უნებურად გაბზარულ - გატეხილ გულს, რომელშიც ,,გაფიზის ვარდი” -  უწყლოდ დაჭკნება.
ანუ პირველი სტრიქონი შეიძლება გავიგოთ ასე, რომ ტიციანი -  სიყვარულს მოიაზრებს, როგორც ჭკნობადს, წარმავალს  და არა - წარუვალს.
  რაკი ამ ლექსში მისი პოეტური კრედოა მანიფესტირებული,  “გაფიზის ვარდი”, გარდა სიყვარულისა,  უთუოდ სასიყვარულო პოეზიის გაგებასაც უნდა შეიცავდეს.
    შემდეგი სტრიქონი კი:
,,ბესიკის ბაღში ვრგავ  ბოდლერის ბოროტ ყვავილებს - უკვე ახალი, არატრადიციული  “არა- მშვენიერი” ესთეტიკის დამკვიდრებისკენ სწრაფვაა,  ტრადიციულ ბაღში - მშვენიერების ალაგას.

  ***
  ყვავილები, რაღაც საცავი, წარმავალობა, წარუვალობა…
  ჩემთვის და ზოგადად,  ქართველი მკითხველებისთვის დღემდე გამოცანაა, მაინც,  რა მოხდა “ცისფერყანწელებსა” და გალაკტიონს შორის ისეთი, რომ სამუდამო მტრად მოეკიდნენ ერთმანეთს, თანაც ის რაღაც არცერთ მხარეს  რომ არასოდეს არავისთვის უთქვამს!
    გამონაკლისია გალაკტიონის წერილი ოლიასადმი, სადაც სულ ერთი ფრაზაა, მე და გაფრინდაშვილმა ისეთი რამეები ვუთხარით ერთმანეთს, ჩვენი შერიგება აღარ გამოვაო.
ჰო, კიდევ,  არის ერთი გალაკტიონისეული ჩანაწერი “ცისფერყანწელთა” შესახებ, “ქუთაისიდან  რომ გამომაგდეთო” …
  და ამის მიუხედავად, მათი ცხოვრებები და  შემოქმედებები -  შეიძლება ასე ითქვას, ერთმანეთისადმი  მიწყივ დიალოგური იყო.
  და ეს დიალოგურობა ცხადია, მაინცა და მაინც სიამტკბილობას არ გულისხმობს, ურთიერთჯიბრობაც, ანტაგონიზმიც - დიალოგის სახეობაა.
  “ცისფერყანწელთა” ძმობაცა და გალაკტიონი - მარტოკაციც ერთი პუნქტისკენ - ქართული პოეტური კულტურის,  ლექსის რეფორმისკენ ისწრაფვოდნენ, რუსულ- ევროპული გამოცდილების შემოქმედებითი ათვისების მეშვეობით, თუმცა  სხვადასხვა გზას ადგნენ, პარალელური იყოო ეს გზები, მე ვერ ვიტყოდი, რადგან  დროთა განმავლობაში, სადღაც-სადღაც იკვეთებოდნენ კიდეც.
არაერთი  საამისო მაგალითის დასახელება შეიძლება, მაგრამ ამჯერად ერთზე მინდა შევაჩეროთ ყურადღება.
  გალაკტიონის  და ზოგადად, მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიის საუკეთესო კრებულს, რომელსაც  შემოკლებით ,, არტისტულ ყვავილებს” ვუწოდებთ, სრულ სახელად ეწოდება „Cran Aux fleurs artistiques“  - ,, თავის ქალა არტისტული ყვავილებით”(1919)
არტისტული  -  ჩემი აზრით, ნიშნავს არა “ხელოვნების” ან ,, ხელოვნებისმიერს” , არამედ ,,ხელოვნურს” , ან ორივეს ერთად და იქნებ კიდევ რაღაც სხვასაც….  ანუ ინტეგრირებულ სიახლეს,  როგორც გალაკტიონს სჩვეოდა,  სიმბოლისტურ სახეთა, კონცეპტთა თუ სინტაგმათა შექმნისას და იგი მიემართება გოეთეს “ფაუსტს”, სადაც  ერთ სცენაში,  ქალების სიმღერაში ნათქვამია:
  ,,ხელოვნური ყვავილები ნამდვილს სჯობია, რადგან არასოდეს დაჭკნება”.
ანუ ამ სათაურში  საუბარია  კვდომის  შეუძლებლობაზე, უკვდავებაზე, მარადისობაზე, ხოლო თავის ქალა - (გავიხსენოთ ტრადიციული “ ხელშითავისქალიანი ჰამლეტიც, ,, ჰამლეტის ქნარიც”) უკვე სიკვდილგადატანილი, ამდენად გამარადიულებული “ ვაზაა”, სათავსია ხელოვნური ყვავილების ჩასადებად,
ამავე დროს იგი  ,,სიცოცხლისმიღმიერი/ყოფისმიღმიერი-გამოცდილების მქონეცაა.
სათაური: ,,თავის ქალა არტისტული ყვავილებით”,  ჩემი ფიქრით,  ანტითეზაა გალაკტიონის ალალი ბიძაშვილის ტიციან ტაბიძის სიტყვებისა:
, გაფიზის ვარდი მე პრუდომის ჩავდე ვაზაში”
ანუ  აქ  თუ ერთ მხარეს - ტიციანთან  ფატალურობა და წარმავალობა გვაქვს, გალაკტიონთან - ამის საპირისპიროდ - წარუვალობა და მარადისობა, უკვდავებაა; ისინი მიემართებიან ერთმანეთს, როგორც  ყოფა და ყოფიერება.
    ამასთანავე, გალაკტიონის კრებული არც კი მოიაზრება ევროპა-აზიის მიმართებათა კონტექსტში,  დაწყებული ფრანგული  სათაურით,  ამას მიდევნებული სამი ფრანგულივე ეპიგრაფით,  უკვე ,,ევროპულად სუნთქავს”.
  მარკეტინგული თვალსაზრისით,  არ არის მაინცა და მაინც სწორი სვლა, მარტო ამსიგრძე,  უცხოენოვანი სათაური რომ წააწერო ყდაზე წიგნს და ქართულად ზედ მხოლოდ შენი სახელი ეწეროს (და ბოლოში- “ტფილისი”)
  როგორც მახსოვს, წიგნს ტირაჟი ორიათასი ჰქონდა. თუნდაც მეშლებოდეს და ორასი იყოს. ნამდვილად უნდა ნიშნავდეს მარტო შენი სახელი მკითხველისთვის რაღაც დიდს, რომ  ასეთყდიანი წიგნი შეიძინოს!
  “ცისფერყანწელთა” ეკლექტიზმს… მე ხომ ასაკოვანი დიასახლისი ვარ, მოდით, ჩემს ენაზე ვიტყვი,… მათ რომანტიზმულ- სიმბოლიზმურ-ფუტურიზმულ, ზოგადად მოდერნიზმულ აჯაფსანდალს, რაც ჟურნალ “ცისფერ ყანწებში” გამოქვეყნებულ  ტიციან ტაბიძის თეორიულ წერილებს ახასიათებდა,  (პირველს - მეტად, მეორეში - დალაგება სცადა),  სამი წლის მერე გალაკტიონმა თავისი კრებულის გამოცემით დაუპირისპირა სიმბოლიზმით მოგუმბათებული, უმაღლესი რომანტიზმი, რაც იმ დროისთვის,  საერთო ევროპული კულტურის განვითარების ფონზე, უკვე არათუ სიახლე, არამედ თავისებური ანაქრონიზმიც კი იყო, მაგრამ სხვადასხვა გარემოებათა გამო,  ამ საერთო ევროპული კულტურული პროცესებისგან ჩამორჩენილ ქართულ კულტურაში არსებობდა უზარმაზარი თეთრი ლაქა, რომელიც ამ შედევრთა წიგნით თითქმის მთლიანად გადაიფარა.
  გალაკტიონის არქივში ერთი ჩვენთვის ძველი,  მისთვის კი ალბათ სიბერეში, სავარაუდოდ,  50- იან წლებში გამოშვებული სასკოლო რვეულიცაა შემორჩენილი, ყდაზე  ხაზები რომაა და მოწაფემ რომ უნდა შეავსოს, აწერია:
,,გალაკტიონ ტაბიძე, რომანტიზმის სკოლის პირველი კლასის მოსწავლე”.
  არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს
  “ცისფერყანწელებს”, კერძოდ,  მათი ძმობის წინამძღოლს, პაოლო იაშვილს ქართული მოდერნიზმის განვითარებაში დამსახურებას ვუკარგავდე  ან ვუკნინებდე;  მისი ,,დარიანული დღიურები” ხომ ამის უტყუარი დასტურია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი