შავი კომედია და შალვა დადიანი (ლიტმცოდნეობითი ოპუსებიდან)


ნინო დარბაისელი

შავი კომედია და შალვა დადიანი
(ლიტმცოდნეობითი ოპუსებიდან)

  ცნობილია, რომ ქუთაისის თეატრის  ერთი სეზონის გადასარჩენად შალვა დადიანმა “ურიის ვალი დაიდო” - ქუთაისელი ებრაელისგან ფული ისესხა.
რასაკვირველია, ვალი ვეღარ გაისტუმრა და ხრიკს მიმართა.  ფარსი გაითამაშა. ჩაწვა კუბოში, ვითომ გარდაიცვალა. შეატყობინეს მევახშეს. შეწუხებული მოვიდა და  თვალცრემლიანმა გარდაცვლილს ზედ კუბოზე დაახია თამასუქი.
ფოტოებიც  კი არსებობს, კუბოში  მწოლიარე, თავთან სანთელდანთებული  ახალგაზრდა შალვა დადიანისა და  მერე იმავე კუბოში წამომჯდარის და მოცინარისა.
  გავიცინოთ და გავიაროთ?
საქმე  აქ გაცილებით რთულად მგონია.
შეხედეთ პრობლემას ებრაელი კაცის პერსპექტივიდან. მან ხელი გაუმართა ფულის სასესხებლად მისულს და თამასუქი გააუქმა, მისი გარდაცვალების  გამო, დავა არაფერზე დაუწყია.  ორმხრივ იზარალა.
ფული-  ფულად და მოტყუება და  არათუ ერთი პირის, არამედ  ადამიანთა ჯგუფის, დასის და შესაბამისად, მთელი ქუთაისის მიერ საცინრად აგდება  - მეორეა.
  რატომ გავიხსენე ეს ამბავი?
  ცოცხალი მაგალითი დამჭირდა ასახსნელად თუ რას ეწოდება შავი კომედია.
  საყველპურო ცოდნაა, რომ ტრაგედიას და კომედიას ჟანრობრივად მთავარი რაც განასხვავებს, არის ის, რომ ტრაგედიაში თუ  გმირი იღუპება და ამით მაყურებელში კათარსისს იწვევს , კომედიაში - კონფლიქტი ყოფით ადამიანურ ინტერესთა შეუთავსებლობაზე იგება და მაყურებლის შექცევა  აქვს  მიზნად. გმირები ცოცლები და უვნებელნი რჩებიან. … გარდამავალ ფორმებზე აქ არ გვინდა საუბარი, შორს წაგვიყვანს.
  იყენებს თუ არა კომედია სიკვდილს?
    იყენებს, მაგრამ როგორც წესი, ეს სიკვდილი -  ფარსი, ტყუილი  უნდა აღმოჩნდეს. ახლა ვიღას ეხსომება, ჩემს ახალგაზრდობაში კი ძალზე პოპულარული იყო კომედია ,, ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს”. სათაურიდანვე ცხადია, რომ აქ სიკვდილი - ფარსია.
  ამბავი მოგვითხრობს შეყვარებულებზე, რომელთაც ოჯახები დაქორწინების ნებას არ აძლევენ და ისინი საკუთარ სიკვდილს გაითამაშებენ.
მე ეს კომედია მუდამ შექსპირის ტრაგედიის  ,,რომეო და ჯულიეტას” პაროდიად მეჩვენებოდა და ვფიქრობდი, რა მოხდებოდა, ისინი აკლდამაში რომ არ დახოცილიყვნენ.  ბოლოს და ბოლოს შეაუღლებდნენ, ოჯახებიც შერიგდებოდნენ და ამბავი აუცილებლად კომედიად იქცეოდა-მეთქი.
  როგორი გატაცება იცის ლიტერატურაზე ფიქრმა! მე კი  ლიტთეორიული საკითხისთვის მინდოდა მიმეპყრო თქვენი ყურადღება. კერძოდ, მეთქვა, რომ მკვლევარები მიიჩნევენ, შავი კომედია, როგორც ჟანრის სახეობა(!)  -  ანტიკურობიდან მომდინარეობს, მისი უძველესი ნიმუშები არისტოფანეს მიეწერება, ხოლო  მისი სახეობრივი ( არა- ჟანრობრივი!) ნიშანია  - ე. წ. შავი იუმორის გამოყენება, ტაბუდადებული თემების შემოტანა.  შავი იუმორის პრობლემას სხვათა შორის ეხება ზიგმუნდ ფროიდი თავის ცნობილ ესსეში “იუმორი”.
    ფსიქოანალიზში მიღებული აზრის თანახმად,  შავ იუმორს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ ადამიანის ფსიქიკა მთელ რიგ შემთხვევებში  მეტისმეტად უძლურია, გაუმკლავდეს რეალობის მძიმე შემთხვევებს და  თვითდაცვის, თვითგადარჩენის გზად - მისდამი  იუმორით მიდგომა-ღა  რჩება.
    აქ თქვენც გაგახსენდათ არა, დ. კლდიაშვილი-  ,, ეს ყველაფერი ძალზე სასაცილო იქნებოდა, სატირელი რომ არ ყოფილიყოო’.
შავი იუმორის შესახებ მსჯელობისას აღნიშნავენ, რომ იგი  დღეს და მუდამ დამახასიათებელია  ე. წ. პროფესიონალური იუმორისთვისაც.    მაგალითად,  მედიკოსთა, მეხანძრეთა, მესაფლავეთა, პოლიციელთა, სამხედროთა  და ა. შ.  პროფესიის მქონეთათვის. ხსნიან კი ამას იმ გარემოებით, რომ მათი ფსიქიკა ამგვარად ცდილობს,  რეზისტენტული დარჩეს იმ შემთხვევათა სიმრავლის მიმართ, რაც ჩვეულებრივ, ადამიანური თვალსაზრისით,  ტრაგედიაა. თავი იუმორით გადაირჩინოს.
    საბოლოოდ, დასკვნის განზოგადება ასე შეგვეძლო: შავი კომედია გვეხმარება,  ცხოვრების ტრაგიკული მომენტები გადავიტანოთ კომედიაში,  იუმორით, სიცილის ერთგვარად მრუდე სარკეში  მისი  დანახვით,  გადავირჩინოთ ფსიქიკა.
  შავი კომედიის ნიმუშები მოყოლებული ანტიკურობიდან დღემდე მსოფლიო ლიტერატურაში,  მეტადრე  თანამედროვე კინემატოგრაფში ცოტა როდია.
  ამერიკულიდან დავასახელებდი ჩემს საყვარელ სერიალს M.A.S.H. , რომელიც  კორეის ომის დროს საველე სამხედრო ჰოსპიტალის ამბებზეა და ლამის ზეპირად ვიცი.
მე ქართულ დრამატურგიას, მით უფრო - თანამედროვეს  კარგად არ ვიცნობ.
გამიხარდება, თუ  ლიტერატურულ ნიმუშებს შემომაშველებთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი