შოთა ჩანტლაძე: გვინდა თბილისი იქცეს სიახლედ (ფრაგმენტი)


ოთა ჩანტლაძე. გვინდა თბილისი იქცეს სიახლედ 


მოხსენების სრული სახით მოსმენა  შეგიძლიათ ამა თვის 19 რიცხვში, თსუ ლიტერატურის ინსტიტუტში, კონფერენციაზე.  სხდომათა დარბაზში, 11:00-ზე.
ამას ვწერ მათთვის,  ვისაც  მერე გული სწყდება, რატომ ადრე არ ვიცოდი, მოვიდოდიო.

#ლიტმცოდნეობითი_ოპუსები

ნინო დარბაისელი

შოთა ჩანტლაძე. „გვინდა თბილისი იქცეს სიახლედ ..

***
გვინდა თბილისი იქცეს სიახლედ,
პოეტსაც ჰქონდეს თემა ახალი,
თუმც ვერ დაიტევს დღეს ლექსი ამდენს,
თუნდაც შიგ გულში მოხვდეს ლახვარი.
ქუჩამ გააღო მშიერი ხახა,
ბილიკი აღარ გადის ხლართებად.
ასფალტიანი გამზირი ახლა
გველეშაპივით გადიშხლართება.
გადიშხლართება და იგრძნობს მკერდზე
ფოლადის კაცის უმძიმეს ტერფებს,
იკივლებს, მაგრამ ელვარე მზეზე
ისიც ფოლადის მიიღებს ელფერს.

      ჯვარედინად გარითმულ ამ ტრივიალური რიტმის მქონე ლექსში ერთი შეხედვით დიდად საყურადღები თითქოს არაფერია. მეტი-მეტი, მკითხველმა იფიქროს, რომ საბჭოთა ხალხის სიხარულს ახალი პროსპექტის გაყვანის გამო, პოეტი შოთა ჩანტლაძე არ იზიარებს, მეტიც, როგორც პოეტი-ინდივიდი მას ნეგატიურ ფერებში ხედავს. იქნებ სულაც იმ წყობის ადამიანია, დადებითშიც რომ უარყოფითის ძებნა სჩვევია. გახსოვთ? - ეზოპეს ერთი იგავი რომ ვთარგმნე, “მზის ქორწილი”, მთელი ქვეყანა რომ გახარებულია, ზეიმობს და ჭაობის ბინადარი - გომბეშო საერთო სიხარულს არათუ არ იზიარებს, ჭმუნვა დაუფლებია. მიზეზად კი ამბობს, ეს ხალხი წინ რატომ არ იყურება, საკვირველია, ჯერ მზე ზაფხულობით ხომ ისედაც მცხუნვარეა, გუბეებს აშრობს და მზის ქორწილის მერე პატარა მზეებიც რომ მოუმრავლდება, ხომ სულ ამოვიბუგებით და გავწყდებითო..
პესიმისტური ხედვა, სამყაროს აღქმაა, არა?…
    მაგრამ აქ რაღაც სხვაში უნდა იყოს საქმე.
    ადრე ჩვენ ვისაუბრეთ ტოტალიტარიზმის პირობებში შემოქმედი ნატურის გაორებულობის პრობლემაზე. შევადარეთ ორი კომპოზიტორის ბედი, ბიოგრაფია - ერთი მხრით რახმანინოვი - ამერიკაში წასული, რომელსაც სიკვდილამდე იმედი ჰქონდა, საბჭოთა წყობა გადავარდებოდა და სამშობლოში დაბრუნდებოდა… ამერიკის მოქალაქეობაზეც კი თავს იკავებდა, სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე მიიღო და მეორე მხრით - შოსტაკოვიჩი - რომელსაც ნამდვილად შეეძლო ადრევე, სამუდამოდ დაეტოვებინა სსრკ, მაგრამ ეს არ გააკეთა, დარჩა და სამაგიეროდ, საბჭოური პრივილეგიები სტალინს მისთვის არ მოუკლია და ყოველ პრივილეგიაში, როგორც სხვა არაერთ შემთხვევაში, რეჟიმის მმართველის მიერ სასიკვდილო განაჩენის კიდევ ერთხელ გადავადება, მაგრამ არა სრულიად აცილება იგულისხმებოდა.
      არც ოცდაჩვიდმეტში დახვრეტილ თუ დაღუპულ შემოქმედებს ჰქონდათ სხვაზე ნაკლები, საბჭოური ჩინ-მედლები, არც საბჭოთა ნომენკლატურული თანამდებობა აკლდა ზოგიერთს და არც იმ სისტემის მმართველ პიროვნებებთან პირადი კავშირები, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, არ უშველათ….
      ეს ყველაფერი ამ ლექსთან რა შუაშიაო, ალბათ, იფიქრებთ.
      ეს ხომ ერთი პატარა, ოპტიმისტურ- მაჟორული დასაწყის მქონე ლექსიაო.
      ცოტა ხნით კიდევ გადავიბალახებ მუსიკაში!
      გუსტავ მალერმა იცოდა ასეთი რაღაც, სწორედ ორი დღის წინ ვისაუბრეთ მის სიმღერებზე აქ.
      სასიყვარულო სიმღერათა ერთ წყებაში დაიწყებდა მაჟორული განწყობით, მსუბუქად, მოლივლივედ და ვერც ხვდებოდი, როდის გადადიოდა დრამატიზმში და ბოლოს ტრაგიზმით ამთავრებდა.
        ჩანტლაძის ლექსში პირველი სტროფის პირველი ორი ტაეპი თითქმის ტრაფარეტულად გადმოგვცემს ლოზუნგურ, იდეოლოგიურ მოთხოვნას და აფირმატიულ წინადადებაში აშკარად “სხვისი ხმა” ისმის:

გვინდა თბილისი იქცეს სიახლედ,
პოეტსაც ჰქონდეს თემა ახალი,

        არ გამიკვირდება, თუ ოდესმე აღმოჩნდება, რომ ეს ციტატაა გაზეთ ,, კომუნისტის” რომელიმე მოწინავე სტატიიდან, ან კრიტიკოს-იდეოლოგის გამოსვლიდან.
      ამის შემდგომ თემა ავტორისეულ ხმაზე გადადის და ანტითეზურად მიემართება დასაწყისს:

თუმც ვერ დაიტევს დღეს ლექსი ამდენს,
თუნდაც შიგ გულში მოხვდეს ლახვარი.

      ამბავი მაინც მეორე სტროფიდან იწყება. თითქოს პოზიტიური რამ - გამზირის გაყვანა მთლიანად ნეგატიური, მეტიც, შემაძრწუნებელი სახეებით არის გადმოცემული:

ქუჩამ გააღო მშიერი ხახა,
ბილიკი აღარ გადის ხლართებად.
ასფალტიანი გამზირი ახლა
გველეშაპივით გადიშხლართება.

    მაგრამ მთავარი - წინ გველის. ეს არის მეტონიმიის გამოყენებით , ტოტალიტარისტული რეჟიმის მარწუხებში მოქცეული შემოქმედის მხატვრული :თვალთმაქცობა”. (იმდროინდელი ცენზურისათვის თვალის ახვევის ცდა?)

გადიშხლართება და იგრძნობს მკერდზე
ფოლადის კაცის უმძიმეს ტერფებს,
იკივლებს, მაგრამ ელვარე მზეზე
ისიც ფოლადის მიიღებს ელფერს.

გველეშაპივითაა გადაშხლართული ახალი გამზირიო!
ძნელია, დაკვირვებული მკითხველი დაეხსნას კითხვას - თავისთავად ხომ პოზიტიურია ახალი გამზირის შენება და რატომ უნდა განაწყობდეს ახალგაზრდა ადამიანს ასე ნეგატიურად?
ან ვინაა ეს ფოლადის კაცი, რომელსაც უმძიმესი ტერფი დაუდგამს გამზირზე?
ვინაა და სტალინი! შერქმეული სახელი მის რეალურს რომ ლამის მთლიანად
ჩაენაცვლა საბჭოთა ხალხის ცნობიერებაში, რუსულიდან ითარგმნება, როგორც “სტალ” - ფოლადის კაცი.
ლექსის ფინალი - კონცეპტუალურია.
        ის, მოკვდავთა ენაზე თუ გადმოვიტანთ, ამბობს, რომ ყოველივე, რაც მის ნაბიჯს, გადაწყვეტილებას უკავშირდება, ტოტალიტარიზმის ელფერს, მის ნიშანს ატარებს.
ლექსს თარიღად 1949 ეთითება. საშიში დრო! გაივლის რამდენიმე წელი, სტალინი გარდაიცვლება, ხელისუფლებაში მოვა ხრუშოვი, საბჭოეთში გაიშლება ტოტალური ფრონტი პიროვნების კულტის დაძლევისათვის…
იმ პერიოდში ასეთი რაღაცის თხზვა - უკვე კონიუქტურა იქნებოდა - ქართველი შემოქმედის პასუხი იდეოლოგიური ცენტრის დაკვეთაზე.
  დასასრულ ვიტყოდი, რომ სწორედ იმითაა მნიშვნელოვანი ეს ლექსი, რომ მისი დრო - არის არა წარსული, არამედ აწმყო და მომავალი, მომავალი უპერსპექტივო, მომავალი, რომელსაც შემოქმედის ნატურა ვერ ურიგდება.
  მომდევნო, ორმოცდაათიანი წლები უკვე შედარებით ლოიალური იყო.
    წამით წარმოვიდგინოთ, მსგავსი ლექსი რომ ოცდაათიან წლებში ეპოვათ მწერლის საშინაო არქივების ჩხრეკის მოყვარულთ, რა მოელოდა ავტორს, არ მგონია, ძნელი გამოსაცნობი იყოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი